არჩილ გომიაშვილი ფილმში 12 სკამი

ოსტაპ ბენდერი, ზოსია სინიცინა და შეუმდგარი შტირლიცი...

383
(განახლებულია 07:14 24.03.2017)
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ამობრძანდება მამაკაცი, დაახლოებით 27–28 წლისა, წელში გამოყვანილ ვიწრო მწვანე კოსტიუმში. მის მძლავრ და ღონიერ კისერს დაამშვენებს გაცრეცილი შალის შარფი, ხოლო ფეხზე ეცმევა ლაკის შტიბლეტები, ფორთოხლისფერი ზამშის ზედა ნაწილით, თანაც უწინდოდ. ხელში კი ეჭირება ძველებური, განედის გასაზომი ასტრონომიული ხელსაწყო, ასტროლიაბია, რომლის გაყიდვასაც, სავარაუდოდ, აქვე, აივანზე შეეცდება. ფრთხილად იყავით – პირველ რიგში, ასტროლიაბია არავის არაფერში არ სჭირდება და, მეორეც, ეს გახლავთ უდიდესი აფერისტი და ამავე დროს შესანიშნავად მომხიბვლელი, ელეგანტური, სხარტი და საოცარი იუმორის მქონე — "დიდი კომბინატორი", ოსტაპ-სულეიმან-ბერტა-მარია-ბენდერ-ბეი. მე ამ განსაზღვრებაში დავამატებდი სიტყვას "ადამიანური", რადგან მას ათასჯერ შეეძლო, ოსტაპურ ენაზე რომ ვთქვათ, "გადაეგდო" მოხუცი და უსუსური კისა ვორობიანინოვი, მაგრამ არ იკადრა…

კარგად თუ დააკვირდებით, ჩვენი აივნის მოაჯირზე შემოსკუპებულ ოსტაპში შეიცნობთ რაღაც მშობლიურად ქართულს. რა თქმა უნდა, ეს ხომ სინამდვილეში ჩვენი საყვარელი მსახიობი არჩილ გომიაშვილი გახლავთ, რომელიც დღეს ასე გამოეწყო, რადგან სწორედ ოსტაპის როლმა ილფისა და პეტროვის ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებულ ლეონიდ გაიდაის ფილმში "12 სკამი" მოუტანა მას პოპულარობა და სახალხო სიყვარული და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1926 წლის 23 მარტს ქალაქ ჭიათურაში.

თავად ბატონი არჩილი ამბობდა, რომ საოცრად უყვარდა თავისი ოსტაპი, რომელმაც მის გვერდით იცხოვრა 30 წელზე მეტხანს და მას რთულ წუთებში ამხნევებდა.

არჩილ გომიაშვილი და იური ნიკულინი ფილმში „12 სკამი
© Sputnik/ РИА Новости
არჩილ გომიაშვილი და იური ნიკულინი ფილმში „12 სკამი"

ხშირად გამიგია ხოლმე მსახიობებისგან, რომ განსკუთრებით წარმატებული როლით თითქოსდა კმაყოფილები არ არიან, რადგან შემდეგ ყველა მათში ამ სახეს ხედავს და რეჟისორებიც ამ სტერეოტიპით ხდებიან შეზღუდული და სხვა ამპლუაში ვეღარ აღიქვამენ. სავარაუდოდ, არის ამ სიტყვებში რაღაც ჭეშმარიტება, მაგრამ არც ის არის დასამალი, რომ ნებისმიერ, ყველაზე დიდ მსახიობსაც კი გააჩნია ერთი, ყველაზე "ვარსკვლავური" როლი. ბატონი არჩილისთვის ეს იყო ოსტაპ იბრაგიმოვიჩი და ამას არც მალავდა.

ბატონი არჩილ გომიაშვილი სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ სამხატვრო ტექნიკუმში, შემდეგ კი გადავიდა მოსკოვში, სადაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის (МХАТ) სკოლა-სტუდიაში. ჰყვებიან, რომ მისაღებ კომისიაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა არჩილის ტემპერამენტმა და იმპულსურობამ, და, როგორც ჩანს, არა მხოლოდ მათზე. მან ადვილად მოიგო სტუდენტი ქალბატონების გულებიც და სასიყვარულო "გარჩევასთან" დაკავშირებული ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ დაზარალებულის ოჯახმა უჩივლა არჩილს და საქმე სასამართლოში რომ არ გადაეცათ, მას თბილისში დაბრუნება მოუწია. აქ ბატონმა არჩილმა მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, 1958 წელს გადავიდა ფოთის გიორგი ერისთავის თეატრში, ხოლო შემდეგ დამკვიდრდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსულ აკადემიურ თეატრში. აღსანიშნავია, რომ 1958 წელს ცნობილმა რეჟისორმა იური ლიუბიმოვმა დადგა მონოსპექტაკლი — მიუზიკლი "ოსტაპ ბენდერის თავგადასავალი", რომელშიც ყველა, მათ შორის ზოსია სინიცინას როლსაც ბრწყინვალედ ასრულებდა არჩილ გომიაშვილი, რისთვისაც მოუხდა ულვაშების მოპარსვა. სპექტაკლი 13 წლის განმავლობაში დიდი წარმატებით სარგებლობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქალაქში, სადაც გომიაშვილი დადიოდა გასტროლებზე.

ამ დროს კი ცნობილი რეჟისორი ლეონიდ გაიდაი შემოქმედებითი ცეცხლით იწვოდა და თავისი ახალი ფილმისთვის "12 სკამი" ოსტაპის როლის შემსრულებელს ეძებდა.

ცნობილია, რომ სინჯები ამ როლზე გაიარეს ვლადიმერ ბასოვმა, ვლადიმერ ვისოცკიმ, ოლეგ ბორისოვმა, ვალენტინ გაფტმა, ევგენი ევსტიგნეევმა, ანდრეი მირონოვმა, მიხეილ შირვინდტმა, მიხეილ კოზაკოვმა, სპარტაკ მიშულინმა, ალექსეი ბატალოვმა, მაგრამ… არჩილ გომიაშვილმა ყველას აჯობა.

არჩილ გომიაშვილი
© Sputnik/ Алексей Бойцов
არჩილ გომიაშვილი

ჰყვებიან, რომ ზოგიერთმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ოსტაპ ბენდერის როლს ქართველი მსახიობი შეასრულებდა, რაზეც ლეონიდ გაიდაიმ უბრალოდ უპასუხა, რომ თუ ოსტაპის მამა შეიძლებოდა თურქეთის მკვიდრი ყოფილიყო, რატომ არ შეიძლებოდა დედა ქართველი ჰყოლოდა? თუმცა, რეჟისორს არ მოსწონდა არჩილ გომიაშვილის "კავკასიური" აქცენტი და როლი სხვა მსახიობმა გაახმოვანა. ბატონ არჩილს ეს ისე ეწყინა, რომ ფილმის შემდეგ წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა გაიდაის.

მე, პირადად, ძალიან მომწონს ოსტაპი სერგეი იურსკისა და ანდრეი მირონოვის შესრულებითაც (ორივე ჩემი საყვარელი მსახიობია), მაგრამ ჩემთვის "ყველა ოსტაპზე უფრო ოსტაპი" მაინც არჩილ გომიაშვილია. არის მასში რაღაც ის პეწი და შარმი, რაც, სავარაუდოდ, ოსტაპს უნდა ჰქონოდა, რისთვისაც ბევრ რამეზე თვალს ხუჭავ და უამრავს პატიობ.

ერთხელ მქონდა ბედნიერება ბატონ არჩილთან ერთად დამესვენა სოხუმში, სადაც ის ჩამოვიდა თავის ულამაზეს ოჯახთან – მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად. ერთი სიამოვნება იყო გეყურებინა, რა მოწიწებით და ყურადღებით ეპყრობოდა ის არა მხოლოდ უფროს, არამედ პატარა ქალბატონებსაც, თითქოს ისინი დედოფლები იყვნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ბატონმა არჩილმა ოსტაპის როლი 44 წლის ასაკში შეასრულა, ის სავარაუდოდ, იმ დროს უკვე 50-ზე მეტის იყო, მაგრამ ყველა ჩვენ მეგობარ ახალგაზრდა ბიჭზე უფრო ახალგაზრდულად იქცეოდა – კი არ დადიოდა, დაქროდა და მის ირგვლივ ყველაფერი ცოცხლდებოდა. და კიდევ ერთი რამ იყო აშკარად შესამჩნევი — ყველა მანდილოსანი, ასაკისა და ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მას ოდნავ ეპრანჭებოდა.

ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, მაგრამ არჩილ გომიაშვილი ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი იყო შტირლიცის როლზე ფილმში "გაზაფხულის 17 გაელვება", და თანაც პირადად ფილმის რეჟისორის ტატიანა ლიოზნოვას პროტეჟე. მაგრამ, ალბათ, აბსოლუტურად სამართლიანი იყო, რომ ლეგენდარული რუსი მზვერავის როლი უნდა ეთამაშა შესანიშნავ რუს მსახიობს ვიაჩესლავ ტიხონოვს. რეჟისორმა შემდგომში ბატონ არჩილს მიულერის როლი შესთავაზა, მაგრამ მსახიობი ამ წინადადებაზე გაბრაზდა.

სამაგიეროდ, არჩილ გომიაშვილმა ხუთ ფილმში ითამაშა იოსებ სტალინის როლი.

სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი ნანახი არა მაქვს, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელია საშინლად უარყოფითი პერსონაჟი — ნუგზარ პაპიაშვილი გიორგი დანელიას "მიმინოში". დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი როლის შესრულება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე დადებითის.

62 წლის ასაკში არჩილ გომიაშვილმა განაცხადა, რომ მან თავისი როლები თეატრშიც და ცხოვრებაშიც უკვე ითამაშა და გადაწყვიტა სერიოზულ ბიზნესში გადასვლა. ბერლინში ყოფნისას მან გაიცნო მილიონერი მაიკლ ფილდი, რომლის ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით აპირებდა ფილმის გადაღებას. მილიონერმა ბოლო წუთს უარი განაცხადა ამ იდეაზე, მაგრამ ანაზღაურების სახით და მადლიერების გამოსახატად ბატონ არჩილს საჩუქრად გადასცა სათამაშო აპარატების 10 დარბაზი. შემდგომში ამ ბიზნესისგან მიღებული თანხებით არჩილ გომიაშვილმა ბერლინში გალერეა გახსნა.

1990 წელს მსახიობი დაბრუნდა მოსკოვში და გახდა სააქციონერო საზოგადოება "სიტი-ბიზნესის" პრეზიდენტი, მოგვიანებით კი კლუბ "ოქროს ოსტაპის" გენერალური დირექტორი, რომელიც სულ მოკლე ხანში მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ ადგილად აქცია…

ოსტაპ ბენდერის ბიუსტი კლუბ „ოქროს ოსტაპის ვესტიბიულში.
© Sputnik/ Алексей Бойцов
ოსტაპ ბენდერის ბიუსტი კლუბ „ოქროს ოსტაპის" ვესტიბიულში.

ბოლო წლებში ბატონი არჩილი ავადმყოფობდა, მაგრამ ბოლომდე რჩებოდა სიცოცხლით და ოპტიმიზმით სავსე.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა: "მე ბევრჯერ მიყვარდა. მე თავდაუზოგავი ვიყავი და არც არასდროს არ ვიღლებოდი"…

გისურვებთ ლამაზ, დახვეწილ და ოსტაპ ბენდერივივით საინტერესო დღეს!

 

 

383