ქართველი დიზაინერის ფეხსაცმელები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და უჩვეულო კოლექციები

© Courtesy by Natia Tsirekidzeმადონა ხარატიშვილი
მადონა ხარატიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მადონა ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელები ჩვენში დიდი ხანია ბრენდია. მისი შემოქმედებითი „ავანტურა“ უკვე უცხოეთშიც იხილეს და მოიწონეს. პროფესიით თეატრის მხატვარია და ფეხსაცმელზე მუშაობა 14 წლის წინ დაიწყო. მის მიერ მოფიქრებულ თითოეული მოდელს, შეიძლება ითქვას, თავისი ისტორია აქვს.

მასთან იკერავენ ფეხსაცმელს: თამარ მაყაშვილი, დუტა სხირტლაძე, ნანა მესხი, მერაბ სეფაშვილი, გია სურამელაშვილი, ზალიკო ბერგერი… ყველა ზოდიაქოს ნიშნის ხასიათიდან გამომდინარე დამზადებული ფეხსაცმელების კოლექცია პირველად ბარსელონაში გამოიფინა. ამის შემდეგაც განსხვავებული კონცეფციის კოლექციაზე არაერთხელ იმუშავა.

© FB/ Mado Kharatishviliმადონა ხარატიშვილი
მადონა ხარატიშვილი - Sputnik საქართველო
მადონა ხარატიშვილი

– ქალბატონო მადონა, როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა და რა უძღოდა მას წინ?

— ეს საქმე, ანუ ფეხსაცმელზე მუშაობა 14 წლის წინ დავიწყე. საერთოდ, პროფესიით თეატრის მხატვარი ვარ — სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. კოსტიუმების დეკორაციების ხატვა იყო ჩემი საქმე, მაგრამ ამ სფეროში ვერ ვიმუშავე, რადგან ჩვენთან ეს საქმე დაუფასებელია. შემდეგ ისე მოხდა, რომ ფეხსაცმელებით ჩემი გატაცება ძირითადად პროფესიად იქცა.

© FB/ Mado Kharatishviliმადონა ხარატიშვილი ზალიკო ბერგერთან ერთად
მადონა ხარატიშვილი ზალიკო ბერგერთან ერთად - Sputnik საქართველო
მადონა ხარატიშვილი ზალიკო ბერგერთან ერთად

– ჩემი აზრით, ქალის გარდერობსა და აქსესუარებს შორის ორ ნივთს – ჩანთას და ფეხსაცმელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მეთანხმებით?

— მეც ზუსტად ასე ვფიქრობ. პირველ რიგში, როცა ჩაცმულობაზე ვზრუნავ, ფეხსაცმლით ვიწყებ და ტანსაცმლის მთელ კომპლექტს ამის მერე ვაწყობ. ჩანთების დიდი კოლექციაც მაქვს, რომელსაც როგორც კი ჩვენ შოუ-რუმში დავდებთ ხოლმე, ეგრევე იყიდება. ჩვენ მრგვალ ბაღთან ვართ და მუდმივი მომხმარებელი გვყავს.

© მადონა ხარატიშვილის პირადი არქივიმადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი - Sputnik საქართველო
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი

– მხოლოდ ნატურალურ ტყავზე მუშაობთ?

— დიახ, ნატურალურ ტყავზე ვმუშაობ, ხელოვნურს არ ვიყენებ. ჩვენთან ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია თავისი სასურველი ფეხსაცმელი იპოვოს, ანუ ყველაფერია, რაც შეიძლება მოსწონდეს და უნდოდეს ნებისმიერი სტილის პიროვნებას. თინეიჯერებისთვისაც ვკერავთ და ნებისმიერი ასაკის ქალისა და მამაკაცისთვისაც. ბავშვის ფეხსაცმელზე მუშაობაც დიდი ხანია დავიწყეთ. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფაქტის წინაშე დავდექი, რომ საკუთარი ბავშვებისთვის ხარისხიანი ფეხსაცმლის შეძენა გამიძნელდა. ფეხსაცმელი გარეთ თუ ტყავია, შიგნით რატომღაც ტყავის შემცვლელს უკეთებენ. თანაც ხშირად ფასიც არ შეესაბამება ხარისხს. აქედან გამომდინარე, ეს ხაზიც დავიწყეთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ ექსკლუზიურ მოდელებს ვკერავთ.

© FB/ Mado Kharatishviliმადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი - Sputnik საქართველო
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი

– და ამით ქართველი პრეტენზიული მომხმარებლის პატივმოყვარეობაც დაკმაყოფილებულია, არა?

— დიახ, სხვათა შორის, ეს მოთხოვნა ქართველ მომხმარებელს ნამდვილად აქვს – ესა თუ ისე მოდელი მხოლოდ მას უნდა ეცვას, და ჩვენც ამას ვაკმაყოფილებთ. როცა კონკრეტულ მოდელზე ვმუშაობთ, მომხმარებელს აუცილებლად ვეკითხებით, თუ შეიძლება, რომ ასეთივე მეორე მოდელიც დავამზადოთ და ჩვენც მათი პასუხის მიხედვით შეთანხმებულად ვმოქმედებთ.

© FB/ Mado Kharatishviliმადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი - Sputnik საქართველო
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი

– თუ გახსენდებათ ყველაზე უჩვეულო მოდელი რა შეუკვეთავთ თქვენთვის?

— ერთხელ, მაგალითად, უნდოდათ, რომ მარცხენა ფეხსაცმელი სხვა ფერის ყოფილიყო, მარჯვენა – სხვა ფერის. წლების წინ ეს უფრო უჩვეულოდ ჩანდა, თუმცა მე ასეთად არ მომჩვენებია. ერთხელ კოლექცია სახელად „დედამიწა“ გავაკეთე. მისი არსი იყო „დაკარგული სამოთხე“. კონცეფცია ასეთი მქონდა: ადამი და ევა. წარმოიდგინეთ, ამ ფეხსაცმელებით, უკან რომ მოტრიალდებით, თითოეულს თავისი ასო ჰქონდა ამოტვიფრული და ცალკეული მოდელი თავის ისტორიას ატარებდა. მაგალითად „ა“ ადამი იყო, „ე“ — ევა, რომელიც თეთრი ფერის იყო და ტანსაცმელიც პატარძლის შესაბამისი შევუკერეთ. ამ კოლექციის ფეხსაცმელების უმრავლესობა ერთმა ჟურნალისტმა გოგონამ შეიძინა.

© მადონა ხარატიშვილის პირადი არქივიმადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი - Sputnik საქართველო
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი

– ბარსელონაში მოდის კვირეულზე, თურმე, ყველა გააოცეთ საკუთარი მოდელებით, რომლის კონცეფციაც ჰოროსკოპზე დაყრდნობით შეიმუშავეთ…

— დიახ, ასეთი იდეა გაჩნდა, რომ ფეხსაცმელები სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის მოგვემზადებინა, ანუ შთაგონება ჰოროსკოპიდან იყო. ყველა ზოდიაქოს ფეხსაცმელი ამა თუ იმ ნიშნის ხასიათისა და დახასიათებიდან გამომდინარე დავამზადეთ. სხვათა შორის, ბარსელონაში წარმოდგენილი ამ კოლექციის ნაწილი იქვე გაიყიდა, ნაწილი კი აქ ჩამოვიტანეთ. ამჟამად ეს კოლექცია, ანუ რაც დარჩა, ბაქოშია. იქიდან გამომდინარე, რომ ზოდიაქოს ნიშნები კარგად მაქვს შესწავლილი, ფეხსაცმლის მოდელის შემუშავებისას გავითვალისწინე ამა თუ იმ ზოდიაქოს ფერი და ხასიათი, მერე ამაში ადამიანის ფსიქოლოგიის ნიუანსებიც ჩავრთე.

© FB/ Mado Kharatishviliმადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი - Sputnik საქართველო
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი

– მკითხველისთვის ალბათ უფრო გასაგები იქნება, თუ კონკრეტულად გვეტყვით რომელიმე მათგანზე…

— მაგალითად, ხარის წელს დაბადებულისთვის…

– ახლა არ მითხრათ, მათთვის ფეხსაცმელი ხარის ტყავისგან დავამზადეთო…

— არა, ხარის ტყავი არ გამოგვიყენებია, გავაკეთეთ „ტანკეტკა“. მისთვის გამოვიყენეთ ბეწვი და, რადგან ეს მიწის ნიშანია, მწვანე ფერი შევურჩიეთ. თევზები — წყლის ნიშანია და ჰოროსკოპის ამ ნიშნისთვის ფეხსაცმელი მთლიანად ნარინჯისფერი ფარფლით დავამზადეთ. ფეხსაცმელი „ტყუპები“ ჩვენი ერთი მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის მეუღლემ შეიძინა. ამ მოდელის მარჯვენა და მარცხენა ცალი სხვადასხვა ფერისაა: ერთი ნარინჯისფერია, მეორე — შავი. მთლიანობაში რომ შეგეხედათ ერთად მოიაზრებოდა. ჰოროსკოპის ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია, რომ ერთ ადამიანში ორი სხვადასხვა ტიპია. ჩემ მიერ შექმნილმა მოდელებმა შარშან, გაზაფხულზე მონაწილეობა მიიღო პარიზის მოდის კვირეულზე, სადაც დიდი წარმატება მქონდა. ფატუნა ბუშიჰედიმ გააკეთა ვაზის თემაზე კოლექცია, სადაც ჩემი ფუნქცია შევასრულე და ორივეს საერთო კოლექცია გამოგვივიდა. იმ კოლექციაში შესული ფეხსაცმლის მოდელები ამოტვიფრული იყო და მხოლოდ ხელით ვიმუშავე.

© მადონა ხარატიშვილის პირადი არქივიმადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი - Sputnik საქართველო
მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი მოდელი

– ქალბატონო მადონა, თქვენი ფერწერაც არ უნდა გამოგვრჩეს…

— დიახ, მე, პირველ რიგში, მხატვარი ვარ. ფეხსაცმელები – ეს თავიდან ჰობი იყო, თუმცა მერე ისე მოხდა, რომ ეს გატაცება ძირითადი პროფესია გახდა. 23 მაისს თუმანიშვილის თეატრში პერსონალური გამოფენა მაქვს. იქ ჩემი 40-მდე ტილო იქნება გამოფენილი. ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა, ადრე მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. ასე რომ, ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ველოდები.

ყველა ახალი ამბავი
0