ქართველი პროფესიონალი ჩაზოვის კლინიკაში და პასუხი კითხვაზე - გულია მთავარი თუ ტვინი

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ მოსკოვში მცხოვრებ ცნობილ ექიმს, მერაბ შარიას წარმოგიდგენთ.

ექიმ-კარდიოლოგი, ურონეფროლოგი, ონკოლოგი, პროფესორი, მოსკოვის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ტომოგრაფიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. უკვე 25 წელია, რაც ის სხივური დიაგნოსტიკის ფეროში მოღვაწეობს. არის მონოგრაფიებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ინტერნატურა 1983-84 წლებში, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიარა. 30 წლის განმავლობაში მუშაობს მოსკოვის კარდიოლოგიურ ცენტრში, რომელიც აკადემიკოსმა ევგენი ჩაზოვმა დააარსა. ცნობილია, რომ ქართველი ექიმი სამშობლოდან მასთან ჩასულ პაციენტებს არა ერთხელ უანგაროდ დახმარებია. ბატონ მერაბს მოსკოვში დავუკავშირდით.

© Photo: Courtesy of Merab Shariaმერაბ შარია
მერაბ შარია - Sputnik საქართველო
მერაბ შარია

- ბატონო მერაბ, მივყვეთ ქრონოლოგიას: მედიცინაში როგორ მოხვდით- ეს ოჯახური ტრადიცია იყო თუ ინტერესიდან გამომდინარე გაკეთებული არჩევანი?

— მე არ ვარ ექიმების ოჯახიდან, დედაჩემი მასწავლებელი იყო, მამა აგრონომი. არც ახლო ნათესავებში მყავდა ექიმები, მხოლოდ დეიდა იყო მედდა. როგორც ახლა ვხვდები, ფაქტობრივად ეს ჩემი შეგნებული არჩევანი იყო. რამ განაპირობა? ეჭვი მეპარებოდა თუ არა ჩემი პროფესიის არჩევანში? დიახ, რა თქმა უნდა. საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საჭირო იყო რჩევის მიცემა და როცა ეს სურვილი დედას გავუზიარე, მან სიხარულით დამიჭირა მხარი. სწორედ ამან მომცა ძალა და რწმენა, რის შემდეგაც ჩასაბარებლად ინტენსიური მომზადება დავიწყე…

-  პირველი პაციენტი თუ გახსოვთ?

— მახსოვს თუ არა ჩემი პირველი პაციენტი?— თქვენ წარმოიდგინეთ, მახსოვს… უფრო მეტიც, მახსენდება სამედიცინო ასპექტები და დიაგნოზი. 1983-84 წლებში, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გავდიოდი ინტერნატურას. ეს არის სამუშაო გამოცდილების მიღება უფრო გამოცდილი ექიმების ხელმძღვანელობით, უფრო კონკრეტულად სამაგისტრო სპეციალობით. ჩემი უფროსი ძალიან ცნობილი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გრიგოლ სიჭინავა იყო. ეს იყო სექტემბერში (როგორც მოგეხსენებათ, ეს ხავერდოვანი სეზონია, ულამაზესი პერიოდი და ამ დროს ძნელია ისწავლო და იმუშაო)  სტაჟირების დაწყებისთანავე, ბატონმა გრიგოლმა პირველივე დღეს ჩამაბარა პაციენტი. რა თქმა უნდა ვნერვიულობდი, რადგან უნდა გავსაუბრებოდი პაციენტს, გავცნობოდი ავადმყოფობის ისტორიას, შემეფასებინა ანალიზები, გამომეთქვა არსებულ სიტუაციაზე ჩემი აზრი. როცა ყველაფერი გავაკეთე რაც მევალებოდა, საკამაოდ ხისტად გავუხმოვანე დიაგნოზი — პლევრიტი, ბატონმა გრიგოლმა დიაგნოზი კმაყოფილი ღიმილით დამიდასტურა…  ეს მომენტი მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება.

© Photo: Courtesy of Merab Shariaმერაბ შარია მეუღლესთან ერთად
მერაბ შარია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
მერაბ შარია მეუღლესთან ერთად

- ბატონო მერაბ, თქვენ 30 წლის განმავლობაში კარდიოლოგიურ ცენტრში, ბატონ ევგენი ჩაზოვთან იმუშავეთ, როგორ გახსენდებათ მასთან ურთიერთობის პერიოდი?

— დიახ, 30 წლის განმავლობაში ვიმუშავე იმ კარდიოლოგიურ ცენტრში, რომელიც ევგენი ჩაზოვმა დააარსა და მასთან მუშაობის ბედნიერებაც მქონდა. ბოლო წლებში ძალიან ახლოს ვიყავი ბატონ ევგენისთან, რაც ყველაზე მეტად მაოცებდა მასში, ეს არის ის, თუ როგორ მყისიერად ეჭიდებოდა იგი ამა თუ იმ პრობლემის არსს და ასევე მისი დაუოკებელი სურვილი, რომ სამედიცინო მეცნიერების უახლესი მიღწევები დაენერგა პრაქტიკაში. კერძოდ, მისი ინიციატივით, საბჭოთა კავშირში შეძენილ და დამონტაჟებული იქნა, პირველი ტომოგრაფიის აპარატები. მე გამიმართლა და პირველს მომეცა საშუალება, რომ მაგნიტურ რეზონანსულ დიაგნოსტიკურ აპარატზე მემუშავა. ეს, რა თქმა უნდა, მაშინ დიაგნოსტიკის სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. არსებობს მრავალი ასეთი მაგალითი. ასევე სასწრაფო დახმარების სპეციალიზირებული კარდიოლოგიური ბრიგადების შექმნაც ჩაზოვის ინიციატივა იყო.

- თქვენ პრაქტიკული მედიცინის გარდა სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდით — ანუ თქვენი შემთხვევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პრაქტიკისა და თეორიის ბალანსი გამოცდილების საუკეთესო გზაა?

— თეორია მნიშვნელოვანია და აუცილებელი, მაგრამ პრაქტიკის გარეშე ეს მხოლოდ უსარგებლო ცოდნაა. „ოსტატობა მხოლოდ პრაქტიკაში მოდის და არა მხოლოდ ინსტრუქციების კითხვისას ", — აღნიშნა ნაპოლეონ ჰილმა. ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიცინაში, როდესაც შეგიძლიათ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება დაუკავშირო ერთმანეთს არატრადიციულ სიტუაციაში. თეორეტიკოსების საწყენად არ ვამბობ, ხშირად გიწევს იმოქმედო პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე.

© Photo: Courtesy of Merab Shariaმერაბ შარია ვაჟთან ერთად
მერაბ შარია ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
მერაბ შარია ვაჟთან ერთად

- ბატონო მერაბ, ნახევრად ხუმრობით მინდა გკითხოთ, ქათმის და კვერცხის არ იყოს, კამათი იმაზეც მიდის, თუ რომელი ორგანოა მთავარი — გული თუ ტვინი?

— რა გითხრათ? მხოლოდ უგულო ადამიანები სვამენ კითხვას, რომელი ორგანოა მთავარი: გული თუ ტვინი? ისედაც ყველასთვის ნათელია, რომელია მთავარი… ზოგადად, ამის შესახებ უნდა ვკითხოთ ახალგაზრდებს. ეჭვი მაქვს, რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მათ იციან… სხვათაშორის, ამ კითხვაზე სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, მინდა აღვნიშნო, რომ აკადემიკოსი ჩაზოვი ტვინისა და გულის დაავადებებს შორის ურთიერთობას სინამდვილეში იკვლევდა და სწავლობდა. როგორ გავუფრთხილდეთ გულს?— ხშირი უარყოფითი ემოციები, სტრესი, ეს არის ის, რაც უნდა ავიცილოთ თავიდან. თუმცა არც თუ ისე ადვილია და ყოველთვისაც ჩვენზე არ არის  დამოკიდებული. დანარჩენი კი, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, დადებითი ემოციებია.

- ვიცი, რომ ბევრ ქართველს უანგაროდ ეხმარებით…

— მოსკოვში, სადაც ვცხოვრობ, ბევრი ქართველი ექიმია. ბევრი მათგანი, საკუთარი მიღწევებითა და პროფესიონალიზმით არა მხოლოდ რუსეთში და საქართველოშია ცნობილი. ექიმის პროფესიის არსი ადამიანების დახმარებაა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველას მაქსიმალურად დავეხმაროთ.

© Photo: Courtesy of Merab Shariaმერაბ შარია
მერაბ შარია - Sputnik საქართველო
მერაბ შარია

- დაასრულეთ აზრი: საუკეთესოა ექიმი, რომელიც…

— მრავალი პასუხი შეიძლება მოეძებნოს კაცობრიობის არსებობის ათასწლეულების მანძილზე… ზუსტად და სწორად რა თქმა უნდა ვერ გეტყვით, მაგრამ რადგან გაინტერესებთ ჩემი პირადი აზრი, მიმაჩნია, რომ საუკეთესო ექიმია ის, რომელიც აერთიანებს პროფესიონალიზმსა და მგრძნობელობას, რაც ყველაზე მეტად იწვევს პაციენტების ნდობას.

- ბატონო მერაბ, როცა საქართველოზე ფიქრობთ რა და ვინ გახსენდებათ?

— მე და ჩემი ოჯახი სამშობლოზე ფიქრით ვცხოვრობთ, ვხარობთ მისი მიღწევებით და განვიცდით თუკი საქართველოს უჭირს. როდესაც მასზე ვფიქრობ, ყოველ ჯერზე სხვადასხვა, პირველ რიგში, კი მახსენდება ის ადამიანები, რომლებმაც ჩემს პიროვნულ ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა. ზოგადად, თბილი ურთიერთობა ადამიანებს შორის, გულგახსნილობა, სიკეთე და გვერდში დგომა მახსენდება, როცა საქართველოზე ვფიქრობ. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" დღემდე ჩემი საყვარელი წიგნია და ამით მგონი, ბევრი რამაა ნათქვამი…

 

ყველა ახალი ამბავი
0