რას და როგორ მღერიან ბავშვები და ვინ წერს უფროსებისთვის საბავშვო სიმღერებს

გამოწერა
ამბობენ, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართო, რომელსაც ფონად, შეიძლება ითქვას, ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი საბავშვო სიმღერები გასდევს. ამ სიმღერებით ვაწონებდით თავს ოჯახში მოსულ სტუმრებს, გამოვდიოდით საბავშვო ბაღის ზეიმებზე და მარტო დარჩენილებიც სიამოვნებით ვღიღინებდით.

არის სიმღერები, რომლებზეც მთელი თაობები გაიზარდა, მაგრამ დრომ სხვა თემები, ემოცია და რიტმი მოიტანა, ამიტომ ბავშვებიც უკვე სხვა სიმღერებს და სხვანაირად მღერიან. ამ თემაზე სასაუბროდ კომპოზიტორ ნინო ჩხიკვაძეს დავუკავშირდით.

– ქალბატონო ნინო, დღეს ბავშვების რეპერტუარში ქართველი კომპოზიტორების მიერ დაწერილი ძველი პოპულარული სიმღერებია, მაგრამ თქვენ სტუდიაში მათთვის ახალი სიმღერებიც იქმნება.

— ჩვენთან, „ნუკრი კაპანაძის სიმღერის სტუდიაში“ სამი მეგობარი ვართ – ნუკრი კაპანაძე, მე და კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი. მე ვარ კომპოზიტორი და ჩემი, როგორც ავტორის შემოქმედება ნუკრის რეპერტუარში აისახა. მას უნდოდა, რომ დაგროვილი გამოცდილება ბავშვებისთვის გადაეცა, გაეზიარებინა და ამ სტუდიის შექმნაც ამიტომ მოხდა. წელიწადი არ იყო გასული, როცა დავდექით ფაქტის წინაშე, რომ რეპერტუარი უცებ ამოვწურეთ, იგი, რასაც ჰქვია, „ხელში შემოგვადნა“. მეორე წელსაც იგივე გამეორდა და ორი წელი ისევ ძველ რეპერტუარს ვამუშავებდით, ძველს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხარისხიან რეპერტუარს. არავინ ამბობს, რომ ის სიმღერები არ მოგვწონს. ასეთი კითხვაც იბადებოდა – ნუნუ გაბუნიას მიერ შექმნილი სიმღერები ცუდია? – ვინ ამბობს, რომ ცუდია?! ამ კომპოზიტორის სიმღერებზე მე და მთელი თაობები გავიზარდეთ. მერი დავითაშვილი, ვაჟა დურგლიშვილი, იაკობ ბობოხიძე და კიდევ ვინ მოთვლის… ამ ხალხის სიმღერები ჩვენს ბავშვობას ფონად გასდევს. ეს კომპოზიტორები — ოქროებია, ბრილიანტები, მაგრამ გავიარეთ უკვე, ახალი თაობები მოდის და მათ ახალი დროის სიმღერები უნდათ. მოკლედ, სტუდია დადგა პრობლემის წინაშე, რომ ახალი საბავშვო სიმღერები არ გვაქვს.

© FB/ ნინო ჩხიკვაძენინო ჩხიკვაძე
ნინო ჩხიკვაძე - Sputnik საქართველო
ნინო ჩხიკვაძე

– ალბათ ამან განაპირობა თქვენი ამ საქმიანობაში ჩართვა?

— დიახ, ასე გამოვიდა. მე პირადად საბავშვო სიმღერებს არ ვწერდი. ვწერდი ცოტას, შეიძლება წელიწადში მხოლოდ ერთი ან ორი დამეწერა. ამიტომ სწორედ ამან განაპირობა ამ საქმეში ჩემი ჩართვაც და მე საბავშვო სიმღერების ჟანრზე გადავერთე. თავიდან არც კი მიფიქრია, რომ მას ასე სერიოზულად მოვეკიდებოდი. ეს ისეთი ფერადი სამყაროა, რომელიც ყოველდღიურ, ნეგატიურ ამბებს მაცილებს. მე რაღაც სხვა სამყაროში პარალელურად მივდივარ. ამას კი თავის მხრივ მიფერადებს და მიხალისებს მარიამ წიკლაურის იუმორით გაჯერებული ლექსები, რომლებიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. აქვე სხვა ავტორებიც მინდა ვახსენო: გივი ჭიჭინაძე, მაია კარსელი, მანანა სიამაშვილი…

– თავად ბავშვები როგორ იღებენ ახალ სიმღერებს?

— ეს საქმე ჩვენთვის მარტო ბიზნეს-ინტერესი არ იყო, ეს ბავშვებისადმი სიყვარულით ნაკარნახევი ჩვენი ნამუშევარებია. როცა ჩვენთან ბავშვები მოდიოდნენ და მათ ერთსა და იმავე სიმღერებს ვამღერებდით, უკვე მორიდებული სირცხვილის შეგრძნებები გაგვიჩნდა. ეს იმიტომ, რომ იმ მშობლების მიმართ, რომლებიც თავის შვილს განდობენ, გარკვეული პასუხისმგებლობის შეგრძნება გვქონდა. ჩვენთან 40-დან 50-მდე ბავშვია, ისინი ძირითადად თბილისელები არიან.

– ცნობილია, რომ ნოდარ დუმბაძე პირველად თავის საბავშვო ახალ ლექსებს საკუთარ შვილებს უკითხავდა და ამის მიხედვით არკვევდა, ბავშვები ამა თუ იმ ლექსს მოიწონებდნენ თუ არა. თქვენ შემთხვევაში როგორ „ტესტავთ“ თქვენს სიმღერებს?

— მე, როგორც ავტორი, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოეწონებათ, იმიტომ რომ თუნდაც მარიამის ლექსებში იმდენი იუმორია, რომ ეს მათ ახალისებთ და სიმღერასაც სიამოვნებით ასრულებენ. საერთოდ მე ყველა ლექსს ჩემი ბავშვობის თვალით და ყურით ვკითხულობ, აი, მე მომეწონებოდა ეს თუ არა და აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ამ ბავშვებსაც მოსწონთ. თავიდან ვასმენინებ სიმღერას და ვეკითხები – ვიმღეროთ, ბავშვებო? ატყდება ხოლმე ერთი ჟივილ-ხივილი და ბავშვები კამათს იწყებენ, რომ არა მე ვიმღერებ ამ სიმღერას კონცერტზე და არა მეო.

© FB/ ნინო ჩხიკვაძენინო ჩხიკვაძე
ნინო ჩხიკვაძე - Sputnik საქართველო
ნინო ჩხიკვაძე

– ბუნებრივია, დღეს საბავშვო სიმღერების შესრულების მანერაც შეიცვალა…

— ადრე სამშობლოზე დაწერილი სიმღერები შესასრულებლად მართლა თავისებური იყო. ახალ სიმღერებში კი სულ სხვა თემატიკაა და ის დაკონკრეტებულია, ზოგადი არ არის. ბავშვი გაზაფხულზე კი არ მღერის, არამედ კონკრეტულად მოვლენაზე. გაჩნდა სიმღერა, მაგალითად, მტვერსასრუტზე, რომელსაც „სული აქვს“ და „ცოცხალია“, ბავშვებს იმის გააზრება უწევთ, რომ უსულო საგნები სახასიათოა – კეთილია ან სასაცილო… ისინი ამა თუ იმ ტიპაჟთან ასოცირდება. დღეს უკვე ბავშვები გვიკვეთავენ ამა თუ იმ თემაზე სიმღერას და ეს კარგია. ისინი მათ არტისტიზმით ასრულებენ, ამის ნიჭი ბევრს არა აქვს. ნუკრი ლამის ცალი ფეხით ჰკიდია ხოლმე ჭერზე, როცა ბავშვებს სიმღერას ასწავლის…

– თქვენი ბავშვობისდროინდელი სიმღერებიდან რომელი გახსენდებათ?

— მახსენდება კომპოზიტორ გურამ ბზვანელის „სიმღერა სამშობლოზე“, რომელიც ანსამბლ „მზიურის“ რეპერტუარიდანაა. მეც ხომ ბავშვი ვიყავი მაგ დროს და ეს სიმღერა დღემდე მიყვარს და ბავშვებსაც სიამოვნებით ვასწავლი. კიდევ ნუნუ გაბუნიას „ჭადრები“, რაც ჩემი დროის ყველა ბავშვმა იცის.

© FB/ ნინო ჩხიკვაძენინო ჩხიკვაძე
ნინო ჩხიკვაძე - Sputnik საქართველო
ნინო ჩხიკვაძე

– ქალბატონო ნინო, რაიმე ახალ პროექტზე ხომ არ მუშაობთ?

— ჩვენთან, სტუდიაში ერთი უჩვეულობა ტრიალებს: ეს სიმღერები იმდენად გამომსახველია იმის წყალობით, რომ ძალიან ხარისხიანი ლექსები და მუსიკა ორგანულადაა შერწყმული, რომ ნუკრი კაპანაძემ ისინი თავის რეპერტუარში შეიტანა. შემოდგომაზე ვაპირებთ ახალი პროექტის – „საბავშვო სიმღერები დიდებისთვის“ განხორციელებას. მინდა გითხრათ, რომ ასეთი რამ ჯერ არ არსებობს, ეს ჩვენი იდეა და სურვილია.

– დავაკონკრეტოთ: ამ სიმღერებში ბავშვის სათქმელია თუ უფროსების მიერ ბავშვისთვის სათქმელი?

— ეს აბსოლუტურად საბავშვო სიმღერებია, ანუ ბავშვისთვის დაწერილი სიმღერები, რომლებსაც ნუკრი კაპანაძე იმღერებს. ასეთია ჩვენი პროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მართლა ყველას დააინტერესებს.

ყველა ახალი ამბავი
0