ქართველი პროდიუსერი, რომელმაც მთვარეზე მიწის ნაკვეთი შეიძინა და შეყვარებულს აჩუქა

© Archil Menagarishviliარჩილ მენაღარიშვილი
არჩილ მენაღარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ ელექტრონულ ეპოქაში ადამიანებს ძნელად თუ გავაკვირვებთ, მაგრამ სულ ახლახან, რომ გვეგონა, რომ გალაქტიკაში ჩვენი მსგავსი პლანეტა არ იყო, NASA-ს მეცნიერებმა დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადის დაშორებით დედამიწის მსგავსი 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს.

დღეს ადამიანი იმ დონეზე "გათავხედდა", რომ ვარსკვლავების ბედს დედამიწაზე როგორც უნდა ისე განაგებს და საყვარელ ადამიანს მისი მფლობელობის სერტიფიკატსაც ჩუქნის. ეგ კი არა, მალე მთვარეზე ყველგანმავალს გაუშვებენ და ადამიანები იქ ტურისტებად ივლიან. ეს კი არადა, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც იქ… დასაფლავება უნდათ.

დრო იყო, რომ სიახლედ მთვარეზე მიწის ყიდვა ითვლებოდა. მსგავს სერვისს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ფირმა ახორცილებდა. ეს ამბავი დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო: მიხვიდოდი რომელიმე ფირმაში, დახედავდი მთვარის რუკას და სიმბოლურ ფასად შენთვის სასურველ "მიწის ნაკვეთს" შეიძენდი, ამის დასტურად კი სერტიფიკატს გადმოგცემდნენ. ვიფიქრეთ და, შეუძლებელი იყო, რომ მსურველთა შორის ქართველი არ აღმოჩენილიყო. მოვიძიეთ და ასეთი (იუმორის გრძნობის მქონე და რომანტიკული) ადამიანი მართლაც მოვნახეთ. ეს ქართველი პროდიუსერი არჩილ მენაღარიშვილი აღმოჩნდა.

© http://murderersanonymous.moonfruit.com/წითელი მთვარე
წითელი მთვარე - Sputnik საქართველო
წითელი მთვარე

– ბატონო არჩილ, როდის შეიძინეთ მთვარეზე მიწა?

— ეს ამბავი დიდი ხნის წინ, დაახლოებით 15 წლის წინ იყო და თქვენ საიდან იცით?

– პროფესია გვავალდებულებს, ასეთი ამბები ვიცოდეთ…

— ეს ფაქტი დიდი ხნის წინ ერთადერთხელ გააშუქა ქართულმა ტელევიზიამ.

– თუ შეიძლება, გაიხსენეთ, როგორ მოხდა ეს?

— ჩვენი ერთი მეგობარი ამერიკაში ცხოვრობს, მას ვთხოვეთ და იმან გვიყიდა. ვიღაცამ მოიგონა, რომ მთვარეზე მიწა გაეყიდა. მან დედამიწაზე იპოვა შესაბამისი კანონი, რითიც ვითომ მთვარეზე არსებული მიწები დაარეგისტრირა, მერე კი ამ მიწების გაყიდვა დაიწყო.

– ფაქტობრივად ჰაერს ჰყიდდა, ამიტომ ბუნებრივია, მიწის შეძენას სიმბოლური სახე ექნებოდა…

— რა თქმა უნდა, ამის შეძენა სიმბოლურად მოხდა. მე, მაგალითად, კრატერ კალამედასთან 1770 აკრი მიწა შევიძინე.

© Archil Menagarishviliარჩილ მენაღარიშვილი
არჩილ მენაღარიშვილი - Sputnik საქართველო
არჩილ მენაღარიშვილი

– თუ საიდუმლო არ არის რამდენი გადაიხადეთ?

— სულ რაღაც 28 დოლარი.

– წარმოგიდგენიათ?! ვაკეში 1 კვადრატული მიწა საშუალოდ 700 დოლარია…

— ეს ხომ ხუმრობაა, თორემ ახლა რეალურად ხომ არ წავალ მთვარეზე და არ განვაცხადებ: „ეს მიწა ჩემია!“ ეგ კი არა, მთვარეზე კონსტიტუციაც დაიწერა.

– საინტერესოა, მისი ლეგიტიმაცია როგორ მოხდება? ნეტავ ჩვენსას არ სჯობდეს და…

— რა გითხრათ? მისმა ავტორმა ასე თქვა, დედამიწის მსგავსად იქაც უნდა იყოს კანონებიო და მთვარის კონსტიტუციაც ამიტომ დაიწერა.

– ვინ იყო ის კანონმორჩილი?

— ამერიკაში ვიღაც იურისტს დააწერინეს. ანუ ვინც დაირეგისტრირა მთვარეზე მიწა, კონსტიტუციაც მან შეუკვეთა. ყველაფერს, რა თქმა უნდა, სიმბოლური სახე აქვს – ხომ არის, რომ ხალხი ვარსკვლავს ყიდულობს და საყვარელი ადამიანის სახელს არქმევს? მთვარეზე მიწის ყიდვაც ასევეა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხუმრობაა. ჩემ შემდეგ მთვარეზე მიწა სხვებმაც შეიძინეს.

– ხომ არ გაგჩენიათ სურვილი, რომ საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზი გაგეკეთებინათ და…

— დიახ, სხვათა შორის, მთვარის ნაკვეთი მაშინ ჩემს შეყვარებულს ვაჩუქე, ახლა ჩემი ცოლია… მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი ტერიტორიაა, თითქმის მანჰეტენის ტოლი.

© Elene Mamulaishviliარჩილ მენაღარიშვილის ოჯახი
არჩილ მენაღარიშვილის ოჯახი - Sputnik საქართველო
არჩილ მენაღარიშვილის ოჯახი

– რადგან მთვარეზე მიწის მფლობელი ხართ, ვალდებული ხართ იქაურ კონსტიტუციასაც იცნობდეთ, ყველაზე სასურველ პუნქტად რომელი მიიჩნიეთ?

— მთავრის კონსტიტუციაში დაახლოებით ასეთი პუნქტი წერია – თუ ხმაური არ გიყვართ, აქ ნუ გეშინიათ, ხმაური არ შეგაწუხებთ, ვერც მეზობელი შეგაწუხებთო…

– სერტიფიკატი ხომ გაქვთ?

— რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ სახლშია და მოძებნა უნდა.

– დიდი მადლობა საუბრისთვის.

მოკლედ, თუ მთვარეზე მიწის ყიდვის მსურველი თქვენ შორისაც აღმოჩნდა, გაცნობებთ, რომ 1 აკრი მიწის ფასი მთვარეზე ამჟამად დაახლოებით 26 დოლარია, თანაც ახლა 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. რადგან სამყაროში ყველაფერი ელექტრონულად ხდება, მთვარეზე მიწის ყიდვის პროცედურა ინტერნეტში შეგიძლიათ ჩაატაროთ. ეწვიეთ "მთვარის უძრავი ქონების" მაღაზიას და მიწა პირდაპირ ინტერნეტით შეიძინეთ.

სკეპტიკოსებს კი მთვარეზე მიწების გაყიდვით დაკავებული ერთ-ერთი კომპანიის საიტზე მითითებული სლოგანით "დავამშვიდებთ": იყავი ორიგინალური, აჩუქე ახლობელს აღფრთოვანება!

ყველა ახალი ამბავი
0