Учебный центр Грузия-НАТО на территории военной базы в Крцаниси

მოსაზრება: აშშ-ს კავკასიაში კონკურენტები არ სჭირდება

12
(განახლებულია 20:10 11.06.2021)
სერგეი მარკედონოვი – ჟურნალ „საერთაშორისო ანალიტიკის“ მთავარი რედაქტორი Sputnik-ს საკუთარ მოსაზრებას აცნობს.

სერგეი მარკედონოვი

რისთვის ეწვია ამჯერად, 2021 წლის ივნისში თბილისს მორიგი ვაშინგტონელი მაღალჩინოსანი?

საქართველო და აშშ: სიახლე და მემკვიდრეობითობა

„ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო აშშ-ის საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორად რჩება სამხრეთ კავკასიაში და მნიშვნელოვან პარტნიორად შავ ზღვაზე“, − განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა თბილისში ვიზიტისას.

მისი გამოსვლის ზოგი სტილისტიკური თავისებურება დამკვირვებლებს არ გამოპარვიათ. რიკერმა, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ საუბრისას, განსაკუთრებით აღნიშნა ამჟამინდელი ადმინისტრაციის როლი.

მართლაც, ბაიდენის გუნდი ყველანაირად ცდილობს ხაზი გაუსვას დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკურ კურსთან სხვაობას. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი თავისი ქვეყნის მსოფლიო ლიდერის პოზიციებზე დაბრუნებაზე, ევროატლანტიკური სოლიდარობის აქტუალიზაციასა და დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერაზე საუბრობს. და თბილისში მყოფმა ფილიპ რიკერმაც დააფიქსირა: „ჩემი ვიზიტის გზავნილი − საქართველოს, როგორც განვითარებული და საიმედო დემოკრატიის მქონე ქვეყნის წარმატების უზრუნველყოფაა“.

თუმცა აშშ-ის 45-ე და 46-ე პრეზიდენტების რიტორიკისა და პრაქტიკის უფრო ახლოს გაცნობის შემთხვევაში − იქნება ეს გლობალური პოლიტიკისა თუ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები (იგივე კავკასია) − დაინახავთ, რომ მსგავსება უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება.

დიახ, ტრამპის გუნდი უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ძალის ფაქტორსა და პრაგმატიზმს, თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარი კი ფასეულობებზე ფოკუსირდება. მაგრამ პირველ და მეორე შემთხვევაშიც საუბარია აშშ-ის დომინირების შენარჩუნებაზე. რომელიმე ქვეყანაზე ხისტი ზეწოლითა თუ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მაღალ სტანდარტებთან შეუსაბამობის ბრალდებებით ვაშინგტონი, რესპუბლიკელების დროსაც და დემოკრატებისაც, ცდილობს არ დაუშვას კონკურენტების გამოჩენა ჩინეთისა თუ რუსეთის სახით. ევრაზიული მიმართულება იყო და რჩება აშშ-ის ერთ-ერთ საკვანძო პრიორიტეტად, ვისაც უნდა ეკავოს იქ სახელისუფლებო სიმაღლეები.

თავად ფილიპ რიკერის კარიერა ამის შესანიშნავი დასტურია. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ინტერესების ამჟამინდელი პრომოუტერი წარმატებით მუშაობდა ყოფილი სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს გუნდში. მან ეს პოსტი 2019 წლის მარტში დაიკავა და საქართველოს მიმართულებით გამოცდილების დაგროვებაც მოასწრო. 2019 წლის სექტემბერში რიკერი, პომპეოს დავალებით, თბილისში ჩავიდა და ვიზიტის დროს აღნიშნა: „ქართველებს არ ჰყავთ ამერიკასა და ამერიკელ ხალხზე უკეთესი მეგობარი“. გასული წლის ნოემბერში, პომპეოს თბილისში ვიზიტის დროს, რიკერმა დელიკატური მისია შეასრულა − ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მისმა იმჟამინდელმა შეფმა, რომელსაც მალე პოსტი უნდა დაეტოვებინა, ამჯობინა ყურადღება ოფიციალურ ხელისუფლებასთან დიალოგზე გაემახვილებინა. და, აი, ახლა, ივნისში, ის უკვე ახლანდელი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მოადგილის ხარისხში ქადაგებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა დიალოგის იდეას, როგორც საქართველოს შიდა სტაბილურობის ფუნდამენტისა.

ასე რომ, ტრამპის დროსაც და ბაიდენის დროსაც საქართველო იყო და არის აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი კავკასიაში. ორმხრივი მოკავშირეობის ძირითადი საკითხები იგება სამხედრო სფეროს, თბილისის ნატოში გაწევრიანების, ასევე დემოკრატიის მხარდაჭერის გარშემო, რომელიც შიდაქართული ევროატლანტიკური კონსენსუსის განმტკიცებად აღიქმება.

თბილისის გეოპოლიტიკური მარტოობა?

ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ძალიან ზუსტად განსაზღვრა კავკასიაში ახალი სტატუს-კვო ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ: „რუსეთისა და თურქეთის როლი დასავლეთის ხარჯზე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, რეგიონში ის სრულიად დამოუკიდებელი მოთამაშეა და არანაირად არ ათანხმებს თავის ნაბიჯებს მოკავშირეებთან“. და ეს მდგომარეობა ძალიან აღელვებს აშშ-საც და საქართველოსაც, დამატებით იმპულსებს აძლევს მათ კოოპერაციისთვის. ვაშინგტონს აშინებს სამი ევრაზიული გიგანტის – ირანის, რუსეთისა და თურქეთის ალიანსის ფორმირება, დაე, თუნდაც ის სიტუაციური იყოს. ამ სამიდან არც ერთი არ არის დაინტერესებული აშშ-ისა და მისი მოკავშირეების პოპულარიზაციით ევრაზიაში, სამივე მათგანისთვის მნიშვნელოვანია სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები, არც ერთ მათგანს არ სურს „ფასეულობების პოპულარიზაცია“, რომლითაც ვაშინგტონის პრიორიტეტებია კომუფლირებული. თუმცა ეს ყველაფერი თურქეთს ნატოს არ აძულებს, და შტატებთან სელექციური კოოპერაციისთვის მისი მზადყოფნა რამდენჯერმე აღემატება მოსკოვისა და თეირანის ანალოგიურ სწრაფვას. მაგრამ „ევრაზიული სამეულის“ დაახლოების საშიშროება (თეორიაშიც კი) ამერიკულ ისტებლიშმენტს აღელვებს.

თუმცა ვაშინგტონს თურქეთი და რუსეთი სხვადასხვაგვარად აშფოთებს: პირველ შემთხვევაში საუბარია ანკარისა და თბილისის მზარდ ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელშიც ქართველი პარტნიორები უმცროსებისა და დამოკიდებულების როლში არიან. რუსეთი კი შიშებს იწვევს – როგორც „სახელმწიფო-რევიზიონისტი“. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემებს აშშ სსრკ-ის დაშლის პროცესში თვითგამორკვევის პრობლემად კი არა, ძალის დახმარებით კავკასიის ტერიტორიულ რეკონფიგურაციად აღიქვამს. და ამ ძალისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აშშ ჯერჯერობით მზად არ არის. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს განისაზღვრება როგორც მოკავშირეობის დილემა. არსებობს ორმხრივი კოოპერაციის გაფართოების ინტერესი, მაგრამ დიდია მოკავშირის მესამე ქვეყნებთან დავებსა და კონფლიქტებში ჩართვის რისკები.

ყარაბაღის მეორე ომმა აზერბაიჯანის თურქეთთან ბმა გააძლიერა, სომხეთისა კი რუსეთთან. ამასთან მოსკოვიცა და ბაქოც დაინტერესებული არიან, შეინარჩუნონ პოზიტიური დინამიკა ორმხრივ ურთიერთობებში. ამ კონტექსტში მარტო საქართველო რჩება დასავლეთთან დაახლოების თანმიმდევრულ მცველად. სომხეთისთვის ნატოსკენ მიმავალი გზა დაკეტილია თურქეთის ალიანსის წევრობის ფონზე, ხოლო აზერბაიჯანისთვის ბლოკთან კოოპერაციის ამჟამინდელი დონე არასაკმარისია. გამოდის, რომ საქართველოს გარდა ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია კავკასიაში სერიოზულად არავის აინტერესებს.  

ნატოში შიდა სტაბილურობის გავლით?

ფილიპ რიკერს ევრაზიასა და ევროპაში პრონატოური განწყობების წარმატებული ლობისტის რეპუტაცია აქვს. მას ბალკანებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. რიკერი შესანიშნავად იცნობს მაკედონიას, სადაც ის 1990-იანების დასაწყისში მსახურობდა რიგით დიპლომატად, 2008-2011 წლებში კი − უკვე ელჩად. მის სახელს უკავშირდება ათენსა და სკოპიეს შორის დავების დარეგულირებაში შეტანილი წვლილი და ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ოფიციალური სახელწოდებით ჩრდილოეთ მაკედონია.

ამ კონტექსტში მარტივი გასაგებია ის ენთუზიაზმი, რომლითაც დახვდნენ მაღალი რანგის ვიზიტორს თბილისში. თუ 2020 წლამდე ნატოს მოლოდინები მხოლოდ „რუსეთის შეკავების“ საკითხს უკავშირდებოდა, დღეს საქართველოს ყარაბაღის საკითხებში „რუსეთ-თურქეთის კონდომინიუმი“ აშფოთებს და ასევე დასავლეთის დასუსტება კავკასიაში. რიკერის ვიზიტს ქართული ელიტის შიშები უნდა გაექარწყლებინა. მაგრამ რა სიგნალები გაგზავნა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა ვიზიტორმა?

წარმოითქვა სიტყვათა მთელი ჩვეული ნაკრები. რუსეთი საქართველოს მიმართ ქმედებებისთვის გააკრიტიკეს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლებას ვაშინგტონის წარმომადგენელმა სრულად დაუჭირა მხარი, ისევე, როგორც მოსკოვის დაგმობას, რომელიც ამისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

მაგრამ არც საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით გაჟღერებულა არანაირი ცხადი მესიჯი და არც ამ ქვეყნისა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭების თაობაზე (რაც სულაც არ ნიშნავს ალიანსში ავტომატურად გაწევრიანებას). იმავე მაკედონიამ მაპი 1999 წელს მიიღო, მაგრამ ნატოს წევრი მხოლოდ 2020 წლის მარტში გახდა.

ბოსნია და ჰერცეგოვინა მაპს 2010 წლის აპრილიდან ფლობს, მაგრამ ალიანსს ჯერ არ გადაუწყვეტია მისი წევრობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გამუდმებით უწოდებენ ნატოს „ასპირანტს“, „საკანდიდატოს დაცვა“ ვადაში იწელება. რაშია მიზნისადმი ესოდენ ნელი სვლის მიზეზი, რომლის მიღწევასაც აშშ სიკეთედ განიხილავს?

შტატებს აღელვებს არა მარტო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსი და მოსკოვის უკიდურესი გაღიზიანებულობა ალიანსის შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის მთავარი კავკასიური მოკავშირე უკვე რამდენიმე წელია ვერ ართმევს თავს შიდაპოლიტიკურ კრიზისს, რომელსაც ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები აქრობენ, მაგრამ სრულად ვერა. საქართველოს პოლიტიკური კლასი კელი დეგნანის, იგივე ფილიპ რიკერისა თუ შარლ მიშელის მისიების გარეშე საქმეს თავს ვერ ართმევს. და როგორც შედეგი – ჩნდება შიშები, რომ ნებისმიერი ახალი კრიზისი ევრო- და ნატოსკეპტიციზმს გაზრდის. აქედანაც არის რისკების შეჯირებისადმი სწრაფვა.

აშშ-ს სურს განამტკიცოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რათა მერე ნატოში შეიყვანოს იგი. თანმიმდევრობა ასეთია. და სწორედ ეს სიგნალი იყო საკმაოდ მკაფიოდ ფორმულირებული რიკერის მიერ. გაიგონებენ კი ამას, ან როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ? ამ კითხვაზე პასუხი აშკარა არ არის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

12
ევროკავშირისა და რუსეთის დროშები

სიტყვით ზეწოლა, საქმით თანამშრომლობა: ევროკავშირის „ახალი“ სტრატეგია რუსეთის მიმართ

26
(განახლებულია 22:04 18.06.2021)
როგორც ანდაზა ღაღადებს, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ეს წესი არ ერგება იმას, რაც რუსეთის მიმართ ევროკავშირის ახალ სტრატეგიადაა წარმოდგენილი.

როსტისლავ იშჩენკო

საგარეო ურთიერთობებისა და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელსაც 24-25 ივნისს განიხილავენ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე. დოკუმენტში ბორელმა სამი პრონციპი ჩამოთვალა, რომლებზეც აიგება ევროკავშირის „ახალი“ სტრატეგია რუსეთის მიმართ.

სიტყვა „ახალი“ შემთხვევით არ ჩამისვამს ბრჭყალებში. ამ შემთხვევაში მის „სიახლეზე“ საუბარი მხოლოდ მძინარე მზეთუნახავს თუ შეუძლია, რომელსაც ბოლო ნახევარი საუკუნე ეძინა და მოულოდნელად მხოლოდ გუშინღა გაიღვიძა.

წინააღმდეგობის გაწევა, შეზღუდვა, ურთიერთქმედება — ზუსტად იგივეა, რასაც ევროკავშირი ბოლო 25 წლის განმავლობაში აკეთებდა რუსეთის მიმართ. ამასთან ამ ტერმინების არც აზრობრივი დატვირთვა არ შეცვლილა. ბორელის ინტერპრეტაციაში „წინააღმდეგობის გაწევა“ რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის საბაბით.

„შეზღუდვა“ განისაზღვრება როგორც ევროკავშირის საინფორმაციო სივრცის დაცვა რუსეთის მცდელობებისგან, გაახმოვანოს საკუთარი შეხედულებები თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებზე.

„ურთიერთქმედება“ კი მოსკოვთან ძალისხმევების კოორდინაციას ნიშნავს იმ სფეროებში, რომლებშიც ევროკავშირს რუსეთის მხარდაჭერის გარეშე წარმატების მიღწევა არ შეუძლია.

საბჭოური ლეკალოებით?

თუ ამაში მაინც არის რამე ახალი, ეს მხოლოდ პრინციპებისთვის დარქმეული სახელწოდებებია, რომლებსაც რუსეთის მიმართულებით ევროკავშირის სტრატეგია ეყრდნობა. არსი კი ევროკავშირისა და აწ უკვე არარასებული სსრკ-ის თანამშრომლობის პერიოდიდან არ შეცვლილა.

და, მაინც, ევროკავშირმა ხომ რაღაცისთვის გამოაცხადა ახალი–ძველი სტრატეგია. უფრო მეტიც, ბორელის განცხადება აშშ–ევროკავშირის სამიტის დასრულებისთანავე გახმოვანდა (15 ივნისს), რუსეთ–ამერიკის ლიდერების ჟენევაში შეხვედრის წინ (16 ივნისს).

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ევროდიპლომატი მოსკოვისთვის სიგნალის გაგზავნას შეეცადა, რომ ბაიდენთან მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება? არა, არ ნიშნავს. იმიტომ რომ ყველაფერი ჯერ კიდევ მოლაპარაკებებამდე შეიცვალა. ბაიდენის სახით ხომ სწორედ კოლექტიური დასავლეთი იყო იძულებული, ეთხოვა რუსეთისთვის თანაბარუფლებიანი მოლაპარაკებები ფორსმაჟორული გარემოებების გავლენითა და იმის აღიარებით, რომ ზეწოლის ხანგრძლივმა პოლიტიკამ და მოსკოვთან ურთიერთობებში ფსონების ზრდამ თავი ამოწურა. დასავლეთს აღარ აქვს არგუმენტები, განაგრძოს მოქმედებები ძველ პარადიგმაში.

ყურადღება ხელებზე!

მაშ, რატომ ხატავს ბორელი ძველ პოლიტიკას ახალი სიტყვებით?

იმიტომ, რომ დიდი ხანია დადგა დრო, მივეჩვიოთ, რომ დასავლეთი ამბობს ერთს, ფიქრობს მეორეს და აკეთებს მესამეს. ამასთან, ერთსა და იმავე ტერმინში უამრავ სხვადასხვა აზრს დებს. შიდა, დასავლეთევროპული მოხმარებისთვის აზრი ერთია, რუსეთისთვის – მეორე, ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე არსებული რუხი ლიმიტროფული ზონისთვის – მესამე.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა დეკლარირებული პრინციპები, რომლებიც, ევროკავშირის მეტად მოძრავი საერთაშორისო პოლიტიკისგან განსხვავებით, უცვლელი რჩება ათობით წლის განმავლობაში, არამედ კონკრეტული მოქმედებები მათი რეალიზაციისა და პრიორიტეტულობის კუთხით.

მარტივი მაგალითი: ნავალნის ნახევრადმივიწყებულ ისტორიაში გერმანიამ ფორმალურად ძალიან მკაცრი პოზიცია დაიკავა. გერმანელებმა უმაღლეს დონეზე უპირობოდ ირწმუნეს მოწამვლის ვერსია, რუსეთს ოფიციალურად უცხადებდნენ პროტესტს და გამოთქვამდნენ შეშფოთებას. მაგრამ როდესაც მათმა ევროკავშირელმა მოკავშირეებმა სცადეს მიენიშნებინათ, რომ ამ შემთხვევაში ძლიერი სვლა — სანქციების დაწესება იქნებოდა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის, გერმანელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, ეს სხვა რამეაო, და შეეცადნენ ოპერატიულად დაებრუნებინათ ოპოზიციონერი ბლოგერი უკან, რუსეთში.

შედეგი: ნავალნი ზის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პრაქტიკულად აშენებულია, ინციდენტი ლამის ყველას დაავიწყდა.

გერმანიის მოქმედება სრულად შეესაბამებოდა ევროკავშირის მხოლოდ გუშინ დეკლარირებულ სტრატეგიას. ნავალნის ჯანმრთელობით შეწუხებულმა ბერლინმა ჯერ „წინააღმდეგობა გაუწია“ რუსეთს, შემდეგ „შეზღუდა“ — თქვა რა უარი, განეხილა მისი ავადმყოფობის სხვა ვერსიები, ამასთან წარმატებით განაგრძობს „ურთიერთქმედებას“ მოსკოვთან გერმანიისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებში.

ვფიქრობ, თუ ვითარება მკვეთრად და დრამატულად არ შეიცვლება, რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი განვითარება ისეთივე იქნება, როგორიც ზემოთ აღწერილი გერმანული შემთხვევა იყო.

დასავლეთ ევროპა შეშფოთებას გამოთქვამს და მკაცრ განცხადებებს გაავრცელებს რუსეთის საშინაო პოლიტიკისა და ოპოზიციის უფლებების გამო, ამასთან პრაქტიკულად არ ექნება ვითარებაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. თავის საინფორმაციო სივრცეს ევროკავშირი ისევე დაიცავს მზარდი რუსეთის შესახებ მისთვის არახელსაყრელი შედარებებისგან, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, ევროპა შეეცდება თავი აარიდოს კონფრონტაციასა და პოლიტიზაციას, ახალი სანქციების პაკეტების შემოღებას, და შეეცდება თანდათან უკვე დაწესებული სანქციების ნიველირება მოახდინოს.

აღიკვეთოს „ლიმიტროფების ამბოხი“

რატომ წარმოაჩენენ ევროკავშირის ლიდერები პოლიტიკური ეკვილიბრისტიკის ამ საოცრებებს? იძულებული არიან.

რუსეთთან 25 წლის განმავლობაში მზარდი დაპირისპირების პერიოდში დასავლეთმა ლიმიტროფული რეჟიმების მთელი ხროვა გამოზარდა, რომელთა არსებობის მთელი აზრი ანტირუსული პროვოკაციების ორგანიზებაა. მათი ნაწილი ევროკავშირში შევიდა, სხვებს ნაკლებად გაუმართლა, თუმცა ყველა მათგანს არსებობა მხოლოდ გარედან რესურსების გადასხმებით შეუძლია, სუვერენული არსებობისთვის საკუთარი ბაზა არ ჰყოფნით.

დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის დაწევა უაზროდ აქცევს ლიმიტროფების კვებას. მათ უკვე გამოსცადეს საკუთარ თავზე დასავლეთის ყურადღების ნაკლებობა, მათთან (ბალტიისპერეთში, პოლონეთსა და უკრაინაში) უკვე მოხდა პირველი ისტერიკული კრუნჩხვები ამ საკითხთან დაკავშირებით.

დასავლეთის პრობლემა ისაა, რომ რუსეთთან დაპირისპირების ეპოქაში მან ლიმიტროფებს უფლება მისცა, დაეკავებინათ ძალიან სერიოზული პოზიციები იმ სტრუქტურებში, რომლებიც დასავლურ პოლიტიკას აყალიბებენ (მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირში). არსებული მდგომარეობის სწრაფად შეცვლა არ შეიძლება, ამას დრო სჭირდება — რამდენიმე წელი, რომლის განმავლობაშიც აღმოსავლეთევროპული ქვეყნების გავლენა დასავლეთის პოლიტიკაზე განულდება, ხოლო თავად გამარგინალდებიან.  

დასავლეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ დროის განმავლობაში „ლიმიტროფების ამბოხება“ არ დაუშვას, რომლებიც სასოწარკვეთით შეეცდებიან რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირებას, საკუთარ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების რისკითაც კი.

ამიტომ აცხადებს ევროკავშირი თავისი პოლიტიკის ფაქტობრივი უცვლელობის შესახებ (რათა ლიმიტროფებმა არ იღელვონ). თუმცა შესანიშნავად ესმის, რომ მას ვერავინ შეუშლის ხელს, ითამაშოს გაცხადებული „სტრატეგიული პრინციპების“ აზრობრივი დატვირთვით ისე, როგორც თავად მოისურვებს.   

თანაც ეს რუსეთის მიმართ მოულოდნელი გაცივების შემთხვევაშიც დაზღვევაა. დღეს ხომ არავინ იცის, დასავლეთის შიგნით რომელი დაჯგუფება გაიმარჯვებს და რა პოლიტიკური პრინციპები იქნება რეალურად დომინანტური რუსეთის მიმართულებით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

26
თემები:
რუსეთი დღეს
ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

ექსპერტები პუტინისა და ბაიდენის შეხვედრაზე: ევროპას რუსეთთან მეგობრობა გაუადვილდება

29
(განახლებულია 21:33 18.06.2021)
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ოთხშაბათს ჟენევაში გაიმართა. შედეგებით ორივე ლიდერი კმაყოფილია.

Sputnik. ნიკიტა ჩიკუნოვი

მაგრამ იქნება თუ არა მოლაპარაკება ნაბიჯი სახელმწიფოების დაახლოებისკენ და სანქციების შერბილებისკენ? როგორ აისახება ორი ლიდერის საუბარი რუსეთისა და ევროპის ურთიერთობებზე? თემის მიმოხილვას Sputnik-ის მასალაში გაეცნობით. 

მომავალზე გათვლილი შედეგები

16 ივნისს ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის ჟენევაში გამართულ დიალოგს ორი ქვეყნის ურთიერთობის რევოლუციური გარდაქმნა არ გამოუწვევია, მაგრამ მან შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს სრულფასოვან დიალოგს. ასეთ მოსაზრებას იზიარებენ ექსპერტები, რომლებმაც სამიტის დასრულების შემდეგ საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს საერთაშორისო მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

ორი პრეზიდენტის შეხვედრის მნიშვნელოვანი შედეგი ერთობლივი განცხადების ხელმოწერაა, რომელიც ადასტურებს რუსეთისა და აშშ-ის ერთგულებას სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლის მიმართ, ფიქრობს რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს გენერალური დირექტორი ანდრეი კორტუნოვი.

„მართალია, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება (START-III) ხუთი წლით გახანგრძლივდა, დრო არც ისე ცოტაა. კარგი იქნებოდა, მხარეები შეიარაღებაზე კონტროლის ახალ მოდელზე თუ შეთანხმდებოდნენ“, – ამბობს ის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია აშშ-ის თანხმობა, ერთობლივი კონსულტაციების თემატიკაში ჩართოს კიბერუსაფრთხოების პრობლემა. ადრე ამ იდეის მიმართ აშშ-ის დამოკიდებულება ნეგატიური იყო და ერჩივნა მტკიცებულებების გარეშე დაედანაშაულებინა მოსკოვი ჰაკერულ თავდასხმებში, დასძენს ექსპერტი.

გარკვეულ ოპტიმიზმს აჩენს მოსკოვსა და ვაშინგტონში ელჩების დაბრუნება, ფიქრობს ანდრე კორტუნოვი და დასძენს, რომ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად ეს საკმარისი არ არის.

„ელჩები - „გენერლები“ არიან, მაგრამ ნებისმიერ გენერალს „ჯარი“ სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა საელჩოების საქმიანობის სრულფასოვნად აღდგენა, დიპლომატების, საკონსულო სამსახურების დაბრუნება“, – ხაზს უსვამს სპეციალისტი.

აშშ–რუსეთის ურთიერთობაში მრავალი პრობლემა დაგროვდა, რომელიც პირველი შეხვედრისთანავე არ გაქრება, აღნიშნავს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორი ვალერი გარბუზოვი.

„სამიტმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს კონსულტაციებს, მოლაპარაკებებს. თუ სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდება, დაიწყება შეხვედრები, ამ ყველაფერს კი შეავსებს სახელმწიფოთა მეთაურების სატელეფონო საუბრები ან პირისპირ შეხვედრები, დიალოგი განახლდება. შედეგს უახლოესი კვირების განმავლობაში ვიხილავთ“, – აღნიშნავს იგი.

ტრამპის გზა რომ არ განმეორდეს

ჟენევის სამიტს თავისდაუნებურად ადარებენ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას, რომელიც ჰელსინკიში 2018 წლის ივლისში, თითქმის სამი წლის წინ გაიმართა, აღნიშნავს ვალერი გარბუზოვი.

„ტრამპთან მოლაპარაკებაზე ყველა დიდ იმედებს ამყარებდა. ზოგი ამ შეხვედრას ისტორიულსაც უწოდებდა. საუბარი სასიამოვნო იყო, ყველა იღიმებოდა. შედეგად კი ყველაფერი სადღაც გაქრა. არ ვისურვებდი, მომავალში ჟენევის სამიტზეც ასე გვესაუბრა“, – ამბობს ექსპერტი.

ბაიდენის სასარგებლოდ მეტყველებს ვლადიმერ პუტინთან საკმაოდ სწრაფად ორგანიზებული შეხვედრა, ყურადღებას ამახვილებს ანდრეი კორტუნოვი. აშშ-ის წინა პრეზიდენტს - ტრამპს წელიწად-ნახევარი დასჭირდა, რათა თავისი პირველი და უკანასკნელი მოლაპარაკება გაემართა რუსეთის ლიდერთან.

კიდევ ერთი არსებითი განსხვავება – ბაიდენისა და ტრამპის ადმინისტრაციების მიერ აშშ–რუსეთის ურთიერთობების აღქმაა, დასძენს ვალერი გარბუზოვი.

„თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა საუბრობს ე.წ. „ახალ“ ურთიერთობაზე რუსეთთან - შერჩევით თანამშრომლობაზე. ეს ძალიან კარგი ხელმოსაჭიდია. მომავალი თანამშრომლობის ღერძი შეიძლება გახდეს შეიარაღებაზე კონტროლის სფერო, სტრატეგიული უსაფრთხოების პრობლემები. მომავალში დღის წესრიგი უნდა გაფართოვდეს. ორი მხარის დეკლარაცია შეხვედრის შედეგად – დიდი იმედების მომცემი დასაწყისია“, – ფიქრობს ის.

ევროპა, სანქციები და უკრაინა

აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობების უმნიშვნელო „დათბობაც“ კი აუცილებლად შეასუსტებს ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეების ანტირუსულ რიტორიკას. ამიტომ სამიტის პოზიტიური შედეგი მოსკოვისთვის გეოპოლიტიკურ ასპექტშიც ხელსაყრელია, დარწმუნებულია ვალერი გარბუზოვი.

„ახლა რუსეთთან თანამშრომლობის მხარდამჭერებს ბრიუსელში შედარებით გაუადვილდებათ საქმე, ვინაიდან ევროკავშირი, ასე თუ ისე, ყოველთვის ვაშინგტონისკენ იყურება. ისინი ითვალისწინებენ აშშ-ის პოზიციას რუსეთის მიმართ. ვფიქრობ, ჩვენი გერმანელი, იტალიელი და ფრანგი კოლეგები უფრო იოლად წამოაყენებენ ახალ ინიციატივებს, შემოგვთავაზებენ მოსკოვთან ურთიერთობის ახალ ფორმატებს, ვიდრე ეს ჟენევის შეხვედრამდე იყო“, – აღნიშნავს ანდრეი კორტუნოვი.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბაიდენისა და პუტინის მოლაპარაკება ხელს შეუწყობს რუსეთი–ნატოს საბჭოს 2014 წელს შეწყვეტილი მუშაობის განახლებას. კონტაქტების აღდგენა შექმნიდა დამატებით შესაძლებლობებს ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების საკითხში არავითარი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, ვარაუდობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი ივან ტიმოფეევი.

„არავითარი ამერიკული სანქციები უახლოეს მომავალში არ გაუქმდება. ამის წინაპირობები არ არსებობს. ზოგიერთი სანქცია აშშ-ის კანონმდებლობაშია დაფიქსირებული. ბაიდენს შეუძლია მხოლოდ მათი შეჩერება, როგორც ეს მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შემთხვევაში, მაგრამ არა გაუქმება. სანქციების შერბილებაც, ჩემი აზრით, მოსალოდნელი არ არის. მაგრამ არც ახალ დრაკონულ ზომებს უნდა ველოდოთ“, – აღნიშნავს იგი.

თუმცა ორი ქვეყნის ლიდერებმა ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე ურთიერთგაგებას ვერ მიაღწიეს, ამბობს ანდრეი კორტუნოვი. ასეთ პრობლემურ თემას მიაკუთვნებს ის უკრაინას. მხარეთა შეხედულებები ამ საკითხში ძლიერ განსხვავდება – პოზიციების დაახლოება ჯერ შეუძლებელია.

„ორივე პრეზიდენტი შეეხო ამ თემას, მაგრამ ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ. არის საერთო მიდგომა – საჭიროა მინსკის შეთანხმების დაცვა. პრობლემა ისაა, რომ მათი დაცვა სრულებით განსხვავებულად ესმით რუსეთსა და აშშ-ს. ფორმულა გამეორდა, მაგრამ ყველა თავის აზრზე დარჩა. უკრაინის თემა წამოიჭრა, მაგრამ პროგრესის მიღწევა ამ საკითხში ვერ მოხერხდა“, – ასკვნის ივან ტიმოფეევი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

29
თემები:
რუსეთი დღეს
მომავლის გზა - მამა და შვილი

საქართველოში მამის დღე აღინიშნება

0
(განახლებულია 14:41 19.06.2021)
მამის დღე ახსენებს საზოგადოებას, თუ რამდენად დიდია შვილების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა და აქტივობა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში 20 ივნისს მამის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

მამის დღე საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში წელს მეექვსედ აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად ზუგდიდსა და ოზურგეთში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.

კერძოდ, 19 ივნისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ზუგდიდის სპორტულ დარბაზში მამებისა და შვილებისთვის გაიმართება ტექნოლოგიური ვორქშოპი.

ვორქშოპის მიმდინარეობისას მამები და შვილები ერთად იმუშავებენ ტექნოლოგიურ პროექტებზე, რაც, ერთი მხრივ, დააახლოებს მათ და, მეორე მხრივ, ბავშვების ტექნოლოგიებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.

ასევე, 19 ივნისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება წიგნის „მამები და შვილები“ პრეზენტაცია, რომელიც 2020 წელს გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოიცა.

წიგნში თავმოყრილია 13 წლის მუხრან მაჭავარიანის წერილი მამისადმი, ოთარ და თაკო ჭილაძეები, გელა ჩარკვიანი და მისი შვილები – ირაკლი და თეონა, ფრიდონ და ზაზა ხალვაშები, ვახტანგ და ირინა ჯავახაძეები, ბაჩანა ბრეგვაძე და მისი ქალიშვილები ქეთევანი და ანა. ასევე ამ წიგნში შეგხვდებათ, თუ რას წერდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის შესახებ მიხეილ და ქეთევან ჯავახიშვილები, პაოლო და მედეა იაშვილები, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები.

ღონისძიებას ზვიად კვარაცხელია და დავით გორგილაძე გაუძღვებიან.

ხვალ, 20 ივნისს, ოზურგეთში, კაფეში „8+1“, საბავშვო წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის ავტორი დავით გორგილაძეა. წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის თავგადასავლებზე მოგვითხრობს, რომლის გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევების გააზრება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

ღონისძიებას წიგნის ავტორები, მწერალი დათო გორგილაძე და ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი გაუძღვებიან.

მამის დღე არის დღესასწაული, რომელიც ბევრ ქვეყანაში მამობის აღსანიშნავად და მამების პატივსაცემად ყოველწლიურად აღინიშნება. ის, როგორც წესი, ივნისის მესამე კვირა დღეს იმართება. დღესასწაული პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს აღინიშნა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ინიციატივით საქართველოში 2016 წელს დაიწყო კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

0