მეჩეთის ნახევარმთვარე

შაჰ აბასი: მთელი ირანი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილები!

6500
(განახლებულია 13:25 04.09.2017)
ქართველთა ჯიშის ყველაზე დიდი მტრების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და არც ვაპირებ, მაგრამ ერთი მათგანი ყველასგან გამორჩეული გახლდათ. შაჰ აბასი ჩვენი ქვეყნის რამდენიმეგზის აოხრებითაც არ დაკმაყოფილდა და ასეულ ათასობით ჩვენი თანამოძმე ირანის უკაცრიელ ტერიტორიებზე გადაასახლა, დღევანდელ ფერეიდანში.

საოცარია, მაგრამ ამ ქართველთა უპირველესი მაოხრებლის კარზე არაერთი ჩვენებური მოღვაწეობდა, არა უბრალოდ, არამედ პირველკაცობდნენ კიდეც და იმ პერიოდის ირანის დიდებაში ლომის წილიც მიუძღოდათ.  ამათ შორისაც იყვნენ გამორჩეულები. პირველ რიგში ეს უნდილაძეთა საგვარეულოს ეხება.

პირველი უნდილაძე, რომელიც ირანში გამოჩნდა, არის ალავერდი ხანი. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ პირად წერილში, თავისი მოღვაწეობის პირველ წლებშივე, შაჰ აბასი წერს რომის პაპს, რომ ის ქრისტიანთა მფარველია. ამ წერილში იგი აღნიშნავს: ჯერ ერთი, მე ერთი მეუღლე ქართველი მყავსო (გულისხმობს სიმონ მეფის ასულს – ელენეს) და, ამავე დროს, დაწინაურებული მყავს ქრისტიანი ალავერდი ხანიო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოჩნდა ის სპარსეთში, ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს. ერთი ვერსიით, ის ბავშვობაში მოიტაცეს და ტყვედ წაიყვანეს; პირველი ბრძოლა, რომელშიც ალავერდი ხანმა თავი  გამოიჩინა,  ვანის ტბასთან მოხდა 1605 წელს.  თურმე, ისეთი მძიმე ვითარება შექმნილა, რომ თვით შაჰ აბასიც კი შემდრკალა. ამ დროს ჯარის მეთაურობა ხელში აუღია ალავერდი ხანს და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოუპოვებია. აქედან დაიწყო ალავერდი ხანის აღზევება  შაჰის კარზე. ამავე პერიოდს ეკუთვნის შაჰ აბასის ცნობილი გამოთქმა: — მთელი ირანი მე მემორჩილება და მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილებიო. როგორც ნიჭიერმა სარდალმა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603-1612)  ბაჰრეინისა და ბაღდადის დაპყრობისას,  მისივე  თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ირანის არტილერიის შექმნას. ტახტზე ასვლის შემდეგ შაჰ აბასმა მისი წყალობით ბევრი ომი მოიგო და ამიტომაც უბოძა მთავარსარდლობა. უნდილაძე იყო სეფიანთა დინასტიის პირველი მთავარსარდალი და ერთ-ერთი დიდი პროვინციის, ფარსის ბეგლარბეგი (გუბერნატორი). როგორც წესი, შაჰ აბასი ყველა პროვინციის გუბერნატორს ამოწმებდა, მაგრამ არასდროს უფიქრია ფარსში ჩასვლა — შაჰი უნდილაძეს უსაზღვროდ ენდობოდა და ისე უყვარდა, მამას უწოდებდა.

ალავერდი ხანს ისევე, როგორც მის  ვაჟებს, ქართველი მეუღლეები ჰყავდათ და ეს ქალბატონებიც აქტიურ როლს ასრულებდნენ მათ მოღვაწეობაში. სავარაუდოდ, მათი გამაჰმადიანება ზემოთ ნახსენები შაჰის წერილის შემდგომ პერიოდში მოხდა.

უნდილაძეებს ირანში აშენებული ჰქონდათ ბაზრები, ქარვასლები, სასახლეები, ხიდები, არხები, გზები. დღესაც კი შესანიშნავად გამოიყურება და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ალავერდი ხან უნდილაძის მიერ ისპაჰანში აგებული, ამჟამადაც მოქმედი ჯულფას ხიდი, ანუ – ჩაჰარ ბაღი — ირანის არქიტექტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობა.

ალავერდი ხანის ხიდი ისპაჰანაში
ალავერდი ხანის ხიდი ისპაჰანაში

ხიდს დღესაც ალავერდი ხანის სახელი ჰქვია, 300მ სიგრძისაა და 33-თაღიანია. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის მუსლიმურ და ქრისტიანულ უბნებს და აგრეთვე ისფაჰანს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებთან. ეს აგურის ნაგებობაა აგურის ჩუქურთმებითა და ღია აივნებით. პიეტრო დელა ვალეს ცნობით, ხიდქვეშა დერეფნები, რომელთა იატაკი თითქოს მდინარის ზედაპირის დონეზეა დაგებული… ზაფხულის ცხელ დღეებში უამრავ ხალხს იზიდავს. როგორც მოგახსენეთ, ხიდი 33-თაღიანია, არსებობს ვერსია, რომ 33 თაღი ქართული ანბანის 33 ასოს შეესაბამება, რაც არ მგონია, სიმართლეს შეეფერებოდეს, რადგან იმ დროის ქართულ ანბანში 38 ასო იყო. ეს ან უბრალო დამთხვევაა, ანდა, გავბედავ და ქრისტეს ასაკს დავუკავშირებ.

ცენტრალურ ირანში ძალიან ცუდი გადასასვლელი გზები ყოფილა და ალავერდი ხანის მეუღლის თაოსნობით გაუყვანიათ ეს გზები. არსებობს გადმოცემა, რომ უნდილაძეთა მიერ აშენებულ ჩეჰერ სუთუნის სასახლეში, რომელიც ფრესკებით იყო მოხატული, ქართული წარწერებიც ყოფილა, მაგრამ შემდეგ, ალბათ, მოშალეს, ვინაიდან ასეთი რამ ირანში მიუღებელი იყო.

საინტერესოა, რომ ბევრი მოგზაური თუ ისტორიკოსი ახსენებს თავის ჩანაწერებში ალავერდი ხანსა და  მის შვილებს,  იმამ ყული ხანს, დაუდ ხანს, მაგრამ არცერთი არ ამბობს მათ გვარს, მხოლოდ ქართული წყაროები იუწყებიან, რომ ალავერდი ხანიც, დაუდ ხანიც და იმამ ყული ხანიც უნდილაძეები  არიან. ამასვე  ამბობს ვახუშტი ბაგრატიონიც, ბერი ეგნატაშვილიც და  არჩილიც.

აღსანიშნავია ერთი დეტალი, ალავერდი ხანი 1613 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა, ხოლო შაჰმა საქართველოს წინააღმდეგ 1613 წლის ოქტომბერში გაილაშქრა, სწორედ შაჰის საქართველოში ლაშქრობას ეწინაამღდეგებოდა ალავერდი ხანი, რაც კარგად ჩანს 1635 წელს პარიზში გამოცემული დე სენ-ლაზარის წიგნში ირანში მოგზაურობის შესახებ. აი, რას ბრძანებს ფრანგი მისიონერი: „შაჰი მეტად განრისხებული იყო. შირაზის ხანი, სახელად ალავერდი და მისი ჰარამხანის მეთვალყურე და მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი ყორჩიბაში, შეეცადნენ, უარი ეთქმევინებინათ შაჰისათვის თავის გადაწყვეტილებაზე – თვითონ პირადად წასულიყო ქართველების წინააღმდეგ სალაშქროდ. ამის გამო ირანის შაჰის რისხვას ვერ გადაურჩნენ: შაჰმა ბრძანა, ალავერდი ხანი მოეწამლათ (იგი მოწამლეს). მან სიკვდილის წინ გამწარებულმა ხელები დაუკბინა ცოლს. ყორჩიბაში კი შაჰის ბრძანებით გაროზგეს.“

შაჰ აბას I-ის ბრძანებით, ალავერდი ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში, მას არც  ალავერდი ხანის შვილები დავიწყებია. უფროსმა იმამ ყული-ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა, დაუდ-ხანმა, ყარაბაღისა. როგორც ჩანს, შაჰმა ალავერდი ხანის შვილები იმ მოტივით დააწინაურა, რომ მამის სიკვდილს არ გამოეწვია არეულობა სამეფო კარზე,

იმამ ყული ხანი მამასავით მამაცი სარდალი გახლდათ, სწორედ მის სახელს უკავშირდება სპარსეთის ყურეში დიდი საპორტო ქალაქ ორმუზის აღება, საიდანაც პორტუგალიელი კოლონიზატორები განდევნა. მას  ირანში განათლებული ადამიანის სახელი ჰქონდა. შირაზში არსებობდა კარმელიტების კათოლიკური რეზიდენცია. ამ ორდენის ერთ-ერთი პრეფექტი, 1623 წელს წერს, იმამ ყული ხანმა ჩვენგან მოითხოვა პლატონისა და არისტოტელეს წიგნები და, ამავე დროს, ბიბლიის არაბული თარგმანიო. საინტერესოა, რომ ის აღარ იყო ამ დროს ქრისტიანი, თუმცა, ბიბლია მაინც აინტერესებდა. იმამ ყული ხანის მეუღლის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ქართველი იყო,  რაც შეეხება მისი ძმის – დაუდ ხანის მეუღლეს, ის გახლდათ თეიმურაზ პირველის და – ელენე; ასე რომ, უნდილაძეებს კავშირები მაინც ჰქონდათ საქართველოსთან.

იმამ ყული ხანის შირაზში ბეგლარბეგობისას  მოხდა ქეთევან დედოფლის წამება. არსებობს საინტერესო ცნობა, რომ შაჰ აბასს შეუთვლია იმამ ყული ხანისთვის: თუ ქეთევანი მიიღებს მუსლიმანობას, მაშინ, დაანებე თავი და, თუ არა – უნდა მოკვდესო.  მას გაუბედავს და შეუთვლია შაჰისთვის პასუხად: ეს ბერი დედაკაცია, არაფრით არ შეიცვლის რწმენას და თავი დაანებეო. წესით, მისი კარიერის ძალიან ცუდ მომენტად უნდა ჩათვლილიყო ის ფაქტი, რომ მისი ბეგლარბეგობის დროს ეწამა შირაზში ქეთევან დედოფალი, მაგრამ,  როგორც ჩანს, მან მართლაც ყველაფერი გააკეთა ქართველი დედოფლის გადასარჩენად, დანარჩენი კი მასზე აღარ იყო დამოკიდებული; ამას ადასტურებს ისიც, რომ, თეიმურაზ პირველი, ქეთევანის ვაჟი, აქებს იმამ ყული ხან უნდილაძეს თავის ისტორიულ პოემაში და ამბობს, იმამ ყული ხანის ქებას ენა ვერ იტყვისო.

1633 წელს, როდესაც თეიმურაზ პირველმა მოაწყო აჯანყება ახალი შაჰის წინააღმდეგ, იმამ ყული ხანმა ძმასთან ერთად  მონაწილეობა მიიღო ამ აჯანყებაში, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს. იგივე ბედი ეწიათ ალავერდი ხანის დანარჩენ შვილებსა და შვილიშვილებს, როგორც ირანელი ისტორიკოსები აღნიშნავენ, უნდილაძეთა გვარის ამოძირკვის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გიორგი სააკაძის გამოზრდილი ხოსრო მირზა, ქართლის მომავალი მეფე როსტომ ხანი გახლდათ.

ამჯერადაც ერთი ნიჭიერი ქართველი მეორის მსხვერპლი გახდა, ესეც იმისთვის, რომ საქართველოს მაოხრებლის კარზე პირველკაცობა არავისთან გაეზიარებინა და მიაღწია კიდეც საწადელს, შაჰ აბასის შემდგომი პერიოდის ირანში, შაჰ სეფის დროს ყველაზე გავლენიანი პიროვნება ხოსრო-მირზა, იგივე როსტომ ხანი, იგივე როსტომ ქართლის მეფეა. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა და სავარაუდოდ, მის შესახებ, სხვა დროს ვისაუბროთ…

 

6500