სიმღერით შესწავლილი ქართული ენა, ანუ ისრაელში დაბადებული ჩვენებური სიყვარული

© FB/ Mario Tzurშაი გალი
შაი გალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, სიყვარული შვილებს გენებით მართლა გადაეცემა და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა ებრაელი მომღერლის, შაი გალის ამბავი მოვისმინეთ. მისი მშობლები, ჩვენებური, ქართველი ებრაელები, ჯერ კიდევ 70-იან წლებში ამოვიდნენ ისრაელში და თან ქართული მიწის სიყვარული წამოიღეს.

ამაში გადაჭარბებული არაფერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ისრაელში დაბადებულ- გაზრდილი შვილი ქართულად არ და ვერ ამღერდებოდა. თანაც, უცნაური ისაა, რომ მან ჯერ სიმღერა დაიწყო ქართულად და შემდეგ კი — ლაპარაკი. პროფესიით ეკონომისტს დღეს საკუთარი კომპანია „SHAY GAL AFAKO" და ანსამბლი „Sunrise” აქვს. მის ქართულად ნამღერ სიმღერებს ისრაელში კარგად იცნობენ. ნიჭიერ მომღერალს ისრაელში დავუკავშირდით. 

© FB/ Shai Galშაი გალი
შაი გალი - Sputnik საქართველო
შაი გალი

- შაი, როგორია თქვენი ცხოვრების ამბავი, მოგვიყევით…

— მე ვარ შაი გალი (გაგოლაშვილი), 28 წლის, ვცხოვრობ ისრაელში, ქალაქ ორ-იჰეუდაში, რომელიც თელ-ავივთან ახლოსაა. ისრაელში ვარ დაბადებული, სკოლაც აქ მაქვს დამთავრებული. ქართული ლაპარაკი და სიმღერა მშობლებმა მასწავლეს. ჩემი მშობლები ქართველი ებრალები არიან, ისინი ისრაელში 1973 წელს ჩამოვიდნენ. მაშინ როცა საბჭოთა კავშირმა პირველად გახსნა გზები და მათ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. დედა ცხინვალში დაიბადა, მამა — სურამში. ბედმა ისე ინება, რომ მათ ერთმანეთი ისრაელში გაიცნეს და შეუყვარდათ, რასაც ქორწინება და დაოჯახება მოჰყვა. ოჯახში სამი ძმა ვართ, მე უფროსი გახლავართ. 

- ქართული ენა და კულტურა ალბათ მშობლებმა შეგაყვარეს…

— დიახ, მშობლებს ჩემს კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით. პატარა ასაკიდან ვმღერი. ოჯახში ხშირად ვუსმენდით და ვუსმენთ ქართულ ჰანგებს, რამაც ჩემზე გავლენა იქონია და ქართული კვალი დატოვა. მათ პატარაობიდანვე ჩაგვინერგეს ქართული ენის სიყვარული, შეგვაყვარეს ქართული ცეკვა, სიმღერა, ქართული კულტურა და ტრადიციები. ქართულ ცეკვაზე ექვსი წლიდან დავდიოდი. ბევრჯერ მაქვს მიღებული მონაწილეობა ქართულ და ივრითულ საღამოებზე, ღონისძიებებზე, სადაც ჩემი გამოსვლა ხშირად მხურვალე ტაშით და ოვაციით დამთავრებულა. 13 წლისამ ცეკვა მივატოვე და დავტოვე ჩემი საყვარელი გუნდი, რათა პირველ პლანზე  სწავლა-განათლება ყოფილიყო.

© FB/ Shai Galშაი გალი მეუღლესთან ერთად
შაი გალი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
შაი გალი მეუღლესთან ერთად

- ქართულად როდის ამღერდით?

— წლების განმავლობაში ვიყავი ქართულ ფოლკლორულ ანსამბლში, რამაც უფრო და უფრო გააღრმავა ჩემში ქართული კულტურისადმი სიყვარული… გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემში სიმღერით გატაცება აღმოვაჩინე. ოჯახში სიმღერას ორივე ენაზე ვუსმენდით, ამიტომ მოგვიანებით გადავწყვიტე, რომ ქართულადაც მემღერა, ანუ ჩემში ის სხივი გაჩნდა, რომელიც ბავშვობიდანვე მქონდა. 

- გამოდის, რომ ჯერ ამღერდით ქართულად და წერა-კითხვა მოგვიანებით დაიწყეთ…

— ქართული სიმღერით რომ დავინტერესდი, ძალიან მალე, 16 წლის ასაკში ამან განაპირობა ის, რომ ქართული ენა უფრო კარგად მესწავლა, რისთვისაც ინტერნეტ-სივრცეში ლექსებისა და სიმღერების მოძებნა დავიწყე. ეს იმიტომ, რომ იმ სიმღერების შინაარსი და თითოეული სიტყვის მნიშვნელობა გამეგო, რასაც ვმღეროდი. როგორც იცით, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს სიმღერის შეგრძნებისთვის და მსმენელისთვის იმ ემოციის უკეთ გადაცემისთვის, რასაც სიმღერის ყოველი სიტყვა გადმოსცემს. ამ ყველაფერში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩემს მშობლებს და ნათესავებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს, რომ ქართული ენა და სიმღერა მესწავლა და მეგრძნო. ჩემმა შრომამ და ინტერესმა გამოიწვია ჩემი ქართულად მეტყველების გაუმჯობესება, რაც სიმღერის დროსაც იგრძნობა. 

© FB/ Shai Galშაი გალი
შაი გალი - Sputnik საქართველო
შაი გალი

- შაი, რა გზა გაიარეთ, სანამ პოპულარული გახდებოდით? 

— თავიდან მხოლოდ შინაურებში და ამხანაგებთან წვეულებებში ვმღეროდი, რაც სულიერად მავსებდა. მეამაყებოდა, რომ საშუალება მქონდა ჩვენი, ქართული კულტურა შემენარჩუნებინა, ამას გარშემომყოფებში ყოველთვის განცვიფრება მოჰყვებოდა ხოლმე.18 წლის ასაკში ისრაელის ყველა მოქალაქის ვალი — ჯარის მოხდაა, ამიტომ, რა თქმა უნდა, მეც ერთ-ერთი მათგანი გავხდი. სამი წლის განმავლობაში მოვიხადე ჩემი სამშობლოსადმი ვალი და ჯარის დამთავრებისთანავე პირველი მუსიკალური ჯგუფი შევქმენი. ასევე აუცილებელი იყო და უმაღლესი განათლება მივიღე, 26 წლისამ ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე. დღესდღეობით მაქვს კომპანია "SHAY GAL AFAKO " და ანსამბლი „Sunrise”. ჩემს შემოქმედებას კორპორატიულ საღამოებზე, ოჯახურ ზეიმებსა და ქორწილებში ვაჩვენებდი. ამით გავითქვი სახელი და უფრო მოგვიანებით ყველამ გაგვიცნო. ამას მოჰყვა ტელევიზიებში ჩვენი მიწვევა, კონცერტებზე გამოსვლა, სხვადასხვა გადაღებებში ჩვენი მონაწილეობა. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი იყო, როცა რუსთაველის თეატრში მიმიწვიეს და მონაწილეობა მივიღეთ გრანდიოზულ სცენაზე პარლამენტის და მერიის წარმომადგენლების წინაშე. ეს საღამო ქართველი და ებრაელების 26–საუკუნოვან მეგობრობას მიეძღვნა. 

© FB/ Shai Galშაი გალი
შაი გალი - Sputnik საქართველო
შაი გალი

- ვიცი, რომ თბილისში კლიპიც გადაიღეთ…

— დიახ, ორი თვის წინ ნატვრა ამისრულდა და თბილისში, ქართულ ენაზე კლიპი გადავიღე. მან ინტერნეტ-სივრცეში დიდი მოწონება დაიმსახურა, ბევრი გაზიარება და თბილი სიტყვები მოჰყვა. ამ სიმღერის მუსიკა და სიტყვები კომპოზიტორ შოთა ქოქიაშვილს ეკუთვნის. ბევრს ჰგონია, რომ ეს სიმღერა საქართველოში შექმნა. რადგან ის ქართულ გრძნობებს გადმოსცემს, მაგრამ მე ამაყი ვარ, რომ საშუალება მომეცა ამ უნიჭიერეს პიროვნებასთან ერთად მემუშავა. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ სიმღერა „თბილისზე“ ისრაელის წმინდა მიწაზე დაიწერა და ისევ ადასტურებს საქართველოს მიმართ იმ მონატრებასა და სიყვარულს, რაც ქართველ ემიგრანტებს აქვთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში შრომა გავაგრძელო იმისთვის, რომ  მომავალ თაობებსაც გადავცე ქართული ენისადმი სიყვარული, ჩემი მიზანია, ქართული კულტურა შევინარჩუნოთ.  

© FB/ Shai Galშაი გალი
შაი გალი - Sputnik საქართველო
შაი გალი

- შაი, შენს მუსიკალურ კარიერაში მთელი სანათესაოა ჩართული…

— ამჟამად ვმუშაობ ახალ ალბომზე და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მომიწევს კონცერტებზე მონაწილეობის მიღება და ახალი კლიპების გადაღება. ამაში მართლა მთელი ჩემი ნათესაობაა ჩართული, მათ დიდი სიყვარული აქვთ ქართული ხელოვნებისადმი. ქართული მუსიკით ყველა ხალისობს და მასზე სიამოვნებით ცეკვავენ. ამ წმინდა მიწიდან ყოველივე საუკეთესო მინდა გისურვოთ ყველა იმ მსმენელს, რომლებმაც ჩემდამი სიყვარულის სიტყვები და მოწონება არ დაიშურეს. ეს იმის სტიმულს მაძლევს, რათა სულითა და გულით გავაგრძელო ის, რაც მიყვარს და რაც აქამდე შევქმენი. ყველაფერი ჩემი მსმენელის დამსახურებაა და ბედნიერი ვარ, რომ ისინი მჩუქნიან სიყვარულს, რასაც ყველა ხელოვანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს…


ყველა ახალი ამბავი
0