ჰობოისტი ქართველი გოგონა პარიზში, რომელმაც ხუთი ენა იცის და მუსიკის ფერებით ცხოვრობს

© courtesy of Keti Tigashviliქეთი ტიღაშვილი
ქეთი ტიღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს საფრანგეთში მცხოვრებ ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსს, ჰობოისტ ქეთი ტიღაშვილს გაგაცნობთ.

ბევრ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულს საქართველოსა და უცხოეთში მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მიღებული. არის Mersin Youth Symphony-ს კონკურსის სამგზის გამარჯვებული. წარმატებული იყო მისი გამოსვლა გერმანიისა და იაპონიის საერთაშორისო კონკურსებზე, არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2012-2016 წლების სტიპენდიანტი. ორკესტრებთან ერთად კონცერტებით გამოდიოდა სხვადასხვა ქვეყანაში. იცის ხუთი ენა, მათ შორის ლათინური. ქეთის პარიზში დავუკავშირდით.

© Courtesy by Keti Tigashviliქეთი ტიღაშვილი
ქეთი ტიღაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი ტიღაშვილი

– გაიხსენეთ რა გარემოში გაიზარდეთ, მუსიკით თქვენი გატაცება ოჯახური ტრადიციიდან ხომ არ მომდინარეობს?

— ნამდვილად ოჯახიდან გამომდინარეა. მთელი ბავშვობა მე და ჩემმა დამ ოპერაში გავატარეთ. დედაჩემი ოპერის თეატრის კონცერტმაისტერი იყო, მამა კი კონტრაბასისტად მუშაობდა. ამიტომ იქ რეპეტიციაზე ან სპექტაკლზე ყოფნა ხშირად გვიწევდა. მას შემდეგ ოპერას დიდი ადგილი უკავია ჩემ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ყველა მუსიკოსია, მუსიკის კულტურა უფრო ბებიამ დაამკვიდრა. ის კლასიკური მუსიკის, მხატვრობის, თეატრის, საერთოდ, ხელოვნების დიდი მოყვარული იყო. რუსული ენის ფილოლოგი გახლდათ და უნივერსიტეტში ასწავლიდა.

– ევროპული განათლების მიღების სურვილიც მისი გავლენა ხომ არ იყო?

— დიახ, ბებიას ძალიან უნდოდა, რომ ევროპაში წავსულიყავი და იქ მესწავლა. სამწუხაროდ, ჩემ წარმატებებს ვერ მოესწრო. ის იყო გენიალური ადამიანი — უზომოდ კულტურული, მოსიყვარულე და ჭკვიანი. ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ ბებია მუზეუმებში ვერ წავიყვანე, რათა მსოფლიო შედევრები საკუთარი თვალით ენახა. მე კი ხშირად დავდივარ და ვცდილობ, ნამდვილ ხელოვნებას ჩავწვდე, ის ალბათ დღეს ჩემით იამაყებდა…

© Courtesy by Keti Tigashviliქეთი ტიღაშვილი
ქეთი ტიღაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი ტიღაშვილი

– ჩვენ ქვეყანაში, სადაც თითქმის ყველა გოგო ბავშვობაში ფორტეპიანოზე მიჰყავთ, თქვენ ჰობოიზე რატომ მიგიყვანეს?

— იცით, თავიდან მეც ფორტეპიანოზე ვუკრავდი, მაშინ ათწლედში ვსწავლობდი, მაგრამ ვერ ვიტანდი ფორტეპიანოს და, მახსოვს, სულ ძალით მამეცადინებდნენ. 11 წლის ასაკში მე და დედაჩემი საცხოვრებლად თურქეთში გადავედით. დედა მერსინის ოპერისა და თეატრის კონცერტმაისტერია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კონსერვატორიაში არ ჰყავდათ ფორტეპიანოს კარგი მასწავლებელი, მე გამოვიყენე ეს მომენტი და ვთქვი, ფორტეპიანოზე აღარ დავუკრავ–მეთქი. ყოველთვის ჩელოზე მინდოდა დაკვრა, მაგრამ დედაჩემს არ სურდა, რომ ოჯახში ვინმეს სიმებიან საკრავზე დაეკრა, ამიტომ მითხრა — მოდი, რომელიმე ჩასაბერი ინსტრუმენტი აირჩიეო და მეც ავირჩიე…

– თქვენი მუსიკალური გემოვნების განვითარება შემდგომში ვისი დამსახურებაა?

— მახსოვს, ერთ კონცერტზე ჩემი პირველი მასწავლებლის, პროფესორ დავით ჭუმბურიძის შესრულება მოვისმინე და ძალიან მომეწონა. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან კარგი მუსიკოსია და მისი მადლობელი ვარ. ასევე ჩემი კამერული მუსიკის მასწავლებლის გია ქსოვრელის დიდი მადლობელიც ვარ. ამ ორმა ადამიანმა ჩამომიყალიბა მუსიკალური გემოვნება, გამიღრმავეს განათლება, პროფესიული ხედვები და დამანახეს, რომ მუსიკასთან ერთად ცხოვრებას უფრო ბევრი და ლამაზი ფერი აქვს.

© Courtesy by Keti Tigashviliქეთი ტიღაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი
ქეთი ტიღაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი - Sputnik საქართველო
ქეთი ტიღაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი

– ამბობენ, რომ შრომისმოყვარე ხართ, ახლა პარიზში ცხოვრობთ, როგორ ფიქრობთ, გაგიმართლათ ცხოვრებაში?

— დიახ, ამჟამად ერთი წლით პარიზში ერასმუსის პროგრამით ვარ ჩამოსული უნიკალურ მუსიკოსთან, პროფესორ ოლივიე დუაზთან. მიუნხენში უკვე ხუთი წელია უდიდეს მუსიკოსთან, პროფესორ ფრანსუა ლელუსთან ვსწავლობ. დიახ, ცხოვრებაში ალბათ ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ დიდ მუსიკოსებთან მუშაობის საშუალება მომეცა. ბავშვობაში რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთი შანსი მომეცემოდა!.. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი და ზურაბ გვანცელაძეებს, რომლებიც არასდროს იზარებენ ჩემ დახმარებას და პროფესიულ და მეგობრულ რჩევებს არ მაკლებენ… გიორგი მიუნხენის ოპერის პირველი ჰობოია, არაჩვეულებრივი ადამიანი და მუსიკოსი. ამაყი ვარ, რომ ქართველები ევროპულ ქვეყნებში შრომისმოყვარეობითა და უმაღლესი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

© Courtesy by Keti Tigashviliქეთი ტიღაშვილი
ქეთი ტიღაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი ტიღაშვილი

– სხვადასხვა მნიშვნელოვანი კონკურსების გამარჯვებული ხართ. ეს გამარჯვება თქვენი პროფესიონალიზმის ასამაღლებლად გჭირდებოდათ თუ უფრო მეტი თავდაჯერებისთვის?

— ბევრი კონკურსის გამარჯვებული არ ვარ, მაგრამ ბევრ დიდ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. საქართველოს ეროვნულ კონკურსში მეორე ადგილი ავიღე. ბევრი ახალგაზრდული ორკესტრის კონკურსის გამარჯვებული ვარ. თავდაჯერებულობისთვის არც ერთ კონკურსზე არ დამიკრავს. მიყვარს მეცადინეობის პროცესი, როცა პროგრესს ვხედავ. მუსიკოსები ძალიან ბევრ დროს ატარებენ ერთ ოთახში საკუთარ თავთან და ინსტრუმენტთან. ძალიან რთულია, რომ  ყოველთვის მოტივირებული იყო. ჩემი აზრით, კონკურსები იმისთვისაა, რომ შენი თავი გამოსცადო, შეეჭიდო ისეთ სირთულეებს, რომლებიც შეიძლება იმ მომენტში საერთოდ არ გჭირდება, მაგრამ კონკურსის მერე ყოველთვის გამარჯვებული რჩები, იმიტომ რომ საკუთარ თავზე და საკუთარ სიზარმაცეზე იმარჯვებ.

– ქეთი, რომელ ორკესტრში იყავით და სად უფრო უკეთ გრძნობდით თავს?

— პირველად ორკესტრში თურქეთში დავუკარი, ახალგაზრდული ორკესტრის პროექტში. 16 წლის ასაკში საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში დავიწყე მუშაობა. ოთხი წელი ვიმუშავე პირველი ჰობოის პოზიციაზე. ევროპაში ბევრ ორკესტრში ვუკრავ, იმიტომ რომ ეს ჩემი შემოსავალია. ორკესტრებიდან L`orchestra Philharmonique de Radio France-ის ჩათვლით ყველანაირ ორკესტრში ვუკრავ. ხშირად ინგოლშტადტის ქართულ კამერულ ორკესტრთან ერთად გამოვდივარ. ყველა ორკესტრს თავისი ხიბლი აქვს და ყველგან რაღაცას სწავლობ.

© Courtesy by Keti Tigashviliქეთი ტიღაშვილი
ქეთი ტიღაშვილი - Sputnik საქართველო
ქეთი ტიღაშვილი

– მშობლიურის გარდა ხუთი ენა იცით – რუსული, ინგლისური, გერმანული, თურქული და ასევე ლათინურიც, ამ უკანასკნელით რატომ დაინტერესდით?

— ენები, მგონი, ჩემი ჰობია, ადვილად ვსწავლობ და მიყვარს კომუნიკაცია. ლათინური ენა მიუნხენის უმაღლეს სასწავლებელში ასარჩევ ლექციებში შედიოდა. ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ მთელი ფუძე ბევრი ევროპულ ენისთვის ლათინურიდან მოდის. ახლა ვსწავლობ ფრანგულს და ვხვდები, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე, მანამდე რომ ლათინური ენა გავიარე.

– ყველა ამ გამარჯვებისა და წარმატების მიღმა რა არის თქვენთვის მთავარი, როგორია მუსიკის მიღმა არსებული სამყარო, სადაც თავს ასევე კარგად გრძნობთ?

— პროფესიისთვის – შრომა, ფიქრი, გამართლება და სწორ მომენტში სწორ ადგილზე ყოფნაა საჭირო, ასევე ადამიანობა და პოზიტიური მიდგომა. ცხოვრებისთვის კი, ალბათ, სიყვარული, ოჯახი, ადამიანობა, მეგობრობა და საინტერესო თავგადასავლები. მიყვარს ხატვა, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ვხატავ. ძალიან მიყვარს კითხვა და წერა, მუზეუმებში სიარული, ახალი ქვეყნების და კულტურების შესწავლა, სპორტი, კერძების კეთება, კარგი ღვინის დაგემოვნება და მეგობრებთან ერთად ყოფნა. კიდევ ცეკვა და პროექტების ორგანიზება მიყვარს… იმდენი ამბავი გადამხდა თავს, რომ ალბათ მათგან ერთს ვერ გამოვირჩევ. ჩამოთვლა რომ დავიწყო, სამი დღე მომიწევს წერა. ხშირად ქართული ნახევრადტკბილი ღვინო მენატრება, მეგობრები და ოჯახის წევრები. კიდევ თბილისი მენატრება და ქართული სამზარეულო… რადგან ამ საუკუნეში უკვე ყველაფრის ყიდვა შეიძლება დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, ამიტომ ქართულ კერძებსაც მივირთმევ როცა მინდა და ქართულ ღვინოსაც ვპოულობ, როცა ძალიან მომინდება.

© Courtesy by Keti Tigashviliქეთი ტიღაშვილი კონცერტზე
ქეთი ტიღაშვილი კონცერტზე - Sputnik საქართველო
ქეთი ტიღაშვილი კონცერტზე

– გაქვთ პრინციპი, რომელსაც არასოდეს უღალატებთ?

— საერთოდ, პრინციპები დიდად არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. ამიტომ ჩემი პრინციპებიც იცვლება ხოლმე. თუმცა ერთს, ალბათ, მაინც ვიტყოდი, რომ პრინციპულად ვცდილობ კარგი მეგობარი, კარგი შვილი, და, დეიდა და მუსიკოსი ვიყო…

ყველა ახალი ამბავი
0