მოხუცი ხოტაბიჩი და ზინედინ ზიდანი...

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიზიდანი
ზიდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ჩემო საოცრად საყვარელო და ახლობელო თანამეაივნეებო, დღეს მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ და რომ ამოდიხართ დაუზარავად ამ ჩვენ აივანზე.

ზოგჯერ თქვენ მიხდით ხოლმე მადლობას, როდესაც რამე ახალს გაიგებთ ჩემგან. სინამდვილეში კი მადლობა მე მაქვს გადასახდელი, რადგან, როცა თქვენთან შესახვედრად ვემზადები, მე თვითონ ვიგებ და ვსწავლობ ამდენ ახალს.

აი, მაგალითად, ამ ჩვენ აივნობამდე ფეხბურთში ისე ვერკვეოდი, როგორც მოხუცი ხოტაბიჩი, რომელსაც ვერა და ვერ გაეგო 22 სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი რატომ დასდევს ასე გამალებით ერთ ჩვეულებრივ ბურთს. და როდესაც ჩემ ოჯახში მამაკაცები ჩაუსხდებოდნენ ხოლმე ფეხბურთს, სულ ვნატრობდი ისევ იმ ხოტაბიჩად გადაქცევას და თამაშის ისე წარმართვას, რომ საფეხბურთო მატჩის შემდეგ ჩემიანები კარგ ხასიათზე დამდგარიყვნენ.

დღეს კი ისე გავთამამდი, რომ ჩვენ აივანზე მოვიწვიე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე, წარმოშობით ალჟირელი ზინედინ ზიდანი, რომელიც სამჯერ (1998, 2000 და 2003 წლებში) აღიარებულ იქნა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, 1998 წელს, როგორც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა, მიიღო „ოქროს ბურთი“, 2004 წელს UEFA-ს ვერსიით აღიარებული იყო ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელად, 2016 წელს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელის წოდება მიენიჭა, „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, „რეალის“ შემადგენლობაში — ესპანეთის ჩემპიონატი, 1994-2006 წლებში გამოდიოდა საფრანგეთის ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც გახდა მსოფლიოს (1998) და ევროპის ჩემპიონი (2000). 2016 წლიდან კი „რეალის“ მთავარი მწვრთნელია. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ ზიდანი მიიღებს 11-12 მილიონ ევროს წელიწადში (სუფთად) და გახდება „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მწვრთნელი.

ხომ ხედავთ, ფეხბურთმა როგორი აზარტში ჩაგდება იცის… კინაღამ დამავიწყდა, მეთქვა, რომ ზინედინ ზიდანი დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1972 წლის 23 ივნისს ქალაქ მარსელში.

ეს გახლდათ ზინედინის 10 საუკეთესო გოლის ერთ-ერთი ვერსია. მე თვითონ მიკვირს, მაგრამ სამჯერ ვნახე და უდიდესი სიამოვნება მივიღე, როგორც, მაგალითად, ვიღებ პოეზიისგან, ან ოპერისგან.

ჩვენი მამაკაცების ფეხბურთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და ამ საკითხში მათი აბსოლუტური ცოდნა რომ ვიცი, დღეს ძალიან ვფრთხილობ, რამე არ შემეშალოს. ამიტომ, მე მგონი, უმჯობესია, რაც ნაკლებად შევიჭრები ფეხბურთის დეტალებში — „კუთხურებში“, „ფინტებში“, „პენალტებში“, „მკვდარ ბურთებში“, და მეტ ყურადღებას დავუთმობ ზიდანს, როგორც სპორტსმენსა და პიროვნებას.

ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ზინედინ ზიდანი ამბობს — „როდესაც მე გმირს მიწოდებენ, მეცინება. მე არაფერ სასწაულს არ ვაკეთებ და არავინ არ გადამირჩენია. უბრალოდ, სავარაუდოდ, ვაკეთებ იმას, რომ ადამიანებს მოსწონთ და სიამოვნებთ უყურონ ჩემ თამაშს, და ჩემთვის ეს დიდი ბედნიერებაა“.

ერთხელაც ტელეინტერვიუს დროს წამყვანი ზიდანს შეეკითხა — „როგორ დასრულდება მატჩი ბრაზილია — ზიდანი?“ ზიდანმა კი უპასუხა — „ცალკე აღებული ზიდანი არაფერს არ ნიშნავს, ზიდანი ერთი მთლიანი გუნდის, შესაძლოა, ნიჭიერი, მაგრამ მაინც პატარა შემადგენელი ნაწილია“.

ზიდანი ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ვერ იტანს პროვოკაციებს მოედანზე.

ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ 2006 წლის 9 ივლისი, ბერლინის სტადიონი, სადაც გაიმართა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი იტალია–საფრანგეთი. ეს თამაში ყველას დაამახსოვრდა იმით, რომ 109-ე წუთზე ზიდანმა მთავარი მსაჯისგან, არგენტინელი ორასიო ელისონდოსგან წითელი ბარათი მიიღო, რადგან მკერდში თავი დაარტყა მარკო მატერაცის. მოგვიანებით თავად ზიდანმა თავისი საქციელი ასე ახსნა — მან სთხოვა მატერაცის, რომ მას თავი დაენებებინა მისი მაისურისთვის, რომელსაც ებღაუჭებოდა, რის შემდეგაც მატერაციმ შეურაცხყოფა მიაყენა ზიდანის ოჯახს. ზიდანმა კი თავი ვერ შეიკავა… ამ ინცინდენტის ირგვლივ კამათი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. მარკო მატერაციმ წიგნიც კი დაწერა ამ თემაზე. ინციდენტის შემდეგ ზიდანმა განაცხადა, რომ ძალიან წუხს, რომ თავისი გუნდი დააღალატა. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მთავარმა მსაჯმა ელისონდომ, რომელიც იმ დროსითვის პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრად ითვლებოდა და კიდევ 6 წლის განმავლობაში ოფიციალური საფეხბურთო მატჩების მომსახურების უფლება ჰქონდა, რამდენიმე თვეში დაასრულა პროფესიული კარიერა.

რაც შეეხება ზიდანს, მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა კიდევ უფრო ადრე, სწორედ იმ საბედისწერო მატჩის შემდეგ. ის წავიდა თავისი კარიერის პიკზე, წავიდა გამარჯვებული. არადა, ალბათ, ერთ-ერთი უდიდესი ნიჭია სპორტიდან და სცენიდან დროულად წასვლა…

ზინედინმა თავისი მეუღლე ვერონიკა ფერნანდესი გაიცნო 1988 წელს. 1994 წლის მაისში კი ისინი დაქორწინდნენ. ჰყავთ ოთხი ვაჟი — ენცო (1995 წ), ლუკა (1998 წ), თეო (2002 წ) და ელიას  (2005 წ) ზიდანები. ზინედინი არის სამაგალითო მეუღლე და მამა. იმასაც კი ჰყვებიან, რომ მისი გადასვლა მადრიდის „რეალში“ იმითაც იყო განპირობებული, რომ მის ესპანელ მეუღლეს არ მოსწონდა ტურინის კლიმატი და მან ზინედინს „იუვენტუსის“ გუნდიდან გადასვლა სთხოვა. დღეს ზიდანი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ოჯახს, მისი შვილები გამოირჩევიან იმით, რომ სათუთად იცავენ ოჯახურ ტრადიციებს, უფროსი, ენცო კი უკვე „რეალის“ შემადგენლობაში თამაშობს საკუთარი მამის მეთვალყურეობის ქვეშ.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალი“ ზინედინ ზიდანის მეთაურობით და თამადობით გახდა ესპანეთის ჩემპიონი (2016/17), UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2015/16, 2016/17), UEFA-ს სუპერთასის მფლობელი (2016), საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებული (2016).

სანამ შესანიშნავი საფეხბურთო კლიპით, დაგემშვიდობებოდეთ, მინდა ცოტა გეჭორაოთ: ჯერჯერობით გაურკვეველია, დატოვებს თუ არა „რეალს“ კრიშტიანუ რონალდუ. გუშინ ზიდანმა ჟურნალისტს გაბრაზებულმა განუცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს. მასმედია კი აქტიურად იუწყება, რომ რონალდუ გადადის პარიზის საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენში“.

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და ფეხბურთივით აზარტულ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0