ქართველი მოზარდი – დაკოტას შტატში გამარჯვებული პიანისტი და კარატეს ორგზის ჩემპიონი

© Photo: Courtesy of Izolda Akobia12 წლის ნიკა ახვლედიანი კონცერტზე
12 წლის ნიკა ახვლედიანი კონცერტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ სამხრეთ დაკოტას შტატში მცხოვრებ ახვლედიანების ოჯახს გაგაცნობთ.

დღეს ამ ოჯახის ერთი წევრის, 12 წლის ნიკა ახვლედიანის წარმატებებზე გიამბობთ. მიუხედავად მცირე ასაკისა, მას სპორტსა და ხელოვნებაში შთამბეჭდავი მიღწევები აქვს. იგი მის ასაკობრივ კატეგორიაში კარატეს ორგზის ჩემპიონი და შავი ქამრის პირველი ხარისხის მფლობელია. უკრავს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე: ფორტეპიანოზე, საქსოფონსა და ვიოლინოზე. გამოდის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში და უკრავს სკოლის ჯაზ-ბენდში. გასული წლის 4 ნოემბერს ნიკა ფორტეპიანოში შტატის კონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მომავალი წლისთვის ამერიკაში ნაციონალური მუსიკალური კონკურსი ტარდება და მასზე დაკოტას შტატიდან სწორედ ქართველი ნიკა ახვლედიანი იქნება წარდგენილი. მის ოჯახს ამერიკაში დავუკავშირდით. თავდაპირველად ოჯახის დიასახლისს, ქალბატონ იზოლდა აკობიას გავესაუბრეთ.

© Photo: Courtesy of Izolda Akobiaიზოლდა აკობია
იზოლდა აკობია - Sputnik საქართველო
იზოლდა აკობია

– ქალბატონო იზოლდა, რამდენი წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობთ და როგორი იყო თქვენი ცხოვრება საქართველოში?

— ჩვენ ვცხოვრობთ საკმაოდ უცნობ სამხრეთ დაკოტას შტატში, რომელიც შუაგულ ამერიკაშია. აქ ემიგრანტი ქართველებიდან მთელ შტატში მხოლოდ ჩვენ ვართ. ადრე ვეძებდით და ვერავინ ვნახეთ. ჩემი მეუღლე დავით ახვლედიანი სტუდენტი იყო, როცა 19 წლის წინ აქ ჩამოვიდა. მას ქიმიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. დღეს სამხრეთ დაკოტის უნივერსიტეტში იგი რამდენიმე კვლევითი თემის თანაავტორია, მისი ნაშრომები გამოცემულიც იყო. მე 13 წელია აქ ვარ. თბილისში იურიდიული მაქვს დამთავრებული და 6 წელი მოსამართლის თანაშემწედ ვმუშაობდი. აქ ჩამოსვლის შემდეგ არ ვმუშაობ. გვყავს ორი შვილი, ნიკა და ანა-მარია, დღეს მთელ დროს  ბავშვების აღზრდას ვუთმობ.

© Photo: Courtesy of Izolda Akobiaახვლედიანების ოჯახი
ახვლედიანების ოჯახი - Sputnik საქართველო
ახვლედიანების ოჯახი

– ვიცი, რომ ნიკა, რომელიც კოლეჯის მოსწავლეა სპორტშიც და ხელოვნებაშიც ერთნაირად წარმატებულია…

— დიახ, ნიკა ჩემი სიამაყე და პირველი სიხარულია. 12 წლისაა და ძალიან ნიჭიერი ბავშვია. ის თომას ედისონის საშუალო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. 8 წლიდან მუსიკაზე შევიყვანეთ ფორტეპიანოს განხრით და  საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. დაწყებიდან ორ თვეში საკონცერტო დარბაზში უკრავდა. ძალიან ნიჭიერი, თბილი და მოსიყვარულე ბავშვია. რასაც ხელს ჰკიდებს, ყველაფერში წარმატებები აქვს. ყველანაირ სპორტულ შეჯიბრში პირველ ადგილს იკავებს. სკოლაშიც საკმაოდ კარგად სწავლობს. თავიდან შევიყვანეთ ტაიკვანდოზე, სადაც 3 წლის განმავლობაში შტატის ტურნირებში პირველ ადგილს იკავებდა. ის შავი ქამრის პირველი ხარისხის მფლობელია. წელს ტრიატლონზე პირველად გავიდა და, მართალია, მესამე ადგილი აიღო, მაგრამ მისთვის ეს პირველ ადგილს უდრიდა, რადგან ასეთი მანძილი არასოდეს ურბენია. იმასაც გეტყვით, რომ არც ცურვა უცდია და არც ველოსიპედზე უვლია. სკოლიდან წარდგენილი იყო საქალაქო კონკურსზე, სადაც ორი წლის განმავლობაში პირველი ადგილი აქვს აღებული. პიანინოს გარდა ასევე საქსოფონზე და ვიოლინოზე უკრავს. შარშან ნიკამ მონაწილეობა მიიღო ტრანს-სებირიან ორკესტრში, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო მევიოლინემ და ჰქონდა პატივი ვირტუოზ მარკ ვუდის გვერდით დაეკრა. საქსოფონშიც წარმატებები აქვს. წელს ჯაზ-ბენდში აიყვანეს, რამაც ძალიან გაახარა, მაგრამ მისთვის ძირითად ინსტრუმენტად მაინც ფორტეპიანო რჩება.

© Photo: Courtesy of Izolda Akobiaნიკა ახვლედიანი კონცერტზე
ნიკა ახვლედიანი კონცერტზე - Sputnik საქართველო
ნიკა ახვლედიანი კონცერტზე

– თავიდან კონკრეტულ შემთხვევას გადაუწყვეტია მისი მომავალი…

— დიახ, სრულიად შემთხვევით აქ მცხოვრებმა რუსებმა მოუსმინეს, რომლებიც დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს წარმოშობით ბაქოელი უმაღლესი დონის პედაგოგი პროფესორი ცოლ-ქმარი, რომლებსაც სტუდენტები გაჰყავთ კონკურსზე და ისინი ყოველთვის საპრიზო ადგილზე გადიან. 10 თვის წინ დავიწყეთ მათთან სიარული და 4 ნოემბერს ნიკა ჩვენ შტატში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ახლა მომავალი წლისთვის ნაციონალურ კონკურსზე გასასვლელად დაიწყო მომზადება. შტატიდან მხოლოდ ერთი ბავშვი იქნება წარდგენილი. ნიკა ცურვაზეც და ტრიატლონზეც დადის და აქაც საპრიზო ადგილები აქვს. ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ. ბავშვებს ესმით ძალიან კარგად ქართულად, მაგრამ აქცენტით ლაპარაკობენ. ლალი ბებოს და ელზა დეიდას მარტო ქართულად ელაპარაკებიან.

– ძალიან კარგი, მაშინ ახლა ნიკას გავესაუბრები. ნიკა, ვიცი, რომ ამერიკაში დაიბადე, მაგრამ საქართველოს შესახებ ალბათ ოჯახში გიყვებიან….

— დიახ, მშობლებისგან ვიცი ბევრი რამ საქართველოს კულტურაზე, ტრადიციებზე და ისტორიაზე. დედა აფხაზეთზე ბევრს მიყვება. ლალი ბებომ და ელზა დეიდამ თბილისიდან წმინდა ნიკოლოზის ხატი და  საქართველოს დროშა გამომიგზავნეს და ისინი ჩემ ოთახში დავკიდე. აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბევრი სურათიც მაქვს.

© Photo: Courtesy of Izolda Akobiaნიკა ახვლედიანი კარატეს შეჯიბრის შემდეგ
ნიკა ახვლედიანი კარატეს შეჯიბრის შემდეგ - Sputnik საქართველო
ნიკა ახვლედიანი კარატეს შეჯიბრის შემდეგ

– ხელოვნებასა და სპორტში ერთნაირად წარმატებული ხარ, არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, რომელს აირჩევდი?

— რა თქმა უნდა, მუსიკას, მუსიკით ბევრის თქმა შეიძლება.

– ამ ეტაპზე შენ ყველაზე დიდ წარმატებად რა მიგაჩნია?

— ფორტეპიანოს კონკურსი, რომელიც 4 ნოემბერს გაიმართა და რომელზეც შტატში პირველი ადგილი ავიღე.

– როგორ ფიქრობ, რაში ვლინდება შენი ქართული გენები?

— ყველაფერში, ემოციური ვარ და ადამიანები მიყვარს. მგონი, ყველა ქართველი კეთილია, ვამაყობ ჩემი წარმოშობით. ქართულად ყველაფერი მესმის, მაგრამ ლაპარაკი მიჭირს. სკოლაში ყველამ იცის, რომ საქართველოდან ვარ. თავიდან ეშლებოდათ ჯორჯიის შტატში, მაგრამ მერე ვუხსნიდი, რომ ეს ჩემი ქვეყანაა. სკოლაში ისტორიაში გვქონდა პროექტი, სადაც უნდა წარმოგვედგინა სხვადასხვა ქვეყანა, მე, რა თქმა უნდა, საქართველო ავირჩიე და პირველი ადგილიც ავიღე. ჩემი თემა ყველას მოეწონა, დაინტერესდნენ და მეკითხებოდნენ, სად მდებარეობს და რა ქვეყანააო, მეც სიამოვნებით ვუყვებოდი ჩემ სამშობლოზე. საქართველოში წელს პირველად ჩავდივარ, მიხარია და აღფრთოვანებული ვარ, ამ დღეს სულმოუთქმელად ველოდები. უზომოდ მიყვარს საქართველო.

– რაზე ოცნებობ?

— ბევრ რამეზე… მინდა კარგი პიანისტი გამოვიდე, ისეთი, რომ ჩემით ყველამ იამაყოს. ასევე მეცნიერებაც მიზიდავს და მინდა, რომ აქაც წარმატებული ვიყო. კიდევ ერთი პატარა ოცნებაც მაქვს — კავკასიური ნაგაზი მინდა რომ მყავდეს…

 

ყველა ახალი ამბავი
0