„Goofy Land“ როგორც გურამ მაკალათიას პოპულარობის პროდუქტი

გამოწერა
ცნობილი ამბავია, თუკი საქართველოში ვინმეს თიკუნით, ანუ ზედმეტი სახელით მოიხსნიებენ, ეს პოპულარობას და ხალხის სიყვარულს ნიშნავს. ცნობილ დრამერს და დღეს უკვე “Goofy Land“-ის“ ხელმძღვანელს, გურამ მაკალათიას დიდი ხანია, უფრო გუფით იცნობენ.

„Goofy Land“- მისი ბრენდი და პოპულარობის პროდუქტია. ეს ადგილი ყველა თაობის ადამიანისთვის სასურველად იქცა, რადგან აქ მოსული სასიამოვნო, შინაურულ გარემოში აღმოჩნდება და თანაც, ყველა დროის ქავერებს, პოპულარულ ქართულ და უცხოურ სიმღერებს მოისმენს. შეხვდება ყველას, ვისაც კი მუსიკალურ სამყაროსთან ან შოუ —ბიზნესთან რაიმე კავშირი აქვს. გუფი სასაუბროდ თავისუფალ დროს, რამდენიმე წუთით მოვიხელთეთ.

© FB/ Matsatso Kevlishviliგურამ მაკალათია
გურამ მაკალათია - Sputnik საქართველო
გურამ მაკალათია

- როდის გახდა გურამ მაკალათია გუფი?

— ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა. პოპულარული — 2010 წლიდან გახდა, როცა „ღამის შოუში“ დავიწყე დაკვრა. იმ დროს რამდენიმე კლუბში ვუკრავდი, ერთხელ ტელევიზიიდან მოვიდნენ ბიჭები და გვითხრეს, რომ ასეთი ფორმატის გადაცემა კეთდება და ხომ არ მიიღებთ მასში მონაწილეობასო. ჩვენ ვუთხარით, რომ არ ვიცით, მაგრამ ვნახავთ თქო. ამის მერე ოთხი თუ ხუთი საპილოტე გადაცემა ჩავწერეთ და ყველას მოგვეწონა. ასე გადაწყდა ამ პროექტის ამბავი, რომელიც შარშან დამთავრდა…

- თუმცა ოთარ ტატიშვილის და თქვენი მეგობრობა არ დამთავრდა და ნათესაობაშიც გადაიზარდა…

— ოთარი ჩემი გოგოს, მანჩოს ნათლიაა და დღემდე მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს.

- თქვენი დუეტის დიალოგი გადაცემას ასე ვთქვათ ფონად გასდევდა… ეს სცენარით იყო გათვალისწინებული თუ სპონტანურად ხდებოდა?

— არა, ამაზე ფიქრით სცენარისტებს თავი არ მოუკლავთ. იმპროვიზაცია იყო ზოგადად რა ურთიერთობაც გვაქვს, ეს გადაცემაშიც იგრძნობოდა. პირველი გადაცემიდანვე მოვშინაურდით და ამ დიალოგებმაც თავისი ფორმა მოძებნა.

© FB/ David GaguaGoofy Land
Goofy Land - Sputnik საქართველო
Goofy Land

- დრამერობა გურამ მაკალათიამ ანდეგრაუნდში დაიწყო?

— ზოგადად ამ ქვეყანაში მუსიკა დღემდე ანდეგრაუნდია… თავიდან ჩემთვის ვჯახირობდი, ვუკრავდი ჯგუფებში: „Young Georgian Lolitas“, „მწვანე ოთახი“, „ზუმბა“, „სუხიშვილები“. ახლა ყველა რომ ჩამოთვალო სადაც ვუკრავდი, ეს შორს წაგვიყვანს. რადგან წლების განმავლობაში ასეთი 30-მდე ჯგუფი მახსენდება. იყო დრო, როცა ცხრა-ათ ჯგუფში ერთად ვუკრავდი.

- სხვა ინსტრუმენტებზეც თუ უკრავთ?

— დიახ, ჩემთვის ყველა ინსტრუმენტზე ვუკრავ, მაგრამ ჩემი პროფესია მაინც დრამერობაა. საერთოდ მუსიკალური ოჯახიდან ვარ, მღერის დედა, დეიდა, ბებია და ბაბუაც მღეროდნენ. ბავშვი რომ ვიყავი, სადაც მოვიხელთებდი, ფანქრებით, კალმებით ყველგან და ყველაფერზე „ვდრამერობდი“, ეს ნიჭი ჩემს ბიჭზეც გადავიდა — ისიც ასეა. საერთოდ რიტმის შეგრძნება მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, მაგრამ გარდა ინტერესისა, დრამერობას სწავლა უნდა, საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი.

© FB/ Tskhoidze Ninoგურამ მაკალათიას ვაჟი
გურამ მაკალათიას ვაჟი - Sputnik საქართველო
გურამ მაკალათიას ვაჟი

- დღეს გაქვთ საკუთარი მუსიკალური სამყარო, კლუბი სახელად “Goofy Land“…

— როცა „ბანდეროლიდან“ წამოვედით „Goofy Land“ მაშინ გავაკეთეთ. ეს ის ადგილია, სადაც გვინდოდა, რომ კარგი მუსიკისგან ყველას სიამოვნება მიეღო. ზოგადად ჩემი პოპულარობაც ამის დამსახურებაა. ჩვენ ტელევიზიიდან წამოსული ემოცია შეიძლება ითქვას, არ დავკარგეთ და ამ ფორმატში გადმოვიტანეთ. საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს იქ, სადაც ახლა ვარ. ძირითადში მე ვწყვეტ როგორ და რა უნდა იყოს. დღეს აქ მოსულმა ხალხმა უკვე იცის, რომ აუცილებლად გაერთობა, ისიამოვნებს, კარგ მუსიკას მოუსმენს და კარგ ხასიათზე დადგება. მიხარია, რომ დღეს აქ ლამის მთელი ქვეყანა დადის…

 

ყველა ახალი ამბავი
0