საპნის ბუშტები

ერთი ყულაბის ამბავი, ანუ სად არის ჩვენი საპენსიო დანაზოგი?

1102
(განახლებულია 16:19 17.06.2021)
რამდენი მოქალაქეა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სისტემაში, რა თანხაა ფონდში, სად არის განთავსებული საპენსიო დანაზოგები, რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა დაგროვებითი საპენსიო სისტემით და რას ურჩევს ფინანსისტთა ერთი ნაწილი საპენსიო სააგენტოს?

სამსონ ხონელი

არახალია და თანაც არც მოულოდნელი, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას მოსახლეობა გამორჩეულ ყურადღებას უთმობს. არც არის გასაკვირი – მოქალაქეთა კეთილდღეობა ხომ დიდწილად სწორედ ამ პოლიტიკაზე, მის პრიორიტეტულ მიმართულებებსა თუ ცალკეულ პროგრამებზეა დამოკიდებული. რა ბანალური მოსაზრებაა − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. მე კი დავძენ, რომ ჩვენს ქვეყანას თავისი ეკონომიკური განვითარების ხარისხით ეს „ბანალური“ სენტენცია განსაკუთრებით ეხება. რატომ? − არ გამიკვირდება, ჩამეძიოს მკთხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ: საქართველოში მოსახლეობის 19%-ზე მეტი, ანუ მეხუთედი საპენსიო პაკეტის მიმღებთა რიცხვშია, ხოლო ქვეყანაში მოქმედი საპენსიო სისტემა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ადრე თუ გვიან ყველა მოქალაქეს შეეხება. აქ იგულისხმება როგორც პენსიის მიმღები, ასევე საპენსიო ფონდში თანხის გადამრიცხველი მოქალაქეები. 

დრო სწრაფად გარბის. ფაქტია, უკვე მესამე წელია, რაც ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქმედებს. არადა, მოსახლეობა თითქოს სულ ახლა იყო საპენსიო სისტემის რეფორმირების საკითხზე პოლიტიკურ და საფინანსო-ეკონომიკურ წრეებში გამართული მწვავე პოლემიკის მომსწრე. რეფორმის შედეგად შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოქმედების წამზომი 2019 წლის იანვრიდან ჩაირთო და მას შემდეგ საპენსიო სააგენტოს საქმიანობისადმი მედიის ინტერესი არ განელებულა.

რამდენი მოქალაქე გაწევრიანდა დაგროვებით საპენსიო სისტემაში და რა მოცულობის თანხაა აკუმულირებული ფონდში, სად არის განთავსებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები და რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა დაგროვებითი საპენსიო სისტემით? ამ და სხვა ბევრ კითხვაზე საპასუხოდ საპენსიო სააგენტო ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებს.

მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვების მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 159 ათასი მონაწილეა რეგისტრირებული, საპენსიო ფონდის მოცულობა კი 1,51 მლრდ ლარია. მათ შორის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი უკვე 166 მლნ ლარს შეადგენს. ბევრია ეს თუ ცოტა? იმედია, დამეთანხმებით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, რაც უკვე მეორე წელია გრძელდება, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული სარგებლის ეს მოცულობა ურიგო მაჩვენებელი არ უნდა იყოს. დაგროვებითი პენსიით 873-მა ადამიანმა ისარგებლა. საგულისხმოა, რომ საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 ათას პირს შეადგენს. 

საინტერესოა, სად არის განთავსებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები? კონკრეტულ კთხვას კონკრეტული პასუხი აქვს − საქართველოს კომერციულ საბანკო სექტორში. რა თქმა უნდა, თანხას წლიური სარგებელი ერიცხება. რამდენი? − ჩამეძიება ცნობისმოყვარე მკითხველი. წლიური ეფექტური 11%. აქვე  მეტი კონკრეტიკისთვის მოგახსენებთ, საპენსიო დანაზოგის 62% სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან ანგარიშებზეა განთავსებული. ბუნებრივია, საპენსიო თანხები ეროვნულ ვალუტაშია ინვესტირებული.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას უწუნებს და უწყების შესაბამის სამსახურს გააქტიურებისკენ მოუწოდებს ფინანსისტი ლევან სურგულაძე. შეგახსენებთ, ის საპენსიო სააგენტოს პირველი ხელმძღვანელი იყო და ამ სამსახურს 2018 წლის სექტემბრიდან 2020 წლის იანვრამდე ედგა სათავეში. მისი თქმით, აუცილებელია დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნა, რისთვისაც საპენსიო სააგენტოს შესაბამისი საკმარისი შესაძლებლობები გააჩნია.

„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მიმართულება სერიოზული გამოწვევაა. შევაგროვეთ ეს ფული, მაგრამ… საპენსიო სააგენტოს ორი მიზანი ჰქონდა: პირველი, საპენსიო ასაკში ადამიანების უზრუნველყოფა და, მეორე, კაპიტალის ბაზრის განვითარება. შესაბამისად, თუ ეს ფული ბანკში დავდეთ და ველოდეთ, ეს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური უნდა გააქტიურდეს. დროა დაიწყონ საინვესტიციო მოქმედებები. დივერსიფიცირებული პორტფელი უნდა შეიქმნას. რა თქმა უნდა, ბანკებშიც დატოვებს ნაწილს, ნაწილი სახაზინო ვალდებულებებში წავა, ნაწილი – ობლიგაციებში. ქვეყანაში არის ინსტრუმენტები და სააგენტომ ეს უნდა გააკეთოს. მიმაჩნია, რომ არანაირი ობიექტური ხელშემშლელი ფაქტორები ამ ეტაპზე არ არსებობს. ამის დაწყება გაცილებით ადრე შეეძლოთ“, − განაცხადა ლევან სურგულაძემ. 

ანალიტიკურ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ მიზანშეწონილია საპენსიო დანაზოგების გარკვეული მოცულობის სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირება. ეს დიდწილად ხელს შეუწყობს ამ კომპანიების ფინანსურ სტიმულირებას, ამ კომპანებში უცხოური კაპიტალის მოზიდვას და, ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარებას. თუმცა, სწორედ ამ საკითხზე საპენსიო სააგენტომ დასკვნა გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ უწყება ამ ეტაპზე საპენსიო დანაზოგების სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირებას არ გეგმავს. კი, მაგრამ, რატომ? – შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. პასუხიც არ დააყოვნებს. როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, ამჟამად ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებში, მათ შორის ენერგოსისტემასა და რკინიგზაში, ინვესტირება არ ღირს, რადგან ამ საწარმოებში არ არის საკმარისი ხარისხი.

„რთულია პროგნოზი, როდის მიაღწევენ ეს კომპანიები იმ ნიშნულს, რომ ღირდეს მათში ინვესტირება. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, რომ ინტენსიურად დაველაპარაკოთ ბიზნესს“, – აცხადებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე.

საგულისხმოა, საპენსიო სააგენტოს შეფასებას არ იზიარებენ ანალიტიკურ წრეებში, სადაც განმარტავენ, რომ სახელმწიფო კომპანიებისა და თავად სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებს უცხოური ინსტიტუციური და კერძო ინვესტორები იძენენ. ასე რომ, გაუგებარია, მაინც რა „საკმარის ხარისხზეა“ საუბარი, ან გააჩნიათ თუ არა ასეთი ხარისხის რაოდენობრივი საზომები? იმავდროულად, საპენსიო ფონდის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ფონდის სახსრების დივერსიფიცირებული განთავსება. 

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საწარმოები ყოველწლიურად საკმაოდ დიდი მოცულობის ზარალზე გადიან, კერძოდ, 2019 წელს მათი ჯამური ზარალი 55 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 713 მილიონი ლარი იყო, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში ინვესტირება მიზანშეწონილი არ არის. მთავარია ამ ზარალის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული ანალიზი. ზოგიერთ შემთხვევაში წაგება წმინდა ბუღალტრული ხასიათისაა და ის გამოწვეულია საწარმოს აქტივების ბუღალტრული ჩამოფასებით. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ლარის კურსის გაუფასურებაც. თუ საწარმოს მნიშვნელოვანი ვალდებულებები სხვა მყარ ვალუტაში აქვს, ხოლო მისი საანგარიშგებო ვალუტა ლარია, მაშინ ზარალი, ბუნებრივია, შეიძლება ლარის სისუსტეს უკავშირდებოდეს. ზოგადად, უნდა შევხედოთ არა მხოლოდ მოგება/ზარალის მაჩვენებლებს, არამედ – რამდენად პროგნოზირებადი და, რაც მთავარია, ჯანმრთელია ამა თუ იმ კონკრეტული სახელმწიფო კომპანიის მომავალი ფულადი ნაკადები და საბალანსე უწყისი.

გაითვალისწინებს თუ არა საპენსიო სააგენტო ანალიტიკოსთა რეკომენდაცებს, ამას დრო გვიჩვენებს. ერთი კი ფაქტია, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დანტერესებულია, მისი დანაზოგი შესაძლო რისკებისგან მაქსიმალურად დაცული იყოს და, რაც მთავარია, პენსიაზე გასვლისას კუთვნილი თანხა უდანაკარგოდ მიიღოს...

1102
ავღანეთის სპეცრაზმი

თალიბები უტევენ: 100 ათასი ლტოლვილი - ეს მხოლოდ დასაწყისია

66
(განახლებულია 16:22 27.07.2021)
ავღანეთის ისლამური სახელმწიფო მკვეთრ სამხედრო-პოლიტიკურ პიკირებას განაგრძობს. კონფლიქტის მხარეების  მრავალმხრივი ინტერესები ქვეყანასა და ხალხს ხლეჩს.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ავღანურ ქალაქებს ბომბავს, თალიბები უტევენ — ერთნიცა და მეორენიც „გზადაგზა“ მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ. იზრდება ავღანელი ლტოლვილების ნაკადი ცენტრალური აზიისკენ, და ტაჯიკეთი მზადაა, მიიღოს 100 ათასი კაცი. ავღანეთის საზღვრების მახლობლად მასშტაბური სამხედრო მანევრებისთვის თავმოყრილია უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და რუსეთის ჯარები.

ავღანეთის არმიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ორშაბათს დარტყმა მიაყენეს თალიბების პოზიციებს ქალაქ ტალუკანის შემოგარენში, რომელიც ტაჯიკეთის საზღვრიდან 46 კილოეტრში მდებარეობს. განადგურებულია ოცზე მეტი ბოევიკი. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვე რპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ „თანმდევი დანაკარგები“ გარდაუვალია.

გაეროს მისია (UNAMA) აღნიშნავს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ავღანეთის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა 5183 კაცს აღწევდა (1659 მოკლული და 3254 — დაჭშრილი). ეს 47%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის იანვარ-ივნისში იყო. ამასთან დაჭრილთა და დაღუპულთა 46% ქალები და ბავშვები იყვნენ, ხოლო 25% —  სამთავრობო ძალების წევრები.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავღანეთის არმიის მხარდასაჭერად ავიაშეტევების რაოდენობა გაზარდა. ამერიკელი გენერალი კენეტ მეკანზი პირობას დებს, რომ უახლოეს კვირებში დაბომბვას განაგრძობს, და ავღანეთის მთავრობას „მზიმე გამოცდას“ უწინასწარმეტყველებს. მანამდე პენტაგონში აცხადებდნენ, რომ 21 და 22 ივლისს ამერიკელებმა ავღანეთზე ოთხზე მეტი ავიაშეტევა მიიტანეს.

თავის მხრივ თალიბებმა დაგმეს აშშ-ის ავიაიერიშები და აღნიშნეს, რომ დაბომბვების შედეგად ყანდაგარსა და გილმენდში არა მარტო ბოევიკები, არამედ მშვიდობიანი მცხოვრებლებიც დაიღუპნენ. „თალიბანს“ განზრახული აქვს, „მტკიცედ დაიცვას თავის ტერიტორია“ და, ომის გაგრძელების შემთხვევაში, შემტევი ოპერაციები განავითაროს.

ომის დასრულებას არაფერი მოასწავებს. აქტიური საბრძოლო მოქმედებები აღინიშნება ნანგარჰარის, პაქტიკის, ლოგარის, ღანზის, ყანდაგარაის, გერათის, ბალხის, სამანგანისა და ბევრ სხვა პროვინციაში.  მთავრობამ კომენდანტის საათი გამოაცხადა 34-დან 31 პროვინციაში, რათა ღამღამობით ბოევიკების გადაადგილებას ხელი შეუშალოს.

ამასთან პაკისტანელი სამხედროები თავისუფლად გადაადგილდებიან ავღანეთის საზღვრისპირა რაიონებში, რომლებიც თალიბების კონტროლქვეშაა გადასული, ანუ „თალიბანთან“ თანამშრომლობენ. პროვინცია ნანგარჰარის გუბერნატორმა დღეს    განაცხადა, რომ მოკლულ ბოევიკთა შორის 39 პაკისტანელის ცხედარიცაა.

შეტევა ცენტრალურ აზიაზე

თალიბები კონტროლის ზონას იფართოებენ. ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, კვლავ მონებად მიიჩნევენ ქალებსა და ბავშვებს. მშვიდობიანი მოსახლეობა უკიდურესად შეშფოთებულია ახალი სასტიკი წესებით, ძალადობრივი ქორწინებებითა და არასრულწლოვანი „ჯიჰადისტების“ გადაბირებით.

ბოევიკები ეძებენ და ანადგურებენ ამერიკელებთან მოთანამშრომლე „მოღალატეებს“. მანამდე პროვინცია ჰოსტში თალიბებმა სასამართლოსა და გამოძიების გარეშე თავიუ მოჰკვეთეს 32 წლის თარჯიმან სუჰაილ პარდისს. შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ში საიმიგრაციო ვიზაზე 20 ათასმა ავღანელმა თარჯიმანმა შეიტანა. გაზეთი The Wall Street Journal-ი 22 ივლისს წერდა, რომ ვაშინგტონი 35 ათასი ავღანელი თარჯიმნისა და მათო ოჯახების წევრების  განთავსებას აპირებდა კატარისა და კუვეიტის სამხედრო ბაზებზე. აშკარაა, რომ ყველა კოლაბორაციონისტი ვერ მოასწრებს ვიზებითა და აშშ-ის „არაბული სტუმართმოყვარეობით“ სარგებლობას.

მანამდე ავღანეთის პრეზიდენტმა აშფარ განი განაცხადა, რომ თალიბებს მჭიდრო კავშირი აქვთ „ალ-ქაიდასთან“, პაკისტანურ დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამადსა“ და „ლაშქარ-თაიბასთან“, და აპირებენ, რომ ქვეყანა ტერორისტების თავშესაფრად გადააქციონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იზიარებს ამ პოზიციას. მართლაც, ავღანეთში სამი ათეული სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს, „ისლამური სახელმწიფოს“ ათი ათასამდე ბოევიკის ჩათვლით. „ალ ქაიდა“  15 პროვინციაში იმყოფება. ეს „ფეთქებადი ნაერთი“ მსვიდობიან მოსახლეობას ხანგრძლივი სამხედრო ტურბულენტობით ემუქრება იმის მიუხედავად, ვინ იჯდება ქაბულში ხელისუფლებაში — ამჟამად მოქმედი თუ ჰიპოთეტური თალიბანური. საერთაშორისო ტერორიუზმი ავღანეთში ასე უბრალოდ არ გაქრება.

ავღანელი ლტოლვილების მზარდი ნაკადის პოტენციალი უზარმაზარია. შეგახსენებთ, 1996 – 2001 წლებში „საამიროს“ არსებობის პერიოდში, მარტო პანჯეშირის პროვინციას, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებდნენ, 500 ათასი ლტოლვილი აფარებდა თავს. ეს ხალხი პრაქტიკულად შიმშილობდა, არ ჰყოფნიდათ საჭმელი და წყალი, მაგრამ თალიბების ხელისუფლება კიდევ უფრო უარესი იყო.

ტაჯიკეთის საგანგებო ვითარებათა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ემომალი იბროჰიმზოდამ პარასკევს განაცხადა, რომ რესპუბლიკა მზადაა მიიღოს და განათავსოს თავის პოლიგონებზე ასი ათასზე მეტი ავღანელი ლტოლვილი. ციფრი სრულიად რეალისტურია, მაგრამ არა საბოლოო. 2021 წლის ბოლომდე ის შესაძლოა ათჯერ დიდიც აღმჩნდეს და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას დაარტყას კიდეც. ამ პრობლემის გადაჭრის ვარიანტები წინასწარ და ერთობლივად უნდა დამუშავდეს.

კბილი კბილის წილ

თლიბებმა პირობა დადეს, რომ მოსაზღვრე ქვეყნების საზღვრებს არ დაარღვევენ, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები ავღანეთის ჩრდილოეთში თავისი კანონებით ვითარდება და მაინც გადადის ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე. ამიტომ რი

უსეთი და მისი მოკავშირეები მთელ რიგ სამხედრო ზომებს მიმართავენ წინააღმდეგობის გასაწევად. „თალიბანის“ რაზმებს, ისევე როგორც სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს, ყველაზე უკეთ მძიმე არტილერიის ენა ესმით.

ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და რუსეთის სამხედრო წვრთნები ავღანეთის საზღვრების მახლობლად — ეს პრევენციული ზომაა და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. რუსეტის შეიარაღებული ძალების სპეციალური შენაერთები აგვისტოსა და სექტემბერში ცხრა ერთობლივ მანევრს ჩაატარებენ უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ძალებთან ერთად. ეს მასშტაბებით რუსეთის არმიის რამდენიმე დივიზიონისა და ბრიგადის გადასროლას  უტოლდება უკრაინის საზღვართან მიმდინარე წლის აპრილში. ანუ საუბარია ათობით ათას სამხედრო მოსამსახურესა და ასობით ეღტეულ სამხედრო ტექნიკაზე.

რუსეთისა და ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და შერალი მირზომ 24 ივლისს ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს და საფრთხეების ნეიტრალიზაციის ერთობლივი ზომებიც განიხილეს. 23 ივლისს ტაშკენტი დამოუკიდებლად ჩაატარებს სწავლებას სამხრეთის მიმართულებით, რომელშიც 230 ათას სამხედროს ჩართავს.

რუსეთ-უზბეკეთის ჯარები 30 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდში ერთობლივად დაამუშავებენ სამხედრო ამოცანებს ავღანეთის საზღვართან. რუსეთს ციმბირის სპეცდანიშნულების ბრიგადა და და სამშვიდობო შენაერთების სამხედროები და ასევე მოიერიშე Су-25СМ-ები წარმოადგენენ, რომლებიც ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე არიან განლაგებული.

რუსეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ჯარები 5-10 აგვისტოს თითქმის სინქრონულად დაამუშავებენ კონტრეტერორისტული ოპერაციების ელემენტებს ტაჯიკეთის ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე. რუსეთს 201-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცები (მხოლოდ პროფესიონალი მეკონტრაქტეები) წარმოადგენენ, რომლებსაც ახალი ჯავშანტექნიკა გააძლიერებს.

ანალოგიურად ჩატარდება საჯარისო ოპერაცია „თალიბანის“, „ალ-ქაიდას“, „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების რაზმების შეჭრის შემთხვევაში ცენტრალური აზიის ქვეყნების ტერიტორიებზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

66
თბილისი - ლეღვთახევი

ეკონომიკა ციფრებში... შუალედური ფინიში და „ლოკდაუნის“ საფრთხე

1066
(განახლებულია 17:07 23.07.2021)
მიმდინარე წლის 6 თვის შედეგებით ეკონომიკური პარამეტრები პოზიტიურია: საბანკო სექტორი რეკორდულ მოგებაზე გავიდა, რეკორდულია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებიც, მზარდია ტურისტული ნაკადი და ფულადი გზავნილები, ეროვნული ბანკი კი ინფლაციის მაჩვენებლის განახლებას ვარაუდობს...

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით მკითხველის ყურადღებას ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო ბაზრის რამდენიმე რეკორდულ მაჩვენებელზე გავამახვილებ. საბანკო სექტორით დავიწყებ.

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 1,060 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც აბსოლუტური რეკორდია. არ გაუჭირდებოდათ! − ბრძანებს მკითხველი ირონიული ტონით და, სავარაუდოდ, მიმანიშნებს, რომ საბანკო სექტორის შემოსავლები და მოგებაც უკვე მრავალი წელია მზარდია. მეტიც, საბანკო სფერო დიდი ხანია ჩვენში ყველაზე სარფიან ბიზნესად ითვლება. რეპლიკას გავიზიარებ, თუმცა დავძენ, რომ ფაქტია, საბანკო სექტორი მილიარდიან ნიშნულს ყველაზე ახლოს 2019 წელს მიუახლოვდა, როდესაც ერთი წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მოგებამ 953 მილიონ ლარს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ საბანკო სექტორის მოგება გასულ წელს თითქმის ათჯერ – 99 მილიონ ლარამდე შემცირდა. 2020 წლის პირველი კვარტალი კომერციულმა ბანკებმა 747 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს. ექსპერტთა შეფასებით, ეს ზარალი შედეგი იყო არა იმდენად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის, რამდენადაც კონსერვატიული მიდგომისა და რეზერვების მოცულობის ზრდის. თავის მხრივ, რეზერვების ზრდის მთავარი მიზეზი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საკრედიტო ვალდებულებებზე სამი თვის ვადით საშეღავათო პერიოდის მიცემა გახდა, რამაც გასული წლის მხოლოდ მარტში საბანკო სექტორი 943 მილიონი ლარის ზარალზე გაიყვანა.

მიმდინარე წელს კომერციულმა ბანკებმა ყველაზე დიდი მოცულობის, 295 მილიონი ლარის მოგება ივნისში მიიღეს, ხოლო ყველაზე მცირე – 113 მილიონი ლარის – იანვარში. საბანკო სექტორის მოგების 80 პროცენტი „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის. ექსპერტთა შეფასებით, კომერციული ბანკების რეკორდული მოგება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, COVID-19-ის პანდემიის გამო ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული მკაცრი რეგულაციების ჯერ შემსუბუქებამ და შემდეგ გაუქმებამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას, გაუმჯობესდა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, მაისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა დაახლოებით 40 თეთრით გამყარდა. ქვეყანამ თანდათან დაწყო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა და, რაც მთავარია, პესიმისტური განწყობა ოპტიმისტურმა მოლოდინებმა ჩაანაცვლა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საბანკო სექტორის 6-თვიან შედეგებზეც დადებითად აისახა.

კიდევ ერთი რეკორდი ქვეყნის საგარეო ვაჭრობას უკავშირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სარეკორდო 6,2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20,7 პროცენტით მეტია. ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში კვლავაც მზარდია ექსპორტის მოცულობა. აპრილიდან მოყოლებული, ექსპორტის ზრდის დინამიკა შთამბეჭდავია. მიმდინარე წლის ივნისში ექსპორტის მოცულობამ 349.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 30,1 პროცენტით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 12,5 პროცენტით აღემატება COVID-19-ის პანდემიამდე, 2019 წლის ივნისში დაფიქსირებულ მონაცემებსაც.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი ჯამურად 25,5 პროცენტით გაიზარდა და 1.887,4 მილიონ დოლარს გაუტოლდა. 2021 წლის პირველ ნახევარში პოზიტიურია წმინდა ექსპორტის დინამიკაც. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის ზრდის დინამიკამ საკმაოდ გადაფარა იმპორტის ზრდის მაჩვენებელი – 18,9 პროცენტი. შედეგად – იანვარ-ივნისში სავაჭრო დეფიციტი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 39,2 პროცენტით განისაზღვრა და გასულ წელთან შედარებით 2 პროცენტით გაუმჯობესდა.

ანალიტიკოსთა შეფასებებით, ექსპორტის სტრუქტურაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა. იგულისხმება ექსპორტი რეექსპორტის გარეშე. 2021 წლის პირველ 6 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 27,6 პროცენტით გაიზარდა და 1.377,6 მილიონ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 73,1 პროცენტს გაუტოლდა. მხოლოდ ივნისში ადგილობრივი ექსპორტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33,7 პროცენტით გაიზარდა და 256,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 40,4 პროცენტით აღემატება 2019 წლის ივნისის, ანუ COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდის მონაცემსაც კი.

„ექსპორტის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდა და საგარეო-სავაჭრო დეფიციტის შემცირება მიუთითებს გასული წლის ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის დადებით ტენდენციაზე, რაც, პირველ რიგში, ეკონომიკის ზრდაზე და სავალუტო კურსზე აისახება პოზიტიურად. მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორის აღდგენასთან ერთად საგრძნობლად არის გაზრდილი სავალუტო ნაკადებიც, რაც, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან ერთად, პოზიტიურ მოლოდინებს და სავალუტო კურსის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე

დროა ოროდე სიტყვით სხვა მაჩვენებლებიც მიმოვიხილოთ. მართალია, რეკორდი არა, მაგრამ ზრდა და პოზიტიური ტენდენცია არის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 201,9 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19,3 პროცენტით მეტია. გაიზარდა საქართველოდან საზღვარგარეთ ფულადი გზავნილების მოცულობაც – 2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26,5 მილიონი დოლარი გადაიგზავნა.

ახლა ზაფხულის ტურისტული სეზონია და, ბუნებრივია, მკითხველი დაინტერესდება, როგორი დინამიკაა ტურიზმის სფეროში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან ჯამში 122,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 111,3 მილიონი დოლარით მეტია. გარდა ამისა, 2021 წლის ივნისში მიღებული შემოსავლები აჭარბებს წინა თვის მონაცემებსაც. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ 73,8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს 133.500 ტურისტი ეწვია, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.600 ტურისტით მეტია.

ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. კერძოდ, ამ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველთვიური მაჩვენებლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს, რის შედეგადაც წლიური ზრდა 7,7 პროცენტს მიაღწევს. ეს კი მნიშვნელოვნად მომატებული ზრდის ტემპია, რაც მტკიცე ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ 2021 წლის ბოლოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს გადააჭარბებს. ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების და ექსპორტის სწრაფი ზრდა, ასევე ტურიზმის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას. რაც შეეხება ინფლაციას, მაღალი მაჩვენებელი წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მომდევნო წლის განმავლობაში კი, დროებითი ფაქტორების მილევის ფონზე, სწრაფად შემცირდება. 

ამასობაში ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა ინფლაციის პროგნოზს გადახედოს. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, ეროვნული ბანკი განახლებულ პროგნოზს 4 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე გამოაქვეყნებს. იმავე დღეს იმსჯელებს რეფინანსირების განაკვეთის გადახედვის საკითხზეც. შეგახსენებთ, რომ ივნისის თვეში წლიურმა ინფლაციამ 9,9 პროცენტს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 23 ივნისს უცვლელად, 9,5 პროცენტზე დატოვა. ამ ეტაპზე კობა გვენეტაძის უწყება წლიურ ინფლაციას 8-9 პროცენტის ფარგლებში ელის, ხოლო მის მკვეთრ შემცირებას მომავალი წლის მარტიდან ვარაუდობს.

ეროვნული ბანკი ფასების ზრდის შეჩერებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ცდილობს, თუმცა თუ მოვლენები პოზიტიური სცენარით განვითარდა, ნავარაუდევია, რომ ეროვნული ბანკი ეტაპობრივად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებს.

ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რაც მთავარია, საინტერესოა მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის სამოქმედო გეგმასა და გაწერილ სცენარში რა ცვლილებებს შეიტანს ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუარესებული ეპიდემოლოგიური ვითარება. ხომ არ დადგება ქვეყანა მორიგი „ლოკდაუნის“ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე...

  

1066
მზის ჩასვლა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აგვისტო

0
(განახლებულია 08:03 31.07.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 1 აგვისტოა, კვირა. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

არაერთი სიურპრიზი გელოდებათ. ესაა შემოქმედებითი ვნებების, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და გრძნობების უეცარი „ამოფრქვევის“ დღე. აჯობებს, თუ არ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, არ გამართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს – შედეგის გათვლა შეუძლებელია.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ივლისი>>

ვერძი: მრავალფეროვანი სიურპრიზები გელოდებათ – ვის როგორ გაუმართლებს. თქვენ გულში შეიძლება იფეთქოს მოულოდნელმა და ცეცხლოვანმა ვნებამ, რომელიც, დიდი ალბათობით, უბრალო რომანით არ დასრულდება. მალეც რომ დასრულდეს ეს კავშირი, ის თქვენს გულში საგრძნობ კვალს დატოვებს. გრძნობების მოზღვავება იმდენად უეცარი იქნება, რომ მომზადებას ვერ მოასწრებთ.

კურო: სჯობს, არავინ მოაწყოს თქვენი პროვოცირება, თუნდაც გარეგნულად ძალზე დამყოლი და აუღელვებელი ჩანდეთ. გარშემომყოფებს კი არა, თქვენც შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ სიმშვიდის განსახიერება ხართ. მაგრამ მაინც – მოსალოდნელია გაღიზიანების უეცარი შემოტევა, ამიტომ აჯობებს, თუ არავინ დაიწყებს თქვენი მისამართით „ისრების გამოსროლას“.

ტყუპი: ყველაზე ეფექტური გზა დღეს თქვენთვის დინებაზე მშვიდად გაყოლაა. არ ღირს გარემოებებზე შეწინააღმდეგება. უაზრობაა ბედთან კამათი და მით უმეტეს, მკაცრი გეგმის მიხედვით მოქმედება. გეგმის დაწყობა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ გზადაგზა მასში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. ენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ მოულოდნელ ვითარებებში.

კირჩხიბი: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი, შესაძლოა, არცთუ ხელსაყრელად დაიწყოს და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არ იყოს შესაფერისი, მაგრამ დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო ნაცნობობის დროა, როდესაც არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება. ენდეთ ინტუიციას.

ლომი: ვერანაირი გაუთვალისწინებელი გარემო რიტმიდან ვერ ამოგაგდებთ. შესაძლებელია ასეთმა დაუგეგმავმა მოვლენამ დროებით თქვენი ყურადღება გაფანტოს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით, კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ და საქმეს მაინც მიიყვანთ ბოლომდე. ასე რომ, დღე პროდუქტიულად ჩაივლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ წვრილმანზე არ გაღიზიანდებით.

ქალწული: დღე მთლიანობაში მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის, თუმცა რაღაც მომენტებში, უდრო დღის პირველ ნახევარში მოულოდნელი მოვლენები, გაუგებრობებია მოსალოდნელია. პოზიტიური ტენდენციები მალე გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარში უკვე გაჩნდება ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობები. ეს პერიოდი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, ადვილად პოულობთ საერთო ენას ყველასთან, მათ შორის ახლად გაცნობილ ადამიანებთანაც.

სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, რაღაც „თავქარიანი“ ექსპერიმენტების ჩატარებისგან. არ აჰყვეთ უკვე ნაცნობ ცდუნებებს, რადგან მორალური თუ მატერიალური შედეგები იმაზე მასშტაბური იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საფრთხის შემცველია ზედმეტი, გადაჭარბებული მოთხოვნები, ანუ დაკმაყოფილდით იმით, რაც დღეს გაქვთ.

მორიელი: დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. საკმაოდ პოზიტიური პერიოდი გელოდებათ რამე განსაკუთრებული იარყოფითი ძვრების გარეშე. მოასწრებთ დასვენებასაც და საქმეების გაკეთებასაც. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, ხოლო უსიამოვნებებისგან შინაგანი წინდახედულება და დღეს განსაკუთრებულად გამძაფრებული ინტუიცია დაგიცავთ.

მშვილდოსანი: შეგწევთ ძალა, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ არა მარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, დამეგობრება საინტერესო ადამიანებთან. ნათლად გამოვლინდება თქვენი ლიდერის თვისებები. საქმე ბევრი გექნებათ, მაგრამ დაღლილობას ვერ იგრძნობთ – ენერგიით ხართ სავსე.

თხის რქა: საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. სერიოზული პრობლემები და სირთულეები, რომელთა გადალახვასაც ვერ შეძლებთ, არ გელოდებათ. ხართ მშვიდი და თავდაჯერებული, მაგრამ მოდუნება არ ღირს, რადგან ბედმა არაერთი შესანიშნავი შანსი შეიძლება მოგცეთ, რომ მეტოქეებსა და კონკურენტებზე გაიმარჯვოთ. სავარაუდოდ, გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, მაგრამ მათი რეალიზების დაწყებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა.

მერწყული: დღეს ძალიან წაგადგებათ სრულფასოვანი დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ეს უფრო დღის პირველ ნახევარს ეხება, როცა გგონიათ, რომ ათასი საქმე გაქვთ სასწრაფოდ გასაკეთებელი. თავისუფლად შეგიძლიათ დასვენების უფლება მისცეთ თავს. ამისთვის დღის მეორე ნახევარი გამოდგება, როდესაც თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.

თევზები: ეცადეთ, არ იჩქაროთ. დღეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და დაფიქრებული ნაბიჯები გადადგათ. არ ენდოთ ყველას, ვინც ერთი შეხედვით კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, დიდი სურვილი გაქვთ, რომ დაისვენოთ და მოდუნდეთ, მაგრამ საქმეები ამის საშუალებას არ მოგცემთ. კარგი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისა და გარემოს გამოცვლისთვის.

0