მარიამ შარაბიძის ნამუშევარი

სეზონის მოდური სამკაული ხელმისაწვდომი ფუფუნება

168
(განახლებულია 19:19 30.11.2017)
მერი ბლიაძე
მარიამ შარაბიძე პროფესიით ტურიზმის მენეჯერია, მაგრამ მუშაობს ერთ-ერთ კერძო კლინიკაში სადაზღვევო კომპანიის მენეჯერის ასისტენტად. როგორც ყველა ქალის შემთხვევაში, მარიამის ცხოვრებაშიც სამკაულს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ამბობს, რომ სამკაულს ბავშვობიდან ქმნიდა, მასალად კი სხვადასხვა მძივებს იყენებდა. თუმცა სურდა ყველა დეტალი საკუთარი ხელი გამოეძერწა და ისე შეექმნა დახვეწილი დიზაინის სამკაული. ამისთვის მან თიხა აირჩია. თიხასთან ურთიერთობა კი მამამ ასწავლა.

მარიამ შარაბიძის ნამუშევარი
Courtesy of Tata Robitashvili
მარიამ შარაბიძის ნამუშევარი

– განსხვავებული პროფესია გქონიათ, ხელნაკეთი სამკაულის შექმნით როდის დაინტერესდით?

— სამკაული ბავშვობიდან მიზიდავდა. ნაყიდი მასალისგან ვაწყობდი მძივებს, მაგრამ სულ მინდოდა მძივები ჩემი ხელით შემექმნა და იქიდან ამეწყო ის, რასაც ვგრძნობდი. მამა კერამიკოსი მყავს. მთელი ცხოვრება თიხაზე მუშაობს. რომ ვუყურებდი მის ნამუშევრებს, ვფიქრობდი, რა ლამაზი მძივების ან სამაჯურების გაკეთება შეიძლებოდა ამ მასალისგან. 90-იან წლებში მამა თურქეთში წავიდა და იქ საქმიანობდა, რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და გამოსაწვავი ღუმელი ჩამოიტანა. აი, ამ დროს უკვე გადავწყვიტე დამეწყო ეს საქმიანობა. ახლაც სწავლის პროცესში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია, ჩემთვის ეს საქმიანობა პირველ რიგში უდიდესი სიამოვნების და სიხარულის მომტანია, რაშიც საკუთარ თავს გამოვხატავ. ლამაზი სამკაული ჩემთვის სიამოვნებაა. სამკაული ხელოვნებაა და მსოფლიოში არაერთი შედევრი არსებობს სამკაულის სახით. ყოველთვის მაინტერესებდა სამკაული არა როგორც აქსესუარი, არამედ როგორც ხელოვნების ნიმუში.

მარიამ შარაბიძის ნამუშევარი
Courtesy of Tata Robitashvili
მარიამ შარაბიძის ნამუშევარი

– თითოეული სამკაულის და აქსესუარის დიზაინი თქვენ გეკუთვნით?

— დიახ, დიზაინი მე მეკუთვნის. საინტერესო ისაა, რომ აწყობის დროს მძივი ან სამაჯური თითქოს თავის თავს თვითონ ქმნის. მკარნახობს, როგორი უნდა გამოვიდეს. თავიდან ვაკეთებდი სამკაულის ჩანახატებს, მაგრამ მერე მივხდი, რომ აზრი არ აქვს, რადგან მაინც ისე ვაწყობ, როგორც თვითონ სამკაული მოითხოვს.

ხშირ შემთხვევაში სამკაულის ჩანახატებს ვაკეთებ, ვცდილობ ახალი გამორჩეული ფორმები შევქმნა. თიხისგან აქსესუარის შექმნა ძალიან რთულია. რთულია ასეთი პატარა ბურთულების გაკეთება, თანაც იმ ორნამენტების, რომლებსაც მე ვაკეთებ.

მარიამ შარაბიძის ნამუშევარი
Courtesy of Tata Robitashvili
მარიამ შარაბიძის ნამუშევარი

– ამ საქმიანობაში ვინმე გეხმარებათ თუ ყველაფერს თავად ართმევთ თავს?

—  გარკვეულ ტექნიკურ საკითხებში მამა მეხმარება, თუმცა ძირითადად მაინც მე ვართმევ თავს.

– ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და გულშემატკივარი?

— მქომაგობს მთელი ოჯახი და სამეგობრო. ძალიან გაუხარდათ, როდესაც ეს საქმიანობა წამოვიწყე. ჩემი მთავარი კრიტიკოსი მაინც მამაა. თუ მას მოეწონა შექმნილი, ესე იგი ნამდვილად კარგია.

– რა სირთულეები შეგხვდათ ქართულ ბაზარზე, თავის დამკვიდრება არ გაგიჭირდათ?

— სირთულე, ალბათ, ის არის, რომ ძალიან დიდი კონკურენციაა. საქართველოში ხელნაკეთი ნივთების ბაზარი, ჩემი აზრით, ახლა იკიდებს ფეხს და ვითარდება. ბევრი ნიჭიერი ხელოვანია და ხალხისგან დიდი ინტერესი მოდის. რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, ეს წინ მაქვს, რადგან, სამწუხაროდ, მთელ დროს ჯერ ვერ ვუთმობ ამ საქმიანობას.

მარიამ შარაბიძის ნამუშევარი
Courtesy of Tata Robitashvili
მარიამ შარაბიძის ნამუშევარი

– ფერებთან მიმართებაში რამდენად თამამი ხართ?

— სამკაული თავდაპირველად, როცა გარკვეულ დეტალებს ვამზადებ, ჯერ უფერულია, ნაცრისფერი თიხის ფერი, ან წითელი. გამოწვამდე ის ჭიქურით უნდა გაფერადდეს და ამ მომენტში ვწყვეტ ფერთა გამას. ექსპრომტად არ გამოდის, თავიდანვე უნდა გადაწყდეს, რა ფერით მოჭიქურდეს ნივთი და, შესაბამისად, სამკაულის აწყობის დროს უკვე მაქვს მონახაზი და ვიცი, რა ფერებთან მექნება საქმე.

– როგორც მივხვდი, მასალის არჩევის შემთხვევაში მამის გავლენა იგრძნობა. რა თვისებებით გამოირჩევა თიხა?

— ვიყენებ მაღალი ხარისხის თიხას, ეს არის ზუსტად ის მასალა, რომელიც საშუალებას მაძლევს გამოვხატო ჩემი ფანტაზია. თითებით ვქმნი სათითაო ბურთულას, ან სხვა დეტალს. თიხა დრეკადია და ადვილად მოგყვება ხელში. მერე უკვე ვურთავ ბუნებრივ ქვებს და სხვა ნატურალური მასალის ელემენტებს. საბოლოო ჯამში ხელში გიჭირავს თავიდან ბოლომდე ნატურალური, ბუნებრივი სამკაული.

– რეალიზებას როგორ და სად ახდენთ?

— რეალიზებას ვახდენ ონლაინ და ხელნაკეთი ნივთების რამდენიმე მაღაზიაში.

– როგორი გემოვნებით გამოირჩევიან ქართველი ქალები, რა ფერებს და სტილს ანიჭებენ უპირატესობას?

— ქართველი ქალები, ჩემი აზრით, ძალიან გემოვნებიანები არიან. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქალებისთვის ფერები და განსხვავებული სტილი გახდა საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება, რაც ძალიან მახარებს.

ზოგადად, სამკაული გამოხატავს ქალის შინაგან სამყაროს. როგორ სამკაულსაც ირჩევს, ისეთია მისი ხასიათიც. ლამაზი და საინტერესო სამკაული იქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას ქალის გარეგნობაში. მე ვცდილობ შევქმნა გამორჩეული, ექსკლუზიური და საინტერესო ელემენტებისგან შემდგარი აქსესუარები, რადგან თვითონ ქალსაც სამკაული უქმნის განწყობას.

– რა ფერები და სტილია დღეს მოდური და აქტუალური?

— ორი უკიდურესობაა. დღეს აქტუალურია ფერადიც და, პირიქით, ერთ ფერში გაწყობილი ლაკონური, მინიმალისტური სამკაული.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— მინდა უფრო მეტი დრო დავუთმო ამ საქმიანობას, უფრო მყარად დავიმკვიდრო თავი ქართულ ბაზარზე და საზღვარგარეთ ონლაინ–გაყიდვებზეც გავიდე.

 

168