ციალა მკალავიშვილის ხელნაკეთი ჩანთები, ანუ ხელოვნებად ქცეული გატაცება

© FB/ ეგბახელნაკეთი ჩანთა
ხელნაკეთი ჩანთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი შეხედვით, ხე უცნაური და განსხვავებული მასალაა ჩანთის დასამზადებლად, თუმცა ციალა მკალავიშვილმა შეძლო და ხისგან ულამაზესი, დახვეწილი და განსხვავებული ჩანთების კოლექცია შექმნა.

ქალბატონი ციალა 15 წელია დიზაინის სფეროში მოღვაწეობს. წლების წინ ტანსაცმლის დიზაინით დაინტერესდა, შემდეგ ჩანთების შექმნა დაიწყო. მის მიერ შექმნილი ჩანთების კოლექცია ქართულ ბაზარზე სულ ახლახან გამოვიდა და მომხმარებლების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

© ციალა მკალავიშვილის პირადი არქივიციალა მკალავიშვილი
ციალა მკალავიშვილი - Sputnik საქართველო
ციალა მკალავიშვილი

— პროფესიით დიზაინერი ვარ. უკვე თხუთმეტი წელია დიზაინის სფეროში ვმოღვაწეობ. თავიდან ტანსაცმელს ვკერავდი, შემდეგ ჩანთების კერვა დავიწყე. კერვა ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესია. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა ადამიანს საკუთარი პროფესია და საქმე გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს, ამასთან ეს შემოსავლის წყაროცაა. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კერვა. როცა დედა კერავდა, დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს, მერე მის საკერავ მანქანას ვეპარებოდი და ვცდილობდი რამე შემეკერა.

– გაქვთ სახელოსნო, სადაც იქმნება თქვენი მოდელები, თუ სახლში მუშაობთ?

— სახლში მაქვს ჩემი სახელოსნო და იქ ვქმნი მოდელებს. სამოსის დიზაინი ძირითადად ჩემი შექმნილია, მაგრამ დამკვეთის გემოვნებითაც ვკერავ. აი, ჩანთების დიზაინი კი მხოლოდ მე მეკუთვნის. ახლა ვმუშაობ შემოდგომის კოლექციაზე.

© FB/ ეგბახელნაკეთი ჩანთა
ხელნაკეთი ჩანთა - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ჩანთა

– რით იქნება ეს კოლექცია გამორჩეული?

— სრულიად განსხვავებული დიზაინის ჩანთები იქნება. ძველ ჩანთებს აქვს ხის გვერდები, წინიდან კი ქსოვილით არის გაფორმებული. ახალი კოლექცია რადიკალურად განსხვავებული იქნება. ხის მასალა ისევ იქნება გამოყენებული, უბრალოდ, გრავირების მეთოდით გადავიტან ულამაზეს ფორმებს, ყვავილებს, ნახატებს და ა.შ.

– ჩანთები ორიგინალურობით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რა მასალას იყენებთ მათ შესაქმნელად?

— ძირითადად ხის მასალას, რომელიც უნდა იყოს მსუბუქი. ამ შემთხვევაში ფიჭვი ყველაზე სასურველი მასალაა. ვიყენებ სილიკონს, ქსოვილებს, დერმატინს, ვყიდულობ ლამაზ-ლამაზ ყვავილებს და იმით ვაფორმებ.

© FB/ ეგბახელნაკეთი ჩანთა
ხელნაკეთი ჩანთა  - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ჩანთა

როცა რაიმე ნივთს ვამზადებ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გაიყიდება თუ არა. მე იმ მომენტში მსურს, რომ ის გავაკეთო და უბრალოდ ვაკეთებ. შემიძლია ძალიან ბევრი თანხაც დავხარჯო მასალაში. სულ ახლახან, დილის შვიდ საათზე ვაღვიძებ მეუღლეს და ვეუბნები, რომ ახალი ჩანთის დიზაინი მოვიფიქრე, რისთვისაც მჭირდება ახალი მასალები. ამის შემდეგ წავედით ველოსიპედით სასეირნოდ, რადგან ვეღარ ვიძინებდი. ახლის შექმნის სურვილი რომ გამიჩნდა, მოსვენება დავკარგე. მუზა რომ მომდის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევქმნა მოდელი. თუ სწრაფად არ გავაკეთე, ეს ჩემ ხასიათზე ცუდად მოქმედებს. ჩემი მეუღლე ჩემ წარმატებულ საქმიანობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს ოთხი შვილი, ჩემი მეუღლის დახმარებით ყოველთვის მაქვს დრო, შევქმნა მოდელები, დავამზადო ჩანთები, სამოსი, სხვადასხვა ნივთები. მიყიდის მასალას, მერე ბავშვებს გაასეირნებს და ამ დროს მე სრულ თავისუფლებას ვაძლევ ფანტაზიას.

© FB/ ეგბახელნაკეთი ჩანთა
ხელნაკეთი ჩანთა - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ჩანთა

— საქართველოში ხის ჩანთები რამდენად მოდური და პოპულარულია?

— ამ ბოლო პერიოდში ხის ჩანთები აქტუალური გახდა. განსხვავებულია და ძალიან მოსწონთ, მოთხოვნაც, შესაბამისად, არის. ამ ბოლო დროს იუნა შაფათავას დამ იყიდა ორი ჩანთა. ერთი თავისთვის, მეორე დისთვის, საჩუქრად. ძალიან ბევრი ტურისტი ყიდულობს, განსაკუთრებით რუსები.

— მომხმარებლები ძირითადად რა ფერებს ანიჭებენ უპირატესობას?

— ძალიან მოსწონთ ყვავილებიანი, ფერადი, კაშკაშა და მხიარული ფერები. თითქოს მეტი პოზიტივი და სასიამოვნო განწყობა შემოაქვს ხასიათში.

© FB/ ეგბახელნაკეთი ჩანთები
ხელნაკეთი ჩანთები - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ჩანთები

— ქართულ ბაზარზე უცხოური ნაწარმის ფართო არჩევანია. რატომ უნდა შეაჩეროს არჩევანი მომხმარებელმა ქართულ ნაწარმზე?

— უცხოური ჩანთები, თითქმის ყველა მასიური და ერთნაირია. შესაძლოა ის ბევრ ქალბატონს ჰქონდეს. რაც შეეხება ქართულ ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს, ყველა ინდივიდუალური და იშვიათია. ასევე, ქართული ნაწარმის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ჩვენ მოგვცემს წინსვლის საშუალებას და სტიმულს, რათა შევქმნათ უფრო მეტი და უფრო უკეთესი.

© FB/ ეგბახელით შეკერილი მაისური
ხელით შეკერილი მაისური - Sputnik საქართველო
ხელით შეკერილი მაისური

— ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შექმნათ მოდელი, თუ ელოდებით მუზას, განწყობას?

— რა თქმა უნდა, ვმუშაობ მაშინ, როცა მუზა მომდის. თუ მუზა არ არის, ვერაფერს გავაკეთებ. საბედნიეროდ, მუზა საკმაოდ ხშირად მომდის. დაგეგმილად ვერ ვმუშაობ, რადგან მუშაობის პროცესში ყოველთვის იცვლება გეგმები და გარკვეული დეტალები. შეიძლება რაღაც მოდელი ჩაიფიქრო, მაგრამ სულ სხვა რამე გამოგივიდეს. ერთი-ორი შეკვეთა მქონდა ისეთი, რომელიც დამკვეთის სურვილით უნდა შემექმნა. ძალიან გამიჭირდა, თითქოს იძულებული ვიყავი გამეკეთებინა. რაღაცის იძულებით გაკეთება კი ძალიან რთულია.

— რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

— ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. არ ვიცი, რის გამო, რა მიზეზით მოდის მუზა. წეღანაც ვახსენე, მძინარეს გამეღვიძა და უკვე ახალი მოდელის ესკიზები მიტრიალებდა თავში, მოსვენება დავკარგე, სანამ მის შექმნას დავიწყებდი.

© FB/ ეგბახელით შეკერილი მაისურები
ხელით შეკერილი მაისურები - Sputnik საქართველო
ხელით შეკერილი მაისურები

— თქვენი შვილები თუ ინტერესდებიან და არიან ამ პროცესში ჩართული?

— უფროსი გოგო 11 წლისაა. სულ მიყურებს, აინტერესებს თითოეული ნივთის შექმნის პროცესი. ცდილობს თვითონაც გააკეთოს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის. ვხვდები, რომ კერვის და დიზაინის ნიჭი მასში არ დევს, თუმცა ძალიან აინტერესებს. მე როცა პატარა ვიყავი და დედა კერავდა, ჩუმად ვუყურებდი, მერე მივეპარებოდი მის საკერავ მანქანას და მე თვითონაც ვკერავდი. სულ მაფრთხილებდა დედა, მისი საკერავი მანქანისთვის ხელი არ მეხლო, მაგრამ მე მაინც ვეპარებოდი. კერვას რომ მოვრჩებოდი, ისევ ისე ვახვედრებდი მანქანას, ნემსს დაყენებულს, რომ არ მიმხვდარიყო.

ერთი სიტყვით, ეს არის საქმე, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ყოველდღიურად ვცდილობ გავიზარდო, სიახლე შევიტანო ჩემ ნამუშევრებში. ვფიქრობ, წინ ბევრი საინტერესო რამ მელოდება მეც და ჩემს გულშემატკივრებსაც.

ყველა ახალი ამბავი
0