„ბავშვობადაკარგული“ მწერალი რომელიც გარბის, ანუ ენის დავიწყებით დაკარგული სამშობლო

გამოწერა
ირაკლი შამათავა - ბავშვობადაკარგული თაობის მწერალი, ვისაც საშინელ რეალობასთან ბრძოლა ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში მოუწია. ერთ დღესაც ყველაფერს გამოქცეულმა და ბევრ ცხოვრებაგამოვლილმა ნამდვილი ამბების წერა დაიწყო.

მისი მწერლური გულწრფელობა შვიდი ლიტერატურული პრემიით, სხვადასხვა ჯილდოთი და პრიზით აღინიშნა. პროფესიით იურისტი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია, მისი მოთხრობა „კაენი და სახარება" რუსულ და  სომხურ ენებზეა თარგმნილი. რუსულად  თარგმნილი მისი ერთი მოთხრობა მსოფლიო ხალხთა პროზაულ კრებულშია შესული. მისი ნაწარმოებების უმრავლესობა აფხაზურ ენაზე გამოცემული…

© Courtesy of Irakli Shamatavaირაკლი შამათავა
ირაკლი შამათავა - Sputnik საქართველო
ირაკლი შამათავა

- ირაკლი, როგორ ფიქრობთ, 30  წლის ასაკში მიღებული შვიდი ლიტერატურული პრემია რისი აღმნიშვნელია? 

— პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ პრემია მწერლისთვის ერთგვარი სტიმულია. ამ შვიდი პრემიიდან ყველას თავისი წონა გააჩნია. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატრიარქის მიერ დაწესებული ლიტერატურული პრემია, რომელიც ილია მართლის სახელობისაა, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ორგზის და გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატიც ვარ. არაფერს ვამბობ იმ ლიტერატურულ კონკურსებზე, რომლებიც სტუდენტობის პერიოდში ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. რაც შეეხება, თქვენს კითხვას, ვფიქრობ, ეს ახალგაზრდა ავტორისთვის მეტისმეტი გათამამებაა. თითქმის ყველა კონკურსიდან გამარჯვებული ვბრუნდები, თუმცა დარჩა კონკურსები, რომლიდანაც არა პრემირებას და გამარჯვებას ველოდები, არამედ ჟიურისგან აღიარებას. ჩემთვის კონკურსი ყოველთვის ლიტერატურულ ასპარეზთან ასოცირდება.

© FB/ ირაკლი შამათავაირაკლი შამათავა
ირაკლი შამათავა - Sputnik საქართველო
ირაკლი შამათავა

- ბავშვობიდან ბევრი რამ მოგყვებათ?

— მე გალის რაიონიდან ვარ და ჩემი ბავშვობა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო. 5 წლის ვიყავი, როცა ეს ომი დაიწყო. ჩვენ უსახლკაროდ დავრჩით, ჩემი ნათესავები დღესაც იქ არიან. მაშინ ჯერ ისევ ბავშვს, ერთადერთი თვისება, რაც ჩამომიყალიბდა,- ეს იყო ბრძოლა არსებულ რეალობასთან. ის რაც ბავშვობიდან მთელი ცხოვრება მომყვება- არის გაქცევა! სულ გავრბივარ, სულ ვიღაც მომდევს, მომდევს სინდისის ხმა, გესმით, არა, რასაც ვგულისხმობ? როცა 5 წლის ასაკში საზიზღარი რეალობის წინაშე რჩები, მაშინვე ხვდები, რასთან გიწევს  შეჭიდება. ეს სწორედ იმ „ბავშვობადაკარგულ თაობაში“ მაქვს აღწერილი,- ამდენწლიანი დუმილის დასარღვევად კალამი გამოვიგონე…

- ეს თქვენთვის თავისებურად ხსნაც იყო?

— კი, ნამდვილად ხსნა იყო… წლები ვერ გავბედე, რომ ავტობიოგრაფიული ნაწარმოები დამეწერა. პირველი წიგნი 19 წლის ასაკში გამოვაქვეყნე. მე ჩვეულებრივ წერას კი არ ვგულისხმობ, არამედ პირადი განცდების გამოტანას და ავტობიოგრაფიული ტექსტების წერას. ასეთი რამ 19 წელი ვერ შევძელი… ახლა რას ვფიქრობ, იცით? რომ არა ომი- ეს შეიძლება რომ არ ყოფილიყო… მე იმას კი არ ვამბობ, რომ ომი კარგია, უბრალოდ, მან სულ სხვა საქართველო და სხვა რეალობა დამანახა. როცა ომი დაიწყო, ოჯახში ორ ენაზე ვლაპარაკობდით: ეს იყო რუსული და მეგრული,  ქართული ენა ენგურს გაღმა პრივილეგირებულ ენად არ განიხილებოდა… ამიტომ აფხაზეთი რეალურად 93 წელს კი არ დაგვიკარგავს, ეს ამბავი გაცილებით ადრე- ენის დაკარგვით, ენის კულტის არ არსებობით დაიწყო… 

© FB/ ირაკლი შამათავაირაკლი შამათავა
ირაკლი შამათავა - Sputnik საქართველო
ირაკლი შამათავა

- რა არის ირაკლი შამათავას მთავარი სათქმელი, რაც ყველა ეროვნების მკითხველს სურს, რომ გააგებინოს?

— ერთადერთი გზავნილი, ანუ რასაც ლიტერატურული ზღვარი და ღირებულება, ჰქვია, — გულახდილობაა, მკითხველის შეფასებაც ძირითადად გულახდილობას ეყრდნობა. სამყაროს ენატრება სითბო და ამის გამოხატვის ფორმა ზუსტად ეს არის, ერთადერთი, რაც გამაჩნია შემოქმედებაში ისაა, რომ მკითხველი ჩემს მაჯისცემას გრძნობს. ეს მასაზე და ფართო საზოგადოებაზე გათვლილი, ანუ „საპიარო“ ლიტერატურა ნამდვილად არ არის. როცა ჩემი ნაწარმოებები გერმანიაში გამოქვეყნდა, ჩემს მთარგმნელს ვეკითხებოდი, როგორ შეიძლება, რომ მათ ესმოდეთ თუნდაც, 90-იანი წლები, პერიოდი, რაც მეტისმეტი სენტიმენტალიზმითა და ტრაგედიებითაა გაჯერებული? ქვეყანას, რომელსაც ზღვა მასალა გააჩნია ომსა და სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით, შეიძლება, რომ ჩემს შემოქმედებას იგებდეს? მისი პასუხი ასეთია: იგებენ, რადგან ძალიან გულწრფელი ხარო.

© FB/ ირაკლი შამათავაირაკლი შამათავა
ირაკლი შამათავა - Sputnik საქართველო
ირაკლი შამათავა

- თუ გეურჩებათ ხოლმე თქვენი რომელიმე ლიტერატურული გმირი, ან არ გიჯერებთ და რაც ჩაიფიქრეთ- იმისგან განსხვავებული გამოდის?

— არაჩვეულებრივი კითხვაა… კი, ასეთიც ხდება ხოლმე. მე მაქვს ასეთი ნაწარმოები: „კაენი და სახარება“, რომელსაც ექვსი თვის მანძილზე ვწერდი და ზემოთ რაც ჩამოვთვალე, იმ ხუთ ენაზე თარგმნა პირველად სწორედ ამით დაიწყო. ის ბიბლიურ ჭრილშია დაწერილი და ბიბლიური ციტატებითაა აგებული. ბიბლიური პერსონაჟის თანამედროვე სახეზე ვწერდი, ესაა ძმათა შორის პირველი კაცობისკენ სწრაფვა, საფინალო თემა ემთხვეოდა ბიოგრაფიულ მომენტს, ანუ მამაჩემის გარდაცვალებას. როცა საფლავის ქვაზე ვიდექი და ვფიქრობდი, რომ ნეტავ, ჩემს დედმამიშვილებს შორის თუ იქნებოდა იგივე პრობლემა, რაც ნაწარმოებში მაქვს?.. ძმები, რომლებიც პირველობისკენ მიისწრაფვიან… იქ სხვადასხვა სიუჟეტებია განხილული. დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ეს პირველკაცობა ჩემი ხასიათია თუ შემდეგ შეძენილი თვისება? ერთი სიტყვით, კაენის თვისებებმა, რეალურად მეც კაენად მაქცია. ალბათ ეს იყო ჩემი ქვეცნობიერი, ანუ შინაგანი მე…

© FB/ ირაკლი შამათავაირაკლი შამათავა ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად
ირაკლი შამათავა ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად - Sputnik საქართველო
ირაკლი შამათავა ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად

- გამოდის, რომ თქვენს მიერ შექმნილმა პერსონაჟმა იმოქმედა თქვენზე?

— დიახ, ამის თქმა მინდა, რომ რეალურად თავად ამ ნაწარმოებმა განსაზღვრა ჩემი ცხოვრება და ცხოვრების სტილი, ანუ პირიქით მე შემცვალა. ზოგჯერ ისიც ხდება, რომ ჩემი ნაწარმოების პერსონაჟს ვეწინააღმდეგები, ასევე მის ხმას და შინაგან ექოს… ეს ძალიან მტკივნეულია, როცა ის გეურჩება და შენ გიწევს განსხვავებულ ასპექტში წარმართო ცხოვრება. 

-ირაკლი, ცხოვრებაში საკუთარ თავზე გიყვართ თურმე ექსპერიმენტების ჩატარება და მათგან ყველაზე დიდი ექსპერიმენტი რომელი იყო?

— ყველაზე დიდი ექსპერიმენტი იყო ის, როცა საქველმოქმედო იურისტი გავხდი- ეს უკვე ყველაფერს ამბობს. გავხდი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დღის მანძილზე სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე, სხვა ადამიანების ბედი შეცვალოს. ეს იწყება უფასო კონსულტაციით და ზოგჯერ მას რაღაც პირადიც ეწირება… ესეც ერთგვარი ექსპერიმენტია და ხასიათი, რომელიც თვითკმაყოფილებას იწვევს. 

© FB/ ირაკლი შამათავაირაკლი შამათავა პარიზში
ირაკლი შამათავა პარიზში - Sputnik საქართველო
ირაკლი შამათავა პარიზში

- ბავშვობაში გადატანილმა ომმა, რაზეც ასე ბევრს წერთ, რეალურად რა დაგანახათ?

— ომმა დამანახა სხვა ღირებულებები, ის, რასაც ჰქვია სახელმწიფოებრიობობა და ენობრივი ასპექტისადმი ყურადღება და ა.შ. რომ არა ომი, მე ახლა მწერალი კი არა, რუსულენოვანი ავტორი ვიქნებოდი.ეს ღვთით ბოძებული ნიჭია და მე აუცილებლად მაინც დავწერდი, მაგრამ არა ქართულად, არამედ აფხაზურად ან რუსულად… ერთი ნაწარმოები მაქვს „დაკარგული სამოთხის ძიებაში“, რომელიც აფხაზი გოგონას დღიურით იწყება და სწორედ იქ არის ეს პრობლემა დასმული. ერთადერთი ოცნება ის მაქვს, რომ მივბრუნდეთ აფხაზეთში და აფხაზეთზე შექმნილი ლიტერატურა იქ ჩავიტანოთ… ერთ ნაწარმოებში ასეთი რამ მაქვს ნათქვამი: რომ ომის შემდეგ ერთმანეთის ხათრით და ჯიბრით დავიწყეთ ცხოვრება. სწორედ ამ ხათრით და ჯიბრით გამართულმა ცხოვრებამ არ გაამართლა, რადგან წლები დამჭირდა იმის გასარკვევად, რომ მათ გარდა უნდა ყოფილიყო სიყვარულიც- როგორც აუცილებელი კომპონენტი. სიყვარული, რომელიც იმ ხათრს და ჯიბრსაც უფრო კეთილშობილს გახდიდა. დღეს უკვე ამ სამი კომპონენტის გათვალისწინებით ვცხოვრობ რეალურად…

 

ყველა ახალი ამბავი
0