12 წლის აუტისტი მხატვარი და მისი საოცარი ნამუშევრები

გამოწერა
გიგი აუტისტური სპექტრის მქონე 12 წლის ნიჭიერი მოზარდია. ხატვა ოთხი წლის ასაკში დაიწყო.

სამხატვრო ხელოვნების გარდა იგი კარგად ფლობს ძერწვის ტექნიკას, ქაღალდის ხელოვნებას და საკმაოდ რთული ტექნიკით საინტერესო ნამუშევრებს ქმნის. გიგის შემოქმედების შესახებ მისი დედა, ნათია სახოკია გვესაუბრა.

© Photo: Courtesy of Natia Sakhokiaგიგი სიჭინავა და ნათია სახოკია
გიგი სიჭინავა და ნათია სახოკია - Sputnik საქართველო
გიგი სიჭინავა და ნათია სახოკია

- როგორ და რატომ გაგიჩნდათ იდეა გიგისთვის სახელოსნო გაგეხსნათ?

— გიგის სწრაფმა განვითარებამ და მისმა შრომისმოყვარეობამ გაგვიჩინა იდეა და სურვილი, რომ მას ჰქონოდა საკუთარი სივრცე. ჩვენც მაქსიმალურად ვეცადეთ სახელოსნოში სასიამოვნო და კომფორტული გარემო შეგვექმნა მისთვის.

© Photo: Courtesy of Natia Sakhokiaგიგი სიჭინავა
გიგი სიჭინავა - Sputnik საქართველო
გიგი სიჭინავა

- როგორ მოაწყეთ სახელოსნო და ვინ გეხმარებოდათ ამ პროცესში?

— სასიამოვნო და მშვიდი გარემო იგრძნობა. სახელოსნო ნათელი ფერებში გადავწყვიტეთ. ყველაფერი საკუთარი სახსრებით და ოჯახის წევრების მხარდაჭერით მოვაწყეთ. ყველანი აქტიურად ვიყავით ჩართულები და რამდენიმე თვე ეტაპობრივად ვაკეთებდით.

© Photo: Courtesy of Natia Sakhokiaგიგი სიჭინავას ნამუშევრები
გიგი სიჭინავას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გიგი სიჭინავას ნამუშევრები

- ვინ გყავდათ მოწვეული, როგორ წარიმართა პრეზენტაცია?

— სახელოსნო სულ რამდენიმე დღის წინ საზეიმო ვითარებაში გავხსენით. სტუმრებს შორის იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, აუტიზმის ცენტრის წარმომადგენლები, სტუმრები გვყავდა სოციალური სამსახურიდან, ასევე გიგის პედაგოგები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, სამხატვრო გალერეების ხელმძღვანელი და ა.შ. გიგის ძალიან მოსწონდა და გახარებული იყო, რომ მისი სახელოსნოს სანახავად ძალიან ბევრი სტუმარი მოვიდა. ყველას ეპატიჟებოდა და ყველასთან ფოტოებს იღებდა.

- თვითონ რამდენად იყო ჩართული სამზადისში?

— როგორც კი გაიგო, რომ სახელოსნოს გახსნას ვაპირებდით თავიდანვე ჩაერთო პროცესში. თავად შეარჩია, თუ რა ფერი იქნებოდა კედელი, ჭერი, თაროები და ა.შ.  როცა უკვე დასასრულისკენ ვიყავით, თვითონ ალაგებდა ნახატებს, არჩევდა ადგილებს, სად რომელი ნახატი დაგვეკიდა.

- გიგის შესახებ მოგვიყევით, როდის დაიწყო ხატვა?

— სულ მალე, პირველ ნოემბერს, 13 წლის გახდება. ინტერესთა სფერო საკმაოდ ფართო და საინტერესო აქვს. სულ მეუბნება, რომ უნდა მოგზაურობა როგორც საქართველოში, ისე სხვადასხვა ქვეყნებში. იმახსოვრებს ერთხელ დანახულ ქალაქებს, თუ სოფლებს. ერთხელ ზუგდიდიდან თბილისში მივემგზავრებოდით და გზაზე ვხედავდი, რომ რაღაცას იწერდა. როცა დავინტერესდი ვნახე, რომ გზად რაც კი წარწერები ნახა ყველა მოუნიშნავს და მერე ზეპირად გვითხრა. მსგავს რაღაცეებს ხშირად ვამჩნევ. ხატვა ადრეული ასაკიდან, დაახლოებით 4-5 წლიდან დაიწყო. ტილოზე პირველი ნამუშევარი შვიდი წლის ასაკში შექმნა.

© Photo: Courtesy of Natia Sakhokiaგიგი სიჭინავა და ნათია სახოკია
გიგი სიჭინავა და ნათია სახოკია - Sputnik საქართველო
გიგი სიჭინავა და ნათია სახოკია

- ყველაფერს დამოუკიდებლად ართმევს თავს, თუ ეხმარება ვინმე?

— თითქმის დამოუკიდებელია. მისი ფერწერის მასწავლებელი ამბობს, რომ მას მხოლოდ მცირედ მითითებებს აძლევს.

- მხოლოდ ხატავს თუ სხვა საქმიანობითაც არის გატაცებული?

— ხატვის გარდა გიგი ძერწავს და აკეთებს აპლიკაციებს, ქაღალდის მანქანებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ნამდვილს. თითოეული მათგანი დეტალებშია ნამუშევარი. ეს დეტალები ტექნიკურად ძალიან რთულად შესასრულებელია, შრომატევადი პროცესია და ზოგიერთს რამდენიმე დღესაც კი ანდომებს. გიგი დიდ ნებისყოფას იჩენს თავის საყვარელ საქმიანობაში, რამაც ის რეალურ შედეგამდე მიიყვანა. ასევე გატაცებულია მსოფლიო დროშებით, უმრავლესობას სცნობს კიდეც და ხატავს, თამაშობს ძალიან რთულ კომპიუტერულ თამაშებს.

© Photo: Courtesy of Natia Sakhokiaგიგი სიჭინავას ნამუშევრები
გიგი სიჭინავას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გიგი სიჭინავას ნამუშევრები

- გიგის აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა. როდის შეიტყვეთ ამის შესახებ, როგორ შენიშნეთ და რა ზომებს მიმართეთ პირველ ეტაპზე?

— დიახ, გიგის აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა, რომელიც ოთხი წლის ასაკში დაუდგინდა. მეტყველების დაგვიანების ფონზე ეჭვი გაგვიჩნდა, რომ გარკვეულ პრობლემასთან გვქონდა საქმე. ქონდა არაადეკვატური ქცევები, ოყო ჰიპერაქტიული, სახელზე არ რეაგირებდა. ამიტომ წავიყვანეთ ნეიროფსიქოლოგთან, თამარ გაგოშიძესთან და მან დაუსვა დიაგნოზი. ეს ჩვენთვის მოულოდნელი და ძალიან რთული იყო. არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე. დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება, რაშიც ყველა ოჯახის წევრი ჩაერთო. მივყევით რეკომენდაციებს, პროფესიონალების რჩევებს და ნელ ნელა გაუმჯობესებაც შეიმჩნეოდა.

© Photo: Courtesy of Natia Sakhokiaგიგი სიჭინავას ნამუშევრები
გიგი სიჭინავას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გიგი სიჭინავას ნამუშევრები

- დღეს რა აქტივობებში, პროგრამებში ხართ ჩართული?

— გიგი სწავლობს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მე-7 კლასში. ის ჩართულია სკოლის ღონისძიებებში. ჰყავს სპეციალიზირებული მასწავლებელი. დადის აუტიზმის ცენტრში ასოციაცია „გზამკვლევში“, სადაც ღებულობს ABA თერაპიას. ქალაქის ღონისძიებებშიც ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა. მსგავსმა ჩართულობებმა და აქტივობებმა მასზე დადებითად იმოქმედა და უფრო სოციალური, აქტიური გახადა.

- დღესდღეობით როგორია საზოგადოებაში ცნობადობა აუტისტური სპექტრის შესახებ?

— ამ მხრივ საზოგადოებაში არ არის საკმარისი ცნობადობა. აქ უფრო ნაკლებად იგრძნობა ეს, რადგან ზუგდიდი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს იცნობს. ვფიქრობ სხვა დიდ ქალაქებში უფრო უჭირთ მშობლებს ამ კუთხით და გრძნობენ არასათანადო დამოკიდებულებას ხალხის მხრიდან.

© Photo: Courtesy of Natia Sakhokiaგიგი სიჭინავა
გიგი სიჭინავა - Sputnik საქართველო
გიგი სიჭინავა

- თქვენი გადმოსახედიდან რას ურჩევდით მშობლებს, რომებიც საკუთარ შვილებთან ერთად ეხლა გადიან იმ რთულ ეტაპს, რაც თქვენ და გიგიმ უკვე გაიარეთ?

— უკვე რვა წელია რაც ამ მდგომარეობას ვებრძვით. გირჩევთ დედებო, რომ ამ რთულ სიტუაციაში ფარხმალი არ დაყაროთ. თქვენ თუ არა სხვა ვინ დაუდგება გვერდით თქვენს შვილებს? იმდენს ვერავინ გაუკეთებს თქვენს შვილს, რასაც თქვენ. ეს უნდა გავითავისოთ და მხოლოდ სერვისების იმედად ნუ დავრჩებით. ყოველი დღე და წუთი მნიშვნელოვანია და ძვირფასი თქვენი შვილის განვითარებისთვის, მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ამ დროს აუცილებელია ოჯახის წევრების ჩართვაც. თუ ყველა ერთად დადგებით შედეგიც უფრო ადრე მოვა და მეტად შესამჩნევი იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0