კორონავირუსი უჰანში

მოსაზრება: შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის პანდემიაში დამნაშავე იპოვა

69
(განახლებულია 21:12 31.05.2021)
COVID-19-ის წარმოშობის შესახებ აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მოქმედი ლიდერის ჯო ბაიდენის მოსაზრებები მოულოდნელად ერთმანეთს დაემთხვა.

ვიქტორია ნიკიფოროვა

COVID-19-ზე ტრამპისა და ბაიდენის მოსაზრებები მოულოდნელად დაემთხვა ერთმანეთს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი პანდემიის დაწყების დღიდან აცხადებდა, რომ ვირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან გამოაღწია. ბაიდენი და მთელი დემოკრატიული პარტია კი თავგამოდებით უარყოფდნენ ვირუსის ხელოვნური წარმოშობის შესაძლებლობას.

და აი, მოხდა მოულოდნელი შემოტრიალება. გასული კვირიდან პრეზიდენტი ბაიდენი ვირუსის ლაბორატორიაში შექმნას უკვე შესაძლებლად მიიჩნევს. ხოლო ლიბერალური ისტებლიშმენტის რუპორმა Facebook-მა შეწყვიტა იმ პოსტების დაბლოკვა, რომლებშიც იდუმალი დაავადების ხელოვნურ წარმოშობაზეა საუბარი.

ამასთან, როგორც კი ვაშინგტონის ადმინისტრაციამ იმის შესაძლებლობა აღიარა, რომ კორონავირუსი შეიძლება ხელოვნურად იყოს კონსტრუირებული, დამნაშავეც მაშინვე მოიძებნა. ბაიდენის განკარგულებით, ამერიკული სპეცსამსახურები ვირუსის მხოლოდ ჩინური წარმოშობის საკითხით დაკავდებიან. სხვა ვერსიები არც კი განიხილება.

ჩინეთის დანაშაული დაუდევრობასა თუ სულაც დივერსიაში, რაღა თქმა უნდა, არაფრით დასტურდება. ერთადერთი ინფორმაცია, რომელსაც მრავალსვლიანი ანტიჩინური კომბინაცია ეყრდნობა — The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიაა, რომელიც ირწმუნება, რომ ჯერ კიდევ პანდემიის ოფიციალურ დაწყებამდე უჰანში ვიღაც მეცნიერები დაავადდნენ და გარდაიცვალნენ რაღაც კორონავირუსის მსგავსით. თუმცა მთელი ეს ისტორია ბნელითაა მოცული და დაუსაბუთებელია.

ოფიციალური პეკინი უარყოფს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ ვირუსებზე ექსპერიმენტებით, მათ შორის მათში გარკვეული სეკვენციების ჩადგმით, რომლებიც ვირუსებს ადამიანის უჯრედებში შეღწევას უადვილებს, ამერიკელი მეცნიერები უფრო აქტიურად იყვნენ დაკავებული, ვიდრე ჩინელი.

ამასთან ყურადსაღებია 2019 წლის ზაფხულისა და შემოდგომის მოვლენების თაიმლაინიც. აგვისტოში მოულოდნელად დაიხურა აშშ-ის ფორტ-დეტრიკის ცნობილი სამხედრო ბიოლაბორატორია. იქ პლანეტის ყველაზე საშიშ ვირუსებს და ბაქტერიებს ინახავენ და იკვლევენ. საგულდაგულოდ შერჩეული კოლექცია ციმბირის წყლულსაც შეიცავს, ყვავილსაც და შავ ჭირსაც. უკიდურესად გასაიდუმლოებული მეცნიერები შემოქმედებითად ატარებენ ექსპერიმენტებს ამ ნიმუშებზე და მათ საფუძველზე ახალ, კიდევ უფრო საშიშ ვარიანტებს ქმნიან.

აქ უნდა აღინიშნოს ისიც (როგორც ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა), რომ აშშ მსოფლიოს ერთ-ერთი სახელმწიფოა მცირეთაგან, რომლებსაც ხელი არ აქვთ მოწერილი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციაზე (BWC). ანუ, ყველა იმ სახელმწიფოს, რომელსაც ამ კონვენციაზე ხელი აქვს მოწერილი, მათ შორის, ჩინეთსა და რუსეთს, შეუძლიათ ერთმანეთის ლაბორატორიების შემოწმება. აი აშშ-ის ბიოლაბორატორიებში კი რით არიან დაკავებული — ეს მეცნიერებისთვის უცნობია. ასრულებენ თუ არა ისინი რეალობაში კონვენციას, ეს ღია საკითხად რჩება.

და აი ფორტ-დეტრიკის ლაბორატორია რაღაც გაჟონვის გამო დაიხურა. საიდუმლოს მაღალი დონის გამო არ გამოქვეყნებულა, კერძოდ რამ გაჟონა, რა მიმართულებითა და რა რაოდენობით. თუმცა იმავე წლის სექტემბერში აშშ-ში ფილტვების დაავადების უცნაური ეპიდემია დაიწყო. თავდაპირველად ამ ყველაფერს ვეიპებს აბრალდებდნენ. უფრო სწორად, ვეიპებისთვის საჭირო რაღაც ახალ, იდუმალ ნაერთს, რომლის მოხმარებასაც სასიკვდილო საფრთხე ახლდა.

დაავადების სიმპტომებს შორის იყო პნევმონია, შინაგანი ორგანოების ფართო დაზიანება — მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ძალიან ჰგავს COVID-19-ის სურათს. ოქტომბერში ამერიკელი სამხედროები უჰანში გაემგზავრნენ საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაზე და, როგორც არაერთი ჩინელი ექსპერტი ფიქრობს, სწორედ იქ მოხდა ამერიკული კორონავირუსის ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადადება.

ჩინელი ექსპერტების ვერსიაზე კამათი შეიძლება, თუმცა მთლიანობაში ის ბევრად ლოგიკურად გამოიყურება, ვიდრე აშშ-ის ბრალდებები. ყურადსაღებია ისიც, რომ ამერიკული პროპაგანდის მთელი ძალები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმ თეორიის დაცვისკენ იყო მიმართული, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისა იყო.

აშშ-ის მთავარი კორონავირუსული ზედამხედველი ენტონი ფაუჩი მთელი წლის განმავლობაში გადაჭრით უარყოფდა ნებისმიერ ვერსიას ხელოვნური წარმოშობის თაობაზე. სოციალურ ქსელებში არცხვენდნენ და დევნიდნენ იმ „დისიდენტებს“, რომლებიც ბედავდნენ და მის ბუნებრიობაში ეჭვი ეპარებოდათ.

გამოჩენილ ფრანგ ვირუსოლოგს, ნობელის პრემიის ლაურეატ ლიუკ მონტანიეს ლამის კარიერად და რეპუტაციად დაუჯდა განცხადება კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ. არადა მან მხოლოდ SARS-CoV-2-ის სტრუქტურაში ის თანმიმდევრობა წარადგინა, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისგან ნასესხებს ჰგავდა და შეიძლებოდა კორონავირუსის ხელოვნურობაზე მიენიშნებინა.

ჩინური წარმომავლობის ამერიკელი ვირუსოლოგი ბინ ლიუ ერთი წლის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს პიტსბურგში კორონავირუსის სტრუქტურის შესწავლაზე მუშაობისას. მანამდე მან მოასწრო და განაცხადა, რომ რაღაც საინტერესო აღმოაჩინა, მაგრამ მოულოდნელად მოკლეს.

ამერიკული მედიასაშუალებების მანქანამ სწრაფად ჩამოაყალიბა და საზოგადოებას თავს მოახვია გარკვეული კონსენსუსი. თუ პროგრესული ლიბერალი და დემოკრატი ხარ, ბაიდენს აძლევ ხმას, შეგნებულად გადადიხარ თვითიზოლაციაზე და კორონავირუსის ბუნებრივი წარმოშობა გჯერა. ხოლო თუ დახავსებული „რედნეკი“ (გაუნათლებელი, ბრიყვი გლეხი) ხარ, მაშინ ტრამპს აძლევ ხმას, აკრიტიკებ გაუთავებელ ლოკდაუნსა და ფიქრობ, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა.

სწორედ საზოგადოების ამგვარად დაყოფა დააჩქარეს მთავარმა ინტენეტ-პლატფორმებმა და სოციალურმა ქსელებმა. მაგრამ მათი უმეტესობა წმინდა ამერიკული გავლენის იარაღია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვერსია ბუნებრივი წარმოშობის შესახებ საზოგადოებაში იმ  მიზნით ინერგებოდა აგრესიულად, რომ ამერიკელი პარტნიორებს თავიანთი ლაბორატორიების დაფარვას ცდილობდნენ.

მაგრამ კორონავირუსის ბუნებრივი წარმოშობის დამამტკიცებელი მეცნიერული საბუთები ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.  ბოლოს მათ ჯანმოს მისია ეძებდა ჩინეთში. საერთაშორისო ექსპერტებმა ვერ შეძლეს იმ გზების აღმოჩენა, რომლებითაც ვირუსი ღამურებიდან გადაედებოდა ადამიანს.

ერთი პერიოდი მეცნიერები პანგოლინებს მიიჩნევდნენ დამნაშავეებად. მაგრამ როგორ შეიძლებოდა ეს იშვიათი ცხოველი გადამდებ რგოლად ქცეულიყო, გაურკვეველი დარჩა. ამგვარი გადადების ერთადერთი დამაჯერებელი ვერსია სერიალ „სამხრეთის პარკის“ ავტორებმა წამოაყენეს, მაგრამ ის ძალიან სასაცილოა და უხამსი იმისთვის, რომ სერიოზულ გამოცემაში ციტატად მოვიყვანოთ. მოკლედ, პანგოლინები და ღამურები გვერდზე გასწიეს. სხვათა შორის, ჯანმოს ექსპერტებმა უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შესაძლებლობაც ვერ აღმოაჩინეს.

ამავდროულად ამერიკელი პარტნიორების სასარგებლოდ არც ლაბორატორიულ კვლევებში არსებული წარმოუდგენელი  განსხვავება არ მეტყველებს. ჩინეთს საზღვარგარეთ ლაბორატორიები არ აქვს. აშშ-ს კი ასზე მეტი ლაბორატორია აქვს მსოფლიოს 25 ქვეყანაში. რაღაც უცნაური დამთხვევით, მათი უმეტესობა რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებს გასწვრივაა განლაგებული. მხოლოდ უკრაინაში 16 ამერიკული ბიოლაბორატორიაა.

მომხდარა თუ არა იქ საშიში ინციდენტები? რამდენიც გინდათ. 2015 წელს ამერიკული ჟურნალი USA Today ასობით შემზარავ შემთხვევაზე წერდა. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ მარტო 2014 წელს მომხდარი გაჟონვები ებოლას ცხელების, ფრინველის გრიპისა და ყვავილის აღმძვრელებს შეეხებოდა. კიდევ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ „შეცდომით“ გაგზავნა სამხრეთ კორეის ბაზაზე ციმბირული წყლულის ცოცხალი სპორები. შეშინებული კორეელები დემონსტრაციებსაც კი აწყობდნენ.

ჩვენ ალბათ ვერასდროს შევიტყობთ, სასიკვდილოდ სახიფათო ვირუსების გაჟონვები უბრალოდ დაუდევრობაა თუ დაგეგმილი ოპერაცია. მაგრამ თუ გლობალური სახელმწიფო დივერსიის შესაძლებლობას დავუშვებთ (რაღა თქმა უნდა, თეორიულად), ეს ჩინური სტილი არ არის — ეს ქვეყანა ნელა და შეუქცევად წინსვლას ანიჭებს უპირატესობას. ამგვარი იმპულსური ჟესტები ბოლო დროს სწორედ ამერიკელ პარტნიორებს ახასიათებთ, რომლებიც ქაოსს თესავენ მთელ მსოფლიოში და ნებისმიერ სტრუქტურას ანგრევენ, რათა საკუთარი დაცემა შეანელონ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

69
საპნის ბუშტები

ერთი ყულაბის ამბავი... ანუ სად არის ჩვენი საპენსიო დანაზოგი?..

10
(განახლებულია 10:17 17.06.2021)
რამდენი მოქალაქეა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სისტემაში, რა თანხაა ფონდში, სად არის განთავსებული საპენსიო დანაზოგები, რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა დაგროვებითი საპენსიო სისტემით და რას ურჩევს ფინანსისტთა ერთი ნაწილ საპენსიო სააგენტოს?

სამსონ ხონელი

არახალია და თანაც არც მოულოდნელი, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას მოსახლეობა გამორჩეულ ყურადღებას უთმობს. არც არის გასაკვირი, მოქალაქეთა კეთილდღეობა დიდწილად ხომ სწორედ ამ პოლიტიკაზე, მის პრიორიტეტულ მიმართულებებსა თუ ცალკეულ პროგრამებზეა დამოკიდებული... რა ბანალური მოსაზრებაა, − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება... მე კი დავძენ, რომ ჩვენს ქვეყანას თავისი ეკონომიკური განვითარების ხარისხით ეს „ბანალური“ სენტენცია განსაკუთრებით ეხება... რატომ? − არ გამიკვირდება, ჩამეძიოს მკთხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ, საქართველოში მოსახლეობის 19%–ზე მეტი, ანუ მეხუთედი საპენსიო პაკეტის მიმღებთა რიცხვშია, ხოლო ქვეყანაში მოქმედი საპენსიო სისტემა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია... ის ადრე თუ გვიან ყველა მოქალაქეს ეხება... აქ იგულისხმებიან როგორც პენსიის მიმღები, ასევე საპენსიო ფონდში თანხის გადამრიცხველი მოქალაქეები... 

დრო სწრაფად გარბის. ფაქტია, უკვე მესამე წელია რაც ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქმედებს. არადა, მოსახლეობა თითქოს სულ ახლა იყო საპენსიო  სისტემის რეფორმირების საკითხზე პოლიტიკურ და საფინანსო-ეკონომიკურ წრეებში გამართული მწვავე პოლემიკის მომსწრე... რეფორმის შედეგად შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოქმედების წამზომი 2019 წლის იანვრიდან ჩაირთო და მას შემდეგ საპენსიო სააგენტოს საქმიანობისადმი მედიის ინტერესი არ განელებულა...

რამდენი მოქალაქე გაწევრიანდა დაგროვებით საპენსიო სისტემაში და რა მოცულობის თანხაა აკუმულირებული ფონდში, სად არის განთავსებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები და რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა დაგროვებითი საპენსიო სისტემით? ამ და სხვა ბევრ კითხვაზე საპასუხოდ საპენსიო სააგენტო ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებს....

მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვების მდგომარეობით დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მლნ 159 ათასი მონაწილეა რეგისტრირებული, საპენსიო ფონდის მოცულობა კი 1,51 მლრდ ლარია, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი უკვე 166 მლნ ლარს შეადგენს. ბევრია ეს თუ ცოტა? იმედია, დამეთანხმებით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის გავითვალისწინებით, რაც უკვე მეორე წელია გრძელდება, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული სარგებლის ეს მოცულობა ურიგო მაჩვენებელი არ უნდა იყოს. დაგროვებითი პენსიით 873-მა ადამიანმა ისარგებლა. საგულსხმოა, რომ საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 ათას პირს შეადგენს... 

საინტერესოა, სად არის განთავსებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები? კონკრეტულ კთხვას კონკრეტული პასუხი აქვს − საქართველოს კომერციულ საბანკო სექტორში.  რა თქმა უნდა, თანხას წლიური სარგებელი ერიცხება... რამდენი? − ჩამეძიება ცნობისმოყვარე მკითხველი. წლიური ეფექტური 11%. აქვე,  მეტი კონკრეტიკისთვის მოგახსენებთ, საპენსიო დანაზოგის 62% სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან ანგარიშებზეა განთავსებული. ბუნებრივია, საპენსიო თანხები ეროვნულ ვალუტაშია ინვესტირებული.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას უწუნებს და უწყების შესაბამის სამსახურს გააქტიურებისკენ მოუწოდებს ფინანსისტი ლევან სურგულაძე. შეგახსენებთ, ის საპენსიო სააგენტოს პირველი ხელმძღვანელი გახლდათ და ამ სამსახურს 2018 წლის სექტემბრიდან 2020 წლის იანვრამდე ედგა სათავეში. მისი თქმით, აუცილებელია დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნა, რისთვისაც საპენსიო სააგენტოს შესაბამისი საკმარისი შესაძლებლობები გააჩნია.

„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მიმართულება სერიოზული გამოწვევაა. შევაგროვეთ ეს ფული, მაგრამ… საპენსიო სააგენტოს ორი მიზანი ჰქონდა. პირველი, საპენსიო ასაკში ადამიანების უზრუნველყოფა და მეორე, კაპიტალის ბაზრის განვითარება. შესაბამისად, თუ ეს ფული ბანკში დავდეთ და ველოდეთ, ეს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური უნდა გააქტიურდეს. დროა, დაიწყონ საინვესტიციო მოქმედებები. დივერსიფიცირებული პორტფელი უნდა შეიქმნას. რა თქმა უნდა, ბანკებშიც დატოვებს ნაწილს, ნაწილი სახაზინო ვალდებულებებში წავა, ნაწილი ობლიგაციებში. ქვეყანაში არის ინსტრუმენტები და სააგენტომ ეს უნდა გააკეთოს. მიმაჩნია, რომ არანაირი ობიექტური ხელშემშლელი ფაქტორები, ამ ეტაპზე არ არსებობს. ამის დაწყება გაცილებით ადრე შეეძლოთ...“, − განაცხადა ლევან სურგულაძემ. 

ანალიტიკურ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ მიზანშეწონილია საპენსიო დანაზოგების გარკვეული მოცულობის სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირება... ეს დიდწილად ხელს შეუწყობს ამ კომპანების ფინანსურ სტიმულრებას, ამავე კომპანებში უცხოური კაპიტალის მოზიდვას და ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარებას... თუმცა, ამ სწორედ საკითხზე საპენსიო სააგენტომ დასკვნა გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ უწყება ამ ეტაპზე საპენსიო დანაზოგების სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირებას არ გეგმავს.... კი, მაგრამ, რატომ? - შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. პასუხიც არ დააყოვნებს. როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, ამჟამად ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებში, მათ შორის ენერგოსისტემასა და რკინიგზაში, ინვესტირება არ ღირს, რადგან ამ საწარმოებში არ არის საკმარისი ხარისხი.

„რთულია პროგნოზი, როდის მიაღწევენ ეს კომპანიები იმ ნიშნულს, რომ ღირდეს მათში ინვესტირება... ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, რომ ინტენსიურად დაველაპარაკოთ ბიზნესს...“, - აცხადებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე.

საგულისხმოა, საპენსიო საავენტოს შეფასებას არ იზიარებენ ანალიტიკურ წრეებში, სადაც განმარტავენ, რომ სახელმწიფო კომპანიებისა და თავად სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებს უცხოური ინსტიტუციური და კერძო ინვესტორები იძენენ. ასე, რომ გაუგებარია, მაინც რა „საკმარის ხარისხზეა“ საუბარი ან გააჩნიათ თუ არა ასეთი ხარისხის რაოდენობრივი საზომები. იმავდროულად, საპენსიო ფონდის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ფონდის სახსრების დივერსიფიცირებული განთავსება. 

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საწარმოები ყოველწლიურად საკმაოდ დიდი მოცულობის ზარალზე გადიან, კერძოდ, 2019 წელს მათი ჯამური ზარალი - 55 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, 713 მილიონი ლარი იყო, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში ინვესტირება მიზანშეწონილი არ არის. მთავარია ამ ზარალის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული ანალიზი. ზოგიერთ შემთხვევაში წაგება წმინდა ბუღალტრული ხასიათისაა და ის გამოწვეულია საწარმოს აქტივების ბუღალტრული ჩამოფასებით. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ლარის კურსის გაუფასურებაც. თუ საწარმოს მნიშვნელოვანი ვალდებულებები სხვა მყარ ვალუტაში აქვს ხოლო მისი საანგარიშგებო ვალუტა ლარია, მაშინ ზარალი, ბუნებრივია, შეიძლება ლარის სისუსტეს უკავშირდებოდეს. ზოგადად, უნდა შევხედოთ არა მხოლოდ მოგება/ზარალის მაჩვენებლებს, არამედ, რამდენად პროგნოზირებადი და რაც მთავარია, ჯანმრთელია ამა თუ იმ კონკრეტული სახელმწიფო კომპანიის მომავალი ფულადი ნაკადები და საბალანსე უწყისი...

გაითვალისწინებს თუ არა საპენსიო სააგენტო ანალიტიკოსთა რეკომენდაცებს, ამას დრო გვიჩვენებს... ერთი კი ფაქტია, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დანტერესებულია, მისი დანაზოგი შესაძლო რისკებისგან მაქსიმალურად დაცული იყოს და რაც მთავარია, პენსიაზე გასვლისას კუთვნილი თანხა უდანაკარგოდ მიიღოს... 

10
ნატოს წვრთნები

მოსაზრება: ახალი ანტირუსული მანიფესტი ნატოს კომუნიკე

19
(განახლებულია 21:04 16.06.2021)
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ივნისის სამიტი სხვებისგან აბსოლუტურად გამოგონილი საფრთხეების კონფიგურაციით გამოირჩევა.

ნატოს შემაჯამებელი კომუნიკეს კოორდინატთა დამახინჯებულ სისტემაში მსოფლიოს მთავარ საფრთხედ რუსეთი დასახელდა (რაც პროგნოზირებადი იყო), მეორე ადგილზე დიდი სხვაობით აღმოჩნდნენ ჩრდილოეთ კორეა და ირანი, მშვიდობიანი ბელარუსი მესამე ადგილზე „დაინიშნა“, ჩინეთი კი მხოლოდ მეოთხე გამოდგა. ნატოსთვის არავის მიუნიჭებია თანაბარუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოების „ხარისხებად“ დაყოფის უფლება. მით უმეტეს არაადეკვატურად გამოიყურება ალიანსის „ბრალდებითი“ არგუმენტაცია, რომელიც პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით ათი პროცენტის ინტერესებს წარმოადგენს.

ბრიუსელის 14 ივნისის სამიტის კომუნიკე არსობრივად ანტირუსული „მანიფესტია“ — სიტყვამრავალი, გიჟური და დსთ-ის ქვეყნებისა და ზოგადად კაცობრიობისთვის სახიფათო. „საბრალდებო დასკვნაში“ რუსულ საფრთხეს ათზე მეტი პუნქტი ეძღვნება, ხოლო ჩრდილოეთ კორეასა და ირანს — თითო-თითო, ჩინური საფრთხე ორ პუნქტშია მონიშნული. პარადოქსული დოკუმენტია.

ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ალიანსი აქტიურად ბომბავდა ირანს, ავღანეთს, ლიბიას, იუგოსლავიას, სირიას და ნამდვილად არ აქვს ასეთი განცხადებების უფლება: „რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“. კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ ბლოკი უკვე 25 წელზე მეტია, რაც რუსეთთან პარტნიორობას აგებს და საერთაშორისო ვალდებულებებსაც ასრულებს, ხოლო რუსეთი „განაგრძობს ღირებულებების, პრინციპების, ნდობისა და ვალდებულებების დარღვევას“.

„პარტნიორებს“ რეალობაში დაბრუნება არ სურთ. აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ კიევში ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებისა და 2014 წელს უელსში ნატოს სამიტის შემდეგ ალიანსმა შეაჩერა „რუსეთთან პრაქტიკულად ყოველგვარი სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა“. ამასთან მოსკოვმა უნდა მოინანიოს და „საქმეების ჩვეულებრივ წარმოებას დაუბრუნდეს“. ანუ დაუბრუნოს „ოკუპირებული“ ტერიტორიები მათ მფლობელებს: ყირიმი — უკრაინას, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი — საქართველოს, დნესტრისპირეთი — მოლდოვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიუსელი იმუქრება, რომ „რეაგირებას მოახდენს უშიშროების სფეროში გაუარესებულ ვითარებაზე, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში ალიანსის გაძლიერებული განთავსებით“.

არგუმენტაცია დამახინჯებულ მსოფლმხედველობას ასახავს და გვაიძულებს გავიხსენოთ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გამონათქვამი „ნატოს ტვინის სიკვდილის“ შესახებ. მშვიდობასა და უშიშროებაზე სიტყვებს ამოფარებული აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთთან ბრძოლისთვის ემზადებიან, რა დროსაც მეზობელი ქვეყნებისა და ხალხების ბედს უგულებელყოფენ.

უსაფუძვლო ბრალდებები

ალიანსს რუსეთის სამხედრო ძლიერების ზრდა აშფოთებს სხვადასხვა სფეროში: ახალი სამხედრო პოტენციალი, „პროვოკაციული საქმიანობა, მათ შორის ნატოს საზღვრებთან“, შეტყობინების გარეშე ჩატარებული ფართომასშტაბიანი მოულოდნელი სწავლებები, ყირიმში სამხედრო ძალის ზრდა, კალინინგრადის ოლქში ორმაგი დანიშნულების თანამედროვე რაკეტების განთავსება, ბელარუსთან სამხედრო ინტეგრაცია. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ეს რუსეთი კი არ მიუახლოვდა ალიანსის საზღვრებს, არამედ ნატო გაფართოვდა რუსეთის საზღვრებამდე და უკვე დიდი ხანია, რაც დსთ-ის სივრცეზე ჰიბრიდულ ომებს იყენებს „ფერადი რევოლუციების“ ფორმატში. ნატო ჰუმანიტარული ორგანიზაცია არ არის. ის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის უშიშროებისთვის. მოსკოვისა და მინსკის რეაქციები სრულიად კანონზომიერია. იქ არ დავიწყებიათ ალიანსის ევროპაში (იუგოსლავია), ახლო აღმოსავლეთსა (ერაყი, ავღანეთი, სირია) და აფრიკაში (ლიბია) გეოპოლიტიკური „კორექციები“ და არც ბევრი სხვა რამ.  

რეალური „სამხილების“ არარსებობის ფონზე ნატო რუსეთს მიაწერს: მოკავშირეების არჩევნებსა და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მცდელობებს, „ფართომასშტაბიან სადეზინფორმაციო კამპანიებს“, „რუსული სპეცსამსახურების უკანონო და დესტრუქციულ საქმიანობას“ ალიანსის ტერიტორიაზე, და მოუწოდებს რუსეთს, ამოიღოს ჩეხეთის რესპუბლიკა და შეერთებული შტატები „არამეგობრული ქვეყნების“ ჩამონათვალიდან.

რუსეთი „ნატოს იძულების“ მიზნით თითქოს თავისი ბირთვული არსენალის დივერსიფიკაციას ახდენს საშუალო და მცირე სიშორის სარაკეტო კომპლექსების განთავსების გზით. რისთვის იძულების? რას ნიშნავს ისეთი ფუჭი ფრაზები, როგორიცაა „სტრატეგიული დაშინების აგრესიული პოლიტიკა“, თუ ნატოს ამ ქვეყნებმა ახლახან რუსეთის კონკრეტულ შეთავაზებას დაუჭირეს მხარი ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის სარაკეტო კომპლექსების განთავსებაზე მორატორიუმის შესახებ?

„რუსეთი განაგრძობს აგრესიულ და უპასუხისმგებლო რიტორიკას ბირთვულ სფეროში, უთმობს რა ამასთან სულ უფრო მეტ ყურადღებას დესტაბილიზაციის გამომწვევ წვრთნებს“. უკაცრავად, მაგრამ სამხედრო სწავლებებს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ატარებს საკუთარ ტერიტორიაზე და მხოლოდ ნატოს წევრები ამუშავებენ მანევრების დიდ ნაწილს სხვების ტერიტორიებზე — აგრესიულად და უპასუხისმგებლოდ.

განა მოსკოვი ემუქრება ვინმეს ბირთვული იარაღის გამოყენებით, ან ღიად გადაჰყავს თავისი ჯარები ოკეანის გადაღმა მექსიკის ჩრდილოეთსა თუ კანადის სამხრეთში სამხედრო მანევრების ჩასატარებლად იმის ანალოგიურად, რასაც პენტაგონი აკეთებს ევროპაში? რუსული წვრთნები ზედმეტად მასშტაბურია? მაგრამ რუსეთის ტერიტორიას ხომ ანალოგი არ აქვს მსოფლიოში (აშშ-ის ტერიტორიაზე ორჯერ დიდია) და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად თანაბარზომიერი ინსტრუმენტები ესაჭიროება. აშკარაა, რომ რუსეთის დადანაშაულებას ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში ის მიზანი აქვს, რომ შეინიღბოს ან გამართლდეს აშშ-ისა და ნატოს რეალური სამზადისი რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და უცხოეთის ჯარების მზარდი განთავსება რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში — ეს მშვიდობიანი რეგიონებისა და ზღვების შეიარაღებული კონფლიქტის ზონად ქცევის მკაფიო მაგალითია.

მშვიდობიანი დსთ-ის დემონტაჟი

ნატოს კომუნიკეში ნათქვამია, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინაში მიმდინარე და ასევე მის გარშემო კონფლიქტი მათი დღის წესრიგის ნომერ პირველი თემაა. იქვე რუსეთის „დანაშაულების“ სიაც დაერთვის. მაგრამ რუსეთი არ მიიჩნევს თავს უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო ომში კონფლიქტის მხარედ. თანაც, განა 2014 წლის უკრაინულ არჩევნებში აშშ-ისა და ევროკავშირის უხეში ჰიბრიდული ჩარევა არ იქცა დონბასში შეიარაღებული კონფლიქტისა და ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების მიზეზად? ფაქტები შეიძლება არ აღიარო ან ახლებურად განმარტო, მაგრამ მათი შეცვლა შეუძლებელია.

ალიანსი კვლავ და კვლავ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და მოუწოდებს რუსეთს, „გაიყვანოს ჯარები, რომლებიც მან სამივე ქვეყანაში მათი თანხმობის გარეშე განათავსა“.

კომუნიკეს კიდევ ერთი საყურადღებო პუნქტი ასეთია: „ნატოს წევრი ქვეყნები კვლავ ღრმად არიან შეშფოთებული ბელარუსში 2020 წლის აგვისტოდან განვითარებული მოვლენებით. რესპუბლიკის პოლიტიკასა და ქმედებებს შედეგები მოაქვს რეგიონული სტაბილურობისთვის“. ეს წარმოუდგენელი პოლიტიკური პირფერობის მაგალითია. რა დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზეა საუბარი? ალიანსს რატომღაც არ აღელვებს „ყვითელი ჟილეტების“ უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი აქციები საფრანგეთში და არც კაპიტოლიუმის შტურმი, რის შემდეგაც 400 კაცი დააკავეს. რა, ეს სხვა რამეა?

ნატოს კომუნიკეს ვრცელი ტექსტი მის საიტზე სამ ენაზეა გამოქვეყნებული. მსურველებს მასში ბევრი შეუსაბამობის აღმოჩენა შეუძლიათ.

და, ბოლოს, თალიბებთან ოცწლიანი ომისა და აშშ-ისა და ნატოსთვის სამარცხვინო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ტერორისტებთან, რა დროსაც ავღანეთიდან უცხოური ჯარები ფაქტობრივად გაიქცნენ, „პარტნიორებმა“ ესოდენ აქტიურად არ უნდა იქნიონ „ხელკეტი“ ევროპასა თუ არქტიკაში. ამას შეიძლება რიკოშეტი მოჰყვეს. თანასწორუფლებიან მხარეთა შორის მოლაპარაკებათა პროცესში გონივრული კომპრომისები და შემდგომი მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

19
სასწრაფო დახმარება

პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 11:50 17.06.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა შენობის აივნიდან გადმოხტომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან მამაკაცი გადმოხტა. დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო საქმის მოკვლევა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით ("სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი") მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მამაკაცის მდგომარეობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, მძიმეა. ექიმების თქმით, 46 წლის პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას ტრავმული შოკი აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცი წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან გუშინ გადმოხტა. იგი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. მამაკაცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში