ვახუშტი კოტეტიშვილს დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა

გამოწერა
სიკვდილის შიში ახალგაზრდობის სენია. ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობაშერყეული კაცისთვის კი სიკვდილთან გაშინაურება და მასთან საუბარი იგივეა, რაც კარის მეზობელთან ჭიქის მიჯახუნება...ნუ შეგაშინებთ სიკვდილი. სიცოცხლე ჩვენს დროში ბევრად უფრო სახიფათოა!, - ვახუშტი კოტეტიშვილი.

 ვახუშტი კოტეტიშვილი — ირანისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც ყოველთვის საყოველთაო ყურადღებას იქცევდა — დღეს 82 წლის გახდებოდა.,, ვახუშტი იყო ვახუშტი მთაში, უბრალო ადამიანებთან, და ვახუშტი იყო დიდი მეცნიერი, დიდი მთარგმნელი თავის საწერ მაგიდასთან“, — ასე იხსენებდნენ მას მეგობრები.   

© FB/ ვახუშტი კოტეტიშვილივახუშტი კოტეტიშვილი
ვახუშტი კოტეტიშვილი - Sputnik საქართველო
ვახუშტი კოტეტიშვილი

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ირანისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვახუშტი კოტეტიშვილი თბილისში  1935 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. ბედმა მძიმე ბავშვობა არგუნა: დედა,  ნინო დილევსკაია, მის დაბადებას გადაჰყვა. მამის ამარა დარჩენილ ჩვილზე დიდედა, ნათესავები და მისი უფროსი და, ლეილა ზრუნავდნენ.  2 წლის იყო, როცა მამა, ცნობილი პროფესორი ვახტანგ კოტეტიშვილი კომუნისტური საზოგადოების მტრად შერაცხეს და დახვრიტეს. როდესაც სახლიდან გაჰყავდათ, მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა:,,ლეილა, ვახუშტი გამიზარდე, არ დამეჩაგროსო.’’ ლეილამაც პირნათლად შეასრულა მამის დანაბარები. უკვე ხანშიშესული მეცნიერი ასე ეხმიანებოდა თავის ბავშვობას: 

                                                        „შენ ჩემო დაბადების დღევ, 

                                                         სიკვდილის თავსაფრიანო,

                                                         მამისთვის სატანჯველო 

                                                         და  დედისთვის მოკლედღიანო“… 

7 წლის იყო ვახუშტი, როცა პირველი ლექსი დაწერა, სკოლაში მასწავლებელმა არ დაუჯერა, რომ მისი ავტორი მოსწავლე იყო და შინ ატირებული დაბრუნდა. მეორე დღეს, თანაკლასელების წინაშე, პედაგოგმა მას ბოდიში მოუხადა. იმ დღიდან დაიწყო ვახუშტიმ ლექსების წერა, რომელიც ნელ-ნელა ვრცელდებოდა და პოპულარული ხდებოდა ახალგაზრდებს შორის.  

ვახუშტი კოტეტიშვილმა 1954 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა და უკვე მეორე კურსიდან სპარსული პოეზიის თარგმნას მიჰყო ხელი. 1965-1977 წლებში იყო თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, 1994წლიდან კი ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ-ხელმძღვანელი. პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები — 1958 წელს.

 ვახუშტი კოტეტიშვილი იყო ავტორი უამრავი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა,  ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრშიც. ვახუშტი კოტეტიშვილი მოვლენა იყო ირანისტიკისთვის, იყო ქართულ ენაზე სპარსული პოეზიის დიდოსტატი მთარგმნელი,  სპარსულ პოეზიას ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი“, ჯამის „ლირიკა“, ჰაფეზის „ლირიკა“. 2007 წელს კი ირანის სამთავრობო კომისიამ ვახუშტი კოტეტიშვილი ირანულიდან  ექვს საუკეთესო მთარგმნელს შორის დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა. 

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ირანისტად აღიარებული მთარგმნელი და სტუდენტების უსაყვარლესი ლექტორი სპარსულის შემდეგ, რუსული და გერმანულ-ავსტრიული პოეზიის თარგმნას შეუდგა და  აღიარებაც მალევე მოიპოვა. მაგრამ ხალხის საყოველთაო სიყვარული და აღიარება ყველაზე მეტად ოთხმოცამდე გრანდიოზულმა ფოლკლორულმა საღამომ მოუტანა, რომელსაც 1978-1988 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მართავდა. ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსი ჭინჭარაულსა და თენგიზ მირზაშვილთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადიოდა და სახალხო მთქმელები თბილისში ჩამოჰყავდა. სამოცდაათი წლის იყო, როდესაც ლექსების პირველი კრებული „ქვიშის საათი“ გამოსცა. ეს იყო თხელტანიანი, პატარა წიგნი, ბევრი ლექსი კი კვლავ გამოუქვეყნებელი დატოვა. 

კოტეტიშვილს ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა  ლიტერატურული პრემია „საბა“. იყო აგრეთვე საფრანგეთისა და ავსტრიის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. ვახუშტი აგრეთვე იყო იუნესკოს ფოლკლორული ასოციაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,  საქართველოს ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავმჯდომარე, საქართველო–აზერბაიჯანის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ფოლკლორისტული კლუბ „ჯავარის“ პრეზიდენტი.

ბოლო წლების განმავლობაში ვახუშტი კოტეტიშვილი ავადმყოფობდა, ნელ-ნელა კარგავდა ხმას. პოეტი ნიკა ჯორჯანელი ერთ შემთხვევას იხსენებს: „მივედი და ცუდად იყო ძალიან, გული სტკიოდა. მოვიდა სასწრაფო, წინასაინფარქტო მდგომარეობა გაქვს და ახლავე საავადმყოფოში უნდა გაგაქანოთო. საკაცე შემოიტანეს. ამ დროს ვიღაც ურეკავს. როგორც ჩანს, შეეკითხა როგორ ხარ, რას შვრებიო. წინასაინფარქტო მდგომარეობა მაქვს და მოციმციმე არითმიაო. თან ამაზე დაიწყო ხუმრობა, მე ხომ ყველაფერი მოციმციმე, მოკიაფე და მოკამკამე უნდა მქონდესო“.

მძიმე სნეულების მიუხედავად, იუმორის გრძნობა და სიცოცხლის ხალისი ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს, ღიმილიანი და გაბზარული ხმით ამბობდა: 

                                                     ,, მიახლოვდება სამოცდაათი

                                                      და, სამწუხაროდ, ვგრძნობ, რომ ვბერდები.

                                                      როგორც უბრალო ქვიშის საათი

                                                      ზემოთ ვიცლები, ქვემოთ ვბევრდები.’’

მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ვახუშტი კოტეტიშვილი 2008 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა.

,,სიკვდილის შიში ახალგაზრდობის სენია. ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობაშერყეული კაცისთვის კი სიკვდილთან გაშინაურება და მასთან საუბარი იგივეა, რაც კარის მეზობელთან ჭიქის მიჯახუნება…ნუ შეგაშინებთ სიკვდილი. სიცოცხლე ჩვენს დროში ბევრად უფრო სახიფათოა!’’, — ვახუშტი კოტეტიშვილი.

ხატია გიგოლაშვილი


ყველა ახალი ამბავი
0