მეოცნებე ხელოვანის ფერადი სამყარო და მის მიერ შექმნილი სევდიანი, ზღაპრული გმირები

© FB/ Art of Lili Meshvelianiლილი მეშველიანის ნამუშევრები
ლილი მეშველიანის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლილი მეშველიანი თვითნასწავლი ხელოვანია. იგი თურქეთში მეუღლესთან და სამი წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ხელოვნება ძალიან მრავალფეროვანი, ფერადი და ზღაპრულია. რამდენიმე წლის წინ თექაზე მუშაობა შეისწავლა და თექის აქსესუარების, დეკორაციების შექმნა დაიწყო.

— ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე მქონდა, მეოცნებე დავიბადე. თავიდანვე მიდრეკილი ვიყავი დამენახა ის, რასაც სხვები ვერ, ან არ ამჩნევდნენ. თანატოლ ბავშვებთან თამაშზე მეტად, განმარტოება და ხატვა მიყვარდა, წიგნების კითხვა და იქ მოგზაურობა მერჩივნა…  ბავშვობის მოგონებები ძირითადად სოფელში გატარებულ არდადეგებს უკავშირდება, სადაც ჩემს ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა. განსაკუთრებით მახსოვს ტყე, სადაც ბაბუს დავყვებოდი  დასახმარებლად, მიყვარდა ფოთლების შრიალის მოსმენა, ისინი თითქოს რაღაცას მიყვებოდნენ.. გზად ვაგროვებდი გირჩებს, ფერად ყვავილებს, ფოთლებს და მათგან თოჯინებს ვაკეთებდი, შემდეგ თითოეულ მათგანს სახელს ვარქმევდი. როცა წამოვიზარდე დავიწყე ლექსების, ზღაპრების და სიმღერების წერა, თუმცა, ამ კუთხით ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი და ხატვა გავაგრძელე, ხატვით უკეთესად ვავლენდი ჩემს თავს.

© FB/ Lili Meshveliani artლილი მეშველიანის ნამუშევარი
ლილი მეშველიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ლილი მეშველიანის ნამუშევარი
 

- თავიდან რის გაკეთება დაიწყეთ? რა ნივთებს ქმნიდით?

— თავიდან ფერწერით ვიყავი დაკავებული. შეპყრობილი ვიყავი ფერებით. მალე დავეუფლე თექის  სველი და მშრალი თელვის ტექნიკას, ფერად ბოჭკოებს მარტივად ვიმორჩილებდი და დავიწყე ქუდებისა და შარფების მოთელვა. გარშემომყოფთ მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები და მთხოვდნენ მათთვისაც დამემზადებინა მსგავსი, სწორედ მაშინ გახდა თექა ჩემი შემოსავლის წყაროც. 

© FB/ Lili Meshveliani artლილი მეშველიანის ნამუშევრები
ლილი მეშველიანის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ლილი მეშველიანის ნამუშევრები

- დღეს რა ნივთებით შემოიფარგლება თქვენი ხელოვნება?

— დღესდღეობით, ძირითადად, სხვადასხვა აქსესუარებს, სახლის დეკორაციას ვქმნი. განსაკუთრებით ბავშვების ოთახის თემაზე ვმუშაობ, ვქმნი ზღაპრის პერსონაჟებს,  რომლებიც დამკვეთს ტკბილი ბავშვობის მოგონებებთან აკავშირებენ. მყავს მუდმივი დამკვეთები, რომლებიც ჩემი თოჯინების კოლექციას აგროვებენ. 

- თექაზე როდის დაიწყეთ მუშაობა და რატომ აირჩიეთ ეს მასალა ხელნაკეთი ნივთების შესაქმნელად?

— თექაზე მუშაობა დაახლოებით ხუთი წლის წინ დავიწყე და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. თექა მარტივად დასამორჩილებელი მასალაა და მასზე თავისუფლად შემიძლია ფერებით თამაში. ფერები დადებით გავლენას ახდენს ადამიანზე, მით უმეტეს, თუ მას  ყოველდღიურობაში გამოიყენებს. 

© FB/ Lili Meshvelianiლილი მეშველიანი
ლილი მეშველიანი - Sputnik საქართველო
ლილი მეშველიანი

- ვინ არიან ის არსებები, ვისაც თქვენ ქმნით და რამდენად ახლოს არიან ისინი თქვენს ხასიათთან? 

— ჩემი თოჯინები, ძირითადად, ჩემი დაწერილი ზღაპრებიდან გავაცოცხლე, შესაბამისად, ისინი ძალიან ახლოს არიან ჩემს ხასიათთან. მელაკუდები, ბუები, პანდები, ფისოები, პინგვინები და კიდევ ბევრი არსება, რომლებიც ძალიან მიყვარს, სიყვარულით შევქმენი და მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ეს სიყვარული მათ ახალ მეპატრონეებზე ვრცელდება.

- თქვენი შექმნილი თოჯინები ცოტა სევდიანები არიან, თუ მეჩვენება?

— არ გეჩვენებათ, ხშირად ვქმნი სევდიან თოჯინებს, მათ უფრო ბევრი „მომფერებელი“ ჰყავს, ვიდრე წარმომედგინა.ზოგი  სევდაში ნეგატივს ხედავს და გაღიმებული თოჯინა ურჩევნია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, სევდასაც აქვს თავისი ხიბლი… თითქოს მასში მეტი გულწრფელობა და პირდაპირობაა, ვიდრე ყალბ ღიმილში. 

© FB/ Lili Meshveliani artლილი მეშველიანის ნამუშევარი
ლილი მეშველიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ლილი მეშველიანის ნამუშევარი

- სად ახდენთ თქვენი ხელნაკეთი ნივთების რეალიზებას? 

— ჩემს ნამუშევრებს თურქეთიდან საქართველოში აქტიურად ვაგზავნი, ამანათებს ჩემი მეგობარი პარტნიორები იღებენ და შესაბამის  ლოკაციაზე მიაქვთ. თურქეთშიც მაქვს შეკვეთები, თუმცა, აქ ბევრი არ იცნობს თექის ტექნიკას და არც მე ვაქტიურობ პოპულარიზაციაზე დროის უკმარისობის გამო, შესაბამისად შეკვეთებიც  ნაკლები მაქვს. თუმცა, აქაც მყავს მუდმივი დამკვეთები.

- მხოლოდ ხელნაკეთ ნივთებს არ ქმნით, ხატავთ კიდეც. მხატვრობაში რა თემატიკა და სტილი გაქვთ შერჩეული?

— კონკრეტული სტილი არ მაქვს შერჩეული, ეს განწყობაზე და შთაგონებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ფაქტია, რომ ჩემი სამყარო უფრო შორსაა დედამიწისგან, ვიდრე პლანეტა სატურნი. მაქვს პერიოდი, როცა მხოლოდ მუქ ტონებს ვიყენებ, მიყვარს გოთიკური სამყარო და მუსიკა. ედგარ ალან პოს მისტიურმა ხედვამ, ბავშვობიდან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ასევე ტერენტი გრანელმა და გალაკტიონ ტაბიძემ, რომელიც ნამდვილი „გალაქტიკელი“ იყო და ჩემი აზრით, ადამიანური სევდის არსის გადმოცემა მასზე უკეთ დღემდე არავის გამოსდის. 

© FB/ Lili Meshveliani artლილი მეშველიანის ნამუშევარი
ლილი მეშველიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ლილი მეშველიანის ნამუშევარი

- რა იგრძნობა თქვენს ნახატებში, რას გადმოსცემთ ამით?

— ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული. ჩემთვის ის იგრძნობა, რასაც გამოვხატავ, მაგრამ შეიძლება სხვამ ჩემს ნახატებში მხოლოდ ხე დაინახოს ან მდელო, რომელზეც უბრალოდ ქოხი დგას. ბოლო რამდენიმე წელია თექით ვხატავ, რადგან ფერწერა მეტ დროს და სიმყუდროვეს მოითხოვს. ასევე მიყვარს გამოგონილი ზღაპრული და ფერადი გარემოს შექმნა, ირლანდიის კოტეჯების მსგავსი ხედები, რომლებიც ჯადოსნური ემოციებით მავსებს, ადგილები, სადაც არ არსებობს ბოროტება და სრული ჰარმონია სუფევს. ჩემს თავზე ჯერ ბევრი მაქვს სამუშაო, ბევრი ჩანაფიქრი მაქვს, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ შესაფერის მომენტში. შეკვეთების გამო დროში ვარ შეზღუდული და ეს ფაქტი ძალიან მაწუხებს, თუმცა, ამბიციები არ მინელდება რაც იმედს მაძლევს, რომ მხატვრობისთვისაც გამოვნახავ დროს და ჩემს თავს უკეთ გამოვავლენ. 

© FB/ Lili Meshveliani artლილი მეშველიანის ნამუშევარი
ლილი მეშველიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ლილი მეშველიანის ნამუშევარი

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— სამომავლოდ მინდა ჩემი პატარა სტუდია გავხსნა, სადაც სკოლის მოსწავლეებს შევასწავლი სხვადასხვა ხელსაქმეს, ხატვას.. და რაც მთავარია ოცნებას…


ყველა ახალი ამბავი
0