პური ჟან-ჟაკისგან

როგორ გახდა ფრანგი ფილოსოფოსი ქართველი ფერმერი და ხაბაზი

2491
(განახლებულია 14:28 28.11.2017)
რუბრიკაში „საქართველო უცხოელის თვალით" ფრანგ ფილოსოფოსს ჟან-ჟაკ ჯეიკობსს წარმოგიდგენთ, რომელიც საქართველოში „წითელი დოლის" პურმა ჩამოიყვანა...

ჟან-ჟაკი ჯეიკობსი უკვე რამდენიმე წელია საცხოვრებლად საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსახლდა. ის წითელი ჯიშის ხორბლით, ძველებურ ქართულ პურს აცხობს და კახეთში საკუთარ მეურნეობას აფართოვებს. მის მიერ გამომცხვარი „წითელი დოლის პური“ კი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე იყიდება. საფუარის გარეშე გამომცხვარი ჟან-ჟაკის პური იმდენად პოპულარულია, რომ მის შესაძენად რიგებიც კი დგება…

პური ჟან-ჟაკისგან
© Sputnik / Levan Avlabreli
პური ჟან-ჟაკისგან

„საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვედი და კახეთში შემთხვევით გავსინჯე ძველი ქართული პური, რომელსაც ხაშის პურსაც უწოდებენ. მე კვებითი ალერგია მაქვს და საერთოდ პურს ვერ ვჭამდი. ამ პურის გასინჯვის შემდეგ კი გადავწყვიტე, კახეთში გადმოვსახლებულიყავი და ამ პურის ცხობა დამეწყო“, — ამბობს ჯან-ჟაკი.

ასეც მოიქცა… ახმეტის რაიონში, სოფელ არგოხში ძველი სახლი იყიდა და ძველი ქართული პურის ცხობაც დაიწყო. ნელ-ნელა საქმეში მეზობლებიც ჩართო და დაასაქმა. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ევროპელი მეგობრები სტუმრობენ და საქმეშიც ეხმარებიან, ჟან-ჟაკი პურის ცხობის ყველა პროცესს თავად უძღვება და აკონტროლებს.

პური ჟან-ჟაკისგან
© Sputnik / Levan Avlabreli
პური ჟან-ჟაკისგან

„თავიდან  12 პურს ვაცხობდი, ახლა კი კვირაში 400-მდე პურს ვაცხობ და თბილისში კვირაში ორჯერ ჩამომაქვს გასაყიდად. ეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, საფუარის გარეშე. გამოცხობის შემდეგ, პური სასურველია გამოშრეს. „დროჟის“ ნაცვლად ის ნატურალური ხაშის საფუარით ამომყავს. ძალიან სასარგებლოა და ერთი კვირა ძლებს. ეს პური დღითიდღე კი არ ძველდება, პირიქით უფრო გემრიელი ხდება.“ — გვიყვება ფერმერი.

ევროპელი ფერმერის კახური მეურნეობა წლიდან წლამდე ფართოვდება. მას სახლის წინ მოზრდილი ბოსტანი აქვს, სადაც ქართული და ევროპული ჯიშის ბოსტნეული მოყავს. ცოტა ხნის წინ კი ჟან-ჟაკმა სოფელთან ახლოს რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა შეიძინა და წითელი ხობლის დათესვაც თავად დაიწყო.

პური ჟან-ჟაკისგან
© Sputnik / Levan Avlabreli
პური ჟან-ჟაკისგან

ჟან-ჟაკი პროფესიით ფილოსოფოსია და ცდილობს მთელი თავისი ფილოსოფიური ცოდნა მიწას მოახმაროს. ის გლეხისა და მიწის ურთიერთობას შემოქმედის ხელოვნებასთან დამოკიდებულებას ადარებს. ფრანგ ფერმერს მიაჩნია, რომ მონდომება, ცოდნა და სქმისადმი სწორი დამოკიდებულება უპირობო წარმატების საწინდარია.

 ჟან ჟაკი — „თქვენი ქართული ჯიშის ხორბალი უნიკალურია. არ მინდა, რომ პურის ხარისხი გავაფუჭო, ამიტომ ხორბალიც თავად მომყავს. სამწუხაროდ დღეს გლეხი არ არის სათანადოდ დაფასებული. მარტო აქ კი არა, მთელს მსოფლიოში ასეა. თუმცა გლეხისა და მიწის გარეშე არაფერი გამოვა.

პური ჟან-ჟაკისგან
© Sputnik / Levan Avlabreli
პური ჟან-ჟაკისგან

საქართველოში ძალიან ბევრი დასამუშავებელი მიწაა და ამას მიხედვა და სწორად გამოყენება სჭირდება. აუცილებელია, ამ პროცესში სახელმწიფოც აქტიურად ჩაერთოს. ასევე აუცილებელია ცოდნა, რომ მიწა სწორად დამამუშავოთ, შხმა-ქიმიკატებით არ გავჟღენთოთ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვაწარმოოთ. “

ფრანგმა ფილოსოფოსმა ქართული ენაც შეისწავლა და თანასოფლელების კეთილგანწყობის მოპოვებაც ადვილად შეძლო. ზოგი მათგანი კი საკუთარ მეურნეობაში დაასაქმა. გაკახელებულ ფრანგ ფერმერს სოფელში პატივს სცემენ და როგორც თავად ამბობენ, მისგან ბევრ სასარგებლოსაც სწავლობენ. არგოხელები იმასაც ყვებიან, რომ ჯან-ჟაკი ფინანსურადაც ხშირად ეხმარება და სხვა სახის დახმარებაზეც არასოდეს ამბობს უარს.

პური ჟან-ჟაკისგან
© Sputnik / Levan Avlabreli
პური ჟან-ჟაკისგან

ჟან-ჟაკის მაღაზიაში წითელი დოლის პურის გვერდით, დახლზე სხვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტსაც შეხვდებით. აქ ბოსტნეული, ხილი და ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ყველიც იყიდება. ზოგი საკუთარი, ზოგიც მეზობლების მოყვანილი. თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც პურზეა, რომელიც როგორც ამბობენ ბევრი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.

სულ ცოტა ხნის წინ ჟან-ჟაკმა ცოლად ქართველი ქალი შეირთო.

„მეუღლე თბილისელია, ამიტომ ახლა ხან თბილისში ვარ, ხან კახეთში” — ამბობს ფრანგი ფერმერი რომელიც საქართველოში სამუდამოდ დარჩენას აპირებს და აქაური ბუნება და სიმღერა განსაკუთრებით უყვარს…

 

მარიამ მენაბდე

2491
თემები:
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (79)
თამარ კეცხოველი

ძველთბილისური სახლების ნოსტალგია და პანდემიის დროს გამოფენილი ნახატები

358
(განახლებულია 19:48 07.08.2020)
ხატვა მოულოდნელად და უცნაურად დაიწყო... მანამდე მის მეხსიერებაში ქვეცნობიერად გროვდებოდა ნანახისა და განცდილის ფრაგმენტები. მისი ნახატების სახელწოდებებიც ამის დასტურია: „ქალაქი”, „სამკითხველო”, „საზაფხულო სახლი”, „მწვანე აბაჟური”, „ძველი ბუფეტი“.

ამაში უჩვეულოც არაფერი იქნებოდა, რომ არა ის, რაც გახდა ხატვის დაწყების სტიმული და ერთგვარად მისი განკურნების საუკეთესო საშუალებაც...

თამარ კეცხოველი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით არქეოლოგია. ხატვა 2019 წლის სექტემბერში, ინსულტის გადატანის შემდეგ დაიწყო. დღეში ძალიან ბევრს, დაახლოებით ათ საათს ხატავდა. პირველი პერსონალური გამოფენა პანდემიის დროს ჰქონდა.

თამარ კეცხოველი
თამარ კეცხოველი

- ქალბატონო თამარ, თქვენს ნახატებში წარსულის ნოსტალგიური განწყობაა და ამ გზით გამუდმებით ცდილობთ ბავშვობაში დაბრუნებას, ასეა?

- საერთოდ სადმე დაბრუნება მაშინ გინდა, როცა იქ კარგი იყო და კარგად გრძნობდი თავს. დიახ, შესაძლოა, არის რაღაც ნოსტალგიური მომენტები, თუმცა უფრო მეტად ძველებური ინტერიერი მომწონს და ვხატავ, ვიდრე ჩემი საბჭოთა ბავშვობის დროს იყო. სიძველის მომხიბვლელობას ასაკთან ერთად ვხვდები და მინდა, რომ ეს სხვასაც გავუზიარო...

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- როგორი იყო თქვენი პლეხანოვური ბავშვობა, თუ არ ვცდები, პლეხანოვზე არსებული 23-ე სკოლა თბილისის ე.წ. პრესტიჟულ სკოლათა რიცხვშია, თქვენთვის თუ ჰქონდა ამგვარ იარლიყს მნიშვნელობა?

- დიახ, ჩემი 23-ე სკოლა „ელიტური” სკოლების სიაში შედიოდა, მაგრამ იქ ამიტომ არ მოვხვედრილვარ. უბრალოდ უბნით მეკუთვნოდა (მაშინ ასე იყო) და ტრადიციითაც, რადგან თავის დროზე იქ დედა და დეიდა სწავლობდნენ და ჩვენც იქ მიგვიყვანეს. პლეხანოვი და ჩემი უბანი ძალიან მიყვარს, ჩემი სახლი ეგაა... საერთოდ, მაპატიონ ახალუბნელმა თბილისელებმა და, თბილისი ჩემთვის ძველი უბნები და ძველი თბილისია. როდესაც ყველა ხეს ცნობ, ყველა მეეზოვეს, ფეხსაცმლის მწმენდავს და ქუჩის მოვაჭრეს სახელით იცნობ, ისაა შენი სახლი და შენი უბანი.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- 90-იანების სტუდენტობა არც ისე სასიამოვნო გასახსენებელია, მაგრამ მაინც, იმ „ბნელი“ დროის რომელ ნათელ მომენტს გაიხსენებდით?

- თავისი ხიბლი იმ ბნელი 90-იანების სტუდენტობასაც ჰქონდა. მაშინ დაიწყო მიტინგების ეპოქა და ჩამოინგრა სსრკ. ჩვენ, სტუდენტები კი მიტინგებიდან და უნივერსიტეტის ბაღიდან კარვებით პირდაპირ ქალაქგარეთ მივდიოდით. რაც კი ლამაზი ადგილი იყო ქალაქის გარშემო, სწორედ მაშინ შემოვიარე ყველა, უფრო სერიოზულად კი მთაში სიარულით ვიყავი დაკავებული. მაშინ სხვადასხვა ადგილებში იმართებოდა ბევრი ახალი ყაიდის ლექცია, სადაც ვესწრებოდით და თავისუფალ აზროვნებას ვცდილობდით... მოკლედ, ძალიან დატვირთული და საინტერესო სტუდენტობა მქონდა და მას არაფერში გავცვლიდი.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- ინსულტის მერე დაწყებული ხატვა თქვენთვის ერთგვარი შვება და გადარჩენის გზა იყო?

- ინსულტამდე სხვა ცხოვრება იყო, სახლი–სამსახური და სხვა არაფერი. ხატვით ყოველთვის ვხატავდი, უბრალოდ, ამის დრო არასდროს მქონდა. აი, ინსულტის მერე კი, როცა სამსახურიდანაც წამოვედი და სახლში დავჯექი, უცებ და ინტენსიურად დავიწყე მეგობრების პორტრეტების ხატვა. ვეღარ გავჩერდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეში ათი საათი მაინც ვხატავდი. ხატვა არ მბეზრდებოდა და სწორედ ამან გადამარჩინა და პანდემიის დროს მძიმე კარჩაკეტილობაც ამან გადამატანინა.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- პანდემიის დროს პირველი პერსონალური გამოფენის გამართვა მონატრებული სამყაროს გამომზეურება იყო? 

- დიახ, ეს გამოფენა მეგობრებთან შეხვედრის და მძიმე სიტუაციიდან გამოსვლის მიზნითაც მოვაწყვეთ. ამაში გალერისტი მეგობარი დამეხმარა. ძალიან კარგი გამოფენა გამოვიდა.

თამარ კეცხოველის მიერ შესრულებული პორტრეტები
თამარ კეცხოველის მიერ შესრულებული პორტრეტები

- თქვენს ნახატებში ხშირად ჩნდება ძველი სახლი, რომელიც სიმყუდროვის განცდას აჩენს...

- ამჟამად არ ვარ ქალაქში და აქ, აგარაკზეც დავხატე რაღაცები. სიმყუდროვე თითქოს არ მაკლია სახლში, მაგრამ, ეტყობა, ეს უფრო ბავშვობის და ბებიების, ძველთბილისური სახლების ნოსტალგიაა, სადაც გაიარა ჩვენი თაობის უმრავლესობის სტუდენტობამ. ძალიან მიყვარს ძველი თბილისი და ის, რაც ფანჯრებს მიღმა ხდებოდა ძველ უბნებში, სულ ესაა...

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- რაშია დეპრესიიდან გამოსავალი და ხსნა?

- რაშია ხსნა? ცხადია, ერთ-ერთი გზა საამისოდ ხელოვნებაცაა, რომელიც თერაპიაა... ჩემი აზრით, თუ ადამიანს რაიმეს შექმნა ხელეწიფება, უნდა გააკეთოს და არ გაჩერდეს, მერე ყველა მძიმე სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს...

 

358
საჰაერო ბურთები

ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან...

177
(განახლებულია 21:57 06.08.2020)
ქალმა უნდა აირჩიოს: მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს უყვართ, ის არასდროს იქნება მშვიდად; მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს არ უყვართ, ის არასდროს იქნება ბედნიერი...

აზრების ფოიერვერკი“ გთავაზობთ ანატოლ ფრანსის გამონათქვამებს.

ანატოლ ფრანსი (1844-1924), ფრანგი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი
© photo: Sputnik /
ანატოლ ფრანსი (1844-1924), ფრანგი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი

ანატოლ ფრანსი (Anatole France, ნამდვილი გვარია ანატოლ ფრანსუა ტიბო, ფრანგულად Anatole Thibault, 1844-1924) - ფრანგი მწერალი, რომანტიკოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1921). მისი ნაწარმოებებია: „თაისი“, „ჟერონ კუანიარის აზრები“, „სილვესტერ ბონარის დანაშაული“, „პინგვინთა კუნძული“, „ანგელოზთა აჯანყება“ და სხვა.

სიყვარულში მამაკაცებს ფორმები და ფერები სჭირდებათ, მამაკაცები სურათს ითხოვენ. ხოლო ქალები - მხოლოდ შეგრძნებებს. მათ უკეთესად უყვართ, ვიდრე მამაკაცებს, ისინი ბრმანი არიან.
ჩვენ საშიშად მიგვაჩნია ისინი, ვისი ტვინიც სხვაგვარადაა მოწყობილი, და უზნეოდ ისინი, ვისი ზნეობრიობაც ჩვენსას არ ჰგავს. სკეპტიკოსებს ვუწოდებთ მათ, ვისთვისაც უცხოა ჩვენი ილუზიები და კითხვაც არ გვიჩნდება, ხომ არ იციან მათ რაიმე სხვა ილუზიებიც.
გვინდა, რომ ვუყვარდეთ, ხოლო როცა ვუყვარვართ, ან გვაწამებენ, ან ყელში ამოჰყავთ.
მტრები მყავს, და ამით ვამაყობ.
ირონია - იმედგაცრუების ბოლო სტადიაა.
რელიგიამ სიყვარულს დიდი სამსახური გაუწია, როცა ის ცოდვად აქცია.

ორი რამ, რითიც ყველა მამაკაცი ამაყობს>>

ცივილიზაცია - ეს მეცნიერული ბარბაროსობაა.
ქალმა უნდა აირჩიოს: მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს უყვართ, ის არასდროს იქნება მშვიდად; მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს არ უყვართ, ის არასდროს იქნება ბედნიერი.


ადამიანს სჩვევია ბრძნული მსჯელობა და სულელური საქციელი.
ყველა ილუზიას შორის დიდება ყველაზე აბსურდული და ყველაზე დამღუპველია.
ძალზე ბრძენი უნდა იყო, რომ სიბრძნე ტვირთად არ აქციო.
ყველაზე იშვიათი სიმამაცე - ეს აზრის სიმამაცეა.
ის, ვინც რევოლუციები მოაწყო, სხვებს არ მისცემს უფლებას, მის მაგალითს მიბაძონ.
კანონები კარგია ან ცუდი არა თავისთავად, არამედ მათი გამოყენების ხერხის მიხედვით. ამა თუ იმ უკიდურესად უსამართლო დადგენილებას ბოროტება არ მოაქვს, თუ მოსამართლე მას ცხოვრებაში არ იყენებს. ზნეობა კანონებზე ძლიერია. ზნეობისა და ჩვეულებების კულტურულობა და სირბილე ერთადერთი წამალია კანონიერი ბარბაროსობის წინააღმდეგ.
სისულელე ხშირად ხელს უშლის სისულელის ჩადენას. ყველაზე სულელურად ყველაზე სულელი ადამიანები არ იქცევიან.

ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>

უფრთხილდით მათ, ვინც საკუთარ თავს იტანჯავს: ისინი უნებლიეთ თქვენც დაგასახიჩრებენ.
კაცობრიობას ყველა დროში სიგიჟისა და სისულელის ერთნაირი მარაგი გააჩნია.
გიყვარდეს მგზნებარედ - ეს, რა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ გიყვარდეს თავდადებით - კიდევ უკეთესი... ჭეშმარიტად უყვართ ის, ვინც უყვართ თავიანთი სისუსტეებით... დანდობა, პატიება, ნუგეში - აი, სიყვარულის მთელი მეცნიერება.

როცა ადამიანები შეწყვეტენ ერთმანეთზე გამარჯვებას, ისინი, ბოლოს და ბოლოს, ისწავლიან საკუთარ თავზე გამარჯვებას.
გონებრივი კულტურის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს დახვეწილი გრძნობები.
ომი - ბარბაროსობაა, რომელიც ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად გაქრება.
მოგზაურობა სხვა ყველაფერზე მეტად გვასწავლის. ხანდახან სხვა ადგილას გატარებული ერთი დღე მეტს გვაძლევს, ვიდრე სახლში ათი წელი ცხოვრება.
გონივრულ დასკვნებს ჯერ არავინ დაურწმუნებია.
სჯობს, ცოტა გაიგო, ვიდრე ცუდად.
სიტყვაზე მძლავრი არაფერია... სიტყვა ამარცხებს მრისხანეს და ანგრევს ციხესიმაგრეებს. ეს უხილავი იარაღია. მის გარეშე სამყარო უხეში ძალის ხელში იქნებოდა.

ნამდვილ სიყვარულს წერტილები არა აქვს...>>

ხშირად ბედნიერებას იმას ვუწოდებთ, რაც ჩვენ თვითონ არ განგვიცდია.
თვალმომჭრელი ჭეშმარიტება ფუჭი სიტყვაა იქ, სადაც მას თავს გახვევენ.
ყველა ღიმილი სიხარულს არ გამოხატავს ისევე, როგორც ყველა ცრემლი - უბედურებას.
ქალი მამაკაცის უდიდესი აღმზრდელია.

გულს შეუძლია ჭკუის მომატება, მაგრამ ჭკუა გულს ვერ გაზრდის.
როცა ადამიანი აზროვნებს, მას ეჭვები იპყრობს, მაგრამ როცა მოქმედებს - დარწმუნებულია.
არ ვიცით, რა ვუყოთ ჩვენს ხანმოკლე სიცოცხლეს, მაგრამ მაინც მარადიული სიცოცხლე გვინდა.
გულწრფელს ვუწოდებთ ქალს, რომელიც აუცილებლობის გარეშე არ ტყუის.
შური დემოკრატიული სახელმწიფოების კეთილისმყოფელია და მათ ტირანებისგან იცავს.
მხოლოდ ქალებმა და ექიმებმა იციან, როგორი აუცილებელი და სასარგებლოა ტყუილი.
ჭეშმარიტი სიყვარული არ საჭიროებს არც სიმპათიას, არც პატივისცემას, არც მეგობრობას; ის ცოცხლობს სურვილით და იკვებება სიცრუით. ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან.
არ მგონია, რომ ამ ქვეყანაზე იყო ეჭვიანობაზე უფრო დამამცირებელი ტანჯვა.
დაიმორჩილეთ თქვენი ვნებები და მათი ძალა გახდება თქვენი ძალა, მათი სიდიადე - თქვენი სილამაზე.
დემოკრატია ცუდად მართავს, სამაგიეროდ - ცოტას.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

მომავალი - აწმყოშია, მაგრამ მომავალი წარსულშიცაა. ეს ჩვენ ვქმნით მას. თუ ის ცუდია, ჩვენი ბრალია.
ყოველთვის მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამო ვიტანჯებით.
მამაკაცები სიყვარულში უტყდებიან, სანამ მას იგრძნობენ, ხოლო ქალები - მას შემდეგ, რაც სიყვარულს გამოცდიან.

177
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
ანზორ ერქომაიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

0
(განახლებულია 20:17 09.08.2020)
გამოჩენილ მომღერალს, ლოტბარს, კომპოზიტორს, საგუნდო დირიჟორს, ხალხური სიმღერების შემკრებს ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი მომღერალი, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook–გვერდზე.

ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენი „ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის" გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში გაიმართა.

გამოჩენილ მომღერალსა ლოტბარს, კომპოზიტორს, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება.

ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო საღამო ხვალ ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში ჩატარდება. ღონისძიებაზე ქართულ ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰ“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი“ და „ხელხვავი“. მოეწყობა ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიების ორგანიზატორი არიან საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. ის თვითნასწავლი მომღერლის არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილია. ბაბუის რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა.

ანზორ ერქომაიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

0
თემები:
საქართველო და კულტურა