ვერაფერს ვერ იზამ, როცა მსხალი - სამკუთხედია...

© photo: Sputnik / Анатолий Гаранин / გადასვლა მედიაბანკშიპოეტი ანდრეი ვოზნესენსკი
პოეტი ანდრეი ვოზნესენსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

შეამჩნევდით, ალბათ, რომ დღეს ჩვენი აივანი ჯადოსნურად გაახალგაზრდავდა… აი ისე, სულერთი რომ ხდება — გარეთ წვიმს თუ თოვს… მთავარია გული მღეროდეს, გულობდეს და აივნობდეს… ეს კი, დამერწმუნებით, მხოლოდ ახალგაზრდობაში ხდება ხოლმე…

დღეს ჩვენი აივნის კიბეები აღარ ჭრიალებენ… მოაჯირები გამაგრდა… სადღაც ქვევით, ცენტრალურ ქუჩებზე ასე ძალიან მონატრებული 3 კაპიკიანი ტრამვაი მიიზლაზნება… რომელზეც ქუჩის ბიჭები ეკიდებიან…

ყველა ქალბატონს, ბუნებრივი, მინი — კაბა აცვია… მოდაში იყო… თანაც თარაზულ ზოლებიანი… დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი გვაცვია… თავზე კი „აბადოკები“ გვიკეთია… აბა, ტვისტს „უაბადოკოებს“ რა გვაცეკვებდა…

ისე კი, 60-ინი წლები მართლა რაღაცა გლობალური გარდატეხის ეპოქა იყო…

„ბერლინის კედლის“ აშენება… აფრიკის კოლონიების მიერ დამოუკიდებლობის მიღწევა… აშშ-ში რასობრივი დისკრიმინიზაციის წინააღმდეგ კანონის შემოღება… ჯონ კენედის და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობები…

ლაზერის და ვიდეომაგნიტოფონის შექმნა… ადამიანის გაფრენა კოსმოსში… „ბიტლები“… მარკესის „მარტოობის 100 წელი“… ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ და უამრავი სხვა…

ხოდა, ზუსტად ამ პერიოდში „დიდ და ურყევ“ საბჭოთა კავშირში გამოჩნდა მეამბოხეთა მთელი პლეადა… მათ შორის, პოეზიაშიც… დღეს ჩვენი აივნის სტუმარია მათი ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი, პოეტი, პუბლიცისტი და არქიტექტორი, ანდრეი ვოზნესენსკი, რომელიც დაიბადა 1933 წლის 12 მაისს, ქალაქ მოსკოვში…

განწყობისთვის, მოვისმინოთ ა. ვოზნსენსკის სიტყვებზე შექმნილი რაიმონდ პაულსის სიმღერა „შეიყვარეთ პიანისტი“, შესანიშნავი ანდრეი მირონოვის შესრულებით… სხვათაშორის, მირონოვი ამ სიმღერის პირველი შემსრულებელი გახლდათ…

ანდრეი ვოზნესნსკი ლექსებს ბავშვობიდან წერდა… 14 წლის ასაკში მან გაბედა და თავისი ლექსები გაუგზავნა თავად ბორის პასტერნაკს… დიდმა პოეტმა კი ის სახლში მიიწვია… მათი მეგობრობა წლების განმავლობაში გაგრძელდა… ისინი კვიარობით, 2-დან 4 საათამდე ხვებოდნენ ერთმანეთს, სეირნობდნენ, ლექსებს კითხულობდნენ… თავად ვოზნესენსკი ამ, ცოტა არ იყოს, უცნაურ მეგობრობას (თუ გავითვალისწინებთ განსხვავებს ასაკში და მდგომარეობაში) ხსნიდა იმით, რომ პასტერნაკი სულში ყოველთვის მოზარდად რჩებოდა… და ამიტომაც ასე ჭირდებოდა და ენატრებოდა გულწრფელი ურთიერთობები…

გავა წლები და პასტერნაკი ვოზნესენსკის დაუწერს წერილს — „თქვენი შემოჭრა ლიტერატურში იყო უეცარი, სწრაფი და ქარიშხალის მსგავსი… მე ყოველთვის მიყვარდა თქვენი ხედვის, მოსმენის და გამოხატვის მანერა… საშინლად ბედნიერი ვარ, რომ თქვენს აღიარებას მოვესწარი”…

1958 წელს დაიბეჭდა პოეტის პირველი ლექსები, რომლებიც გამოირჩეოდა ექსტრავაგანტული შედარებებით და მეტაფორებით, რთული და უჩვეულო რიტმული სისტემით… კრიტიკოსები მას ადარებდნენ მაიაკოვსკისაც, პასტერნაკსაც და ამავე დროს აღიარებდნენ, რომ მას საკუთარი სტილი გააჩნდა… 1960 წელს ქ.ვლადიმირში გამოვიდა ვოზნესენსკის პირველი კრებული — „მოზაიკა“, რის გამოც მოხსნეს რედაქტორი კაპიტოლინა აფანასიევა და ტირაჟის განადგურებაც კი სურდათ… მეორე კრებული — „პარაბოლა“ გამოვიდა უკვე მოსკოვში და რამდენიმე დღეში ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა…

1963 წლის მარტში, ნიკიტა ხრუშჩოვმა, კრემლში ინტელიგენციასთან გამართულ შეხვედრაზე, მკაცრად გააკრიტიკა პოეტი — „ერთი შეხედეთ! მეორე პასტერნაკი გამოგვიჩნდა… ჩვენ პასტერნაკს შევთავაზეთ, რომ წასულიყო ქვეყნიდან… გინდათ, ხვალ პასპორტს მოგცემთ? და წადით, ჯანდაბამდე გზა გქონიათ! წაეთრიეთ, ბატონო ვოზნესენსკი თქვენს უცხოელ პატრონებთან!“ 

აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა — „ბატონო“… ყველა საბჭოთა ადამიანი იყო „ამხანაგი“… ვოზნესენსკი კი „ბატონი“…

სწორედ იმ დროს მოსკოვის ცენტრში გამოკიდეს პლაკატი, რომელზეც გამოსახული იყო მუშა, რომელსაც ცოცხით გაჰქონდა ქვეყნიდან „ნაგავი“… „ნაგავში“ კი აშკარად შეიმჩნეოდა ა.ვოზნესენსკი, თავისი პოპულარული კრებულით — „სამკუთხა მსხალი“.

იცით, ახლა ძალინ ადვილია, გამოხვიდე და წაიკითხო რაც გინდა, მითუმეტეს პოეტი თუ ხარ… ასე იტყვიაან — „საკუთარი ხედვა აქვსო… ნიჭიერიაო“… იმ პერიოდში კი პოეტების შესანიშნავი ოთხეული — ანდრეი ვოზნესენსკი, ევგენი ევტუშენკო, რობერტ როჟდესტვენსკი და შეუდარებელი, შველივით ყელმოღერებული ბელა ახმადულინა — ნამდვილ გმირობას ჩადიოდნენ… ისინი სუფთა ჰაერივით იყვნენ საჭირო და აუცილებელი…

სხვათაშორის, შარშან გამოვიდა ვასილი აქსიონოვის რომანის — „საიდუმლო ვნებების“ («Таинственные страсти») მიხედვით გადაღებული სატელევიზიო მრავალსერიანი ფილმი, რომელშიც შესანიშნავად არის გადმოცემული 60-იანი წლების ატმოსფერო… მართალია, ფილმში მთავარი გმირების გვარები შეცვლილია, მაგრამ ის, რომ ნელა ახო — ბელა ახმადულინაა, რობერტ ერი — რობერტ როჟდესტვენსკი, კუკუშ ოქტავა — ბულატ ოკუჯავა, იან ტუშინსკი — ევგენი ევტუშენკო, ანტონ ანდრეოტისი კი — ანდრეი ვოზნსენსკი, აუცილებლად მიხვდებით… თუ აქამდე ვერ მოასწარით ნახვა, ძალიან გირჩევთ… აქვე მინდა გითხრათ, რომ ევგენი ევტუშენკოს ფილმი ძალიან არ მოეწონა… ანდრეი ვოზნესენსკის მეუღლეს, ზოია ბოგუსლავსკაიას კი ფილმი მოეწონა, თუმცა, მისი აზრით, გარკვეული უზუსტობები მასში იყო დაშვებული…

აქ კი მინდა შევჩერდე შესანიშნავ ქალბატონ ზოია ბოგუსლავსკაიაზე, რომელიც ანდრეი ვოზნესენსკის გვერდით იყო ბოლო წუთამდე… მთელი 46 წლის განმავლობაში… მან ანდრეის გულისთვის მიატოვა თავისი მეუღლე, მას შემდეგ, რაც პოეტმა მას პოემა „ოზა“ მიუძღვნა… მათ საოცარი კავშირი ქონდათ… ყველაფერში თანამოაზრეები იყვნენ… თუმცა, ხშირად კამათობდნენ… მე ერთხელ მქონდა ბედნირება ახლოდან მენახა ეს შესანიშნავი წყვილი და მათ შორის ისეთი სხვანაირი ჰარმონია და აურა ტრიალებდა… რომ ყველაფერი უსიტყვოდ გასაგები ხდებოდა… ეს სიყვარულია…

ანდრეი ვოზნესენსკის რაღაც განსაკუთრებული გრძნობა აკავშირებდა საქართველოსთან… პოემაში „ანდრეი პოლისადოვი“ ის წერს თავის ქართველ დიდ ბაბუაზე (прапрапрадед), რომელიც პატარა ბიჭი რომ იყო, საქართველოდან რუსეთში ჩაიყვანეს… და ის შემდგომში გახდა არქიმანდრიტი, მურომის ხარების მონასტრის წინამძღვარი… ანდრეი ვოზნესენსკი საქართველოსთან ნათესურ კავშირს გრძნობდა… ის მოგზაურობდა და სწავლობდა ქართული მართლმადიდებლობის ისტორიას, ხლოვნების ძეგლებს… უძღვნიდა საქართველოს ულამაზეს პოეტურ სტროფებს, თარგმნიდა რუსულ ენაზე ქართველი პოეტების ლექსებს… საქრთველო მისთვის არა მხოლოდ გულთან ახლოს მიტანილი და ხელის გულზე დასმული ქვეყანა იყო… ის მას თავის მეორე სამშობლოდ თვლიდა…ამიტომაც გულთან ასე ახლოს მიქონდა ყველა ჩვენი სიხარული და ტკივილი…

ანდრეი ვოზნესენსკი უამრავი პოპულარული სიმღერის ტექსტების ავტორია… ბოლოს მინდა დავასრულო რაიმონდ პაულსის „ბისზე სიმღერით“… და კიდევ ერთხელ დავუკრა ტაში, შევძახო “ბისი“ და ქედი მოვიხარო შესანიშნავი პოეტის და პიროვნების. ანდრეი ვოზნესენსკის წინაშე…

გისურვებთ წარმატებულ, ბედნირ და ანდრეი ვოზნესენსკის პოეზიასავით თავისუფალ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0