ელენე ახვლედიანი: მშვენიერია პარიზი, მაგრამ თბილისი სასწაულია

© courtesy of Georgian Museum of Photographyქეთევან მაღალაშვილი და ელენე ახვლედიანი
ქეთევან მაღალაშვილი და ელენე ახვლედიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს აივანზე რომ გავედი, "ქალაქურად" მოკრძალებულად მომესალმა… მარჯვნივ გადავიხედე და მოძველებული მოაჯირის იქით ისეთი ლამაზი ხედი გადაიშალა, გული გამიჩერდა… მარჯვნივ, შესანიშნავ ნარინჯისფერ და მზისგან გარუჯულ სახურავზე მეზობლის კატა იპრანჭებოდა, ზევით კი, ციცაბო კლდეზე ერთმანეთზე უკეთესი და გემრიელად მოკალათებული სახლები თბილისურ სიმყუდროვეში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს…

მძიმედ ამოვიოხრე… ეჰ, რატომ არა ვარ ჩვენი დღევანდელი სტუმრის ნიჭით დაჯილდოებული და შემკული მეთქი… ხომ ვტაცებდი ახლა ხელს ფუნჯს და ამ სილამაზეს არსად არ გავუშვებდი, ჩარჩოთი შემოხაზული ოთხკუთხედის მიღმა…

ქალბატონი ელენე ახვლედიანის თბილისი… როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანს ის, რასაც ხატავ, რომ შენი ნამუშევრის შემყურე ნებისმიერ სხვა ადამიანს ერთადერთი სურვილი გაუჩნდეს — ამ ნახატებში ჩახტომის და ჩაყვინთვის…

როგორ უნდა გრძნობდე იმას რასაც ხატავ, რომ შენს ნამუშევრებს ასეთი თბილი აურა დაჰყვებოდეს და მუსიკა…

არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ მე ქალბატონი ელენეს სურათებს როცა ვუმზერ, გულში ყოველთვის რაღაცა, მხოლოდ ჩემთვის ნაცნობ მელოდიას ვღუღუნებ…

დღეს ჩვენი თბილისური აივანი განსაკუთრებულად ამაყი და მოკრძალებული ხვდება მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ ფერმწერს, გრაფიკოსს, თეატრისა და კინოს მხატვარს, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეტს, საქართველოს სახალხო მხატვარს და უბრალოდ, უკეთილშობილეს, ელეგანტურ, დახვეწილ, პირდაპირ და საოცრად ღირსეულ ქალბატონ ელენე (ელიჩკა) ახვლედიანს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1898 წლის 5 აპრილს, ქალაქ თელავში…

ელენე ახვლედიანის მამა — დიმიტრი, გადამდგარი სამხედრო ექიმი გახლდათ, დედა — ელენე კი, ერისთავების გვარის შთამომავალი,კეთილშობილი და თბილი ქალბატონი იყო. დიმიტრი ახვლედიანს გახსნილი ჰქონდა ამბულატორია, სადაც უფასოდ იღებდა ავადმყოფებს. პატარა ელენე ბავშვობიდან საოცარი სიკეთით გამოირჩეოდა. ერთხელ ის თელავში სასეირნოდ გავიდა და სახლში მოსასხამის და კაბის გარეშე დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ მას გზაში შეხვდა გოგო, რომელსაც თბილად არ ეცვა და ციოდა… პატარა ელენემ, დაუფიქრებლად, ქუჩაშივე მას თავისი ტანისამოსი აჩუქა…

1910 წელს ოჯახი თბილისში გადავიდა და ელისაბედის ქუჩაზე დასახლდა… ელენე დადიოდა ქალთა მე-2 გიმნაზიაში… ის საოცრად ნიჭიერი იყო და ყველასგან გამოირჩეოდა. 13 წლის ასაკში გიმნაზიაში მოაწყო კონცერტი, სადაც საოპერო არიებს ასრულებდა…

საერთოდ, ოჯახში ყველა შეჩვეული იყო იმ აზრს, რომ ელენე მუსიკას გაჰყვებოდა, მაგრამ მან მხატვრობა არჩია… სავარაუდოდ, მისი ხატვის მასწავლებლის, ნიკოლაი სკლიფასოვსკის გამო, რომლის სამხატვრო სტუდია ახვლედიანების ოჯახის ეზოში იყო განთავსებული და რომელმაც ელენეს მშობლებს განუცხადა: "მე არ ვიცი, როგორი მუსიკოსი გამოვა თქვენი შვილი, მაგრამ არაჩვეულებრივი მხატვარი რომ გამოვა, ამის გარანტიას ახლავე გაძლევთო"…

1922 წელს ელენემ ჩააბარა თბილისის ახლად გახსნილ სამხატვრო აკადემიაში, დიდი ქართველი მხატვრის, გიგო გაბაშვილის კლასში და პირველივე დღიდან იმდენად გამორჩეული იყო, რომ საგანგებო სტიპენდია დაუნიშნეს… ერთი წლის შემდეგ კი, ლადო გუდიაშვილთან, დავით კაკაბაძესთან, ქეთო მაღალაშვილთან და სხვა გამორჩეულ სტუდენტებთან ერთად პარიზში გაუშვეს სტაჟირებაზე…აღსანიშნავია, რომ ეს აქცია დააფინანსა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა ცნობილი ქართველმა მხატვარი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის პირველი დირექტორი, დიმიტრი შევარდნაძე…

ამ დროს, ელენეს მეუღლე, აპოლონ კაკაბაძე მივლინებით მიემგზავრებოდა იტალიაში და ელენეც იძულებული გახდა პარიზი რომით შეეცვალა… მან მოიარა მთელი იტალია და ბუნებრივია, ტილოზე გადაჰქონდა შეუდარებელი რომის, ვენეციის, ფლორენციის ხედები…

2 წლის შემდეგ კი ის ჩავიდა პარიზში, სადაც შეუერთდა თავის ქართველ კოლეგებსა და მეგობრებს…

აღსანიშნავია, რომ ელენე ახვლედიანის პირველი პერსონალური გამოფენა ჩატარდა პარიზში, რომელიც იმ პერიოდში მსოფლიო კულტურის ცენტრად ითვლებოდა… რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო, მაგრამ მან მთლიანად გაამართლა…

საინტერესოა, რომ ელენე ახვლედიანის გამოფენაზე მოსულმა პაბლო პიკასომ თვალი დაადგა მხტვრის ერთ-ერთ ნამუშევარს — "ზამთარი თელავში" და მისი შეძენა ისურვა, მაგრამ ელენემ კახური პირდაპირობით განუცხადა, რომ ამ ნამუშევარს ის არასდროს არ გაყიდიდა…

სამაგიეროდ, მოდილიანის მან სიმბოლურ ფასში მიყიდა თავისი სხვა ნახატი… როდესაც ელენემ გაიგო, რომ მოდილიანიმ უსახსრობის გამო ვერ შეძლო ამ ნამუშევრის შეძენა, მან ის სახლში მიუტანა და დაუტოვა, მაგრამ პატივმოყვარე მოდილიანიმ უკან დაუბრუნა… ელენემ ისევ გაუგზავნა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მხატვრები კომპრომისამდე არ მივიდნენ…

უბრალოდ წარმოიდგინეთ იმ დროინდელი პარიზის ატმოსფერო და ორი ბუმბერაზი მხატვარი — პიკასო და მოდილიანი, ქართველი ქალბატონის — ელენე ახვლედიანის ნამუშევრები რომ გულში ჩაარჩათ… მე, მაგალითად, სიამაყით კინაღამ მოვკვდი…

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ელენე ახვლედიანი აწყობდა პერსონალურ გამოფენებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ქუთაისში ყოფნისას, გაიცნო ცნობილი ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. როგორც ქალბატონი ელენე იხსენებდა, დაინახა თუა არა ის მარჯანიშვილმა, მიუახლოვდა და უთხრა — "თქვენმა შემოქმედებამ ისეთი სიამოვნება მომანიჭა, რომ დაუკითხავად"… ჩაეხუტა და აკოცა… შემდეგ კი მარჯანიშვილმა უთხრა: "ხომ ხედავთ, ჩვენ უკვე მეგობრები ვართ და დაგიძახებთ უბრალოდ ელიჩკას"…

თანაც მოიწვია თეატრში სამუშაოდ… ამ დღის შემდეგ კი ელენე ელიჩკა გახდა…

ქალბატონმა ელენემ 80-ზემეტი სპექტაკლი გააფორმა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა თეატრში… ის მეგობრობდა რუსული ინტელიგენციის გამორჩეულ წარმომადგენლებთან… ლეგენდარული მსახიობი, ელენა გოგოლევა მთაწმინდამდე ფეხით აიყვანა, მის ნახატებში გამოსახული თბილისი რომ გაეცოცხლებინა მისთვის; დიდ სვიატოსლავ რიხტერთან, რომელიც ყოველ თავისუფალ დროს თბილისსი მოიჩქაროდა ელიჩკას სანახავად, თბილისის ვიწრო ქუჩებში დასეირნებდა… მის სახლში იკრიფებოდა საოცარი საზოგადოება — პოეტები, მწერლები, მხატვრები, მსახიობები… ერთ-ერთ ასეთ დღეს, მის როიალზე, რომელიც დიდმა ქართველმა კომპოზიტორმა, ოთარ თაქთაქიშვილმა აჩუქა, უკრავდა რიხტერი, თანაც საკუთარი ფერწერული ნამუშევრების ფონზე… საქართველოზე ლექსებს კითხულობდნენ ბელა ახმადულინა და ევგენი ევტუშენკო…

ქართველი შემოქმედებების წარმომადგენლებისთვის ხომ ელიჩკა ახვლედიანის სახლი ფაქტიურად, მეორე სახლი იყო…

გთავაზობთ უნიკალურ კადრებს, სადაც ბატონი ლადო გუდიაშვილიც კი ააცეკვეს…

ქალბატონი ელენე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში სევდიანად ამბობდა, რომ თბილისი კარგავდა ძველ ელფერს და პეწს… მას იმდენად გულიანად და გულმოდგინედ გადაჰქონდა ძველი თბილისის ხედები ტილოზე, რომ შემდგომში, თბილისის მთავარი არქიტექტორი, შესანიშნავი კაცი, შოთა ყავლაშვილი ძველი ქალაქის სხვადასხვა უბნის რესტავრაციის დროს, სწორედ ქალბატონი ელენეს ჩანახატებით სარგებლობდა…

1975 წლის 28 დეკემბერს, ელენე ახვლედიანი სიტყვით გამოდიოდა ერთერთი გამოფენის გახსნაზე და თავი შეუძლოდ იგრძნო… მისი ბოლო სიტყვები იყო: "Как стыдно, у всех на…" ასეი ამაყი და დახვეწილი იყო…

1975 წლის 30 დეკემბერს ის გარდაიცვალა…მაგრამ დაგვიტოვა იმხელა სიმდიდრე, სინათლე და სიყვარული… რასაც ქვია ელიჩკა ახვლედიანი…

გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და ელიჩკა ახვლდიანივის ნახატებივით გულწრფელ დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0