ცეცხლოვანი სამყარო

თუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო...

1360
(განახლებულია 11:46 14.12.2017)
როგორც წესი, ყვირიან სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ადამიანები; ხოლო ყვირილზე ყვირილით ასეთივენი პასუხობენ. სექსუალურად დაკმაყოფილებულ ადამიანს ფიზიკური ძალა ან ფსიქოლოგიური ენერგია ყვირილისთვის, უბრალოდ, არ ეყოფა

„სიბრძნის სიმფონია" დღეს წარმოგიდგენთ ცნობილ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს, წიგნებისა და რიგი სამეცნიერო სტატიების ავტორს, მიხაილ ლიტვაკს (1938); აქვს ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერტიფიკატი. არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

მისი წიგნები პრაქტიკული და პოპულარული ფსიქოლოგიის შესახებ ძალზე პოპულარულია, თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. მათი საერთო ტირაჟი 2013 წლისთვის 5 მილიონზე მეტ ეგზემპლარს შეადგენდა.

• ცოდვაა, სიყვარულის გარეშე დანებდე და ცოდვაა, არ დანებდე, თუ გიყვარს

• თუ ადამიანმა უმადურობა გისაყვედურა, გამოარკვიე, რა ღირს მისი მომსახურება, გაასწორე ანგარიში და მასთან საქმე აღარ იქონიო

• თუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო…

• მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მტრებთან — სასარგებლო

• უსაქმურს იმედი აქვს, საქმიანი — მოქმედებს

• ადამიანთან ურთიერთობისას გახსოვდეს, რომ მას საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა აქვს

• სჯობს, კარგ წიგნთან გქონდეს ურთიერთობა, ვიდრე ცარიელ ადამიანთან

• თუ გინდა გაიგო, როგორი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს შენთან, მოუყევი მათ საკუთარი გეგმებისა და ოცნებების შესახებ. ვისაც ფარულად სძულხარ, გაგაკრიტიკებს, ვისაც შენთვის კარგი უნდა — დაგეხმარება

• პარტნიორის პასუხი ჩვენს კითხვაშია დაპროგრამებული. თუ პასუხი არ გვაწყობს, ეს ნიშნავს, რომ საჭირო კითხვა არ დავსვით

• ბევრს ჭორაობენ არაგულწრფელი და უიღბლო ადამიანები. ცოტას ჭორაობს ყველა

• ურთიერთობებში რთული ადამიანი პრიმიტიულად არის მოწყობილი, მარტივი — რთულად. პრიმიტიულს უნდა შეეწყო, რთული — თვითონ შეგეწყობა

• ურთიერთობების გაწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი საპატიო მიზეზი არსებობს — როცა არსებულ პირობებში შეუძლებელია პიროვნული ზრდა

• როდესაც ქორწინდები, დაიმახსოვრე, რომ სრული ბედნიერება შესაძლებელია, თუ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და საქმიანი თვისებები ერთმანეთს შეავსებს, ხოლო მსოფლმხედველობა, პრინციპები და გრძნობა — ერთმანეთს დაემთხვევა

• ჭკუა ყველაფერს ცვლის! დაუმატე ჭკუა სიჯიუტეს — მიიღებ შეუპოვრობას. დაუმატე ჭკუა სიგიჟეს — მიიღებ სიმამაცეს. დაუმატე ჭკუა სიძუნწეს — მიიღებ ყაირათიანობას. დაუმატე ჭკუა მფლანგველობას — მიიღებ გულუხვობას. დაუმატე ჭკუა ლტოლვას — მიიღებ სიყვარულს

• სულიერად ღარიბი ადამიანი ცუდად იტანს მარტოობას და ადამიანებთან იმიტომ ურთიერთობს, რომ მიიღოს. სულიერად მოწიფული ადამიანი კარგად იტანს მარტოობას და ადამიანებთან იმიტომ ურთიერთობს, რომ გასცეს

• სიყვარულის უნარი და მარტოობის კარგად გადატანა — სულიერი სიმწიფის მაჩვენებელია. ყველაფერ საუკეთესოს მაშინ ვაკეთებთ, როცა მარტო ვიმყოფებით.

• ჯერ მამაკაცი ან ქალი უნდა გახდე და ოჯახი ამის შემდეგ შექმნა. ოჯახის შექმნის უფლება აქვს მხოლოდ ფიზიკურად ჯანმრთელ, სულიერად განვითარებულ და მატერიალურად შემდგარ ადამიანს

• ნუ ეძებ ბედნიერებას, არამედ მოძებნე ის ადგილი, სადაც ის არის და ბედნიერება თავად გიპოვის. შემიძლია გიკარნახო, სად არის შენი ბედნიერება — ეს თვითონ ხარ. მისკენ გზა კი — საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებაა

• სოკოს კი ნუ ეძებ, არამედ ტყე მოძებნე, სადაც სოკო იზრდება. იქ სოკოს იოლად იპოვი

• თუ ადამიანს საკუთარ თავზე არაფერი კარგის თქმა არ შეუძლია, მაგრამ თქმა უნდა, ის სხვებზე ცუდად ლაპარაკს იწყებს

• როდესაც ტომარა იხევა, იქიდან მხოლოდ ის იყრება, რაც მასშია. თუ განრისხებულმა ადამიანმა გაწყენინა, ეს შემთხვევით არ მომხდარა…

• რაც უფრო ნაკლებად ენდობი, მით უფრო დახვეწილად მოგატყუებენ

• იცოდე შენი ადგილი და ყოველთვის პირველი იქნები

• თუ ადამიანი შეურაცხყოფაზე ბრაზდება, როგორც ჩანს, შეურაცხყოფისას წარმოთქმული მახასიათებლების მატარებელია. ცნობილი აფორიზმი ამგვარად გადავაკეთე: მითხარი, რაზე ბრაზდები და გეტყვი, ვინ ხარ". როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას მაყენებს, ის ხომ ამ დროს თავის თავს ახასიათებს. წარმოაჩენს თავის თავს. ასევე წარმოაჩენთ თავს თქვენც. მაგალითად, ვინმე მეუბნება: სულელი, არამზადა!" მე ვპასუხობ: სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მე მიხაილ ლიტვაკი ვარ". მაგრამ თუ ადამიანი მართლა ასეთია, ეს, რა თქმა უნდა, ძალზე საწყენი იქნება.

• სკანდალი — სექსის ანალოგია. როგორც წესი, ყვირიან სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ადამიანები; ხოლო ყვირილზე ყვირილით ასეთივენი პასუხობენ. სექსუალურად დაკმაყოფილებულ ადამიანს ფიზიკური ძალა ან ფსიქოლოგიური ენერგია ყვირილისთვის, უბრალოდ, არ ეყოფა

• თუ გიმძიმს, ესე იგი, სწორად არ ცხოვრობ

• თუ მლანძღავენ, ესე იგი, მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ, ესე იგი, შემიძლია გავაკეთო ის, რაც ჯერ არ გამიკეთებია. მოუსმინე, რატომ გლანძღავენ და გაიგებ, რა იმედებს ამყარებენ ადამიანები შენზე

• როდესაც შურს იძიებ, ფაქტობრივად, ერთადერთ და განუმეორებელ სიცოცხლეს სხვას და თან — მტერს ახარჯავ. წააგებ, თუნდაც მოიგო!

• კარგი რამის გამოცდა ღირს, თუნდაც იცოდე, რომ ამას გაგრძელება არ ექნება

• მარტოობა ადამიანისთვის იგივეა, როფორც წყალი ვეშაპისთვის, ხოლო ურთიერთობა — როგორც ჟანგბადი. და თუ მარტოობისგან გათავისუფლება შეუძლებელია, ის უნდა გამოიყენო

• გინდა, გაიცნო შენი მთავარი მტერი? ჩაიხედე სარკეში! გაუმკლავდი მას და ყველა დანარჩენი გაქრება

• ნუ გეშინია შეცდომის — წარუმატებლობა წარმატებაზე შვიდჯერ სასარგებლოა

• ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო. მე მას პირველს მოვკლავდი. მკვდარია იმედი და — გაქრა შიში, მკვდარია იმედი და — ადამიანი ქმედითი გახდა, მკვდარია იმედი და — გაჩნდა დამოუკიდებლობა

• თავის მოღალატეს ყველა თავად ზრდის

• შთაბეჭდილება კი არ უნდა მოახდინო, არამედ საკუთარი თავი უნდა გამოხატო

 

1360
თემები:
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)
თამარ უთნელიშვილი

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „მოსწავლეებს რეპეტიტორი რომ არ დასჭირდეთ“

497
(განახლებულია 16:13 18.09.2020)
„როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და სკოლის დატოვება ეძნელებათ“ – ასე დაახასიათა ზოგადად იდეალური სკოლა თამარ უთნელიშვილმა და სწორედ ეს გახდა თავის დროზე მისი მომავალი საქმიანობის ამოსავალი.

კერძო სკოლა „თამარიონი“ თანამოაზარეებთან ერთად ქალბატონმა თამარმა გორში 1995 წელს 18 მოსწავლით გახსნა. დღეს მისი ხელმძღვანელობით ეს სკოლა სწავლების მაღალი დონით და კვალიფიციური პედაგოგებით გამოირჩევა.

თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში
თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში

- ქალბატონო თამარ, ბუნებრივია, დავიწყებ კითხვით – თავის დროზე პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ?

- ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა ნებისმიერი განვითარების პროცესი, იქნებოდა ეს ტექნიკა, მედიცინა, მეცნიერება თუ სხვა რამ. ამ ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა ბავშვის, როგორც გონებრივი რესურსის განვითარების პროცესიც. ვეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ „ბავშვის გონება სუფთა დაფაა“ და ვიღაც ბედნიერს შეუძლია იგი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერებით შეავსოს. საბოლოოდ, თუ ეს დაფა სრულყოფილი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოვა, ეს იქნება სწორედ „იმ ბედნიერის“ დამსახურება, ვინც ეს შეძლო. წარმოგიდგენიათ, რამხელა სიკეთეა, რამხელა მადლია იმ „ბედნიერის“ როლში ყოფნა?! ჰოდა, დღემდე ვცდილობ, ეს როლი ღირსეულად შევასრულო...

- ვინ იყო მასწავლებელი, ვინც გორის მეცხრე საშუალო სკოლაში თქვენ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია?

- მუშაობისას ყოველთვის ვცდილობ ისე მოვექცე ბავშვებს და ისეთი გარემო შევუქმნა, როგორიც მინდოდა თავად მქონოდა ბავშვობაში. მოგეხსენებათ, საბჭოთა სკოლაში თავისუფალ, შემოქმედებითად დატვირთულ გარემოზე ფიქრიც კი იკრძალებოდა. თუმცა იყო ნათელი წერტილები, რომლებსაც ნათელი მასწავლებლები ქმნიდნენ და ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ... დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა მასწავლებლების და სწავლების სტანდარტებს ვაფასებ, მხოლოდ ერთი მასწავლებელი მახსენდება, რომელიც დღევანდელ სკოლასაც დაამშვენებდა თავისი მიდგომებით, დამოკიდებულებით, შემოქმედებითი აზროვნებით, სახალისო აქტივობებით, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და სიყვარულით. ეს ჩემი რუსული ენის მასწავლებელი როზა სტეფანიანი იყო. ახლაც მიკვირს, ამას როგორ ახერხებდა, მას ხომ არანაირი თანამედროვე ძვირადღირებული ტრენინგი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ ვამტკიცებ, რომ მასწავლებლობა ნიჭი და უნარია, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს!..

ღონისძიებაზე
ღონისძიებაზე

- გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი აირჩიეთ, შემოქმედებითი ძიების მოყვარული ბუნება გაქვთ... 

- საერთოდ, იმდენი საგანი და თემა მაინტერესებდა, რომ გამიჭირდა პროფესიის არჩევა. წერა მიყვარდა ძალიან, ჟურნალისტობაც მომწონდა, ლიტერატურასა და პოეზიაზე დღესაც „ჭკუა მეკეტება“, მასწავლებლად კი, ასე მგონია, დავიბადე. მათემატიკაში მომწონდა გზების ძიება, „გემრიელ“ ამოცანაში „გემრიელ“ გზას რომ ვიპოვიდით გაკვეთილზე, ეს იყო ჩემთვის კმაყოფილების ზენიტი. კარგი კლასი მყავდა და სულ შემოქმედებით ძიებაში ვიყავით. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ძალიან ბევრი ჩემი ახლობლის გასაკვირად ფიზიკა-მათემატიკის ძალიან საინტერესო გზაზე შევდექი.

თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად
თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად

- რა გამოცდილება შეიძინეთ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში?

- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ეს იყო ის სიახლეები, რაც აპრობირებულია მსოფლიოში და ჩვენ ერთად ვეძებდით ჩვენზე მორგებულ მეთოდებს. ეს იყო განათლების კორიფეებთან ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობა. მაგრამ ჩემი ტრენერობის იდეალური გამოცდილება იყო ე.წ. G-Pried (საქართველოს დაწყებითი განათლების) პროექტი, რომელიც თავისი მაღალი ორგანიზებულობით, საინტერესო პროცესუალური მიდგომებითა და რესურსებით საუკეთესოა დღემდე არსებულ საგანმანათლებლო მოდულებს შორის.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- კერძო სკოლის დაარსების იდეა როდის გაგიჩნდათ?

- კერძო სკოლის დაარსების იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ამის შესაძლებლობა მომეცა. მანამდე იყო ოცნება ისეთი სკოლის არსებობის შესახებ, სადაც იქნებოდა კეთილგანწყობილი, უშუალო გარემო, კვალიფიციური, საქმეზე და ბავშვებზე შეყვარებული მასწავლებლები, ბავშვების აზროვნების და შემეცნების აბსოლუტური თავისუფლება, მხიარული და საინტერესო სასწავლო პროცესი, როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და მერე სკოლის დატოვება ეძნელებათ.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რით გამოირჩევა თქვენი სკოლა?

- ჩვენი სკოლა სხვა სკოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს არ ვღალატობთ. გაძლიერებული ქართული ენის, მათემატიკის და უცხო ენების პროგრამა გვაქვს, მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, მათ მზადყოფნაზე მორგებული პროგრამები და პროფესიონალი კადრები იმის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენს მოსწავლეებს რეპეტიტორი არ დასჭირდეთ. გორი პატარა ქალაქია და ადვილია, რომ ამა თუ იმ ადამიანზე წარმოდგენა შეიქმნა. მასწავლებლებიც ძალიან ფრთხილად შევარჩიეთ, აუცილებელ მოთხოვნებად დავაწესეთ საგნის ცოდნა, საქმის და ბავშვების სიყვარული, სიახლის მაძიებლობის და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი.

თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს
თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს

- თქვენი ცხოვრება მთლიანად ქალაქ გორთან არის დაკავშირებული, ვირტუალური მეგზურობა რომ გაუწიოთ მკითხველს, რომელ საინტერესო ფაქტებს ახსენებდით ამ ქალაქთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც მსოფლიოში უკვე იციან?

- გორი ჩემი სახლია, მის ქუჩებში სიარულისას მგონია, რომ ჩემ ეზოში დავდივარ. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ეფერება. ქალაქში ბევრი საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილი გვაქვს, მარტო უნიკალური ქვაში ნაშენი უფლისციხე და გორის ციხე რად ღირს, ან ჩვენი ეთნოგრაფიული მუზეუმი შესანიშნავი ექსპონატებით. თუნდაც არაჩვეულებრივი ატენის ხეობა, მისი სიონი, შესანიშნავი შემოქმედი ადამიანები, ქალთა და გოგონათა ცნობილი კაპელა, ცნობილი სპორტსმენები, გორის უძველესი დრამატული თეატრი, კერამიკის მუზეუმი. ეს ხომ იაკობ გოგებაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მერაბ მამარდაშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, კირიონ II-ის, ნიკო სამადაშვილის, ნიკო ლომოურის, ანტონ ფურცელაძის, ივანე მაჩაბლის, ნიკო კეცხოველის, სულხან ცინცაძის, ილიკო სუხიშვილის მშობელი მხარეა... მეტი რა ქნას ამ პატარა ქალაქმა?!.

 

497
მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი 90: ტოტალური აზროვნების სიმარტივე

289
(განახლებულია 16:58 15.09.2020)
ადამიანი სპონტანურად უერთდება იმას, რაც მას ჰპირდება, რაღაცად გაგხდიო, ყოველგვარი მუშაობისა და მუყაითობის გარეშე. ამ ცდუნებამ კარგი ნაყოფი გამოიღო როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე სხვაგან...

დღეს უდიდეს ქართველ მოაზროვნეს, ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ დიდი მოაზროვნის გამონათქვამებს „Sputnik–საქართველოს“ სერიიდან „აზრების ფოიერვერკი".

მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მამარდაშვილის ფილოსოფიურმა და საგანმანათლებლო მოღვაწეობამ სსრკ-ში დამოუკიდებელი ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი შეასრულა.

მერაბ მამარდაშვილი
მერაბ მამარდაშვილი

მამარდაშვილის ფილოსოფიის საყრდენს წარმოადგენდა ცნობიერების ფენომენი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ჩამოყალიბებაში. ის მიიჩნევდა, რომ ნამდვილი ფილოსოფია მიზნად ისახავს ცვალებად სამყაროში ადამიანის მიერ სტაბილურობის მოპოვებას.

მამარდაშვილი 1930 წელს დაიბადა გორში. მან 1954 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში იყო სამეცნიერო ჟურნალი „ვოპროსი ფილოსოფიის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1987-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

1990 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ქართველი ფილოსოფოსი მოსკოვის აეროპორტში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის თბილისში გამოფრენას აპირებდა.

• თქვენ, ალბათ, ვერ წარმოიდგენთ, რა მიმზიდველი და დამარწმუნებელია ტოტალიტარული აზროვნების სიმარტივე. ის თხევადი საწამლავივითაა, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე ცენზურა თუ ავტორების დევნა. ის შიგნიდან გღრღნის. ის შიგნიდან იჭრება ტვინში და ეს ძალზე მომხიბლავია. რეალურად გიზიდავს. საიდან მოდის ეს ხიბლი? იქიდან, რომ ასეთი აზროვნება ნებას იძლევა, თავი ჭკვიანი გეგონოს, დაიჯერო, რომ ყველაფერი გესმის, თავზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ზოგადად ადამიანი ზარმაცია, ამიტომ ის სპონტანურად უერთდება იმას, რაც მას ჰპირდება, რაღაცად გაგხდიო, ყოველგვარი მუშაობისა და მუყაითობის გარეშე. ამ ცდუნებამ კარგი ნაყოფი გამოიღო როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე სხვაგანაც.

• ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება, იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არ მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა, მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!

ბატონობას მიჩვეული უბატონოდ ვეღარ გაძლებს...>>

• ადამიანი აღზრდის ობიექტი კი არ არის, არამედ ადამიანი არის განვითარების სუბიექტი.

• შეგიძლია ისე მოკვდე, რომ ვერასოდეს აღმოაჩინო, რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად, გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთსა და იმავე ნაჭერს ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი…

• ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია…

• ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად გაირბინონ აზრის დასაწყისსა და დასასრულს შორის არსებული შინაგანი სივრცე. გრძნობები უნდა დაკრისტალდეს ზოგადკაცობრიულობამდე. უნდა გარდავიქმნათ შიგნიდან და არა გარედან. არ შეიძლება ადამიანს გარედან მიენიჭოს ღირსების, სინდისისა და პატიოსნების გრძნობა.

სიბრძნე სამართლიანობის გარეშე და უდიდესი თავისუფლების შედეგი - ტირანია>>

• ყველაზე საშიში მტერი ჩვენ გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია ჩაბუდებული.

• ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი გათავისუფლებაა. ე.ი. ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპისგან.

• ჩვენ იმდენ ხანს ვთვლემდით, ისე გავიყინეთ, რომ დღეს ხელახლა უნდა ვისწავლოთ სიცოცხლის გარჩევა სიკვდილისგან, ოცნებისა – რეალობისგან. ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, განდევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში რომ დაგროვდა. საბჭოურად დაპატარავებულებმა დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ რთულ საზოგადოებაში.

• ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, ძლიერნი ამა სოფლისანი სახელმწიფოს, ნაციისა და საზოგადოების სახელით როგორ თრგუნავენ აზროვნებას. სომხების, ოსებისა და აფხაზების ღირსების დაცვა – შენი, ქართველის ღირსების დაცვაა. მე მათთან ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, არავის აქვს უფლება ამით ჩემში ქართველობის გრადუსი გაზომოს.

„სიბრძნის სიმფონია" - ჰერმან ჰესე - სიბერე>>

• არ შეიძლება არსებობდეს ეროვნული იდეალი, თუ მასში ჩადებული არ არის ადამიანის თავისუფლება.

• ჩვენ გვჭირდება გათავისუფლება არა მხოლოდ იმპერიისგან, არამედ ჩვენივე ცხოვრების გარკვეული შინაგანი პრინციპებისგან.

• მტრის ხატი — ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა — მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულება იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება.

• ფილოსოფია — ესაა განსჯა სიკვდილის შესახებ.

• სწორედ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ვიყოთ ღმერთები, შეგვიძლია ვიყოთ ზნეობრივი, სწორედ იმიტომ, რომ არის დანაშაულის სისავსე, შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებლებიანი, ესე იგი, თავისუფალი.

ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...>>

• არჩევანის პრობლემას თავისუფლების პრობლემასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თავისუფლება — ეს ფენომენია, რომელსაც ადგილი აქვს იქ, სადაც არანაირი არჩევანი არაა. თავისუფლება არის რაღაც, რაც თავის თავშივე მოიცავს აუცილებლობას… რაღაც, რაც თავისი თავის აუცილებლობას წარმოადგენს, არის კიდეც თავისუფლება.

• ფილოსოფიაში თავისუფლებას შინაგანი აუცილებლობა ეწოდება. თავისი თავის აუცილებლობა.

289
ცესკო

ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი დამკვირვებლები დაარეგისტრირა

13
(განახლებულია 00:14 19.09.2020)
ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია ცესკოში ექვსმა ორგანიზაციამ გაიარა.

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 სექტემბრისთვის დაარეგისტრირა ექვსი საერთაშორისო და 49 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც არჩევნების მსვლელობას დააკვირდებიან, ნათქვამი ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარალელურად ამ დღეს ჩატარდება არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები.

ამ ეტაპზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხოლოდ განაცხადები შეაქვთ. ორგანიზაციების და დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არჩევნებამდე ერთი კვირით გახდება.

ადრე საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის და ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია გაიარეს: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის" (SILBA) და „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში".

ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა >>

დამკვირვებლები დააკვირდებიან საარჩევნო უბნების მომზადების პროცესს, ბიულეტენების ბეჭდვას, კენჭისყრასა და ხმების დათვლას. არჩევნების დასრულების შემდეგ ისინი გამოაქვეყნებენ თავიანთ დასკვნებს არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით.

13
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020