გარემიქსებული ფოლკლორი და „სულიკოს" წყალობით ქართულად ალაპარაკებული მაქსიმ გალკინი

© FB/ Levan Dzagnidzeანსამბლი სულიკო
ანსამბლი სულიკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ მოსკოვში მცხოვრებ ნიჭიერ მუსიკოსსა და არანჟირების ავტორს, ანსამბლ „სულიკოს“ მუსიკალურ ხელმძღვანელსა და ვოკოლისტ ლევან ძაგნიძეს წარმოგიდგენთ.

ქართული ხალხური სიმღერებითა და ელექტრონული მუსიკით ბავშვობიდანაა გატაცებული. ოცი წლის ასაკში მოსკოვში გადასვლა და მუშაობა შესთავაზეს, ისიც დათანხმდა და მომღერლის კარიერაც იქ აიწყო. დღეს მღერის ქართულ ანსამბლში „სულიკო“, რომლის პოპულარობა რუსეთში გარკვეულწილად თამარ გვერდწითელთან თანამშრომლობამ განაპირობა. ანსამბლი სცენაზე რუსული ესტრადის სხვა პოპულარულ მომღერლებთან ერთად გამოდის და ხშირად აქვს კონცერტი. მუსიკოსი პირად ცხოვრებაშიც ბედნიერია, აქვს ქართული ტრადიციული ოჯახი და თავის ქალიშვილსაც ქართულ ღირებულებებზე ზრდის. მას მოსკოვში დავუკავშირდით.

© Lika Barbakadzeლევან ძაგნიძე
ლევან ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ლევან ძაგნიძე

-ბატონო ლევან, რამდენადაც ვიცი, მუსიკალურ ოჯახში გაიზარდეთ, ამიტომ ძალიან ადრე ამღერდით…

— დიახ, როგორც მშობლები ამბობენ, სამი წლინახევრის ასაკში უკვე ხმებში ვმღეროდი და ეს არავის გაკვირვებია, რადგან როგორც აღნიშნეთ, მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. გავიზარდე და საჯარო სკოლა და კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ათწლედიც ქუთაისში დავამთავრე. თავიდანვე აქტიური ბავშვი ვიყავი, ძალიან ცელქი და მოუსვენარი. ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი რამ მაინტერესებდა, მაგრამ მუსიკა იყო ის, რის გარეშე ცხოვრებაც არ შემეძლო.

© FB/ Levan Dzagnidzeლევან ძაგნიძე ოჯახთან ერთად
ლევან ძაგნიძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ლევან ძაგნიძე ოჯახთან ერთად

- ამიტომაც მუსიკალურ სფეროში საქმიანობა 15 წლიდან დაიწყეთ, როგორ მოხდა ეს?

— მოგეხსენებათ, 90-იან წლებში დალხენილი ცხოვრება იშვიათად თუ ვინმეს ჰქონდა. მეც ხელმოკლე ოჯახიდან ვიყავი, ამიტომ იძულებული გავხდი 15 წლიდან მუშაობა დამეწყო, რა თქმა უნდა, მუსიკოსად, ერთ-ერთ ქუთაისურ ბარში. პარალელურად კონსერვატორიაში ჩაბარებაზე ვოცნებობდი. მისაღები გამოცდებისთვის კონსერვატორიის პედაგოგთან მომზადება იყო საჭირო, ეს კი ფინანსებთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში მხოლოდ ნიჭით ფონს ვერ გახვიდოდი, ფული იყო საჭირო, მე კი ფული არ მქონდა. ათწლედის დამთავრებიდან მოკლე პერიოდში მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ დედაქალაქში გაგვეგრძელებინა მოღვაწეობა. აი, ასე აღმოვჩნდით ერთ-ერთ თბილისურ რესტორანში.

© FB/ Levan Dzagnidzeლევან ძაგნიძე სიმიონ სლეპაკოვთან ერთად
ლევან ძაგნიძე სიმიონ სლეპაკოვთან ერთად - Sputnik საქართველო
ლევან ძაგნიძე სიმიონ სლეპაკოვთან ერთად

- როგორი იყო ცხოვრების თბილისური პერიოდი?

— თბილის მალე შევეჩვიე, აქ თავის დამკვიდრება არ გამჭირვებია. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, საერთო ენას ყველასთან ადვილად ვპოულობდი. ძალიან ბევრს ვშრომობდი, არა მხოლოდ სამსახურში, არამედ სახლშიც, საკუთარ თავზე… თბილისში რომ ჩავედი, კომპიუტერი მალევე ვიყიდე. მაშინ ის ძალიან იშვიათად თუ ჰქონდა ვინმეს. ამან საშუალება მომცა ტექნიკური მხარე განმევითარებინა, ვგულისხმობ სტუდიურ საქმიანობას, კონკრეტულად კი არანჟირებას. ჩემი პირველი მცდელობა „სამი ძმები გურულების" რემიქსი იყო, რომელსაც მე და ჩემი დეიდაშვილი, შახი ჭეიშვილი ვმღეროდით.

© FB/ Levan Dzagnidzeფილმის "მელოდია ორ ხმაში" გადაღების დროს
ფილმის მელოდია ორ ხმაში გადაღების დროს - Sputnik საქართველო
ფილმის "მელოდია ორ ხმაში" გადაღების დროს

- ბატონო ლევან, გაიხსენეთ რას მიუძღვენით ელექტრო ელემენტებზე აწყობილი მუსიკა, სახელწოდებით „განთიადი"?

— ჯერ იმას გეტყვით, რომ ხალხური სიმღერების სიყვარული დილით აჟღერებულმა სოფლის რადიომ ჩამინერგა (ბავშვობაში მთელ ზაფხულს სოფელში ვატარებდი), რომლის მაუწყებლობა ხალხური სიმღერებით იწყებოდა. ამ არაჩვეულებრივი ჟღერადობის შემდეგ ვდგებოდი, ვიღებდი ფანდურს, ვჯდებოდი აივანზე და მზის ამოსვლას ვუყურებდი. ალიონის ამ სილამაზეს სიმღერით ვხვდებოდი. ამ დროს ელექტროდენის სადენებზე ჩამწკრივებული მერცხლები მისმენდნენ, მეზობლები კი ყოველი სიმღერის ბოლოს ტაშს მიკრავდნენ. ეს მომენტი საოცარი სანახაობა იყო, ყოველ შემთხვევაში, მე მომწონდა. მოგვიანებით სწორედ ამ სილამაზეს მივუძღვენი ელექტრო ელემენტებზე აწყობილი მუსიკა სახელწოდებით „განთიადი"…

© FB/ Levan Dzagnidzeსცენაზე თამარ გვერდწითელთან ერთად
სცენაზე თამარ გვერდწითელთან ერთად - Sputnik საქართველო
სცენაზე თამარ გვერდწითელთან ერთად

- ელექტრონულ მუსიკაზე ხალხური სიმღერების აგების სურვილი როდის გაგიჩნდათ?

— პატარა ასაკიდანვე ელექტრონული ხმოვანება სხვადასხვა ჯგუფების შემოქმედებაში ძალიან მომწონდა. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ქართული ხალხური სიმღერებითა და ელექტრონული მუსიკით ვარ გატაცებული. ჩემი ბავშვობის წლები 90-იანებთანაა დაკავშირებული და სხვადასხვა ჯგუფების ჰიტებზე გავიზარდე. მიყვარდა: ტექნო, ტრანსი და ბევრი სხვა სტილი. ამის შემდეგ განვითარდა სტილი ელექტროჰაუსი და დღემდე ამ სტილის მოყვარული ვარ. მას ვუსმენ გამუდმებით, ის აქტიურია, პოზიტიური, ჩქარი, გულის პულსის შესაბამისია და მისი მოსმენის დროს არასოდეს ვიწყენ. თუმცა სხვადასხვა სტილიც მომწონს და საკუთარ კომპოზიციებს ვწერ.

© FB/ Levan Dzagnidzeლევან ძაგნიძე
ლევან ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ლევან ძაგნიძე

-ბატონო ლევან, მოსკოვში როგორ და როდის აღმოჩნდით?

— თბილისში ჩასვლიდან სამი წლის შემდეგ ჩემი გეგმები მოულოდნელად შეიცვალა. ბიჭს, რომელსაც ოდესღაც თბილისში ცხოვრებაზე ოცნებაც კი შეუძლებლად მიაჩნდა, მოსკოვში მუშაობა შესთავაზეს, მეც დავთანხმდი. ოცი წლის ასაკში სამშობლოს, ოჯახს მოვწყდი და მას შემდეგ აქ, მოსკოვში ვცხოვრობ და კარიერაც აქვე ავაწყვე. მყავს ქართველი მეუღლე და სამი წლის ქალიშვილი, რომლებიც ჩემს გვერდით არიან და უფრო მეტ ძალას მმატებენ იმისთვის, რომ უცხო ქვეყანაში ვიცხოვრო. ჩვენ ქართული ტრადიციული ოჯახი გვაქვს, ჩვენს გოგოსაც ქართულ ღირებულებებსა და როგორც ნამდვილ ქართველს, ისე ვზრდით. მეუღლე სპეციალობით ხელოვნებათმცოდნე და მუსიკოსია, გოგონასთვის კი რამე განსაკუთრებული ნიჭი მუსიკის მხრივ ჯერ არ შეგვიმჩნევია…

- როგორ ცხოვრობს დღეს მოსკოვში ქართველი მუსიკოსი?

— ზოგადად, როგორც ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ „სადაც არ ხარ, იქ კარგია", ასე არ არის. რუსეთში ჩამოსვლით, ჩემი ცხოვრების გზა ია-ვარდებით არ მოფენილა. ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი და ბევრჯერ მიჭირდა, როგორც ფინანსურად, ასევე ემოციურად. საბედნიეროდ, გვერდით მყავდნენ ისეთი ადამიანები, რომლებთან ერთადაც საქართველოდან ამ დიდ ქვეყანში ჩამოვედი და რომლებიც დღესაც მაძლიერებენ, მე კი მათ. ჯეირან გაგოშიძესა (ჩემი ოჯახის მეგობარი) და კობა გიორგიძეს ვგულისხმობ. ერთად ყოველთვის ვახერხებდით იმას, რომ ფარ-ხმალი არასოდეს დაგვეყარა.

© FB/ Levan Dzagnidzeსცენაზე თამარ გვერდწითელთან ერთად
სცენაზე თამარ გვერდწითელთან ერთად - Sputnik საქართველო
სცენაზე თამარ გვერდწითელთან ერთად

- მოსკოვში ცნობილ ანსამბლში „სულიკო“ როგორ აღმოჩნდით?

— ჩემმა ამჟამინდელმა კოლეგამ და მეგობარმა, ვეფხო კუტივაძემ, რომელიც 2006 წელს რამდენიმე თვის გაცნობილი მყავდა და ჩემი მუსიკალური შესაძლებლობები იცოდა, მის ანსამბლში სიმღერა შემომთავაზა. ანსამბლში, რომელშიც დღემდე ვმღერი და ეს ანსამბლი „სულიკოა", რომლის ჩამოყალიბებაში ვეფხოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ამჟამად ანსამბლ „სულიკოს" წარმოვადგენთ: მე, ვეფხო კუტივაძე, ჯეირან გაგოშიძე, ზაზა ხინიკაძე და ალესია დუბროვა. თითოეული მათგანი ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანია! გარდა ქართული და რუსული სიმღერებისა, ვმღერით სხვადასხვა ევროპულ და აზიურ ენებზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ჩვენი სტილისტიკა გვაქვს, ჩვენი სიმღერის ჟღერადობა განსხვავებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ იდეით დაწყებული არანჟირებით დამთავრებული ყველაფერი საკუთარი გვაქვს.

- თქვენი ანსამბლის პოპულარობა თამარ გვერდწითელთან თანამშრომლობამაც განაპირობა?

— დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, რომ ჩვენი ანსამბლის პოპულარობა გარკვეულწილად თამარ გვერდწითელთან თანამშრომლობამ განაპირობა. ერთ-ერთი კონცერტისთვის ქალბატონ თამარს მამაკაცთა ჯგუფი სჭირდებოდა, საერთო ნაცნობების მეშვეობით ჩვენ დაგვიკავშირდა და მისი კონცერტის მონაწილეებიც ასე აღმოვჩნდით. ამის შემდეგ თამარმა შემოგვთავაზა თანამშრომლობა, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. კონცერტები რუსეთის სხვადასხვა დიდ ქალაქსა და სხვადასხვა ქვეყნებში გვქონდა. ამჟამად ვთანამშრომლობთ რუსეთში მოღვაწე სხვა ქართველ ვარსკვლავებთან, ვმონაწილეობთ სხვადასხვა ტელეპროექტში.

-ამბობენ, მაქსიმ გალკინი ქართულად რომ ალაპარაკდა, ეს სწორედ ანსამბლ „სულიკოს" დამსახურებააო. როგორ მოხდა ეს ამბავი?

— მაქსიმ გალკინის შოუს „Максим Максим" ერთ-ერთი რუბრიკაა „კარაოკე მანქანაში". შოუში მიწვეული ჰყავდათ სოსო პავლიაშვილი და ვალერი მელაძე, ამიტომ აღნიშნული რუბრიკისთვის ქართველი მომღერლები სჭირდებოდათ. რადგან არაერთ სატელევიზიო გადაცემაში მიგვიღია მონაწილეობა, ასე თუ ისე ცნობადი სახეები ვართ და არჩევანიც ჩვენზე შეაჩერეს. რადგან ქართული გარემო შეიქმნა მაქსიმმა გადაწყვიტა რაღაც ქართულად ეთქვა. ეს გადაცემა ქართულმა ინტერნეტ საიტებმა მაშინვე აიტაცეს სათაურით „მაქსიმ გალკინი ქართულად ალაპარაკდა". რაც შეეხება ანსამბლ „სულიკოს“, მისი დისკიც გვაქვს გამოშვებული და ჩვენი საიტიც (Suliko.su) მოქმედებს. ასევე გადაგვიღეს ფილმში „მელოდია ორ ხმაში", რომლის რეჟისორი სერგეი მეზენცევი იყო. მოკლედ თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ანსამბლი „სულიკო" რუსეთში მოღვაწე ქართულ ანსამბლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ამას ჩვენი შემოქმედების განსხვავებული სტილისტიკა და მრავალფეროვნება განაპირობებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0