სკოლის მერხზე შემდგარი მოსწავლის „ო სოლე მიო“, ანუ ანდრია გველესიანის “პერსონა-X“

© FB / Andria Gvelesianiანდრია გველესიანი
ანდრია გველესიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანდრია გველესიანი - მსახიობი, მუსიკოსი და მომღერალი. გაიზარდა ხელოვანთა ოჯახში. ანდრიას მამა ცნობილი მომღერალი დავით გველესიანია, დედა კი პოპულარული მეცო-სოპრანო თეა დემურიშვილი. ამიტომ არავის გაკვირებია, რომ ბავშვობიდან ამღერდა. სკოლის შემდეგ არჩევანი თეატრზე შეაჩერა და დღეს ახმეტელის თეატრში მუშაობს

თეატრის გარდა მღერის და საკუთარ ლექსებზე სიმღერებს ქმნის. პოპულარობა სხვადასხვა სატელევიზიო სივრცეში მის გამოჩენასაც მოჰყვა. წარმატებით მონაწილეობდა პროექტებში „ჯეოსტარი“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „X ფაქტორი“, „სლავიანსკი ბაზარი“ და სხვ. მას ცნობილ თუ უცნობ სცენურ და სცენის მიღმა ცხოვრებაზე სასაუბროდ რეპეტიციის შემდეგ დავუკავშირდით.

© FB / Andria Gvelesianiანდრია გველესიანი
ანდრია გველესიანი - Sputnik საქართველო
ანდრია გველესიანი

– ანდრია, თქვენი ამბავი ის შემთხვევაა, როდესაც ოჯახური ტრადიცია შვილებს, რომ იტყვიან, „სხვა არჩევანს არ უტოვებს“…

— მართალია, გენეტიკა თავის როლს ასრულებს, მაგრამ ცხოვრებაში ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მაქვს მიღებული. ჩემი მშობლების მხრიდან არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ პროფესიის არჩევის დროს რაიმე მითითება მოეცათ. ჩვენ ქვეყანაში ხელოვნება ჯერჯერობით პრიორიტეტი არ არის, ასე რომ, თუ ჩემი შვილი რაიმე განსაკუთრებულ სურვილს არ გამოთქვამს, პირადად მე ამ გზას არ ვურჩევ. საერთოდ, პირველ რიგში მსახიობი ვარ და არა მომღერალი. როცა თეატრალურ უნივერსიტეტში შევდგი ფეხი, ეს იმას ნიშნავდა, რომ მსახიობობა ვარჩიე. დღემდე უფრო მეტი შრომა სამსახიობო ხელოვნებაში მაქვს ჩადებული.

© FB / Lela Arabidzeანდრია გველესიანი ზვიადაურის როლში
ანდრია გველესიანი ზვიადაურის  როლში - Sputnik საქართველო
ანდრია გველესიანი ზვიადაურის როლში

– ამღერებული ანდრია რომელი წლიდან ახსოვთ ახლობლებს?

— ზოგადად ხუთი წლიდან ავმღერდი, თუმცა, როგორც მითხრეს, მანამდეც ვმღეროდი, ოღონდ გაურკვევლად. თუ არ ვმღეროდი, ვლაპარაკობდი, თუ არ ვლაპარაკობდი – ვმღეროდი, ყველა შემთხვევაში ვერ მაჩერებდნენ. შემდეგ ხუთი წლიდან უკვე კარგად ვმღეროდი. ასე სიმღერით გავატარე მთელი ბავშვობა, სკოლაშიც ამით დამიმახსოვრეს. ვერაზე ვცხოვრობ და 51-ე სკოლა დავამთავრე. ბებიაჩემი, დიანა სანიკიძე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, ამიტომ როცა მაგდებდნენ, ამის გამო „ბოლომდე ვერ მაგდებდნენ“. რთული ბავშვი ვიყავი, მაგრამ ყველას ვუყვარდი. მართლა სულ ვმღეროდი, ვერ მაჩერებდნენ…

© FB / Andria Gvelesianiანდრია და დავით გველისიანები
ანდრია და დავით გველისიანები - Sputnik საქართველო
ანდრია და დავით გველისიანები

– გაკვეთილზეც მღეროდით?

— გაკვეთილზე ვმღეროდი თუ ვმღეროდი, თორემ ისე რა აზრი ჰქონდა?!.

– საინტერესოა, რას მღეროდით?

— მაშინ „რეპერტუარში“ ორად-ორი სიმღერა მქონდა: „ო სოლე მიო“ და სიმღერა ფილმიდან „ბაში-აჩუკი“. თუმცა, ჩვენი აუდიტორიისთვის განსხვავებული რომ ყოფილიყო, ძირითადად მაინც „ო სოლე მიოს“ ვმღეროდი. თანაც, მას ყოველთვის მერხზე შემდგარი ვასრულებდი. ის კი არა, რომ წამეღიღინა, როგორ გეკადრებათ! მთელი გრძნობით ვასრულებდი მერხზე შემდგარი. ეს ყველა მასწავლებელმა იცოდა, მაგრამ რას გააწყობდნენ?..

© courtesy of Maiko Vatsadzeანდრია გველესიანი მაია ვაწაძესთან ერთად
ანდრია გველესიანი მაია ვაწაძესთან ერთად - Sputnik საქართველო
ანდრია გველესიანი მაია ვაწაძესთან ერთად

– წარმომიდგენია… ამას რაიმე „დამსჯელობითი“ ხასიათის ქმედება არ მოჰყვებოდა ხოლმე პედკოლექტივის მხრიდან?

— თავიდან უკვირდათ და ბრაზდებოდნენ, მაგრამ მერე დანებდნენ სიტუაციას და ამ საქმისთვის ცალკე მერხიც კი გამომიყვეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვითონ მთხოვდნენ, ბარემ გაკვეთილის დასაწყისშივე იმღერე, რომ შუა გაკვეთილზე არ დაიწყოო. არაფერს ვაზვიადებ, მართლა ასე იყო და დღეს ამ ამბით ძალიან ვხალისობ. ალბათ კარგად ვმღეროდი და ამ ამბავს სკოლაში სერიოზულად ამიტომ არ აპროტესტებდნენ.

– ალბათ არავის გაკვირვებია მოგვიანებით სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში რომ მიიღეთ მონაწილეობა, უკრაინის “X ფაქტორზეც“ წარმატებით გამოხვედით…

— ეს იყო 2015 წელი. მე თეატრში ვიყავი მთლიანად, რომ იტყვიან, ჩაფლული, მაგრამ როგორც მომღერალს კიდევ მინდოდა გამოჩენა. კონკურსებზე გასასვლელად კი თავისუფალ დროს ვერ ვნახულობდი. ერთხელ მეგობარმა მითხრა, ჩვენთან უკრაინის “X ფაქტორის“ კასტინგი ტარდება და ამისთვის არიან ჩამოსულებიო. ზოგადად ინტერნაციონალური პროექტი იყო, რადგან მასში ბევრი უცხოელი იღებდა მონაწილეობას, მარტო ქართველი 26 მონაწილე ვიყავით. მივედი კონკურსზე და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე, რამდენიმე დღეში დამირეკეს და კიევში ჩავფრინდი. ამ გამოსვლამ ერთგვარად დამიბრუნა ის პოპულარობა, რაც „ჯეოსტარის“ შემდეგ ნელ-ნელა ქრებოდა. ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი ორივე ქვეყანაში. ერთი პერიოდი ეს ვიდეო ისე მოედო ინტერნეტს, რომ ყველას ჩართული ჰქონდა და მეც ბედნიერი დავდიოდი.

© FB / Andria Gvelesianiანდრია გველესიანი
ანდრია გველესიანი - Sputnik საქართველო
ანდრია გველესიანი

– თქვენ ძირითად საქმიანობაზე — თეატრზე მინდა ვისაუბროთ. სპექტაკლით „სტუმარ-მასპინძელი“ მთელი საქართველო მოიარეთ, ამ სპექტაკლში ზვიადაურის როლს ასრულებთ, როგორია თქვენ მიერ სცენიდან დანახული და შეგრძნობილი ვაჟა?

— სპექტაკლი “სტუმარ-მასპინძელი“ რეჟისორ ირაკლი გოგიას დადგმულია. თამამად შემიძლია თქმა, რომ ეს სპექტაკლი ჩვენი თეატრის სავიზიტო ბარათია. იმ დროს ვიყავი პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და ის პერიოდი ძალიან დატვირთული მქონდა. წარმოიდგინეთ, თითქმის არ მეძინა. წელს, აგვისტოში ოდესაში ვიყავით და ამ სპექტაკლით პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალზე ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დავიკავეთ. ვაჟა ისედაც გამორჩეული მწერალი იყო ჩემთვის და ამ სპექტაკლის შემდეგ, როცა მას შევეხე, მისდამი დამოკიდებულება უფრო გამიმძაფრდა. ვაჟას წიგნი ახლაც საწოლთან მიდევს. ბევრს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ თამამად შემიძლია თქმა, რომ იმდენად რიტუალური რეპეტიციები გვქონდა, რომ მსახიობები ვაჟასთან და მის სამყაროსთან პირდაპირ კავშირში ვიყავით… სპექტაკლიდან სულ სხვა მუხტი მოდის. მე ზვიადაურის როლი მაქვს და ეს ჩემთვის ყველაზე სასურველი როლია, რადგან ერთ-ერთი ნათელი სხივი ამ ნაწარმოებში ზვიადაურია, რომელიც რაღაც ძალიან დიდს ეწირება…

.

– დღევანდელ ცხოვრებაში „ზვიადაური“ თუ შეგხვედრიათ?

— ჩემი აზრით კი, ზვიადაური ყველა ჩვენგანშია და ცოცხლობს, რადგან ყველას აქვს იმის ქვეცნობიერი ინსტიქტი, რომ გმირი გახდეს და რაღაც მნიშვნელოვანს – ოჯახს, მეგობარს ან სიმართლეს შეეწიროს. შესაბამისად, „ზვიადაური“ ბევრი შემხვედრია და ჩვენ თანამედროვე ისტორიაშიც არსებობენ ისინი. უბრალოდ, არ ვიცი რატომ, მაგრამ არ ჩანან. გარკვეულ კატეგორიას იქნებ არც აწყობდეს დღეს ასეთი გმირების გამოჩენა. პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, ყოველთვის ადვილად სამართავია ისეთი ადამიანი, რომელსაც გმირობის ამბიცია არ აქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დღეს გლობალურად მიმდინარეობს ზედა ეშელონებიდან იმაზე, ასე ვთქვათ, „ჩალიჩი“ რომ მსგავსი იმპულსები ადამიანში ნელ-ნელა გაქრეს. მაგრამ ეს გამორიცხულია. როგორი დეგრადირებაც არ უნდა განიცადოს ზოგადად საზოგადოებამ, ის სადღაც მაინც ამოხეთქავს… რახან თეატრზე ვსაუბრობთ, რეჟისორმა ირაკლი გოგიამ ლაშა გოგნიაშვილთან ერთად გააკეთა მნიშვნელოვანი სპექტაკლი „დაბრუნებამდე“.  სამწუხაროდ, ერთ-ერთი მსახიობი წავიდა ჩვენგან და მის ნაცვლად შევდივარ ამ სპექტაკლში. მოკლედ, თეატრი მუშაობს და უკვე რამდენიმე წელია, მოწოდების სიმაღლეზეა.

– როგორც ვახსენეთ, თეატრის მიღმაც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევით და რა არის ეს – სრულად ვერ იხარჯებით შემოქმედებითად თუ ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ?

— რომ გითხრათ, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს–მეთქი, ისეთი დიდი ტყუილი იქნება, რომ შეიძლება ჩემ ქვემოთ მიწა გასკდეს და ჩავვარდე… წინა წელს იყო პროექტები „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და “X ფაქტორი“, რომლის ფინალისტი გავხდი, „სლავიანსკი ბაზარი“, სადაც ასევე წარმატებით გამოვედი. იქ ჟიურის წევრი ბატონი ჯემალ სეფიაშვილი იყო, რომელსაც ძალიან დავუახლოვდი. იქიდან ლაურეატობა და სხვა პრიზებიც ჩამოვიტანე. სულ ახლახან იყო ფესტივალი Ofest, რომელზეც წამიყვანა ჩვენი თეატრის ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ამ ფესტივალზე მღერიან ოპერეტის, მიუზიკლის და ოპერის მსახიობები. მეორე დღეს კიევის ოპერეტაში ვიმღერე. იქ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. ვფიქრობ, იქაურ მაყურებელს თავი კარგად დავამახსოვრე და ყველასგან გამორჩეულ ყურადღებას ვგრძნობდი.

– ამ ეტაპზე მუსიკას წერთ და სიმღერის კლიპიც გადაიღეთ…

— სიმღერის „ჩემი გოგონა“ მუსიკა და სიმღერის ტექსტი ჩემია. ბავშვობიდან ვწერ და წერა ძალიან მიყვარს. თუმცა ამისთვის დღეს უბრალოდ არ მცალია. ნორმალური ადამიანი რომ ვიყო და ცოტა ნორმალური გრაფიკი მქონდეს, ჩემი აზრით, ბევრ რამეს დავწერდი. თუმცა მაგის დროც მოვა. ამ კლიპს ძალიან თბილი და კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც თავიდან ვერ წარმოვიდგენდი. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ჩემ მეგობარსა და სტაფს, რომელმაც უანგაროდ მიიღო ამაში მონაწილეობა.

– ანდრია, რა არის თეატრი?

— ეს არის, კარგი გაგებით, არანორმალური ადამიანების დიდი სამეგობრო, რომელიც სცენაზე სასწაულს ქმნის. და, კიდევ, თეატრი პირველი თუ არა, მეორე სახლია…

ყველა ახალი ამბავი
0