ჯესიკა ლენგი - მე მზად ვარ ცხოვრების ახალი რაუნდისთვის...

© Flickr / Lene Dietrichჯესიკა ლენგი ფილმში "ამერიკული ისტორია".
ჯესიკა ლენგი ფილმში ამერიკული ისტორია. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს შევამჩნიე, რომ ჩვენს აივანზე ოდნავ მიყრდნობილმა ბროწეულის ხემ მოწითალი სანთლებივით ანთებული კვირტები მიმალა… ადესაც ცოტა დამფრთხალი მომეჩვენა… მინდა მოგახსენოთ, რომ არც გამკვირვებია… რადგანაც დღეს ჩვენი აივნის სტუმარია შესანიშნავად ლამაზი ჰოლივუდის კინოვარსკვლავი, რომელშიც შეყვარებულები იყვნენ არა მხოლოდ მთელი მსოფლიოს მამაკაცები, არამედ ერთი საშინელი და გაბურძგნული უზარმაზარი არსებაც, რომელსაც კინგ-კონგი ჰქვია… და აბა, ახლა ეს ჩვენი, ისედაც ცოტა დაბერებული აივანი დიდი გორილას სიმძიმეს კი არა, მის ყმუილსაც კი ვერ აიტანს…

რაღა თქმა უნდა, მიხვდით, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მშვენიერ, ამერიკული კინოსა და თეატრის მსახიობს, ფოტოგრაფს, ფილანტროპს, UNICEF-ის კეთილი ნების ელჩს, “ოსკარის” პრემიის ორგზის, „ემის“ პრემიის სამგზის. „ოქროს გლობუსის“ პრემიის ხუთგზის და „ტონის“ პრემიის ლაურეატს, ჯესიკა ლენგს (იგივი ლანგს, იგივე ლანჟს), რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1949 წლის 20 აპრილს, მინესოტას შტატის ქალაქ კლოკეტში.

შესანიშნავმა მსახიობმა, ენტონი ჰოპკინსმა, ჯესიკას პარტნიორმა ფილმში „ტიტუსი“ მასზე ერთხელ თქვა — „ჰოლივუდში ხშირად ამბობენ — „იცხოვრე ნამდვილი ცხოვრებით“ — მაგრამ ძალიან ცოტა ვინმე თუ აკეთებს ამას. ჯესიკამ კი ეს ბოლომდე შეძლო“…

ჯესიკა ლენგს მართლაც საოცარი და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ჰქონდა…

ჯესიკას მამა პროფესიით კომივოიაჟერი იყო და ჯესიკამ ბავშვობაში 18-ჯერ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა… მისი მოგონებით, — “მამა იყო საოცარი ადამიანი. ის გაჟღენთილი იყო ემოციებით… მეც ზუსტად ასეთად გავიზარდე“…

ჯესიკა ბავშვობიდან ოცნებობდა რაღაც მიუწვდომელსა და განსაკუთრებულზე… 1968 წელს მან თავი დაანება მინესოტას უნივერსიტეტში სწავლას, ცოლად გაყვა თანაკურსელს, ესპანლ პაკო გრანდეს და დაიწყო ჰიპური წესით ცხოვრება… მეუღლეები მოგზაურობდნენ ძველი პიკაპით ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში… ცოტა ხანში ჯესიკას ცხოვრების ეს სტილი მობეზრდა და გაემგზავრა პარიზში პანტომიმის ხელოვნების შესასწავლად… ცოტა ხანში კი მხატვრობამ და ფოტოგრაფიამ გაიტაცა… 2 წელის შემდეგ კი ჯესიკა დაბრუნდა ამერიკაში, სადაც დაიწყო თანამედროვე ცეკვების შესწავლა, რაც შემდგომში საოცრად გამოადგა გადასაღებ მოედანზე…

სხვათაშორის, ჯესიკა ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ცეკვებმა ის „გადაარჩინეს და გაათავისუფლეს“, რადგანაც მანამდე, ის ძალიან მორცხი და შებოჭილი იყო და უჭირდა ადამიანებთან კონტაქტში შესვლა…

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, ჯესიკა შევიდა სამსახიობო ოსტატობის შემსწავლელ სტუდიაში, სადაც სწავლისათვის საჭირო ფულს შოულობდა ოფიციანტად მუშაობით… სწორედ მაშინ, მის დახვეწილ და ცოტა „ველურ“ სილამაზეს ყურადღება მიაქცია პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა, რომელიც ეძებდა მსახიობს ფილმ “კინგ-კონგში“ გადასაღებად. მან 100-ზე მეტი კანდიდატურა განიხილა, მაგრამ ჯესიკამდე ყველა დაიწუნა… მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა კრიტიკოსების დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა, მაყურებელმაც და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმაც ყურადღება მიაქციეს ჯესიკას…ამ ფილმში გადაღებისას, ჯესიკა 27 წლის იყო…

მაგრამ ნამდვილ წარმატებას ჯესიკა ლენგმა მიაღწია 32 წლის ასაკში, როდესაც შეასრულა კორა სმიტის როლი დრამაში „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“. ამ ფილმის შემდეგ ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა…

მისი დუეტი ჯეკ ნიკოლსონთან ერთად მართლაც შეუდარებელი იყო…

თავისი პირველი „ოსკარი“ ჯესიკამ მიიღო ფილმისთვის „ტუტსი“, სადაც მას პარტნიორობას უწევს დასტინ ჰოფმანი. სხვათაშორის, ჯულის როლი ამ ფილმში ჯესიკას მთელ კინოკარიერაში ერთადერთი რომანტიკული როლია… დანარჩენ ფილმებში ის ყოველთვის ძალიან რთული ბედის მქონე ქალების როლებს ასრულებდა…

ჯესიკა ლენგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი გახლდათ ამერიკელი მსახიობი — ფრენსის ფარმერის როლი გრემ კლიფორდის საკმაოდ მძიმე ფილმში „ფრენსისი“, სადაც მსახიობმა ბოლომდე გახსნა თავისი დრამატული ნიჭი… ქალის როლში, რომელმაც დაიწყო წარმატებული სამსახიობო კარიერა, ავიდა ჰოლივუდის მწვერვალებზე და ცხოვრება ლოთობასა და დეპრესიაში დაასრულა…

მეორე ოსკარი ჯესიკამ მიიღო ფილმისთვის „ცისფერი ცა“, რომელშიც ასევე განუმეორებელია მისი დუეტი საოცარ მსახიობ ტომი ლი ჯონსთან…

 

ჯესიკა ლენგის კიდევ უამრავ როლზე შეიძლება საუბარი, მათ შორის თეატრალურზეც, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანდა…

აღსანიშნავია, რომ მოუსვენარი ჯესიკა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, დაუბრუნდა ფოტოგრაფიას და მისი გამოფენები დიდი წარმატებით სარგებლობს…

ის დღესაც ფორმაშია, ეწევა აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას, მაგრამ უფრო მეტ დროს თავისი შვილების აღზრდასა და ოჯახს ანდომებს. მას 3 შვილი ყავს… უფროსის, ალექსანდრას მამა ცნობილი მოცეკვავე მიხეილ ბარიშნიკოვია, რომელთანაც ჯესიკას საოცარი რომანი ჰქონდა და რომელსაც ზუსტად დედასავით მარცხენა ხელზე კელტის ჯვრის ტატუ ამშვენებს… ქალიშვილი ჰანა და ვაჟი სემი მან გააჩინა დრამატურგი სემ შაპარდისგან, ვისთანაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთად ცხოვრობდენ, თუმცა ურთიერთობები ოფიციალურად არ გაუფორმებიათ…

და კიდევ ერთი… კინაღამ დამავიწყდა… ჯესიკა მღერის კიდევაც…

მართლაც, სოცარი ქალბატონია…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ჯესიკა ლენგივით მრავალფეროვან დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0