ქეთი მექერიშვილი: არ ვიცი მინამ ამირჩია მე, თუ მე მინა

© FB / Qeti Mekerishviliქეთი მექერიშვილი
ქეთი მექერიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დროს მინის ნამუშევრები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „Sputnik - საქართველო“ ქეთი მექერიშვილს გაგაცნობთ, რომელიც წლებია მინისგან საოცარ ნამუშევრებს ქმნის.

- ქეთი, საქართველოში რამდენად პოპულარულია მინა?

— საქართველოში, მსოფლიოს  სხვა განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, მინა ნაკლებად პოპულარულია.  არადა, მინა 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი და მოდური მასალაა თანამედროვე არქიტექტურაში, ინტერიერ-ექსტერიერში, ლანდშაფტის დიზაინსა და ა.შ. რა თქმა უნდა, იგი საქართველოშიც იკიდებს ფეხს, მაგრამ ძალიან ფრთხილად.

- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც მინა?

— ასე მგონია, რომ ადამიანის ცხოვრებაში  მოვლენები ხშირად თავისდაუნებურად ვითარდება  და საჭირო დროს  საჭირო ადგილას ხვდები. ბავშვობაში ყველას გვაქვს გატაცებები, აკვიატებები, კითხვები, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ეტაპობრივად ვცემთ პასუხს. მე დღეს ვფიქრობ, რომ მინა ყოველთვის არსებობდა ჩემში. არ ვიცი მინამ ამირჩია მე, თუ მე მინა, მაგრამ ეს ერთადერთი მასალაა, რომლის საშუალებითაც შემიძლია  ჩემი სათქმელი ვთქვა… მინას  ხომ ამოუწურავი პოტენციალი აქვს.

© Courtecy by Kate Mekerishviliქეთი მექერიშვილის ნამუშევარი
ქეთი მექერიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთი მექერიშვილის ნამუშევარი

- რთული არ არის მასზე მუშაობა? 

— ვერ ვიტყვი, რომ მინაზე მუშაობა მარტივია, თუმცა, პროცესი საკმაოდ  საინტერესოა. ზოგადად, მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც მარტივად ცხოვრება შეუძლიათ. და ეს ერთგვარად ჩემი ყოველდღიური ცხოვრების წესი და სწორედ ჩემი პროფესიის დამსახურებაა.

- ქეთი საკუთრი სახელოსნო გაქვს?

— კი, მეოთხე წელია, რაც სახელოსნო მაქვს და ეს ძალიან მაბედნიერებს.

- მუშაობის პროცესზე  მოგვიყევი…

— მინა მყარი მასალაა და მიმართულება, რომელზეც მე ვმუშაობ, წარმოადგენს მყარი გამჭვირვალე მინისა და მინის სხვადასხვა ნაირსახეობების გადამუშავებას, ფორმირებას, ფერადი მინის წარმოებას და როგორც მინიმალისტური, ისე მხატვრული მინის დამუშავებას. მინა, ძირითადად, რამდენიმე ეტაპად ხელით მუშავდება. იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მაღალი ხარისხის მინის მასალების გამოყენებას. 

© Courtecy by Kate Mekerishviliქეთი მექერიშვილის ნამუშევარი
ქეთი მექერიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთი მექერიშვილის ნამუშევარი

- პირველი ნამუშევარი  და პირველი ემოცია, როდესაც მინით რაღაც შექმენი?..

— სწავლის პერიოდში როცა ნამუშევრებს ვაკეთებდი, ალბათ, ემოციაც მქონდა, თუმცა, ყველაზე მძაფრი ემოციის განცდა საქართველოს არ უკავშირდება — როდესაც პირველად შევეხე მასალებს, რომელიც მანამდე თვალით არ მქონდა ნანახი და ვერც წარმომედგინა რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. გამოვიყენე ათობით  სხვადასხვა მინის ფერი, რომელიც საკმაოდ დიდ მინაზე განვათავსე და შემდეგ გამოვწვი სპეციალურ მინის ღუმელში, რომელსაც ჩემდა გასაკვირად მისთვის განკუთვნილი სპეციალური წვის რეჟიმი სჭირდებოდა. მეორე დღეს როდესაც ღუმელს თავი ავხადე, მივხვდი, რომ მიუხედავად ჩემი ხუთწლიანი სწავლისა, არაფერი ვიცოდი ფერადი და მხატვრული მინის დამუშავების შესახებ. ეს იყო პირველი ემოცია, როდესაც „მინით რაღაც შევქმენი“.

- შენს მიერ დამზადებულ ნამუშევრებზე რას გვეტყვი? 

— საქართველოში როცა დავიწყე მუშაობა,  მივხვდი, რომ პირველ რიგში აუცილებელი იყო საზოგადოებას გაეგო ქართული, მხატვრული და მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული მინის შესახებ.  არჩევანის წინაშე დავდექი — ან სხვადასხვა გალერეაში გამოფენები უნდა მომეწყო (სადაც აპლოდისმენტებს საზოგადოების ერთი და იგივე  ნაწილი გიკრავს), ან უნდა მომეფიქრებინა ისეთი რამ, რითაც რიგითი მოქალაქეები ქართული მინის შესახებ ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ. მეუღლესთან ერთად გავხსენი გალერეის მსგავსი მაღაზია, სადაც ფუნქციონალური და დეკორატიული მინის ნაკეთობებია გამოფენილი, რომლის უმეტესი ნაწილი ქართული მოტივებით არის გაჯერებული, რაც კიდევ უფრო მეტად  უსვამს ხაზს, რომ ეს ქართული მინაა.

© Courtecy by Kate Mekerishviliქეთი მექერიშვილის ნამუშევარი
ქეთი მექერიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთი მექერიშვილის ნამუშევარი

- შეკვეთებს იღებ?

— რა თქმა უნდა,  ინდივიდუალურ შეკვეთებზეც ვმუშაობ.

- ქეთი გამოფენებში რამდენად ხშირად მონაწილეობ?

— საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილ გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას, ჩემი ნამუშევრები ასევე გამაქვს უცხოეთშიც. საერთოდ, ჩემი ნამუშევრების უმეტესი ნაწილი, საზღვარგარეთ იდებს ბინას.

© Courtecy by Kate Mekerishviliქეთი მექერიშვილის ნამუშევარი
ქეთი მექერიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ქეთი მექერიშვილის ნამუშევარი

- ქართულ ბაზარზე მინა ფეხს ახლა იკიდებს, როგორ ფიქრობ, მინას საქართველოში აქვს მომავალი?

— ალბათ, ამ ეტაპზე, ჩვენი კომპანია ერთადერთია, რომელიც საქართველოში ამ მიმართულების დამკვიდრებას ცდილობს. გამოგიტყდებით, რომ ეს არ არის მარტივი. მთავარია მოთმინება და ბევრი მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მინა ქართულ ბაზარზე აუცილებლად დაიმკვიდრებს თავს.  ასე ფიქრის საფუძველს ის პროექტები მაძლევს, რომლებსაც კერძო დამკვეთებისთვის ვამზადებთ — კერძო დამკვეთი მეტ თავისუფლებას აძლევენ ფანტაზიას, თითოეული მათგანი განსაკუთრებული გემოვნების ადამიანია… საქართველოში, როგორც წესი, ბევრი რამ მეზობლად ნანახის პრინციპით კეთდება,  რაც საბოლოო ჯამში განვითარების საშუალებას არ იძლევა. მინას კი მეტი თავისუფლება სჭირდება.  სწორედ ეს პროექტებიც მიძლევს იმედს, რომ მინას ნამდვილად აქვს მომავალი საქართველოში.

© FB / Qeti Mekerishviliმინისგან დამზადებული ფორტეპიანო
მინისგან დამზადებული ფორტეპიანო - Sputnik საქართველო
მინისგან დამზადებული ფორტეპიანო

- ქეთი შენ ევროპაშიც მუშაობდი, რით განსხვავდება უცხოელი მომხმარებელი ქართველი მომხმარებლისგან?

— ევროპელი მომხმარებელი ქართველი მომხმარებლისაგან იმით განსხვავდება, რომ მათ აქვთ უფრო მეტი საშუალება სხვადასხვა მიმართულების  ხელოვანების ნამუშევრების შეძენით გაინებივრონ თავი. ქართველებს უფრო დახვეწილი გემოვნება აქვთ, თუმცა ყოფითი პრობლემები ბევრად მასშტაბურია. ევროპელი, როდესაც ნივთი მოეწონება, ბევრს არ ფიქრობს და სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებას. 

- შენი სამომავლო გეგმები როგორია?

— სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვგეგმავ ახალი მინის ტექნოლოგიების  შესწავლასა და დანერგვას. ამ მხრივ ამერიკასა და ევროპაში უამრავი მიმართულება არსებობს, საქართველო კი საკმაოდ არის ჩამორჩენილი. გარდა ამისა,  ვმუშაობ გამოფენაზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მინაში გაცოცხლებული ქართული კინო.

 

ნინი რაზმაძე

ყველა ახალი ამბავი
0