„ქართულ დამწერლობაში ჩემი თავი ხელახლა აღმოვაჩინე“

© ლეილა ბაღბაიას პირადი არქივილეილა ბაღბაია
ლეილა ბაღბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალიგრაფი ლეილა ბაღბაია, რომლის ნამუშევრებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობენ, ქართული ანბანის ჰარმონიაზე და მის მნიშვნელობაზე მოგვითხრობს.

ესე წილი ანბანისაი… წერდა იოანე ზოსიმე „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲში“. 11 საუკუნის შემდეგ ლეილა ბაღბაიამ თავისი წილი ქართული ანბანისაჲ შექმნა. მისთვის კალიგრაფიით ისტორია ცოცხლდება. უძველესი ხელნაწერები ეპოქას შიფრავენ.

„ბიჭვინთა და მოქვის სახარება იმის დასტურია, რომ ეს ტერიტორია ოდითგანვე წარმოადგენდა ქართული სახელმწიფოებრიობის ნაწილს“, — ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან დევნილმა კალიგრაფმა, რომლის ნამუშევრები მსოფლიოს რამდენიმე კონტინენტზე გამოიფინა და ყველგან წარმატება მოიპოვა.

© FB/ Leila Bagbaiaლეილა ბაღბაია
ლეილა ბაღბაია - Sputnik საქართველო
ლეილა ბაღბაია

ლეილა ბაღბაია უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღმოჩენაა. სწორედ პატრიარქის ინიციატივით გაიმართა 2011 წელს კალიგრაფიის პირველი კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც აფხაზ თავადთა შთამომავალი ქალბატონი გახდა. 

„უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩემთვის შთაგონების წყაროცაა და იმედიც, საქართველოს გაბრწყინების სიმბოლოც. სწორედ ამიტომ ვუსახსოვრე ჩემ მიერ შექმნილი, კალიგრაფიულად შესრულებული „უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა“, რომელიც გადასცა ქალბატონმა სვეტლანა ქეცბამ, ხოლო მეორე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ. როგორც მითხრეს, ორივე ნამუშევარი ძალიან მოეწონა. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვახერხე, პირადად გადამეცა ჩემი ნამუშევრები. 

2011 წელს პირველად გაიმართა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საუკეთესო კალიგრაფის გამოსავლენი კონკურსი. ნომინაციაში „საუკეთესო ასლი“ გამარჯვებულად მაღიარეს და პრიზიც გადმომეცა. ამ კონკურსებამდე ჩვენ ვატარებდით საუკეთესო კალიგრაფის გამოსავლენად კონკურსებს აფხაზეთის საჯარო სკოლებში. ამ იდეის ავტორი იყო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბავშვთა ჰარმონიული განვითარების ცენტრი, რომლის დირექტორიც გახლდით“, — იხსენებს ლეილა ბაღბაია.

© ლეილა ბაღბაიას პირადი არქივილეილა ბაღბაიას ნამუშევრები
ლეილა ბაღბაიას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ლეილა ბაღბაიას ნამუშევრები

შემოქმედება სულს მოითხოვს. ჯანმრთელობასაც. მოითხოვს მთლიანად შესწირო საკუთარი თავი. ლეილა ბაღბაია ასე, უანგაროდ და უშურველად ემსახურება ქართული კალიგრაფიის სილამაზეს, ქმნის ხელოვნების ნიმუშებს და, რაც ყველაზე მთავარია, საკვირაო სკოლაში სრულიად უანგაროდ ასწავლის ახალ თაობას ლამაზად წერას, რათა კომპიუტერზე გაზრდილმა ახალგაზრდებმა არ დაივიწყონ, რა ლამაზია და რამხელა ჰარმონიაა ჩადებული თითოეულ ქართულ ასო-ბგერაში.

„ხშირად 6-7 საათი ვმუშაობ, ეს სილამაზე მავიწყებს ყველაფერს – დარდს, დევნილობის სიმწარეს, დედის საფლავის მონატრებას გალში, ცხოვრებისეულ პრობლემებს“, — ამბობს ლეილა ბაღბაია, რომელიც დასძენს, რომ ლამაზად წერა მისი სულიერი მოთხოვნილებაა და ქართულ ანბანს ის შინაგანად დაატარებს.

განსაკუთრებული დიზაინით ქმნის საზედაო ასოებს. როგორც თვითნასწავლ წარმატებულ კალიგრაფს, USAID-მა და PH international-მა პირველი პერსონალური გამოფენა 2012 წელს მოუწყვეს. დღეს გამოფენებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აწყობს მასტერ-კლასებს და ახალგაზრდებს აზიარებს ქართული დამწერლობის სილამაზეს. დაჯილდოებულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, მიღებული აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სიგელები. 

© ლეილა ბაღბაიას პირადი არქივილეილა ბაღბაია
ლეილა ბაღბაია - Sputnik საქართველო
ლეილა ბაღბაია

„ვისურვებდი, რომ ჩვენ მომავალ თაობებს ჰქონდეთ ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნების უნარი, ლამაზად წერის ინტერესი და პატივისცემა თითოეული ასო-ბგერისადმი“, — ნატრობს აფხაზ თავადთა შთამომავალი ლეილა ბაღბაია. 

იგი იმ იშვიათ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ნამუშევრებსაც თანაბარი წარმატება და პოპულარობა მოაქვს საქართველოსა და ქართული მრავალსაუკუნოვანი დამწერლობისათვის, რომელთა ნამუშევრები თანაბრად იპყრობს ფლორენციელი, არაბი, ეგვიპტელი თუ ჩრდილოეთ ევროპელი დამთვალიერებლის ყურადღებას. არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა კავშირის წევრი, აფხაზ მხატვართა კავშირის წევრი, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრი… მისი ნამუშევრები სრულდება კერამიკაზე, ფაიფურზე, ტყავზე, ქვაზე და ქაღალდზე. ისტორიკოსები და ხელოვნების კრიტიკოსები ამბობენ, რომ ლეილა ბაღბაია ქართული კალიგრაფიის კონკურსის ნამდვილი აღმოჩენაა.

© ლეილა ბაღბაიას პირადი არქივილეილა ბაღბაიას ნამუშევრების გამოფენა
ლეილა ბაღბაიას ნამუშევრების გამოფენა - Sputnik საქართველო
ლეილა ბაღბაიას ნამუშევრების გამოფენა
 

2015 წელს მისი ნამუშევრები იტალიაში, ქალაქ ფლორენციასა და ეგვიპტეში, ქალაქ კაიროში გამოიფინა. ასევე უდიდესი წარმატება ხვდა წილად ქართველ ხელოვანს ჰოლანდიაში, სადაც მისი ნამუშევრები დამთვალიერებელს რემბრანდტის მშობლიურ ქალაქ ლეიდენში ხვდებოდა სლოგანით „როდის? ჩემი ოცნება — ჩემი აფხაზეთი“.

2016 წლის 1 თებერვალს კი აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 38-ე და დაბადების 83-ე წლისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც ლეილა ბაღბაიას 150-მდე ნამუშევარი გამოიფინა. 

„ქართული სამწერლობო ტრადიცია, რომელიც ანბანის სამი სახეობით შემოინახა ისტორიამ, კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. ეს ჭეშმარიტება საყოველთაო აღიარებად იქცა გასულ წელს, როდესაც იუნესკომ ქართული ანბანის სამივე სახეობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. 

არის თუ არა ქართული ღმერთების ენა? საკითხს თეოლოგიური კუთხით ვერ შევეხები, მაგრამ ის, რომ ასეთმა მცირერიცხოვანმა ერმა ამგვარი სრულყოფილი სისტემა შექმნა, ღვთის სასწაული არ არის? ის, რომ ამ ანბანზე უკვე მეხუთე საუკუნიდან გვაქვს უმაღლესი კატეგორიის ლიტერატურული ქმნილებები, საოცრება არაა?!“ — ამბობს ხელოვანი ქალბატონი. 

© ლეილა ბაღბაიას პირადი არქივილეილა ბაღბაიას ნამუშევრები
ლეილა ბაღბაიას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ლეილა ბაღბაიას ნამუშევრები

კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს ქართული ანბანის სილამაზის, ქართული ენისა და დამწერლობის გადასარჩენად, დიდხანს ფიქრობს და ბოლოს ასკვნის: „რთული საკითხია და თან — მარტივი. პირველ რიგში, ქართული ხელნაწერისა და კალიგრაფიის ხელოვნების უსაზღვრო სიყვარულის ხიბლს იმ ასაკში უნდა ვაზიაროთ პატარები, როდესაც მათი ძირითადი უნარები ფორმირდება. სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე, თუნდაც ისე, რომ ეს იყოს მათთვის ხელოვნება და არა — ტრაფარეტული გაკვეთილი. ამაში კი ხელნაწერ მემკვიდრეობაში გაბნეული ცხოველებისა და ფრინველების საოცარი გამოსახულებებით შექმნილი ასოები უნდა გამოვიყენოთ“.

მთავარი ისაა, რომ საზოგადოების ინ ნაწილმა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში მომდინარე პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა — სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა გაიაზრონ ამ კულტურული მონაპოვარის მნიშვნელობა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უძველესი ანბანური ტრადიციის მქონე ქვეყნებისთვის ანბანი და კალიგრაფიის კულტურა ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ჩვენი დამწერლობის პოპულარიზაციისთვის. 

© ლეილა ბაღბაიას პირადი არქივილეილა ბაღბაიას ნამუშევრების გამოფენა
ლეილა ბაღბაიას ნამუშევრების გამოფენა - Sputnik საქართველო
ლეილა ბაღბაიას ნამუშევრების გამოფენა

„გადავავლოთ თვალი ტურისტულ სექტორს. გინახავთ ქართული ხელნაწერის თემაზე შექმნილი ან ანბანის მაღალი ხარისხის სიმბოლოებით შექმნილი გემოვნებიანი სუვენირები ჩვენში ასე მომრავლებულ ტურისტულ მაღაზიებში? ქართული დამწერლობის მოფრთხილება და პოპულარიზაცია, ჩემი აზრით, სახელმწიფო პოლიტიკის სფეროა. მე ვცდილობ ჩემი ხელით შევქმნა იმ ადამიანების გვარები, სახელები, ამოვტვიფრო საინტერესო ფრაზები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ ქართული საზოგადოებისთვის“, — ასე ჩუმად და უპრეტენზიოდ ემსახურება საყვარელ საქმეს. ცდილობს ჰყავდეს გამგრძელებლები. თავად რატომღაც ერიდება საკუთარი შემოქმედების კომერციალიზაციას, მაგრამ ხელისუფლებას აწვდის იდეას – იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სახელმწიფომ საკუთარი ქვეყნის პოპულარიზაციისა და გამდიდრებისთვის ერთდროულად გამოიყენოს. ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ სწორედ ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველო. 

ყველა ახალი ამბავი
0