ამერიკაში მცხოვრები ქართველი, რომელიც ცნობილი დიზაინერებისთვის ქსოვს ტანისამოსს

© courtesy of Nino Kurdadzeნინო ქურდაძე
ნინო ქურდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში" ამერიკაში მცხოვრებ ქართველ დიზაინერს ნინო ქურდაძეს წარმოგიდგენთ.

პროფესიით ბიოლოგი, 1996-2003 წლებში მცენარეთა დაცვის სამსახურში მუშაობდა. ხატვა და ხელსაქმე ყოველთვის ეხერხებოდა, თუმცა ადრე, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესღაც ამის წყალობით მუშაობას დაიწყებდა „დიზაინ სტუდიაში“, რომელიც ნიუ-იორკში მაღალი კლასის დიზაინერებს შორის საკმაოდ ცნობილია, რადგან მისი დამკვეთები იყვნენ: ოსკარ დე ლა რენტა, კელვინ კლაინი, დონა კარანი, დენის ბასო, ჰელესი, ტომი ჰილფიგერი, კაროლინა ჰერერა და ა.შ. მის მიერ დიზაინერებისთვის შექმნილი ტანისამოსი Vogue-ს ფურცლებზე აღმოჩნდა. 2008 წელს საკუთარი კომპანია დაარეგისტრირა, რომელიც ფაქტიურად „ვლად ნიტვეარის“ ქვეკონტრაქტორი გახდა. ასეთია ნინო ქურდაძის ცხოვრების შთამბეჭდავი ამბავი…

© FB/ Nino Kurdadzeნინო ქურდაძის ნახატი
ნინო ქურდაძის ნახატი - Sputnik საქართველო
ნინო ქურდაძის ნახატი

– ქალბატონო ნინო, სანამ ამერიკაში თქვენ საქმიანობაზე გადავალთ, მკითხველს ვაცნობოთ, რომ პროფესიით ბიოლოგი ხართ და საქართველოში მცენარეთა დაცვის სამსახურში მუშაობდით.

— დავიბადე თბილისში, სადაც დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1996-2003 წლებში ვმუშაობდი მცენარეთა დაცვის სამსახურში. ბიოლოგი რომ გავმხდარიყავი, ეს მე-10 კლასში გადავწყვიტე. ეს არჩევანი უფრო იმიტომ გავაკეთე, რომ გაგონილი მქონდა, ბიოლოგებს ძალიან მაგარი პრაქტიკები აქვთ და მთელ საქართველოს მოივლიანო. საერთოდ ეს საგანიც მაინტერესებდა, მეცნიერული კვლევები და ექსპერიმენტებიც მიზიდავდა, მაგრამ ჩემი სტუდენტობა 90-იან წლებს დაემთხვა და მთელი სასწავლო პროგრამა, მცირე გამონაკლისის გარდა, გაყინულ აუდიტორიებში მხოლოდ თეორიული კურსით გავიარეთ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული ინსპექციის ლაბორატორიაში. აქ ხდებოდა იმპორტული სასოფლო-სამეურნეო მასალის, აგრეთვე ნათესების საკარანტინო მავნებლებზე და დაავადებებზე შემოწმება. ამ პერიოდში ინტენსიურად დავიწყე ხატვა და „მრეწველების“ ოფისში და „შერატონ მეტეხი პალასში“ პერსონალური გამოფენები მქონდა.

© FB/ Nino Kurdadzeნინო ქურდაძე გამოფენაზე
ნინო ქურდაძე გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ნინო ქურდაძე გამოფენაზე

– თქვენი ამერიკასთან ურთიერთობა როდის დაიწყო?

— პირველად 1999 წელს ჩამოვედი აშშ-ში, სადაც ერთი თვე დავყავი. თუ არ ვცდები, Cochran fellowship program ერქვა პროგრამას, სადაც გავიმარჯვე. მაშინ აქაურ სოფლის მეურნეობის სისტემას, ნათესების გამოკვლევას და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდებს გავეცანი. ჩემი ამერიკული ცხოვრება კი 2004 წლიდან დაიწყო. ჩემი საქართველოდან წამოსვლა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა: ფინანსურმა, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ოჯახი მყავდა, მაინც მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული, თვითრეალიზაციას ვერ ვახერხებდი. მოკლედ, რაღაც ფერადი მინდოდა, ჩემ ირგვლივ კი ყველაფერი რუხად მოჩანდა. საქართველოში დავტოვე ოჯახი და სამი შვილი. ამერიკა ნამდვილად კარგად შემხვდა. ბავშვობიდან ვხატავ და მიყვარს ხელსაქმე. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური განათლება ამ სფეროში არ მიმიღია, ამერიკაში ჩემი პროფესია სწორედ ეს გახდა. პარალელურად ვხატავ. ვარ რამდენიმე სოლო და ჯგუფური გამოფენის მონაწილე.

– საინტერესოა, პროფესიით ბიოლოგი როგორ მოხვდით ამერიკის მოდის ბიზნესში?

— მოდის ბიზნესში – fashion industry-ში თავიდანვე მოვხვდი. 2008 წელს დავარეგისტრირე ჩემი ფირმა NK International Designs – კომპანია, რომელიც ცნობილი დიზაინერებისთვის ქსოვს ტანსაცმელს. საგაზეთო ინფორმაციაში ამოვიკითხე, რომ კომპანია ეძებდა ხელსაქმის მცოდნეებს და პრაქტიკულად ერთ კვირაში დავიწყე იქ მუშაობა. იმ დროს იქ ცნობილ დიზაინერ Vera Wang-ის კოლექციაზე მუშაობდნენ და ერთ თვეში ჩემი მოქსოვილი ქვედაბოლო ერთ-ერთ ჟურნალში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შემსრულებელი ვიყავი, მაინც სასიამოვნო იყო, როცა ჩემ მიერ სხვადასხვა დიზაინერებისთვის გაკეთებული ტანსაცმელი Vogue-სა თუ W magazine-ის ფურცლებზე აღმოვაჩინე. სულ მალე სოჰოში მდებარე Grant Gallery-ში გამართულ ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ჩემი კომპანია მხოლოდ ხელით ნაქსოვ ტანსაცმელს აკეთებს. ამ ტანსაცმელს დამკვეთი დიზაინერები ყიდიან ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა Bergdorf Goodman, Barneys, ასევე სახელობით ბუტიკებში. თითოეული მოდელის რაოდენობა მცირეა, შეიძლება შეგვიკეთონ 2-3, თუმცა ხანდახან ორმოცდაათსაც შეიძლება გადააჭარბოს. 2015 წლიდან ახალ კომპანია Spencer Vladimir-თან ვთანამშრომლობ, რომლის პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

© FB/ Nino Kurdadzeნინო ქურდაძის ნახატი
ნინო ქურდაძის ნახატი - Sputnik საქართველო
ნინო ქურდაძის ნახატი

– ალბათ ეს ნაწილობრივ ხატვისა და ხელსაქმის თქვენმა ბავშვობისდროინდელმა სიყვარულმა გამოიწვია?

— სხვათა შორის, დედაჩემი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და ხელსაქმის არაჩვეულებრივი მცოდნეა, საქართველოდან ჩამოსულ რამდენიმე ადამიანთან ერთად ამ საქმეში ჩავრთე. შემდეგ უფრო გავაფართოვე ეს საქმიანობა და 2008 წელს ჩემი კომპანია დავარეგისტრირე, რომელიც ფაქტიურად „ვლად ნიტვეარის“ (კომპანია, სადაც მუშაობა დავიწყე) ქვეკონტრაქტორი გახდა. კოლექციებს შორის ჩემი სამუშაო გრაფიკი შედარებით თავისუფლდება და ხატვას სწორედ ამ პერიოდში ვახერხებ. ბოლო გამოფენა დაახლოებით ერთი თვის წინ მქონდა ქართული კულტურის ცენტრში „დანსინგ ქრეინ“ ლიკა სირელსონთან და მაკა ბერაძესთან ერთად. რამდენიმე თვის წინ კი სხვა ცნობილ ქართველ მხატვრებთან ერთად „მედეთ-არტის“ მხარდაჭერით „არტიფაქტ გალერეაში“ გამართულ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა.

© FB/ Nino Kurdadzeნინო ქურდაძის მიერ შექმნილი სამოსი
ნინო ქურდაძის მიერ შექმნილი სამოსი - Sputnik საქართველო
ნინო ქურდაძის მიერ შექმნილი სამოსი

– თქვენი ქართული ოჯახი ამერიკაში და ნოსტალგია…

—  მყავს მეუღლე და სამი შვილი. ამერიკულ ცხოვრებას ფეხი, მგონი, კარგად ავუწყვე. ერთადერთი, რასაც ნიუ-იორკში ვერ შევეგუე, არის მეტრო, რომელიც, ჩემი შეფასებით, ძალიან ცუდად მუშაობს. საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ და მანდ ყოფნის პერიოდში ისეთი განცდა მაქვს, თითქოს არსად წავსულვარ ან სამსახურიდან სახლში დავბრუნდი…

ყველა ახალი ამბავი
0