ხელნაკეთი ქართული ექსკლუზიური მანქანები და მისი თვითნასწავლი „შემოქმედი“

© FB / Gurami Sudadzeგურამ სუდაძე და მის მიერ აწყობილი "ახალციხელი"
გურამ სუდაძე და მის მიერ აწყობილი ახალციხელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურამ სუდაძე ახალციხეში ცხოვრობს. 80-იან წლებში მანქანების აწყობით დაინტერესდა და პირველად ზაპროჟეცის აგრეგატებზე ორ ადგილიანი ბაგი ააწყო. ამის შემდეგ იყო დიდი პაუზა...

15 წლის წინ კვლავ სცადა ახალგაზრდობის გატაცება რეალობად ექცია. დღეს სამი მანქანა აქვს აწყობილი. ორი უკვე დაარეგისტრირა. მანქანებს სხვადასხვა ავტომობილების ნაწილების დახმარებით აწყობს, გარსი კი საკუთარი ხელით აქვს ჩამოსხმული და „გამოძერწილი“. ბატონი გურამი განსხვავებული სახის დიზაინის მქონე მანქანებს ქმნის. მას 1000-ევრომდე დაუჯდა იმ მოდელის აწყობა, რომლის ანალოგიც კანადაში 30 ათასი დოლარი ჯდება.

© FB / Gurami Sudadzeავტომობილი "ჯეირანი"
ავტომობილი ჯეირანი - Sputnik საქართველო
ავტომობილი "ჯეირანი"

— სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, მექანიზაციის სპეციალობით. ამ ეტაპზე ოჯახური ბიზნესით ვარ დაკავებული. მანქანების აწყობა დიდი ხნის წინ, 20 წლის ასაკში დავიწყე. ჩემს უბანში იყვნენ უფროსი თაობის ადამიანები, რომლებიც ტექნიკით იყვნენ დაკავებული, აწყობდნენ სხვადასხვაგვარ ტექნიკას და აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესებაც. მაშინ ინტერნეტი არ იყო და უმეტეს დროს ქუჩაში ვატარებდი. ხშირად ვაკვირდებოდი მათ, ვესაუბრებოდი და მათგან ვსწავლობდი ძალიან ბევრ რამეს.

- პირველად რა მოდელის მანქანა ააწყვეთ?

— პირველად დაახლოებით  1985-90 წლებში  ავაწყვე ზაპროჟეცის აგრეგატებზე ორ ადგილიანი ბაგი. 90-იან წლებში, არეულობის და სიბნელის პერიოდში მქონდა პაუზა. ვეღარ ვახერხებდი მუშაობას ამ კუთხით. დაახლოებით 15 წლის წინ გამიჩნდა თავისუფალი დრო, ფინანსები. გადავწყვიტე ჩემი ჰობი კვლავ გამეხსენებინა და ახალგაზრდობის ოცნება ამეხდინა.

- რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მანქანის აწყობა?

— ჩემთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს მანქანის აწყობა, პირიქით ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია.

© FB / Gurami Sudadzeგურამ სუდაძე რბოლაზე საკუთარი ხელით აწყობილი ტრიციკლით
გურამ სუდაძე რბოლაზე საკუთარი ხელით აწყობილი ტრიციკლით - Sputnik საქართველო
გურამ სუდაძე რბოლაზე საკუთარი ხელით აწყობილი ტრიციკლით

- დღემდე რამდენი მანქანა გაქვთ აწყობილი?

— დღეს უკვე სამი მანქანა მყავს აწყობილი, წიქარა, ჯეირანი და ახალციხელი. სამივე მუშა მდგომარეობაშია. აქედან ორი არის დარეგისტრირებული და ერთი ჯერ კიდევ დაუსრულებელია.

- საქართველოში თქვენს გარდა აქვს კიდევ ვინმეს დარეგისტრირებული თვითნაკეთი მანქანა?

— ამ საკითხით მეც დავინტერესდი და ვიკითხე. მითხრეს, რომ ასეთი ორი მანქანაა და ორივე ჩემია.

- საქართველოში თუ ტარდება გამოფენები, სადაც საშულება გექნებათ თქვენი აწყობილი მანქანები წარადგინოთ?

— სამწუხაროდ მსგავსი გამოფენები ჩვენს ქვეყანაში არ ტარდება.

- ახალგაზრდები რამდენად არიან დაინტერესებული ამ საქმიანობით?

— არც ისე ცოტა ახალგაზრდაა დაინტერესებული ამ საქმიანობით. მეკითხებიან რჩევებს, ვუზიარებ გამოცდილებას. ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო მათ. ძალიან სასიხარულოა, თუ  ახალგაზრდები აქტიურად იქნებიან ჩართული ამ საქმიანობაში.

- თქვენს მიერ აწყობილი ბოლო მანქანა რა მოდელია?

— ეხლა ავაწყვე რეტროს სტილის მანქანა. არის 30-იანი წლების ფორდის მსგავსი ფორდ კუპე. ჩემი ცოტა გათანამედროვებული და გასპორტულებულია. ბე-ემ-ვეს ძრავით 140 ცხენის ძალას ავითარებს. 1933 წლის ფორდ კუპეს რეპლიკას მოსკვიჩის რადიატორი, ჟიგულის ავზი და ტრაქტორის ფარები აქვს. ამ მანქანას „ახალციხელი“ დავარქვი.

© FB / Gurami Sudadzeავტომობილი "ახალციხელი"
ავტომობილი ახალციხელი - Sputnik საქართველო
ავტომობილი "ახალციხელი"

- ნაწილები რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში?

— ნაწილების პრობლემა არ არის. ძირითადად მეორადი ნაწილებით ვსარგებლობ. ახალი ნაწილებიც  ხელმისაწვდომია. შეგიძლია ნებისმიერ დროს გამოიწერო ამერიკიდან, ან ამაზონის საშუალებით, ისე რომ არანაირი პრობლემა არ არის.

- ერთი მანქანის აწყობას რა დროს ანდომებთ?

— მანქანის აწყობას დაახლოებით 4-5 წელს ვანდომებ.

- აწყობის პროცესში გეხმარებათ ვინმე?

— არა, ყველაფერს დამოუკიდებლად ვართმევ თავს და მარტო ვაწყობ.

© FB / Gurami Sudadzeავტომობილი "ჯეირანი"
ავტომობილი ჯეირანი - Sputnik საქართველო
ავტომობილი "ჯეირანი"

- ახალციხეში ალბათ ყველა ცნობს თქვენს მანქანებს…

— კი, რა თქმა უნდა. უკვე რამდენი წელია იციან ჩემს შესახებ. მოსწონთ ჩემი საქმიანობა და მათი შეფასებები ჩემთვის დიდი სტიმულია. სიამაყის შეგრძნება მეუფლება, როცა ვხედავ ყველა პოზიტიურადაა განწყობილი ჩემი და ჩემი მანქანების მიმართ. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა გამომეკიდა საპატრულო ეკიპაჟი და რომ გავაჩერე მანქანა ვუთხარი, ეტყობა, აქაურები არ ხართ-მეთქი. როგორ მიხვდიო?— მკითხეს. ავუხსენი, რომ  ახალციხელი კაცი ამ მანქანას არ გამოეკიდებოდა-თქო. გაიღიმეს და გამომიშვეს.

- სხვა ადამიანს ანდობთ სამართავად თქვენს მანქანას?

— არა, ძალიან ვერიდები სხვისთვის თხოვებას. ყოველთვის ვპოულობ მიზეზს, რომ უარი ვუთხრა და თან არ ვაწყენინო.

- როგორ ფიქრობთ, რომ შემოგთავაზონ გაყიდვა სოლიდურ თანხად, შეელევით ამ მანქანებს?

— ღმერთმა არ გამიჭირვოს ისე, რომ გასაყიდი გამიხდეს. არანაირი სურვილი არ მაქვს გავყიდო. მათ ვერასოდეს შეველევი.

- ოჯახისთვის გყავთ სხვა მარკის მანქანა, თუ თქვენი აწყობილი მანქანებით სარგებლობთ?

— მე მყავს ყოველდღიური მანქანა მერსედესის ფირმის. ჩემი აწყობილი მანქანები განკუთვნილია იმისთვის, რომ კვირაში ერთხელ, ან ორჯერ სადმე გაისეირნო, წახვიდე რამდენიმე დღით ბათუმში, ან სხვა კურორტზე.

© FB / Gurami Sudadzeავტომობილი "ახალციხელი"
ავტომობილი ახალციხელი - Sputnik საქართველო
ავტომობილი "ახალციხელი"

- სამომავლოდ რა მოდელის გაკეთებას გეგმავთ?

— სამომავლოდ არაფერის გაკეთებას არ ვგეგმავ, რადგან ჯერ ეს ბოლო მოდელი დასრულებული არ მაქვს. დაახლოებით ორი წლის საქმე კიდევ მაქვს და  მერე ვნახოთ.

ყველა ახალი ამბავი
0