ამერიკელი სამხედროები სამხედრო სწავლებაზე უკრაინულ პოლიგონზე

„საშინელი სცენარი“: რატომ უყრის დასავლეთი ჯარებს თავს უკრაინაში

27
(განახლებულია 20:44 10.06.2021)
კიევის ხელისუფლების ძალისხმევით დამოუკიდებელი უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნების არმიების საწვრთნელი ყველაზე დიდი პოლიგონი ხდება აღმოსავლეთ ევროპაში.

ეგორ ნიკიტინი

მარტო მიმდინარე წელს იქ შვიდი მრავალეროვნული სწავლება ჩატარდება 11 ათასი უცხოელი სამხედროს მონაწილეობით. მშვიდობიანი დროის საზომით ეს უპრეცედენტო აქტიურობაა. სააგენტო РИА Новости წერს, ვის აძლევს ეს ხელს და რით შეიძლება დასრულდეს ეს ყოველივე.

დაშლის საფრთხე

ერთობლივი მანევრები აშშ-თან (Rapid Trident 2021 და Sea Breeze 2021), დიდ ბრიტანეთთან (Kozak Mace 2021 და Warrior Watcher 2021), პოლონეთთან („სამი ხმალი 2021“ და Silver Saber 2021) და რუმინეთთან (Riverine 2021) − ექსპერტების აზრით, მოაწერა რა ხელი კანონს „სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე 2021 წელს დაშვების თაობაზე მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად“, ვლადიმირ ზელენსკიმ პანდორას ყუთი გახსნა. პერსპექტივაში ამან შესაძლოა სამწუხარო შედეგები მოუტანოს თავად უკრაინას.

„ნატოს ჯარების განთავსება უკრაინას სახელმწიფოს დაშლით ემუქრება, და ეს ყველაზე საშინელი სცენარია, − განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას ექსპერტმა კონსტანტინ სოკოლოვმა. − ჩვენ ვიცით, რომ მომიჯნავე ქვეყნებს ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ კიევისადმი: პოლონეთსაც და უნგრეთსაც, რომელიც ნამდვილად დაუჭერს მხარს იმიერკარპატეთში მცხოვრებ თავის ეთნიკურ უმცირესობას. აშკარაა, რომ თუ დასავლეთი ამ კარტის გათამაშებას მოისურვებს, უკრაინის ტერიტორია ქაოსის წყაროდ გადაიქცევა, რაც მეზობელ რეგიონებზეც გავრცელდება, მათ შორის, რუსეთზეც“.

თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებითა და განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, კიევის ხელისუფლებას უბრალოდ დრო არ აქვს მსგავსი რისკების გასათვლელად − ისინი ძალიან არიან გატაცებული გამოგონილ რუსულ საფრთხესთან დაკავშირებული ისტერიის ხელოვნული დაძაბვით და ამ საბაბით ოკეანისგაღმელი მფარველებისთვის ახალი მოწყალების გამოთხოვნით. თუმცა უკრაინა და მისი ეროვნული ინტერესები მათ ბოლო რიგში აღელვებთ.

„ერთობლივი სწავლებები − ეს მხოლოდ დემონსტრაციაა იმისა, რომ უკრაინა თითქოს ჯერ არ დავიწყებიათ, − აცხადებს სოკოლოვი. − ეს მანევრები იქ დასავლეთისთვის ხელსაყრელი ხელისუფლების შენარჩუნებისთვისაა საჭირო. ეს უბრალოდ პუბლიკაზე თამაშია: აშკარაა, რომ არავინ აპირებს ამ ქვეყანასთან რაიმე თანამეგობრობის შექმნას. მაქსიმუმი, რაზე წასასვლელადაც არის მზად აშშ, ეს იქ სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფა და, მანევრების მომიზეზებით, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შეტანაა. ასევე იმისთვის, რომ, ბატალიონ „აზოვის“ მსგავსად, არასახელმწიფო სტრუქტურების ბოევიკები მოამზადოს“.

აშშ-ის პარალელურად, სხვა ქვეყნებთან ერთად, ნატო უკრაინაში ბაზირების პუნქტების სისტემას აყალიბებს, რომელთა სრულფასოვან სამხედრო ბაზებად გარდაქმნა რთული საკითხი არ არის. ანტირუსული სამხედრო პოტენციალის ზრდა საზღვრების მახლობლად არ შეიძლება არ აშფოთებდეს მოსკოვს.

თვითგადარჩენის ინსტიქტი

РИА Новости-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ კიევს, დიდი ალბათობით, ჭკუა ეყოფა და საქმეს რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტამდე არ მიიყვანს, რომლის შედეგიც არასპეციალისტისთვისაც კი აშკარაა.

„სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალებს შორის მკვეთრი განსხვავებაა, − ამბობს სოკოლოვი. – უკრაინის შეიარაღებული ძალები უბრალოდ ვერაფრით მიაყენებენ რუსეთს საგრძნობ ზიანს. ამ თემაზე ბევრი სპეკულაცია შეიძლება იყოს, მაგრამ რეალურად, ვფიქრობ, დასავლეთის მიერ ნაყიდ ყველაზე პირწავარდნილ ნაციონალისტებსაც კი ამგვარ ნაბიჯზე წასვლამდე თვითგადარჩენის ინსტიქტი აუმუშავდებათ“.

რაც შეეხება ამერიკელებს, მათ მით უმეტეს არაფერში სჭირდებათ რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები − პენტაგონში შესანიშნავად ესმით, რომ პირდაპირი შეჭრა ბირთვულ სახელმწიფოში, ისეთი მოხერხებული პლაცდარმიდანაც კი, როგორიც უკრაინაა, მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს, რომელსაც არც გამარჯვებული ეყოლება და არც დამარცხებული.

„ბაიდენი ამაზე ნამდვილად არ წავა, ყოველ შემთხვევაში, ხილულ პერსპექტივაში, − დარწმუნებულია სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი სერგეი სუდაკოვი. − აი, საკუთარ ინტერესებში უკრაინის გამოყენებას კი ამერიკელები ისევ განაგრძობენ. როდესაც ისინი ფულს დებენ რომელიმე ქვეყანაში და უკუქმედებას ვერ გრძნობენ, მაშინ მას ბოლო წვეთამდე წველიან. ვვარაუდობ, რომ ვაშინგტონი კონფრონტაციის პოლიტიკას შეინარჩუნებს, მაგრამ მეტზე არ წავა. სერიოზული გამწვავება ხომ ევროპასაც გადაუვლის, რომელიც უკვე აღარ არის ის, რაც ხუთი წლის წინ იყო. ჩვენ კი ასეთ სიტუაციაში უფრო ხისტად უნდა ვიმოქმედოთ: მინიმუმ მკვეთრად უნდა მოვნიშნოთ წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება“.

პოზიცია მოლაპარაკებებში

ევროპა მართლაც ის აღარ არის. ვარშავის ხელშეკრულების ბევრ ქვეყანაში და ბალტიისპირეთშიც კი მოსახლეობის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ თანდათან იცვლება − აშშ-ის წინაშე ქედმოდრეკილი ხელისუფლებების განცხადებების მიუხედავად, ხალხი სულ უფრო უხალისოდ ეთანხმება რუსეთის სახით მისთვის რეალური საფრთხის დანახვას. დრო მიდის, ისტერია მატულობს, ხოლო „საშინელი რუსული ტანკები“ კვლავ არ ჩქარობენ საზღვრის გადაკვეთას. ძველი ფირფიტა ისე აღარ მუშაობს. ეს ვაშინგტონშიც კარგად ესმით.

„პუტინისა და ბაიდენის მომავალი შეხვედრა იმ მიჯნის სიმბოლოა, რომელზეც შტატებმა, როგორც დასავლეთ სამყაროს ლიდერმა, გააცნობიერა: დროა, რომ პოლიტიკა რაღაც სახით შეიცვალოს, ვინაიდან იმ პოლიტიკამ, რომელიც ახლა წარმოებს, შედეგები ვერ მოიტანა, − განმარტავს პოლიტოლოგი. − აშკარაა, რომ ამერიკელები რუსეთთან ურთიერთობებში არსებულ მიზნებზე უარს არ იტყვიან, მაგრამ, სავარაუდოდ, თამაშს დაიწყებენ ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთქმედებებში ყველანაირი შემსუბუქების შემოთავაზებებით. ეს კი ევროპას თუნდაც მცირედ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, რომელმაც ძალიან ბევრი დაკარგა რუსეთთან აშშ-ის მიერ თავსმოხვეული კონფრონტაციით. ვაშინგტონისთვის ახლა მნიშვნელოვანია, არ დაკარგოს მოკავშირეები ალიანსში, რომელიც უკვე ნაკერებში ირღვევა“.

ამ ვერსიას ნაწილობრივ ადასტურებს ნატოს გაზრდილი სამხედრო აქტიურობაც უკრაინაში − აშშ ტრადიციულად ამზადებს ძლიერ პოზიციას მოლაპარაკებებში, რათა წარმოაჩინოს, რომ აქვს უნარი, ნებისმიერ მომენტში გააღვივოს კონფლიქტი დონბასში და ამით მარტივად შეცვალოს ვითარება თავის სასარგებლოდ. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური საკითხების ამგვარი მეთოდებით გადაჭრას ამერიკელებს ვერავინ ასწავლის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

27
ჯო ბაიდენი

მოსაზრება: ბაიდენი დააზუსტებს, არის თუ არა მზად რუსეთი თვითმკვლელობისთვის

55
(განახლებულია 20:59 11.06.2021)
მოსალოდნელია თუ არა აშშ-სა და ჩინეთს შორის მეორე ცივი ომი, ჩაერთვება თუ არა მასში ევროპა და რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი – ამის შესახებ წერს რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი დმიტრი კოსირევი.

დმიტრი კოსირევი

საინფორმაციო სააგენტო РИА Новости საკუთარ გვერდზე აქვეყნებს აღნიშნულ წერილს. 

„ასე სახელმწიფოები ომის წინ იქცევიან“, თითქოს სასხვათაშორისოდ შენიშნა საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკმა და დღეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის მშვიდობიანმა პროფესორმა ანდრეი ბეზრუკოვმა ერთ-ერთი ტელედისკუსიისას.

საუბარია ამერიკის ადმინისტრაციის მართლაც სერიოზულ აქციაზე, რომელმაც ჯერ კიდევ თებერვალში დაუკვეთა კვლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქონლით მომარაგების ჯაჭვის მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შესახებ. კვლევა ახლაღა დასრულდა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ევროპული ტურნეს წინ, რომლის ფარგლებშიც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმის პუტინსაც შეხვდება.

იმის შესახებ, რომ ჟენევაში ეს შეხვედრა მხოლოდ ნაწილია მსოფლიო არენაზე აშშ-ის დიდი ხნის წინ მომწიფებული და სერიოზულად შეცვლილი კურსისა, ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ. რაც შეეხება ამერიკის მოწყვლადობას, ის, კვლევის შედეგების თანახმად, მინიმუმ სამ სფეროში გამოვლინდა − წამლების, ნახევარგამტარებისა და იშვითი ელემენტების მიწოდებებში. ყველა შემთხვევაში საუბარია ჩინეთზე, ანუ მიწოდებებში აშშ-ის სახიფათო დამოკიდებულებაზე იმ „დერჟავაზე“, რომელიც მსოფლიო არენაზე საერთო წონით ამერიკის ტოლფარდია.

ასევე ამ დღეებში მოხდა აქცია ნომერი ორი − შემუშავდა კანონი ინოვაციებისა და კონკურენციის შესახებ. მან უკვე გაიარა აშშ-ის სენატი და მალე ამოქმედდება. და აქ საუბარი უპირველესად იგივე „დერჟავასთან“ კონკურენციაზეა. ჩინეთის წინაშე ამერიკული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად 250 მლრდ დოლარი გამოიყოფა. იგულისხმება სუბსიდიები ინოვაციური პროექტების დაჩქარებაში და ამერიკის მოწინავე დარგების სხვა მხარდაჭერა.

ამ ვითარებაში ერთი სასაცილო თავისებურებაა. აშშ წლების განმავლობაში განმარტავდა, რაოდენ დაუშვებელია მოწინავე და სხვა დარგების სახელმწიფო მხარდაჭერა ჩინეთისგან. პეკინის პროგრამა „დამზადებულია ჩინეთში 2025“ არასწორი კონკურენციისა და ბოროტების ნიმუშად ცხადდებოდა. ანუ ყვიროდნენ, რომ პეკინი წესების დარღვევით, უპატიოსნოდ თამაშობდა. პატიოსანი თამაში ისაა, როცა მხოლოდ დამოუკიდებელი მონაწილეები უწევენ ერთმანეთს კონკურენციას და გამარჯვებას ბაზარი განსაზღვრავს. მაგრამ ახლა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჩინეთის თამაშს მოგება მოსდევს, თანაც გლობალური მასშტაბისა, შეერთებულმა შტატებმა აბსოლუტურად მშვიდად გადაწყვიტა იგივეს გაკეთება.

ახლა მომხდარის მასშტაბების თაობაზე. ექსპერტები ამბობენ, რომ დემოკრატების ადმინისტრაციამ ამერიკის რეინდუსტრიალიზაციის იდეა რესპუბლიკელებისგან მიიღო მემკვიდრეობით, და რომ საუბარია ათწლეულებზე გათვლილ პროგრამებზე. და კიდევ იმასაც ამბობენ, რომ აშშ-სთვის საკითხი ასე დგას: გამარჯვება ან სიკვდილი ამ ბრძოლაში.

სიკვდილი ალბათ ნამეტანია. მაგრამ, აი, ლონდონური The Guardian-ის მიმომხილველის შეფასება: ათწლეულის ბოლოს ჩინეთი აშშ-ს ეკონომიკის მოცულობით გადაუსწრებს, მაგრამ უბრალოდ კი არა, არამედ დანაწონით − მსოფლიო ტექნოლოგიური ლიდერობის მოპოვებით (რაც პენტაგონს ძილს უფრთხობს). აშშ-სთვის ლიდერობის დაკარგვის თვით იდეაც კი საშინელია.

ყველა ამ მჭიდროდ დაკავშირებულ სიუჟეტში საკვანძო სიტყვა „ტექნოლოგიებია“. წელიწადში ნაწარმოები პროდუქციის საერთო მოცულობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო პროპაგანდისტული კუთხით. აი ორი ზესახელმწიფოს შედარებით თანაბარი სტატუსი კი ტექნოლოგიური უპირატესობის ნაწილში − ეს კოშმარია, ჩინეთის გასვლა მსოფლიო ტექნოლოგიური ლიდერის როლზე − კოშმართა კოშმარი.

სწორედ ასეთი განწყობებით მზადდებოდა ჯო ბაიდენის ამჟამინდელი მოგზაურობა ევროპაში. ლონდონური გაზეთის იგივე მასალა საკმაოდ მკაფიოდ აღწერს ამ დიპლომატიური გასეირნების მთელ კონცეფციას. ბაიდენი დასავლელ ლიდერებს კორნუოლში შეხვდება G7-ის სამიტის ფარგლებში. მერე იქნება საუბარი ნატოსა და ევროსტრუქტურებთან. და ეს საუბარი უპირველესად ჩინეთს შეეხება. ბაიდენი აპირებს მიიწვიოს მეტად სკეპტიკურად განწყობილი ევროპელები მეორე ცივ ომში, ამჯერად ჩინეთთან.

რატომ არიან ისინი სკეპტიკურად განწყობილი? მხოლოდ ერთი დეტალი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ასეთი ომი: ზემოთ ნახსენები კვლევის შედეგებისა და ასევე ნახსენები კონკურენციის კანონის მიხედვით, აშშ-ში „დამრტყმელი დაჯგუფება“ იქმნება, რომელსაც სათავეში სავაჭრო წარმომადგენელი ან მინისტრის რანგის სხვა კაცი ჩაუდგება. ეს შემტევი ძალა განსაზღვრავს – ჩინური საქონლიდან რომელი შეიქმნა ამერიკელებისგან მოპარული ტექნოლოგიების საფუძველზე. და საქმე მარტო ის არ არის, რომ ასეთი პროდუქციის შეტანა აშშ-ში აკრძალული იქნება. მათი „მოპარული“ სტატუსის შესახებ ევროპელ და სხვა მოკავშირეებსაც აცნობებენ. ამის შემდეგ მათ შესთავაზებენ – ენდონ ამერიკას სიტყვაზე და ასევე არ შეიძინონ ეს ზედმეტად კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

დაუჯერებენ თუ არა მოკავშირეები და თანაც სრული შემადგენლობით? თუ ისევ The Guardian-ს მივმართავთ, იქ ანონიმი დიპლომატის ციტატაა მოყვანილი: ევროპელებს, შესაძლოა, არ მოსწონთ ის, რასაც ჩინეთი აკეთებს, მაგრამ ამერიკელებს არ მოსწონთ ის, რაც არის ჩინეთი. კერძოდ, ამერიკის ტოლი ძალა მსოფლიოში − იმისგან დამოუკიდებლად, აკეთებს თუ არა ის რაიმეს საერთოდ.

ამ ლოგიკით ჟენევის სამიტი ბაიდენის ვეროპული მოგზაურობის პერიფერიაზეა. მოსკოვთან ორმხრივი ურთიერთობები მისთვის მეორადია. ამერიკის ლიდერი პირველ რიგში რუსეთის პოზიციებს მოსინჯავს აშშ-სა და ჩინეთს შორის მოსალოდნელ ცივ ომში. რაღა თქმა უნდა, არავინ ელოდება, რომ მოსკოვი უეცრად პეკინთან კონფრონტაციაზე მოაწერს ხელს. თუმცა იმის ცოდნა, როგორ შეიძლება მოიქცეს მოსკოვი ჯერჯერობით ჰიპოთეტურ რამდენიმე ვითარებაში, ეს ამერიკისთვის სასარგებლოა. შესაძლოა რუსეთმა უცბად გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა მოისურვოს და რაღაც ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს მოსალოდნელ კონფრონტაციაში.

თუმცა, კიდევ უფრო მარტივად: არის ორი ზესახელმწიფო, ერთი − წაგებული მეორისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ორივე ეკონომიკური გიგანტი და ტექნოლოგიური ლიდერია, ამიტომ პოტენციურად ხელსაყრელი პარტნიორებიც. მაგრამ ერთმა „დერჟავამ“ ბოლო წლებში რუსეთის მიმართ წარმოუდგენლად ბევრი სიბინძურე ჩაიდინა (და თქვა), მეორე „დერჟავას“ კი, როგორც მინიმუმ, არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია და არც უთქვამს. თანაც რუსეთთან თანამშრომლობას ავითარებს იქ, სადაც ეს გამოსდის. და რა პოზიცია შეიძლება წარმოვიდგინოთ აქ მოსკოვისთვის?

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

55
Учебный центр Грузия-НАТО на территории военной базы в Крцаниси

მოსაზრება: აშშ-ს კავკასიაში კონკურენტები არ სჭირდება

9
(განახლებულია 20:10 11.06.2021)
სერგეი მარკედონოვი – ჟურნალ „საერთაშორისო ანალიტიკის“ მთავარი რედაქტორი Sputnik-ს საკუთარ მოსაზრებას აცნობს.

სერგეი მარკედონოვი

რისთვის ეწვია ამჯერად, 2021 წლის ივნისში თბილისს მორიგი ვაშინგტონელი მაღალჩინოსანი?

საქართველო და აშშ: სიახლე და მემკვიდრეობითობა

„ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო აშშ-ის საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორად რჩება სამხრეთ კავკასიაში და მნიშვნელოვან პარტნიორად შავ ზღვაზე“, − განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა თბილისში ვიზიტისას.

მისი გამოსვლის ზოგი სტილისტიკური თავისებურება დამკვირვებლებს არ გამოპარვიათ. რიკერმა, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ საუბრისას, განსაკუთრებით აღნიშნა ამჟამინდელი ადმინისტრაციის როლი.

მართლაც, ბაიდენის გუნდი ყველანაირად ცდილობს ხაზი გაუსვას დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკურ კურსთან სხვაობას. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი თავისი ქვეყნის მსოფლიო ლიდერის პოზიციებზე დაბრუნებაზე, ევროატლანტიკური სოლიდარობის აქტუალიზაციასა და დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერაზე საუბრობს. და თბილისში მყოფმა ფილიპ რიკერმაც დააფიქსირა: „ჩემი ვიზიტის გზავნილი − საქართველოს, როგორც განვითარებული და საიმედო დემოკრატიის მქონე ქვეყნის წარმატების უზრუნველყოფაა“.

თუმცა აშშ-ის 45-ე და 46-ე პრეზიდენტების რიტორიკისა და პრაქტიკის უფრო ახლოს გაცნობის შემთხვევაში − იქნება ეს გლობალური პოლიტიკისა თუ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები (იგივე კავკასია) − დაინახავთ, რომ მსგავსება უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება.

დიახ, ტრამპის გუნდი უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ძალის ფაქტორსა და პრაგმატიზმს, თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარი კი ფასეულობებზე ფოკუსირდება. მაგრამ პირველ და მეორე შემთხვევაშიც საუბარია აშშ-ის დომინირების შენარჩუნებაზე. რომელიმე ქვეყანაზე ხისტი ზეწოლითა თუ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მაღალ სტანდარტებთან შეუსაბამობის ბრალდებებით ვაშინგტონი, რესპუბლიკელების დროსაც და დემოკრატებისაც, ცდილობს არ დაუშვას კონკურენტების გამოჩენა ჩინეთისა თუ რუსეთის სახით. ევრაზიული მიმართულება იყო და რჩება აშშ-ის ერთ-ერთ საკვანძო პრიორიტეტად, ვისაც უნდა ეკავოს იქ სახელისუფლებო სიმაღლეები.

თავად ფილიპ რიკერის კარიერა ამის შესანიშნავი დასტურია. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ინტერესების ამჟამინდელი პრომოუტერი წარმატებით მუშაობდა ყოფილი სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს გუნდში. მან ეს პოსტი 2019 წლის მარტში დაიკავა და საქართველოს მიმართულებით გამოცდილების დაგროვებაც მოასწრო. 2019 წლის სექტემბერში რიკერი, პომპეოს დავალებით, თბილისში ჩავიდა და ვიზიტის დროს აღნიშნა: „ქართველებს არ ჰყავთ ამერიკასა და ამერიკელ ხალხზე უკეთესი მეგობარი“. გასული წლის ნოემბერში, პომპეოს თბილისში ვიზიტის დროს, რიკერმა დელიკატური მისია შეასრულა − ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მისმა იმჟამინდელმა შეფმა, რომელსაც მალე პოსტი უნდა დაეტოვებინა, ამჯობინა ყურადღება ოფიციალურ ხელისუფლებასთან დიალოგზე გაემახვილებინა. და, აი, ახლა, ივნისში, ის უკვე ახლანდელი სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მოადგილის ხარისხში ქადაგებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა დიალოგის იდეას, როგორც საქართველოს შიდა სტაბილურობის ფუნდამენტისა.

ასე რომ, ტრამპის დროსაც და ბაიდენის დროსაც საქართველო იყო და არის აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი კავკასიაში. ორმხრივი მოკავშირეობის ძირითადი საკითხები იგება სამხედრო სფეროს, თბილისის ნატოში გაწევრიანების, ასევე დემოკრატიის მხარდაჭერის გარშემო, რომელიც შიდაქართული ევროატლანტიკური კონსენსუსის განმტკიცებად აღიქმება.

თბილისის გეოპოლიტიკური მარტოობა?

ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ძალიან ზუსტად განსაზღვრა კავკასიაში ახალი სტატუს-კვო ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ: „რუსეთისა და თურქეთის როლი დასავლეთის ხარჯზე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, რეგიონში ის სრულიად დამოუკიდებელი მოთამაშეა და არანაირად არ ათანხმებს თავის ნაბიჯებს მოკავშირეებთან“. და ეს მდგომარეობა ძალიან აღელვებს აშშ-საც და საქართველოსაც, დამატებით იმპულსებს აძლევს მათ კოოპერაციისთვის. ვაშინგტონს აშინებს სამი ევრაზიული გიგანტის – ირანის, რუსეთისა და თურქეთის ალიანსის ფორმირება, დაე, თუნდაც ის სიტუაციური იყოს. ამ სამიდან არც ერთი არ არის დაინტერესებული აშშ-ისა და მისი მოკავშირეების პოპულარიზაციით ევრაზიაში, სამივე მათგანისთვის მნიშვნელოვანია სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები, არც ერთ მათგანს არ სურს „ფასეულობების პოპულარიზაცია“, რომლითაც ვაშინგტონის პრიორიტეტებია კომუფლირებული. თუმცა ეს ყველაფერი თურქეთს ნატოს არ აძულებს, და შტატებთან სელექციური კოოპერაციისთვის მისი მზადყოფნა რამდენჯერმე აღემატება მოსკოვისა და თეირანის ანალოგიურ სწრაფვას. მაგრამ „ევრაზიული სამეულის“ დაახლოების საშიშროება (თეორიაშიც კი) ამერიკულ ისტებლიშმენტს აღელვებს.

თუმცა ვაშინგტონს თურქეთი და რუსეთი სხვადასხვაგვარად აშფოთებს: პირველ შემთხვევაში საუბარია ანკარისა და თბილისის მზარდ ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელშიც ქართველი პარტნიორები უმცროსებისა და დამოკიდებულების როლში არიან. რუსეთი კი შიშებს იწვევს – როგორც „სახელმწიფო-რევიზიონისტი“. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემებს აშშ სსრკ-ის დაშლის პროცესში თვითგამორკვევის პრობლემად კი არა, ძალის დახმარებით კავკასიის ტერიტორიულ რეკონფიგურაციად აღიქვამს. და ამ ძალისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აშშ ჯერჯერობით მზად არ არის. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს განისაზღვრება როგორც მოკავშირეობის დილემა. არსებობს ორმხრივი კოოპერაციის გაფართოების ინტერესი, მაგრამ დიდია მოკავშირის მესამე ქვეყნებთან დავებსა და კონფლიქტებში ჩართვის რისკები.

ყარაბაღის მეორე ომმა აზერბაიჯანის თურქეთთან ბმა გააძლიერა, სომხეთისა კი რუსეთთან. ამასთან მოსკოვიცა და ბაქოც დაინტერესებული არიან, შეინარჩუნონ პოზიტიური დინამიკა ორმხრივ ურთიერთობებში. ამ კონტექსტში მარტო საქართველო რჩება დასავლეთთან დაახლოების თანმიმდევრულ მცველად. სომხეთისთვის ნატოსკენ მიმავალი გზა დაკეტილია თურქეთის ალიანსის წევრობის ფონზე, ხოლო აზერბაიჯანისთვის ბლოკთან კოოპერაციის ამჟამინდელი დონე არასაკმარისია. გამოდის, რომ საქართველოს გარდა ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია კავკასიაში სერიოზულად არავის აინტერესებს.  

ნატოში შიდა სტაბილურობის გავლით?

ფილიპ რიკერს ევრაზიასა და ევროპაში პრონატოური განწყობების წარმატებული ლობისტის რეპუტაცია აქვს. მას ბალკანებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. რიკერი შესანიშნავად იცნობს მაკედონიას, სადაც ის 1990-იანების დასაწყისში მსახურობდა რიგით დიპლომატად, 2008-2011 წლებში კი − უკვე ელჩად. მის სახელს უკავშირდება ათენსა და სკოპიეს შორის დავების დარეგულირებაში შეტანილი წვლილი და ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ოფიციალური სახელწოდებით ჩრდილოეთ მაკედონია.

ამ კონტექსტში მარტივი გასაგებია ის ენთუზიაზმი, რომლითაც დახვდნენ მაღალი რანგის ვიზიტორს თბილისში. თუ 2020 წლამდე ნატოს მოლოდინები მხოლოდ „რუსეთის შეკავების“ საკითხს უკავშირდებოდა, დღეს საქართველოს ყარაბაღის საკითხებში „რუსეთ-თურქეთის კონდომინიუმი“ აშფოთებს და ასევე დასავლეთის დასუსტება კავკასიაში. რიკერის ვიზიტს ქართული ელიტის შიშები უნდა გაექარწყლებინა. მაგრამ რა სიგნალები გაგზავნა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა ვიზიტორმა?

წარმოითქვა სიტყვათა მთელი ჩვეული ნაკრები. რუსეთი საქართველოს მიმართ ქმედებებისთვის გააკრიტიკეს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლებას ვაშინგტონის წარმომადგენელმა სრულად დაუჭირა მხარი, ისევე, როგორც მოსკოვის დაგმობას, რომელიც ამისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

მაგრამ არც საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით გაჟღერებულა არანაირი ცხადი მესიჯი და არც ამ ქვეყნისა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭების თაობაზე (რაც სულაც არ ნიშნავს ალიანსში ავტომატურად გაწევრიანებას). იმავე მაკედონიამ მაპი 1999 წელს მიიღო, მაგრამ ნატოს წევრი მხოლოდ 2020 წლის მარტში გახდა.

ბოსნია და ჰერცეგოვინა მაპს 2010 წლის აპრილიდან ფლობს, მაგრამ ალიანსს ჯერ არ გადაუწყვეტია მისი წევრობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გამუდმებით უწოდებენ ნატოს „ასპირანტს“, „საკანდიდატოს დაცვა“ ვადაში იწელება. რაშია მიზნისადმი ესოდენ ნელი სვლის მიზეზი, რომლის მიღწევასაც აშშ სიკეთედ განიხილავს?

შტატებს აღელვებს არა მარტო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსი და მოსკოვის უკიდურესი გაღიზიანებულობა ალიანსის შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის მთავარი კავკასიური მოკავშირე უკვე რამდენიმე წელია ვერ ართმევს თავს შიდაპოლიტიკურ კრიზისს, რომელსაც ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები აქრობენ, მაგრამ სრულად ვერა. საქართველოს პოლიტიკური კლასი კელი დეგნანის, იგივე ფილიპ რიკერისა თუ შარლ მიშელის მისიების გარეშე საქმეს თავს ვერ ართმევს. და როგორც შედეგი – ჩნდება შიშები, რომ ნებისმიერი ახალი კრიზისი ევრო- და ნატოსკეპტიციზმს გაზრდის. აქედანაც არის რისკების შეჯირებისადმი სწრაფვა.

აშშ-ს სურს განამტკიცოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რათა მერე ნატოში შეიყვანოს იგი. თანმიმდევრობა ასეთია. და სწორედ ეს სიგნალი იყო საკმაოდ მკაფიოდ ფორმულირებული რიკერის მიერ. გაიგონებენ კი ამას, ან როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ? ამ კითხვაზე პასუხი აშკარა არ არის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

9
ფურისულა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ივნისი

0
(განახლებულია 10:45 13.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 14 ივნისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

არ იჩქაროთ. დღეს შეიძლება ბევრი რამ ჩვეულებრივზე რთული გასაკეთებელი იყოს. უკან არ დაიხიოთ, თუ გზაზე დაბრკოლებები შეიქმნა. ასევე რთული იქნება ერთობლივ სამუშაოზე შეთანხმება, ადვილი არ იქნება კომპრომისის მოძებნა. სერიოზული უთანხმოებების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება, თუ მეგობრულად და ტაქტიანად მოიქცევით.

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: ხართ ენერგიული, წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე იხევთ. გზაზე არ გაჩნდება დაბრკოლება, რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებთ. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. შესაძლოა, მათ რამე ახალი ინფორმაცია მოგაწოდონ ან საინტერესო იდეა შემოგთავაზონ. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები. ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული იქნება, შესანიშნავად უგებთ ერთმანეთს.

კურო: მშფოთვარე დღეა. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ გზადაგზა და ეს მაინცდამაინც არ მოგეწონებათ. შესაძლოა გადაიდოს შეხვედრები, რომლებსაც მოუთმენლად ელოდებოდით, საკითხების გადაჭრა, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის. სამაგიეროდ გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. უნდა ეცადოთ, რომ მოცემული შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გამოიჩინეთ ინიციატივა როგორ საქმეებში, ისე პირად ურთიერთობებში.

ტყუპი: იღბლიანი იქნება დღის პირველი ნახევარი. დარწმუნებული ხართ თქვენს წარმატებებში და ინტუიცია არ გღალატობთ – მართლაც შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეგიძლიათ. კარგი დროა გეგმების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება ადრე დაწყებული საქმეების დამთავრება, პასუხების პოვნა კითხვებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსვენებას არ გაძლევთ.

კირჩხიბი: დღის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელია. გაქვთ შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოთ მნიშვნელოვან საქმეში, რომლისთვისაც ძალღონე არ დაიშურეთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საქმიან სფეროში თანდათანობით მიილევა, მაგრამ ის კვლავ ძლიერი დარჩება პირად ურთიერთობებში. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ შეყვარებულ კირჩხიბებს. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად საერთო გეგმები განიხილოთ და იოცნებოთ.

ლომი: მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საქმე და საზრუნავი გექნებათ, დღეს ვერც უიღბლოსა და ვერც დაძაბულს ვერ ვუწოდებთ. ბევრ რამეს შესანიშნავად უმკლავდებით, მათ შორის, რთულ ამოცანებსაც. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ ნაცნობებთან, შესაძლებელია მათთან საერთო გეგმებიც გაჩნდეს.. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საჭიროა ყურადღება მცირე დეტალების მიმართ, რაც ზოგიერთ თქვენგანს გაუჭირდება.

ქალწული: დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონით იქნება გამორჩეული. შესაძლოა, მცირე წვრილმანებზეც კი ინერვიულოთ; მოსალოდნელია უთანხმოებები ახლობლებთან. ეს გაგანერვიულებთ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დაგიბრუნდებათ ოპტიმიზმი, უკეთ გააკონტროლებთ თავს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. ახლობლებთან და საქმიან პარტნიორებთან შედეგიანი საუბრები.

სასწორი: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არ გადაიღალოთ. ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე განწყობაზე. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფრის მშვიდად მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და ხელსაყრელი იქნება. მოგეცემათ რაღაც მნიშვნელოვან საქმეებთან გამკლავების საშუალება. ბევრი მიაღწევს წარმატებას იქ, სადაც ფანტაზიაა საჭირო.

მორიელი: დღის დასაწყისი შესაფერისი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ წინადადება, რომელიც ძალიან დაგაინტერესებთ. ასევე შეიძლება გაჩნდეს ძველი საქმიანი კავშირების აღდგენის შანსი. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ საშუალება, რომ გამოასწოროთ რომელიმე ძველ საქმეში დაშვებული შეცდომები. დიდი ალბათობაა, რომ თანხა მიიღოთ – შესაძლოა, დიდი არა, მაგრამ ეს მაინც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ნივთების შეძენაში.

მშვილდოსანი: შეიძლება ითქვას, რომ აღმაფრენის დღეა, რომელიც მოგიტანთ კარგ და მნიშვნელოვან სიახლეებს. გექნებათ ძველი კავშირების აღდგენის საშუალება. ასევე მოსალოდნელია, რომ მიიღოთ უჩვეულო, საინტერესო წინადადება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის, მომგებიანი გარიგებების დადებისთვის, თანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯებიც, მაგრამ ეს ფუჭად დახარჯული ფული არ იქნება.

თხის რქა: ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება, მაღალია წარმატებების სწრაფად მიღწევის შანსი. არაა გამორიცხული სასარგებლო ნაცნობობა. ხართ ძალზე მომხიბვლელი, ამიტომ თქვენდამი გულგრილი ვერავინ დარჩება. შესაძლოა, ვიღაც თქვენდამი სასიყვარულო გრძნობითაც განიმსჭვალოს. დღის მეორე ნახევარში კარგად წარიმართება სახლის საქმეები. შეგიძლიათ იყიდოთ ავეჯი, ყოფითი ტექნიკა და სხვა ნივთები სახლისთვის.

მერწყული: ეცადეთ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი და სწორად შეაფასოთ თქვენი ძალები. რეალური შეხედულებები იმედგაცრუებისგან გიხსნით. აჯობებს, თუ ყურადღებას გაამახვილებთ პრაქტიკულ ამოცანებზე, ისეთზე, რომლებიც უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგების მიღების საშუალებას იძლევა. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. ეს ძალიან გაგახარებთ. მოგეცემათ ადრე დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი.

თევზები: დღე კარგად აეწყობა, მაგრამ თქვენ დაჟინებით ცდილობთ მოძებნოთ საბაბი იმისთვის, რომ აღელდეთ და განაწყენდეთ. ეცადეთ, უფრო პოზიტიურად განეწყოთ. ამ შემთხვევაში ბევრ საინტერესო შესაძლებლობას აღმოაჩენთ, მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ წარმატებას. არ გარისკოთ იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. ფრთხილად მოქმედებით ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. დაფიქრებით ნათქვამი სიტყვა და მოქმედება როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

0