ამერიკელი მომღერალი ელლა ფიცჯერალდი

უფრო საშიში ხარ ელა, ვიდრე თავად ბრიჯიდ ბარდო...

307
(განახლებულია 19:33 25.04.2017)
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ თბილისურ აივანზე რომ ამობრძანდებით, არ გაგიკვირდეთ, ოდნავ ლაკგადაცლილი როიალი და მოაჯირზე სევდიანად მიყუდებელი კონტრაბასი თუ დაგხვდებათ. ბროწეულის ხეზე კი ქარში რითმულად მოქანავე ელეგანტური საქსოფონია ჩამოკიდებული… რადგან ჩვენ აივანზე ამობრძანდება ნამდვილი ლეგენდა (სხვა სიტყვა ვერ შევარჩიე), „ჯაზის დედოფალი“ და „ჯაზის პირველი ლედი“, პრემია „გრემის“ 13-გზის ლაურეატი, ხმის უნიკალური, სამოქტავიანი დიაპაზონის მფლობელი (რომელიც ბროლის ბოკალებსაც კი ამტვრევდა) და, უბრალოდ, ყველაფრით შესანიშნავი ქალბატონი ელა ფიცჯერალდი, რომელიც დაიბადა ზუსტად 100 წლის წინ, ამ დღეს, 1917 წლის 25 აპრილს…

ერთხელ ელამ იხუმრა – გავიგე, იტალიაში „ჯაზის დედას“ მეძახიან, ეს ძალიან მსიამოვნებდა მანამ, სანამ „ჯაზის ბებიად“ არ გადავიქეციო.

მასზე გაზეთები წერდნენ — ის სატელეფონო ცნობარის ტექსტსაც კი იმღერებსო.

ერთმა თაყვანისმცემელმა კი ელა ფიცჯერალდს ასეთი ლექსი მიუძღვნა:

ყველა ცეცხლის ვნებით ვღელავ…

შენ რომ გისმენ, ვტირი, ვდარდობ,

უფრო საშიში ხარ, ელა,

ვიდრე თავად ბრიჯიდ  ბარდო…

დამეთანხმებით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეკრანიდანაც კი იმდენ სითბოს, ხიბლს და ისეთ დადებით აურას აფრქვევენ, რომ ნამდვილად იცი — ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან. ასეთია ჩემთვის ელა ფიცჯერალდი.

ის იზრდებოდა ნიუ-იორკის გარეუბანში, უღარიბეს ოჯახში. 15 წლის ასაკში დაობლდა, გადაიტანა ბავშვთა სახლის სირთულეებიც, გაუძლო განგსტერებით, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებით, მოთამაშეებით სავსე ჰარლემის ქუჩების გავლენასაც… შემდგომში მსოფლიო აღიარებასაც გაუძლო და ბოლომდე შეინარჩუნა ის სიკეთე, ხელგაშლილობა, კეთილგანწყობა და თავმდაბლობა, რომელიც მას ბავშვობიდან ახასიათებდა.

ბავშვობაში კი ელა, რომელიც უბრალო მუშის ოჯახში დაიბადა, შესანიშნავად ცეკვავდა, კარგად სწავლობდა, რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, სადაც ისწავლა დაკვრა ფორტეპიანოზე, უყვარდა ბეისბოლი, კინო  და, რა თქმა უნდა, მუსიკა. ის საათობით უსმენდა უკვე თითქმის ბოლომდე გაცვეთილ ვინილის ფირფიტებს. განსაკუთრებით მოსწონდა ჯგუფი The Boswell Sisters და ოცნებობდა ისე ემღერა, როგორც მისი ერთ-ერთი სოლისტი კონი ბოსუელი მღეროდა.

17 წლის ასაკში ელამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურსში „მოყვარულთა ღამეები“, რომელიც ტარდებოდა ცნობილ ჰარლემის თეატრში „აპოლო“. თავიდან საცეკვაო ნომრით გამოსვლა უნდოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა და შეასრულა სიმღერა Judy, მისი საყვარელი კონი ბოსუელის რეპერტუარიდან. დარბაზი მას აღფრთოვანებით შეხვდა და ამ კონკურსში გამარჯვებისთვის ელამ 25 დოლარი და თეატრში მთელი ერთი კვირის განმავლობაში გამოსვლის უფლება მიიღო…

საინტერესო დამთხვევაა — შემდგომში მომღერლის პირველმა ფირფიტამ „სიყვარული და კოცნები“ მას ასევე 25 დოლარი მოუტანა.

აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ მხოლოდ ელას სიცოცხლეში მისი 40 მილიონი ფირფიტა გაიყიდა.

თქვენი არ ვიცი და პირადად მე ამ სიმღერამ ისეთ ოპტიმისტურ განწყობაზე დამაყენა… დიდხანს მეყოფა, არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ცოტა წავიცეკვე კიდევაც.

ელას სერიოზული მუსიკალური კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც მან გაიცნო მუსიკოსი, ორკესტრის ხელმძღვანელი ჩიკ უები. აღსანიშნავია, რომ ჩიკს ელა პირველი დანახვით სულაც არ მოეწონა, „შავი საფრთხობელაც“ კი უწოდა. მაგრამ შემდგომში არა მხოლოდ აიყვანა თავის ორკესტრში, როგორც დამწყები მომღერალი, არამედ მამობრივ მზრუნველობასაც იჩენდა მის მიმართ. სწორედ უების ორკესტრთან ერთად ჩაწერა ელამ თავისი პირველი ჰიტები. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელმაც სულ ახალგაზრდა ელას საოცარი პოპულარობა მოუტანა, იყო A-Tisket, A-Tasket, რომელიც ელამ დაწერა ავადმყოფი უების გასამხიარულებლად და გასამხნევებლად.

1939 წელს, ჩიკ უების გარდაცვალების შემდეგ ელა სათავეში ჩაუდგა მის ორკესტრს. იმ დროისთვის ის იყო ერთადერთი ქალი, ვინც ჯაზ-ორკესტრს ხელმძღვანელობდა.

1946 წელს დაიწყო ელა ფიცჯერალდის მუსიკალური თანამშრომლობა ცნობილ ამერიკელ პროდიუსერთან ნორმან გრანცთან, რომლის თხოვნითაც ელამ ჩაწერა ძველი სიმღერები, რომლებმაც მას არნახული პოპულარობა მოუტანა.

1950-იან წლებში თეთრ სახლში არც ერთი კონცერტი არ ტარდებოდა ელა ფიცჯერალდის მონაწილეობის გარეშე. მაგრამ ის მაინც რჩებოდა იმ „ძველ ელად“ – საოცრად მორიდებულ და დელიკატურ ადამიანად, რომელიც იხსნებოდა და თამამდებოდა მხოლოდ მიკროფონის ხელში აღების შემდეგ… კონცერტის დასასრულს კი სახლში შეუმჩნევლად გაპარვას ცდილობდა.

გიტარისტი კასელი იხსენებდა, რომ რეპეტიციაზე მუსიკოსების მიერ დაშვებულ ნებისმიერ შეცდომას ან უზუსტობას ელა ყოველთვის საკუთარ თავზე იღებდა. „მაპატიეთ, მეგობრებო, მოდით, გავიმეოროთ, ეს ჩემი ბრალია“, — ამბობდა ელა.

დიდმა დიუკ ელინგტონმა მომღერალს მიუძღვნა სიუიტა „ელა ფიცჯერალდის პორტრეტი“ და ამ ნაწარმოებზე მუშაობის დროს გადახედა მის ოჯახურ ალბომსა და დღიურებს. დიუკი აღფრთოვანებით ამბობდა, რომ ამ ჩანაწერებში ვერ იპოვა ვერც ერთი აუგი სიტყვა ან ჭორი, მხოლოდ უთბილესი და სიყვარულით სავსე სიტყვები. „სვინგის მეფე“ ყოველთვის ამბობდა, რომ ელა იყო უდიდესი ფილანტროპი, ის უყოფდა ადამიანებს არა მხოლოდ ფულს, არამედ საკუთარ თავსაც. ახლა კი გთავაზობთ დიუკ ელინგტონისა და ელა ფიცჯერალდის განუმეორებელ დუეტს:

ოსკარ პიტერსონი ყვებოდა, რომ კარგად ჰქონდა შესწავლილი ელას ყველა ჟესტი. მაგალითად, როდესაც ის მარცხენა ხელისგულს მიიტანდა ყურთან, ეს ნიშნავდა — „რაღაც სიყალბეა… მე ვცდები თუ როიალი?“ ხოლო როდესაც თავს გვერდზე გადაწევდა და მარცხენა ხელის თითებს ატკაცუნებდა, ნიშნავდა — „რიტმში ვერ მომყვებით, მიაწექით, ბიჭებო!“

ფრენკ სინატრა თვლიდა, რომ ნებისმიერი მუსიკალური საღამო უნდა დაიწყოს მხოლოდ  „ამ გოგოს“, ელა ფიცჯერალდის გამოსვლით.

ყველა დუეტი შესანიშნავია, მაგრამ… ბოლოს კი მაინც ლუი არმსტრონგი და ელა ფიცჯერალდი:

როდესაც ხანგრძლივი და ძიმე ავადმყოფობის შემდეგ ელა ფიცჯერალდი გარდაიცვალა, პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა თქვა: „ასეთი ნიჭის, დახვეწილობის და კლასის ადამიანის წასვლა — უზარმაზარი დანაკარგია მსოფლიო ჯაზისთვის და მთელი ქვეყნისთვის“.

მერე რა, რომ კლინტონი პრეზიდენტია, აქ უნდა შევეკამათო: ასეთი ნიჭიერი და ლამაზი ადამიანის წასვლა დანაკარგია არა მხოლოდ ჯაზისთვის და ამერიკისთვის, არამედ უკლებლივ ყველასთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ელა ფიცჯერალდივით ნათელ დღეს!

 

307