ინგა მამუჩიშვილი

პროფესიონალი ექიმის რჩევები, რასაც ქართველი მშობლები ჯიუტად არ ითვალისწინებენ...

5237
(განახლებულია 20:05 25.04.2017)
თეონა გოგნიაშვილი
ინგა მამუჩიშვილი – პროფესიონალი მედიკოსი, ექიმობის ლამის თანდაყოლილი სურვილით.

დაამთავრა მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტი. შემდეგ მის ცხოვრებაში იყო საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, საქმიანობა კათედრაზე და სამეცნიერო შრომები. თავის დროზე ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორის პოზიციას წარმატებით გაართვა თავი, რაც კლინიკის რეორგანიზაციითა და მისი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვით გამოიხატა. ამჟამად მისი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) კლინიკაში და „მზიური მედში“ გრძელდება. რაც მთავარია, იგი ამ სფეროში დღემდე სარგებლობს ექიმის შესაშური რეპუტაციითა და ნდობით…

დუბაი, იმუნოლოგთა საერთაშორისო კონგრესი
დუბაი, იმუნოლოგთა საერთაშორისო კონგრესი

– ქალბატონო ინგა, თავის დროზე სკოლის გამორჩეული მოსწავლე თუ იფიქრებდა, რომ სამედიცინო სფეროში, კერძოდ, პედიატრიაში ასეთ წარმატებებს მიაღწევდა? 

— ასე მგონია, თანდაყოლილი სურვილი მქონდა, რომ ექიმი გავმხდარიყავი. სულ ამ პროფესიის ირგვლივ ვტრიალებდი – თოჯინებს ნემსებს ვუკეთებდი, რბილი სათამაშოები სულ წყლით მქონდა გაჟღენთილი. ჩემ პერიოდში, 1979-1980 წლებს ვგულისხმობ, საშინელი კორუფცია იყო ქვეყანაში, ბევრი ნიჭიერი ადამიანი, ვისაც ექიმობის სურვილი ჰქონდა, ვერც კი იოცნებებდა სამედიცინოზე ჩაბარებაზე თუ დიდი ფულის პატრონი, გავლენიანი მამიკო არ ჰყავდა. მე თავმოყვარეც ვიყავი და ჩემი თავის იმედიც მქონდა, ამიტომ ჩემს მშობლებს ამ თემაზე საუბარიც კი ავუკრძალე. პირველი მარცხი, რომელიც განვიცადე ცხოვრებაში და არასოდეს დამავიწყდება, სწორედ ის იყო, რომ ქულა დამაკლდა და ვერ ჩავირიცხე. ჩემდა ბედად მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტმა გამოაცხადა მიღება მოსამზადებელზე და მე, დედისერთა გოგომ მივატოვე საკუთარი სახლი, მშობლები და გავემგზავრე მოსკოვში, სადაც მართლა ძალიან ძლიერი სამედიცინო სკოლა გავიარე. თუმცა უმძიმესი სტუდენტური პერიოდი მქონდა. იქ პატიება, თვალის დახუჭვა, სტუდენტისთვის რაიმე შეღავათი უბრალოდ არ არსებობდა. როდესაც ჰიპოკრატეს ფიცს ვდებდით მოსკოვში, სვეტებიან დარბაზში, მახსოვს, ვტიროდით, ახლა ამაზე მეცინება, მაგრამ რამხელა პასუხისმგებლობა მოგვანიჭა იმ მომენტმა… ის ემოცია ბოლომდე მომყვება. ჰიპოკრატეს ფიცი ხომ ჩვენი მორალური კანონია.

იმუნოლოგთა საერთაშორისო კონგრესი
იმუნოლოგთა საერთაშორისო კონგრესი

– ვიცი, რომ ინსტიტუტისა და ინტერნატურის დამთავრების შემდეგ მაინც თბილისში დაბრუნდით…

— მოსკოვში, რადგან მართლა ძალიან კარგად ვსწავლობდი, უკვე მესამე კურსიდან ამ პროფესიაში ყველა საფეხურის გავლით დამოუკიდებლად ვმუშაობდი, მაგრამ იქ ვერ დავრჩი, ვერ შევეგუე მათი ცხოვრების წესს და თბილისში გამოვემგზავრე. ჩვენთან სამსახურის მოძებნაც სერიოზულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ყველგან პროტეჟე გჭირდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, შრომა და ნიჭი ყოველთვის ფასდება. ასე აღმომაჩინა მთლად ახალგაზრდა ექიმი პროფესორმა ლელი ქერქაძემ, რომელმაც დაბეჯითებით მთხოვა, რომ აუცილებლად გამეგრძელებინა სწავლა ასპირანტურაში და სამეცნიერო-პრაქტიკული მუშაობით დავკავებულიყავი. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები ქალბატონი ლელის, რომელმაც ჩემი პროფესიული წარმატება და კარიერული ზრდა წინასწარ განსაზღვრა. მე დავუჯერე და ჩავაბარე ასპირანტურაში, შემდეგ იყო საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, საქმიანობა კათედრაზე, სამეცნიერო შრომები, დაუღალავი შრომა სტუდენტებთან და მათთან ურთიერთობის უდიდესი სიამოვნება. ჩვენ პროფესიაში მთავარია, გიყვარდეს პაციენტი, მას იმ გრძნობით და პასუხისმგებლობით მოექცე, როგორც შენს შვილს მოექცევი, არ ავნო მის ჯანმრთელობას და არ დაუშვა შეცდომა გულგრილობით, უყურადღებობითა და უპასუხისმგებლობით, თორემ მედიცინაში შეცდომისგან არავინაა დაზღვეული – ჩვენთვის ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი არ არის…

— თქვენ ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორად მუშაობდით, რით იყო ის წლები გამორჩეული?

— ეს საინტერესო და ამავდროულად მძიმე პერიოდი იყო. კლინიკას განახლება სჭირდებოდა, ღამეები არ მეძინა იმაზე ფიქრით, რომ აღმოსავლეთ თბილისს ჰქონოდა თანამედროვე, ინოვაციური პედიატრიული კლინიკა, ვფიქრობ, ეს შევძელით. ის აღვჭურვეთ თანამედროვე აპარატურით, გავხსენით რეანიმაციული დეპარტამენტი, მრავალფეროვანი გავხადეთ სერვისები. ძალიან ბევრი სიკეთე კეთდებოდა ამ კლინიკაში, ერთ მუშტად შეკრული სამედიცინო კოლექტივი თავდაუზოგავად, ყოველგვარი ანგარების გარეშე ზრუნავდა პატარა პაციენტებზე, მაგრამ როცა კლინიკა გაიყიდა, აირია მონასტერი და უკვე ყველაფერს ჰქონდა ადგილი – ღალატსაც, უმადურობასაც. მერე თვითგადარჩენის ინსტიქტი მოქმედებს, ასეა. მე ვერ გავუძელი ყველაფერ ამას და წამოვედი, არც შევმცდარვარ. თუმცა ჩვენი მეგობრობა გრძელდება. საერთოდ არ მრჩება გულში წყენა, ძალიან სწრაფად მივლის, მაგრამ პრინციპულიც ვარ, უმადურობასა და ტყუილს ვერ ვპატიობ ადამიანს. ამჟამად ვმოღვაწეობ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) კლინიკაში და „მზიური მედში“, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი საღი აზროვნებისათვის, საუკეთესო სერვისებია და, რაც მთავარია, პროფესიონალთა უძლიერესი გუნდი. ფსიქოლოგიურად ურთულესია იყო პედიატრი, თითოეული პაციენტი პირადად ჩემთვის სერიოზული სტრესი და განცდაა, ღამეებს ვათენებ მათზე ფიქრსა და ზრუნვაში და არა მარტო მე, თითქმის ყველა ჩემი კოლეგა ასეა…

ინგა მამუჩიშვილი
ინგა მამუჩიშვილი

– შეიძლება თუ არა განზოგადება, რომელი ავადმყოფობაა გახშირებული ქართველ ბავშვებს შორის?

— საერთოდ იმატა ზოგადად ავადობამ ბავშვთა ასაკში, რასაც ხელს უწყობს ეკოლოგიური მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები, ტექნოგენური ცივილიზაცია, ინფორმაციული სტრესი, არაჯანსაღი პროდუქტების გამოყენება (გენმო, პესტიციდებით მდიდარი პროდუქტები), მედიკამენტების არარაციონალური გამოყენება და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი. იმატა მენტალურმა პათოლოგიებმა, ენდოკრინულმა და ალერგიული პათოლოგიების რიცხვმა, ონკოლოგიურმა დაავადებებმა..

– თუ არსებობს მშობლებისთვის რაიმე უნივერსალური ფორმულა, თუ როგორ უნდა იყოს ბავშვი ჯანმრთელი?

— ბავშვისთვის, ისევე, როგორც მოზრდილისთვის, მთავარია ბალანსირებული კვება, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება წლამდე ასაკის ბავშვების ძუძუთი კვებას, ვიტამინებით და ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ყველა ძირითადი ინგრედიენტით მდიდარი საკვების მიღებას, ფიზიკურ აქტივობას, სეზონურ დასვენებას, ვაქცინაციის დროულად ჩატარებას და ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციულ მონიტორინგს. დაუშვებელია თვითმკურნალობა, ვიტამინების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, იმუნო-სტიმულატორების თვითნებური გამოყენება. ბავშვებს ესაჭიროებათ მშობლების და ზოგადად ყველა რგოლის, სადაც იმყოფებიან, სითბო, სიყვარული, არაძალადობრივი დამოკიდებულება, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა, რათა არ მოვუწყოთ ჩვენივე შვილებს გენოციდი, საჭიროა მკაცრი კონტროლი ბავშვთა კვების, ჰიგიენური საშუალებების, სათამაშოების და სხვა.

ინგა მამუჩიშვილი
ინგა მამუჩიშვილი

– ქალბატონო ინგა, რომელია თქვენი პროფესიული რჩევები, რაც ქართველ მშობლებს უჩვეულოდ ეჩვენებათ?

— აი, მაგალითად, უცნაურად ჩაუთვლიათ, როცა ვეუბნები: თუ ბავშვს აქვს მაღალი სიცხე, არ მოერიდოთ მის გარეთ გაყვანას. – ეს ხომ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება?! აუცილებლად უნდა ჩაფუთნონ და სახლში ამყოფონ. ასევე ვეუბნები ხოლმე, რომ მიაღებინეთ კონტრასტული შხაპი – თბილი და გრილი წყლით, და ამ შემთხვევაში ტემპერატურა დარეგულირდება. ძალიან უკვირთ, როცა ბავშვთა ინფექციური ავადმყოფობის დროს, ბატონებს რომ ეძახიან, ვეუბნები, აუცილებლად უნდა დაბანოთ ბავშვი, ესეც ვერ წარმოუდგენიათ. მათი აზრით, არ შეიძლება ავადმყოფი ბავშვის დაბანა! ასევე უკვირთ, როცა ეუბნები, რომ კატეგორიულად აუკრძალონ ბავშვებს შოკოლადი. მეკითხებიან: როგორ, აბა, ბავშვი შოკოლადის გარეშე უნდა გაიზარდოს?! ჩემი რჩევაა: ბავშვი ჯობს ნუშს, ჭერმის ჩირს, თხილს და რაღაც ამდაგვარ სასუსნავებს მივაჩვიოთ, ვიდრე შოკოლადს! მამებს ვურჩევ ხოლმე, რომ ბიჭი, უმჯობესია, მათ დაბანონ ვიდრე დედამ. საერთოდ, გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი თქვენი მეშვეობით მოევლინა სამყაროს, თუმცა ის არის პიროვნება, რომელსაც სჭირდება თავისუფალი, ძალადობის გარეშე და სიყვარულით სავსე გარემო…

5237