ვაჩნაძიანთ ტურფა ქალო, ლამაზების დედოფალო

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინატო ვაჩნაძე შვილებთან ერთად
ნატო ვაჩნაძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე აფეთქებული ბროწეულის ხეც კი, ასე რომ გვაწონებს თავს, უკან დაიხევს, სავარაუდოდ, მზეც მორცხვად ღრუბელს მიეფარება, რადგან ჩვენ კიბეზე, რომელიც პატივისცემის ნიშნად ოდნავ დაიდაბლებს საფეხურებს, თავის თავადურ ფეხს ისეთი შესანიშნავი და ყველაფრით შემკული მანდილოსანი შემოდგამს, რომელიც მსოფლიოში გამორჩეულ ქართველ მანდილოსნებშიც კი გამოირჩეოდა.

და ეს ბრძანდება ღვთაებრივი და უნიჭიერესი ქალბატონი ნატო ვაჩნაძე (ნატალია ანდრონიკაშვილი), რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1904 წლის 14 ივნისს ქალაქ ვარშავაში.

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ვერც ერთი ფოტო და ვერც ერთი კადრი სინამდვილეში ვერ გადმოსცემს ნატო ვაჩნაძის მშვენიერებას. ეს ერთხელ მითხრა ჩემმა ბებიამ, რომელიც თავადაც საკმაოდ ლამაზი ქალი იყო და იცოდა ქალების შეფასება. მან მომიყვა — ერთხელ ქუჩაში დავინახე ნატო ვაჩნაძე და ისეთი ლამაზი იყო, პატარა გოგოსავით უკან გავეკიდეო.

ნატო ვაჩნაძეს ლექსებს უძღვნიდნენ ჩვენი უდიდესი პოეტები გიორგი ლეონიძე, იოსებ ნონეშვილი…

ხოლო სიმონ ჩიქოვანმა ქალბატონ ნატოზე ბრძანა: „ამ ადამიანის ხაზგასმით ქართული სილამაზე მოგვევლინა როგორც საქართველოს წარსულის, დღევანდელობის და მისი ბუნების ნაწილი. ამიტომ იყო, რომ მისი მშვენება ასეთ ჰარმონიაშია ქართულ ბუნებასთან. თავისი სილამაზის მეშვეობით მან თითქმის წაშალა საზღვარი სინამდვილესა და ხელოვნების სამყაროს შორის“.

ნატო ვაჩნაძემ საოცრად საინტერესო ცხოვრება გაიარა. ალბათ მის ცხოვრებაზე გადაღებული მხატვრული ფილმი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იქნებოდა.

საოცარი კიდევ ის არის, რომ მას არასდროს უფიქრია მსახიობობაზე, მაგრამ ბოლოს ქართული კინემატოგრაფიის მშვენება, სულისჩამდგმელი და ლეგენდა გახდა.

მისი სამსახიობო კარიერა იმით დაიწყო, რომ როცა ანდრონიკაშვილების განუმეორებელ მამულში  ბრძანდებოდა, იქ მიაგნო ძალიან ცნობილი რეჟისორის ამო ბეკ-ნაზაროვის მიერ (რომელსაც ნატოს ფოტო შემთხვევით უნახავს რუსთაველის გამზირზე შიხმანის ცნობილი ფოტოატელიეს ვიტრინაში) გამოგზავნილმა მეორე რეჟისორმა შაქრო ბერიშვილმა.

ისე, ახლა გამახსენდა: ნატო ვაჩნაძე ატელიეში გამოკრული ფოტოს მეშვეობით გახდა კინომსახიობი, ხოლო ბებიაჩემი ასევე ატელიეში, ოღონდ ჭიათურაში გამოკრული ფოტოთი… გათხოვდა. ბაბუაჩემმა, პოლკოვნიკმა ფოტო დაინახა და მოძებნა.

იმის გათვალისწინებით, რომ ნატო ვაჩნაძე და ჩემი ბებია ალექსანდრა ბარათაშვილი თითქმის ტოლები იყვნენ, როგორც ჩანს, იმ დროს ფოტოატელიეები სერიოზულ როლს ასრულებდნენ ქალბატონების ბედსა და კარიერაში…

ნატო ვაჩნაძეზე შეყვარებული იყო ყველა — ბავშვებიდან დაწყებული, დიდებით დასრულებული.

ის მარტო საოცრად მომხიბვლელი კი არ იყო, რაღაც სხვა შარმი გააჩნდა და სხვანაირად გულწრფელი იყო. სწორედ ყველაფერი ეს, ერთად აღებული, იყო იმის მიზეზი, რომ მის ფილმებზე (მან კი დაახლოებით 30 ფილმში ითამაშა) დარბაზები გადავსებული იყო.

ქალბატონი ნატო სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად ის ძალიან ახალგაზრდა კახეთში გათხოვდა და გაჰყვა მერაბ ვაჩნაძეს. მათ გაუჩნდთ ვაჟი – თენგიზ ვაჩნაძე.

მისი მეორე მეუღლე გახდა იმ დროისათვის ახალგაზრდა და ნიჭიერი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. გუშინ პირველად ამოვიკითხე ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი: თურმე, ბატონი ნიკოლოზი დიდი ხანი იყო შეყვარებული ნატოზე, მაგრამ ვერ უმხელდა, ხოლო მათ შეუღლებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ვლადიმერ მაიაკოვსკიმ. ერთხელ პოეტის თბილისში გამართულ საღამოზე ნატო ვაჩნაძეს და ნიკოლოზ შენგელაიას დაუგვიანიათ და მორიდებულად დამდგარან უკან. მაიაკოვსკის ისინი შეუმჩნევია და უხუმრია — რატომ დგახართ კედელთან, მოდით, ჯვარი უნდა დაგწეროთო და პირჯვარი გადაწერა. ორ დღეში კი მათ ოფიციალურად დაიწერეს ჯვარი. ამ შესანიშნავი ქორწინების შედეგად კი გაჩნდნენ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და უნიჭიერესი შემოქმედები — ბატონი ელდარ და გიორგი შენგელაიები.

ნატო ვაჩნაძე ბატონ ნიკოლოზს „ჩემი ცხოვრების რეჟისორს“ ეძახდა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზ შენგელაია 1943 წელს გარდაიცვალა.

ნატო ვაჩნაძის მესამე მეუღლე გახდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი, მეზღვაური ანატოლი კაჭარავა. მათ 1952 წლის შემოდგომაზე შექმნეს ოჯახი.

ქალბატონი ნატო გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით. ის იყო ძალიან უბრალო, ადამიანური, სათნო. არასდროს არ სჭირდა „ვარსკვლავური ავადმყოფობა“, თუმცა ობიექტურად ამისთვის ყველანაირი საბაბი და მიზეზი ჰქონდა.

ბატონი გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა: „ქალბატონი ნატო იყო საოცარი პიროვნება და ფანტასტიკური თამადა, ის დაუვიწყარი ადამიანია და არაჩვეულებრივი მოვლენაა ქართულ კულტურაში“.

ბატონი ელდარ შენგელაია კი იხსენებს, რომ დედა თავისი ბუნებით კეთილი და რბილი ადამიანი იყო: „ის ჩვენი დიდი მეგობარი იყო და ძალიან გვიყვარდა. მადლიერები ვართ კიდევ იმიტომ, რომ უმამოდ ვიყავით გაზრდილები და ეს სულ არ გვიგრძნია. თუ რამეზე გვქონდა საუბარი, დედა აუცილებლად გვეტყოდა, მამა ასე იფიქრებდაო. ამიტომ დედის გარდაცვალება სამივე ძმისთვის ნამდვილი დარტყმა იყო“.

ნატო ვაჩნაძე გარდაიცვალა თავის დაბადების დღეს — 1953 წლის 14 ივნისს ავიაკატასტროფაში. ის სულ 49 წლის იყო…

შესანიშნავად აქვს აღწერილი მისი წასვლა ბატონ ოთარ სეფიაშვილს: „იყო რაღაც მშვენიერიც და შემზარავიც ცაში ამაღლებულ ამ სიკვდილში… ასე მიეფარა თვალს… მკვდარიც არავის უნახავს – დაიწვა, გაქრა…

ვარსკვლავები არ კვდებიან… ვარსკვლავები ქრებიან“…

მე კი ბატონ ოთართან დიდი ბოდიშის მოხდით დავამატებდი —

არც ქრებიან, უბრალოდ, იმალებიან და შორიდან გვათბობენ…

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და ნატო ვაჩნაძესავით შესანიშნავ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0