ქართული აბრეშუმი ნიუ-იორკში და ლოგო N&N Gagoshi დები გაგოშიძეების ნახელავებზე

© FB/ Nana Gagoshidzeნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი
ნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში" წარმოგიდგენთ ამერიკაში მცხოვრებ ხელოვანს ნანა გაგოშიძეს.

საქართველოზე რომ აბრეშუმის გზა გადიოდა, ამერიკაში, ალბათ, ეს ისტორიული ფაქტი უმრავლესობისთვის არც არის ცნობილი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯორჯიას ხსენებაზე პირველ რიგში ქვეყნის ერთ-ერთი შტატი ახსენდებათ. თუმცა, ნიუ-იორკში დღეს უკვე იმდენი ნიჭიერი შემოქმედი ქართველია, რომ ალბათ ის დროც მოვა, როცა საქართველოზე, ჩვენს ისტორიასა და კულტურულ ტრადიციებს რომ ეკადრება, ისეთი წარმოდგენა შეექმნებათ.

იმ ნიჭიერ ქართველებს შორის, ვინც ამ უზარმაზარ მეგაპოლისში ცხოვრობს, წარმოშობით ლაზი დები ნანა და ნინო გაგოშიძეებიც არიან. მათ მიერ შექმნილ აბრეშუმის ნახელავებს ლოგოთი N&N Gagoshi ოკეანის მიღმა საკუთარი მომხმარებელი ჰყავს. ნივთებისა და აქსესუარების შექმნის დროს ისინი იყენებენ მხოლოდ ქართულ აბრეშუმს, რომელიც ფაქტურით მსოფლიოს ყველა ქვეყნის აბრეშუმზე ძვირფასია. ნანა გაგოშიძეს ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

© FB/ Nana Gagoshidzeნანა გაგოშიძე გამოფენაზე ნიუ-იორკში
ნანა გაგოშიძე გამოფენაზე ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
ნანა გაგოშიძე გამოფენაზე ნიუ-იორკში

– ქალბატონო ნანა, რამდენადაც ვიცი, აკადემია არ გაქვთ დამთავრებული, პროფესიით ვინ ბრძანდებით?

— აკადემია არ დამიმთავრებია, 28-წლიანი სტაჟის მქონე ადვოკატი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი სპეციალობა, თუმცა რთულია ამდენი წელი ადამიანის უფლებების დამცველი იყო და ბევრ სახელმწიფო სტრუქტურასა და მოწინააღმდეგე მხარესთან გიწევდეს ურთიერთობის გარკვევა. ასეთი დაძაბული საქმიანობის შემდეგ ჩემთვის დასვენების საუკეთესო საშუალება ხატვა, ან რაიმე აქსესუარის შექმნა იყო.

© FB/ Nana Gagoshidzeნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი
ნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი - Sputnik საქართველო
ნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი

– ქართული ტრადიციული აბრეშუმით როდის დაინტერესდით?

— საერთოდ ძალიან ინტერესიანი ადამიანი ვარ, მინდა ყველაფერი ვისწავლო და ჩემებურად გავაკეთო. ყოველთვის ძიების პროცესში ვარ და მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები. როდესაც პირველად ქართულ აბრეშუმს, მის ჭუპრს შევეხე, მივხვდი, რომ ამ საოცარი მასალით რაღაც ახალი უნდა შემექმნა.

– და ერთხელაც საკუთარი ტექნოლოგია გამოიმუშავეთ?

— როცა ქართული აბრეშუმით სურათების, კერძოდ, პეიზაჟების ხატვა დავიწყე, მივხვდი, რომ არც ისე ადვილი იქნებოდა ამ მასალის იმ კონდიციამდე დამუშავება, რომ ნახატი (აბრეშუმის მასალით) ისე გადამეჭიმა ჩარჩოზე, როგორც, ვთქვათ, ტილო ან ბატიკა. მოკლედ, დავიწყე ძიება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა და რასაც დიდი დრო მოვანდომე. თუმცა ჩემ მიერ გამოგონილი ტექნიკის მეშვეობით აბსოლუტურ სრულყოფილებას მაინც მივაღწიე. ჩემ მიერ შექმნილი აბრეშუმის ტილოები ისევე გაუძლებს დროს, როგორც სხვა ნებისმიერი ნახატი (რა თქმა უნდა, შენახვის შესაბამისი პირობების დაცვით). დღევანდელი გადმოსახედიდან ადრე შექმნილი ნამუშევრები დღევანდელისგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

© ნანა გაგოშიძის პირადი არქივინანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი
ნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი - Sputnik საქართველო
ნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი

– საქართველოში როდის და სად გამოიფინა თქვენი ნამუშევრები?

— დაახლოებით 13 წლის წინ დავინტერესდი იმით, თუ როგორ იქმნებოდა მირინოსის მატყლისგან ქსოვილი და სხვა ხელოვანებთან ერთად პირველი კოლექცია მოვამზადე. სამხატვრო აკადემიის ინიციატივით ჩემი ნამუშევრები მაშინ შარდენზე არსებულ სამხატვრო აკადემიის გალერეაში გამოიფინა. ყველა ნამუშევარი ჩემი დამღლელი, გიჟური სამუშაო გრაფიკის ხარჯზე შეიქმნა. მაშინ მოწყობილ წითელ ხალიჩაზე ჩვენ მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები სააგენტო „ნატალის“ მოდელებმა წარმოადგინეს. ეს იყო ჩემი ნამუშევრების პირველი გამოფენა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გია ბუღაძეს და ქალბატონებს თინათინ კლდიაშვილსა და ლელა კულიანს.

© ნანა გაგოშიძის პირადი არქივინანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი
ნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი - Sputnik საქართველო
ნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი

– ამერიკაში თქვენ დასთან ერთად მუშაობთ…

— დიახ, ამერიკაში სურათებსა და აქსესუარებზე ჩემ დასთან ნინოსთან ერთად ვმუშაობ. მე და ჩემ დას ირგვლივ მყოფი საგნების მიმართ განსხვავებული ხედვა ბავშვობიდანვე გვქონდა. შეგვეძლო უბრალო ქსოვილი, ტანსაცმელი ან ნივთი განსხვავებულად წარმოგვეჩინა. ცელქი და ხიფათიანი ბავშვები ვიყავით და მხოლოდ ხატვა ან ჭრა-კერვა გვაწყნარებდა. ნინო არაჩვეულებრივი გემოვნების ხელოვანია, პროფესიით მედიცინის მუშაკია. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ – ვხატავთ და იდეებს ვამუშავებთ.

– თქვენი ყველა ნახელავი ქართული აბრეშუმისგანაა შექმნილი?

— დიახ, ყველა სურათი და ნივთი მხოლოდ ქართული აბრეშუმისგან არის შექმნილი — აბრეშუმის პარკებითა და აბრეშუმის მატყლით. ამით ქართული აბრეშუმის პოპულარიზაციას ვეწევი და ჩემი დიდი სურვილია საქართველოში ამ დარგის აღორძინება-განვითარება, რათა ჩვენი ქვეყანა აბრეშუმის წარმოების ცენტრი გახდეს.

© FB/ Nana Gagoshidzeნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი
ნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი - Sputnik საქართველო
ნანა და ნინო გაგოშიძეების ნახელავი

– ამერიკელებს შორის უკვე გყავთ ერთგული მომხმარებელი?

— უთხელესი თექით და მირინოსის თხელი ფთილებით ჩვენ მიერ დამზადებული შარფები აქ უკვე ბევრი გაიყიდა, რადგან ამ ნამუშევრებმა ამერიკელებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი ქამრებთან ერთად კომპლექტში შეიძინეს. ადგილობრივებმა უკვე კარგად გამიცნეს. პირველად ჩემი ნამუშევრები ქალაქ ბელმარში, Torche Galery-ში გამოიფინა. ნიუ-იორკში კომპანია Madatart-ის მიერ მოწყობილ გამოფენაში ოთხჯერ მივიღეთ მონაწილეობა. აგრეთვე აქ ჩატარებულ არტ-ფესტივალში, რისთვისაც მადლობას ვუხდი Madatart-ის დამფუძნებელს, ქალბატონ მარიტა დამენიას, რომელიც ამერიკაში ქართულ სულს აცოცხლებს.

© FB/ Nana Gagoshidzeნანა და ნინო გაგოშიძეები გამოფენაზე
ნანა და ნინო გაგოშიძეები გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ნანა და ნინო გაგოშიძეები გამოფენაზე

– ბრენდის დარეგისტრირების სურვილი არ გაქვთ?

— ნამდვილად მაქვს, ამერიკაში მინდა დავაპატენტო აბრეშუმით ხატვის ტექნოლოგია, რომელიც ჩემ მიერაა შემუშავებული და მომავალში დავარეგისტრირებ როგორც ბრენდს. ყველა ნამუშევარზე ჩვენი ლოგოა — N&N Gagoshi. ეს ჩვენი ნამდვილი გვარია, წარმოშობით ლაზები ვართ, დარბევის შემდეგ რაჭაში აღმოვჩნდით და ჩვენ გვარს ძე დაემატა. საქართველოში დედა და მეგობრები მყავს, იქ ყველა და ყველაფერი მენატრება, განსაკუთრებით, ჩემი სახელოსნო „პლეხანოვზე“, ჩემი იტალიური ეზო, ჩემი ნიკორწმინდა და რაჭა — ჩემი დიდი სიყვარული…

 

ყველა ახალი ამბავი
0