ცხრა წლის ასაკში პირველი ხელფასით გაწეული ქველმოქმედება

© FB / Tako Tananashviliთეგა დუშუაშვილი დედასთან, თაკო თანანაშვილთან ერთად
თეგა დუშუაშვილი დედასთან, თაკო თანანაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
იშვიათი მუსიკალური სმენა აქვს და 5 წლის ასაკში უკვე „დრამ-სქულის“ წევრი იყო. ორი წელი ოქსფორდის სკოლაში ისწავლა. ერთხელ მოსმენილ სხვადასხვა სირთულის კომპოზიციას სმენით აწყობს. დადის წყალბურთზე, სრიალებს თხილამურებზე, თამაშობს ფეხბურთს და კალათბურთს, ცურვაში ვერცხლის მედალი აქვს მიღებული. გარდა ამისა, თამაშობს ბილიარდს და ატარებს მანქანას...

საუბარია თბილისის 24-ე სკოლის მეექვსეკლასელ ნიჭიერ მოსწავლეზე თეგა დუშუაშვილზე, რომელიც 9 წლის ასაკში მუსიკალურ ცენტრში მუშაობდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, „დრამ-სქულიდან“ ხელფასიც აქვს დანიშნული. ჩვენ თეგას და მის დედას, მომღერალ თაკო თანანაშვილს გავესაუბრეთ.

– თეგა, მაინტერესებს, ასეთი გამორჩეული რომ ხარ, აისახება თუ არა ეს სკოლის ნიშნებზე ან მეგობრების დამოკიდებულებაზე?

— ნიშნებზე არა, შეღავათს არავინ გაგიწევს. უფროსკლასელები კი გამომარჩევენ ხოლმე და მეუბნებიან, ის დრამერი არ ხარ, შენზე ბევრს რომ ლაპარაკობენო…

© FB / Tako Tananashviliთეგა დუშუაშვილი
თეგა დუშუაშვილი - Sputnik საქართველო
თეგა დუშუაშვილი

– დრამერობა ვინ გასწავლა?

— მე თვითონ ვისწავლე. ბავშვობიდან მომწონდა და რომ ვუყურებდი, მე თვითონ ვისწავლე. ალბათ ამის მოწოდება მაქვს. მერე კიდევ უფრო კარგად ვისწავლე და ეს ცოდნა ჩემმა ხელმძღვანელმა უფრო გამიზარდა.

— ყველაზე ძლიერი რომელ საგანში ხარ?

— ინგლისურში, თუმცა რუსულიც კარგად ვიცი. 

— თუ დაფიქრებულხარ, ვინ გამოხვალ?

— მინდა მსახიობი გამოვიდე, კიდევ იურისტობაც მინდა.

— იურისტი, რომელსაც სამსახიობო ნიჭი ექნება? უკვე საინტერესოა, წარმატებას გისურვებ. 

თეგას შესახებ მის დედას თაკო თანანაშვილსაც გავესაუბრეთ. თაკო ბავშვობიდან მრავალი სიმღერის კონკურსის მონაწილე, ლაურეატი და გრან-პრის მფლობელია. მონაწილეობდა სატელევიზიო შოუში „იმედის ტალღა“, რასაც დღეს სიამოვნებით იხსენებს, რადგან დიდი კონკურსის შედეგად გადარჩეულ მცირე მონაწილეთა შორის მოხვდა, თუმცა ყველაფერი ბავშვობაში, ანსამბლ „ნერგებში“ მისვლით დაიწყო.

— თაკო, თავიდან თეგაზე გკითხავთ, ასეთ მუსიკალურ ბავშვს იურისტობის სურვილი საიდან გაუჩნდა?

— ადრე ძალოვან სისტემაში ვმუშაობდი და მაგ დროს გაუჩნდა ეს აზრი. სულ მეკითხებოდა, პატრული რომ გამოვიდე, ან გამომძიებელი, რა უნდა დავამთავროო. მე ვუთხარი, ჯერ კარგი იურისტი უნდა გამოხვიდე და მერე კვალიფიკაცია აიმაღლო–მეთქი. სხვათა შორის, გამომძიებლისთვის საჭირო თვისებებს მართლა ავლენს, დაკვირვების უნარიც აქვს. 

— საიდან დაიწყო მუსიკასთან თქვენი ურთიერთობა?

— მუსიკასთან ჩემი ურთიერთობა ანსამბლ „ნერგებში“ დაიწყო. აქ ვისწავლე სიმღერა, ქართული მუსიკის სიყვარული. მახსოვს, 90-იან წლებში, იმ დროს, როცა ქალაქი ჩაბნელებული იყო. ბავშვები ქუჩაში დავდიოდით და ჩვენს ნაცრისფერ ცხოვრებას სიმღერით ვალამაზებდით. გამვლელებს სიამოვნებდათ და გვლოცავდნენ. 

— რამდენადაც ვიცი, თეგასთან დაკავშირებით ძალიან უჩვეულო შემთხვევა მოხდა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე, ანუ მუსიკალური ნიჭი რომ ექნებოდა, ამის შესახებ ექოსკოპიის დროს გითხრეს?

— როცა ფეხმძიმედ ვიყავი, ერთ ძალიან კარგ კლინიკაში მივედი, სადაც პროფესიონალები არიან. როცა მსინჯავდა, ექიმმა მკითხა, ამ ბავშვს მუსიკალური გენეტიკა ხომ არ აქვსო. გამიკვირდა და ვკითხე, საიდან მიხვდით–მეთქი. აღმოჩნდა, რომ როცა ექიმმა ექოსკოპიის დროს მუცელზე სამედიცინო ხელსაწყო მსუბუქად დამარტყა, გაოცდა – ბავშვი დარტყმის რაოდენობას ზუსტად იმეორებდა. ეტყობა, მაშინვე ვერ აჩერებდა ხელებს და უკვე მუცელში „დრამერობდა“. ექიმის პროგნოზი გამართლდა და თეგას მართლაც ასპროცენტიანი სმენა აქვს. 5 წლის ასაკში ვიოლინოზე მივიყვანეთ, შემდეგ კი დრამზე. აქვე მინდა „დრამ–სქულის“ ხელმძღვანელს გიორგი ვართანოვს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ თეგას ბუნებრივი ნიჭი ასე სწორად და ზუსტად განავითარა. 

© FB / Tako Tananashviliთეგა დუშუაშვილი
თეგა დუშუაშვილი - Sputnik საქართველო
თეგა დუშუაშვილი

— თეგა სპორტის სამ სახეობაზე დადის და სხვადასხვა წრეებშიც არის დაკავებული…

— ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, რომ მეშინოდა, მისი ნიჭი არასწორად არ წარმართულიყო. არ მინდოდა, რომ თავისუფალი დრო დარჩენოდა, ამიტომ მაქსიმალურად ვტვირთავდი. ყველა მეუბნებოდა, დაასვენე ეს ბავშვი, ცოტა ამოასუნთქე, რამე დარჩა, რაზეც არ დადისო. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა წრეში იყო ჩართული, ერთდროულად კალათბურთზე, ფეხბურთსა და ცურვაზე დადიოდა. მანქანა პირველად სრულიად დამოუკიდებლად გაატარა. თავიდან მაკვირდებოდა ჩუმად და ერთ დღესაც გამოგვართვა გასაღები, დაჯდა და გაიარა, ჩემი მეთვალყურებოდით, რა თქმა უნდა, აი, ასე უბრალოდ… 

— მუშაობა მართლა 9 წლის ასაკიდან დაიწყო?

— დიახ, თეგა უკვე 9 წლის ასაკიდან გამოდის სადღესასწაულო ცენტრში და ოფიციალურად დანიშნული ხელფასიც აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემზე მეტიც კი, რადგან თუ დღეში სამი ღონისძიება აქვს, 60 ლარს იღებს. მიხარია, რომ შრომითი უნარ-ჩვევები ასე ადრიანად გამოუმუშავდა და ზარმაცი არ გაიზარდა. დღეს ძალიან დატვირთულია, რადგან ბევრ კორპორატიულ საღამოსა და სხვადასხვა დღეობაზე იწვევენ. 

— თუ გახსოვთ თეგას პირველი ხელფასი?

— რა თქმა უნდა, მახსოვს, მიხარია, რომ პირველი ხელფასით სურვილი გამოთქვა, სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდა, ამიტომ თეგას ხელფასით მათთვის პროდუქტები შევიძინეთ…

ყველა ახალი ამბავი
0