ფრენსის ლეი – „სიყვარულის ისტორიიდან“... „ემანუელამდე“

© FB / Francis Laiფრანგი კომპოზიტორი ფრენსის ლეი
ფრანგი კომპოზიტორი ფრენსის ლეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დილიდანვე, ჩვენ აივანზე ამობრძანებულებს, მინდა დაგისვათ ერთი შეკითხვა – მაინც რით არის გაზაფხული ცნობილი და განსაკუთრებული? თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ფეთქდებიან ნუშები, ატმები და ალუბლები, ბროწეულები კი მთლად წკიპზე არიან, სინანულით ვატყობთ, რომ ზამთარში 2-3 კგ მოვიმატეთ, საჩქაროდ დიეტაზე გადავდივართ და თბილ ტანისამოსს ფოთლებივით ვიცლით…

რაღა თქმა უნდა, იმით, რომ ჩვენი გულები უფრო აჩქარებულად იწყებენ ცემას, რადგან ჰაერში შეუმჩნეველი, მაგრამ სასტიკად მათრობელა სიყვარულის სურნელი ტრიალებს.

სიყვარულზე საუბრისას კი გულში მუსიკა ისმის, აი, დაახლოებით ასეთი:

მართლაც რომ უკვდავი მუსიკაა კლოდ ლელუშის კინოფილმიდან „ქალი და მამაკაცი“. მისი ავტორი კი, ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი და შემსრულებელი, „ოსკარის“ პრემიის ლაურეატი ფრენსის ლეი დღეს ჩვენი თბილისური აივნის სტუმარია, რადგან დღეს მისი იუბილეა — ის დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 26 აპრილს ნიცაში.

მელოდია ფილმისთვის „ქალი და მამაკაცი“ ფრენსისმა ე.წ. „ჰორიზონტალურ აკორდეონზე“ შექმნა და ეს, სხვათა შორის, პირველი ციფრული აკორდეონი გახლდათ.

გაგიკვირდებათ, მაგრამ თავისი „ოსკარი“ ფრენსის ლეის ამ მელოდიისთვის არ მიუღია. ჯილდო მას მიენიჭა მუსიკისთვის, რომელიც ჟღერს არტურ ჰილერის ფილმში „სიყვარულის ისტორია“, რომელზეც პირადად მე ბევრი ვიტირე. გახსოვთ, ალბათ, ოლივერის და ჯენიფერის სასიყვარულო ტრაგედიის ამბავი… მუსიკა რომ გახსოვთ, ამაში ეჭვიც არ მეპარება:

ალბათ ასევე გახსოვთ ტერენტ იანგის შესანიშნავი ფილმი „მაიერლინგი“, რომელშიც მთავარ როლებს კატრინ დენიოვი და ომარ შარიფი ასრულებენ. ფილმში მონაწილეობს განუმეორებელი ავა გარდნერი. ამ ფილმის მუსიკაც ფრენსის ლეის ეკუთვნის და ამ მუსიკის გარეშე, ჩემი აზრით, ფილმი ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა.

თავად ფრენსისი იხსენებს, რომ უკვე ბავშვობაში მისი მუსიკალური გემოვნება ძალიან მრავალფეროვანი იყო. მას, მშობლების გავლენით, კლასიკური მუსიკა შეუყვარდა, განსაკუთრებით მოსწონდა პუჩინის და ვერდის ოპერები, მაგრამ ამავდროულად უსმენდა ფრანგული ვარიეტეს მუსიკას და გიჟდებოდა ჯაზზე. განსაკუთრებულ სიამოვნებას კი ბრაზილიული მუსიკის ჰანგები ანიჭებდა. მოკლედ, ფრენსისის თქმით, მას „გულში ჰქონდა ერთგვარი ყულაბა, რომელშიც აგროვებდა და ერთმანეთში ურევდა იმ მუსიკას, რომელიც გულისცემას უმატებდა და განსაკუთრებულ ემოციებს გვრიდა“. სწორედ ამიტომაც ის აღიარებს ყველა მუსიკალურ სტილს, რაც ხელს უწყობს მას ფილმებისთვის მუსიკის შექმნაში. ზოგჯერ ერთსა და იმავე ფილმში ჟღერს მის მიერ ინდიელთა ფოლკლორულ თემაზე შექმნილი მელოდია და კლასიკური ბალეტის ტრადიციებში გადაწყვეტილი ჰანგები. და ეს იმიტომ, რომ ფილმში ხშირად სხვადასხვა მოვლენები ვითარდება და თითოეულ ეპიზოდს საკუთარი მუსიკალური თემა სჭირდება.

აქვე უნდა გაგიმხილოთ, რომ რომანტიკული ფრენსის ლეი ცნობილი ეროტიკული ფილმის „ემანუელა 2“-ის მუსიკის ავტორიცაა. ფილმში მუსიკა რომანტიკულია, ბოლო სიმღერას კი, რომელიც თან სდევს ტიტრებს, ასრულებს თავად „ემანუელა“ — სილვია კრისტელი. სხვათა შორის, ეს ფილმი თავდაპირველად აკრძალეს, მაგრამ რამდენიმე ხანში ის მაინც გამოვიდა საფრანგეთის ეკრანებზე, რადგან თვით საფრანგეთის პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ’ესტენი მოიხიბლა მთავარი როლის შემსრულებლით.

ფრენსის ლეი თანამშრომლობდა ცნობილ მომღერლებთან – მირეი მატიესთან, ჟულიეტ გრეკოსთან, ივ მონტანთან, ჯონი ჰოლიდეისთან, ტომ ჯონსთან, ფრენკ სინატრასთან, ელა ფიცჯერალდთან, მაგრამ ყველაზე უფრო მას გულში ედიტ პიაფი ჩარჩა, რომელიც მიაჩნია განუმეორებელ და უდიდეს მომღერლად და რომელმაც თავის დროზე მონმარტრის ერთ-ერთ კაფეში სულ ახალგაზრდა და ჯერ უცნობ ფრენსისს სთხოვა დაეწერა მისთვის სიმღერები და აკომპანემენტი გაეწია აკორდეონზე.

ფრენსის ლეის ეს შედევრი — L'homme De Berlin იყო ედიტ პიაფის რეპერტუარის ბოლო სიმღერა.

 მირეი მატიეს რეპერტუარში კი ფრენსის ლეის სიმღერა С' est ton nom იყო პირადად მისთვის დაწერილი პირველი სიმღერა, რადგან მანამდე ის მხოლოდ ედიტ პიაფის რეპერტუარს ასრულებდა.

ფრენსის ლეი, სოლიდური ასაკის მიუხედავად (დღეს მას 85 წელი შეუსრულდა), დაკავებულია სპორტით – ჩოგბურთითა და თხილამურებით, ხშირად ესწრება სპექტაკლების პრემიერებს, მაგრამ ერთადერთ მის ვნებად რჩება მუსიკა, რომლის გარეშე არსებობა მას უბრალოდ არ შეუძლია. თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ფრენსისმა განაცხადა: „მე ვერ წარმომიდგენია, რას გავაკეთებდი მუსიკის გარეშე. მუსიკა — იმ ძალის ნაწილია, რომელიც ადამიანშია კონცენტრირებული. მუსიკა — ბედნიერებაა. როდესაც უბედური ხარ, უახლოვდები როიალს და გადადიხარ სულ სხვა სამყაროში, რომელსაც ვერავინ დაეუფლება, თუ მუსიკასთან შეხება არა აქვს“.

დღეს ის ისევ აქტიურად მუშაობს და ქმნის მუსიკას კლოდ ლელუშის ახალი ფილმისთვის „ყველას თავისი ცხოვრება აქვს“. ვუსურვოთ მაესტროს ჯანმრთელობა და ახალი შემოქმედებითი წარმატებები.

ბოლოს კი მოვუსმინოთ განუმეორებელი მირეი მატიესა და ძალიან ფრანგულად სიმპათიური ფრენსის ლეის დუეტს:

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ფრენსის ლეის მუსიკასავით დახვეწილ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0