ქართველი სამხედრო

არმიის 30 წლისთავი: ნატოს ფელდმარშლი საქართველოს ეწვია

25
(განახლებულია 17:00 01.05.2021)
ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე საქართველო უკვე დიდი ხანია, რაც „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსშია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩასულმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სამხედრო-საჰაერო ძალების ფელდმარშალმა სტიუარტ ფიტჩმა 29 აპრილს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს - ეროვნული არმიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის ფონზე.

შეგახსენებთ, რომ „პარტნიორობა მშვიდობისათის“ 1994 წელს დაიწყო, ხოლო 2006 წელს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. მაგრამ 2014 წლის „არსებითი პაკეტი“ კვლავ პრობლემად რჩება - ახალი ინიციატივები მუხრუჭდება.

ღარიბაშვილმა და ფიტჩმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს: შავი ზღვის უსაფრთხოებას, თბილისის როლს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების მხარდაჭერაში, ავღანეთში მისიის დასრულებას.

საზეიმო ღონისძიებაზე ფიტჩმა განაცხადა, რომ „არსებობს ძალიან ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია, რომელიც ნატოსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობის სიმბოლოა“ და „ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს გაძლიერებული შძესაძლებლობების სტატუსი კიდევ სამი წლით გაუხანგრძლივა“. მისი თქმით, ეს ყველაფერი ურთიერთხელსაყრელია, თუმცა საქართველოსთვის სარგებელი ჯერ კიდევ არ ჩანს - 15 წლის შემდეგაც კი წევრობის გარანტიას ვერავინ იძლევა.

საქართელოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეროვნული არმიის განვითარება „მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობაზეა დამოკიდებული, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია“.

კონკრეტული ციფრებითა თუ ფაქტებით პარტნიორობის კომპლემენტარული შეფასებები არ დასტურდება, საზეიმოდ გაცხადებულ „დემოკრატიულ ფასეულობებს“ ბრძოლის ველზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სიმართლე ისაა, რომ საქართველოს ალიანსში შესვლას შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოჰყვეს რუსეთთან, რაც ნატოში არავის უნდა. სამხრეთ კავკასიაში საიმედო პლაცდარმის დაკარგვა ვაშინგტონისა და ბრიუსელის სტრატეგოსებს არ სურთ, ამიტომ სამხედრო „ასპირანტს“ პერიოდულად ახალ ჰორიზონტებსა და ციურ მანანას ჰპირდებიან.

შავი ზღვის უსაფრთხოება

სანაპირო აკვატორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს შსს-ს რამდენიმე საპატრულო კატარღა ჰყავს, რომლებიც ნატოს სახომალდე დაჯგუფებებში ვერ ინტეგრირდება ტექნოლოგიურად - ძალიან მცირე სიმძლავრისანი არიან და ცუდად შეიარაღებული.

მაგრამ ფოთის საზღვაო პორტი ძალიან მოხერხებულია უფროსი პარტნიორების სამხედრო-საზღვაო ძალების შესასვლელად (ეკიპაჟების დასვენება, მარაგების შევსება, ლოგისტიკური ბაზა რუსეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების მიმართ „ძალის პროექციისთვის). ალიანსის მიერ ქართული საპორტო ინფრაქტრუქტური ცალმხრივი, ანგარებიანი გამოყენება ორმხრივ სარგებლად და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებად განიხილება. დიდი ერთობლივი სამუშაოს შედეგად ვერ ჩაითვლება ისედაც უსაფრთხო შავ ზღვაში რეიდები - ეს სრულიად უაზრო პროცესია.

მრავლისმეტყველია ვაშინგტონის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული გეგმები შავი ზღის რეგიონში სამხედრო ბლოკ საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ფორმირების თაობაზე. სამხედრო-საზღვაო პოტენციალი ამ „სამკუთხედში“ პრაქტიკულად არ არსებობს, პროექტი აშშ-ის ინტერესებში მუშავდება რუსეთის წინააღმდეგ, როგორც „შეკავების“ ინსტრუმენტი.

ავღანური გაკვეთილები

ავღანეთის ომის 20 წლის განმავლობაში ამერიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა ვერ დაამარცხეს ტერორისტები. ამერიკელ სამხედროებთან ერთად ავღანეტიდან მისი მოკავშირეები და პარტნიორებიც გადიან, მათ შორის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქართული კონტინგენტიც - 860 კაცი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ავღანეთში მისიის განმავლობაში (2004 წლიდან) 32 ქართველი სამხედრო დაიღუპა. ამ ომის მიზნები მიღწეული არ არის, თუმცა პრემიერმა ღარიბაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველომ ამგვარად ნატოს სრულფასოვანი წევრობის უფლება დაამტკიცა.

სწორი დასკვნები არ გაკეთებულა. ამერიკელები, რომლებმაც ცუდად შეიარაღებულ თალილბებთან დამარცხდნენ, დღეს ევროპის „დაცვისკენ“ ისწრაფვიან მათ მიერვე დანიშნული მოწინააღმდეგისგან. და მიმდებარე ქვეყნებს არეკრუტებენ სხვისი ხელით ომისთვის. რაში სჭირდება ეს საქართველოს?

ქვეყნის რეალურ თავდაცვისუნარიანობას არაფერი აქვს საერთო ნატოს წევრობასთან, ალიანსის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობასთან, უცხოელი ფელდმარშალის მხარზე გამამხნევებელ შემოკვრასთან. საქართველო 92-ე ადგილზეა სამხედრო ძლიერების მსოფლიო რეიტინგში Global Firepower – ზიმბაბვეს შემდეგ. 20 ათასიან არმიას შეიარაღებაში ჰყავს: 160 ტანკი, 150 საარტილერიო დანადგარი, ზალპური ცეცხლის 50 სისტემა, ათი ძველი მოიერიშე Су-25. და გამოსადეგია ნატოს ოპერაციებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ საქართველოს მეტად შეზღუდული სამხედრო-პოლიტიკური გავლენა აქვს „საშინაო“ რეგიონში.

რეფორმების უსასრულობა

ნატოელმა სპეციალისტებმა 16 ახალი ინიციატივა შეიმუშავეს _ თავდაცვითი რეფორმების რეალიზაციისთვის, საქართველოსა და ნატოს ოპერატიული შესაბამისობის ამაღლებისთვის, მდგრადობის გაზრდისთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის. ითქვა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს ჰაერს, ხმელეთს, ზღვასა და კიბერსივრცეს - ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებზე, ნატო-საქართველოს რეგულარულოი სწავლებების ჩათვლით. და მაინც, სიტყვა უფრო მეტია, ვიდრე თავდაცვისუნარიანობის რეალური განმტკიცება.

მაგალითად, სამი „სრულიად ახალი“ ინიციატივა - ეს სამხედრო-სამედიცინო პოტენციალისგანვითარება, ქვეყანაში ინგლისური ენის სწავლების გაფართოება, კოდიფიცირერბისა და სტანდარტიზაციის სისტემის სრულყოფა. ახალ თვითმფრინავებსა და ტანკებს უფროსი პარტნიორები არ იძლევიან. ასეთი რეფორმები შეიძლება ათობით წლის განმავლობაში გაგრძელდეს - „ასპირანტის“ გამოყენებით ყველგან და ყველანაირად.

რედაქცია შეიძლება არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

25
ქუთაისი - ლიბერთი ბანკის ოფისი

ახდენილი ვარაუდი და დამძიმებული საკრედიტო ტვირთი...

1190
(განახლებულია 09:08 01.05.2021)
ეროვნული ბანკის ვერდიქტი... ინფლაციის გაუარესებული საპროგნოზო მაჩვენებელი, გამკაცრებული მონეტარულ პოლიტიკა, გაძვირებულ კრედიტები, გაქცეულ ლარი და გაღარიბებული მოსახლეობა... დაღმართი, რომელსაც არ უჩანს ბოლო...

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკში მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოვეხმაურები. კობა გვენეტაძის უწყებამ წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გააორმაგა და 6.5 პროცენტამდე გაზარდა. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტით 9.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა სწორედ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუარესებამ.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენცია გასული წლის ბოლოდან გამოიკვეთა. მიმდინარე წლის თებერვალში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით გაიზარდა. სულ რაღაც ერთი კვირის წინათ ვწერდი, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოლოდინი ჰქონდათ სახელისუფლებო კულუარებსა და ანალიტიკურ წრეებში. ვარაუდი გამართლდა. 

რეფინანსირების სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთი − 9.5 პროცენტი ბოლო ცამეტი  წლის მაქსიმუმია. უფრო მაღალი განაკვეთი −10 პროცენტი 2008 წლის იანვარ-ოქტემბერში მოქმედებდა. საინტერესოა, როგორია ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებები მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს გადაწყვეტილებაზე...

„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აუცილებელი იყო. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დაგვიანებულიც კი არის.. დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკი გვიმტკიცებდა, რომ ლარის კურსის გაუფასურების ეფექტი ფასებზე არ აისახებოდა. თუმცა, უკვე გასული წლის ზაფხულიდან აღიარა, რომ ეს ასე არ არის. მაღალი დოლარიზაციის და სასაქონლო ბაზრის იმპორტ დამოკიდებულების პირობებში სხვანაირად ვერც იქნება. ლარის კურსი აისახება ფასებზე. ვთვლი, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა წლიურ ჭრილში ვერ მოხერხდება. ეროვნული ბანკშიც ამბობენ, რომ მომავალი წლის დასაწყისშიც ინფლაცია არ იქნება მიზნობრივ მაჩვენებელთან. ეროვნულ ბანკს არავინ სთხოვს სასწაულს. მისი მიზანი ინფლაციის მაჩვენებლის კონტროლია, ეს უწერია ეროვნულ ბანკს კანონში...“, − აცხადებს ეკონომიკის დოქტორი ლევან ქისტაური.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი კი ვარაუდობს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფასების ზრდას გამოიწვევს.

„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის პოლიტიკა ფასების სტაბილიზაციის ნაცვლად, ფასების ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკური კრიზისის დროს ჯაჭვი შემდეგნაირად ლაგდება: ძვირდება კრედიტი ანუ გადამხდელ სუბიექტებს ეზრდებათ ხარჯები, ხოლო გაზრდილი ხარჯების ამოღებას ისინი გასაყიდად მიწოდებულ საქონლისა თუ მომსახურების ფასების ზრდით ეცდებიან, რაც სწორედ რომ ინფლაციაა. სხვა თანაბარ პირობებში, არა კრიზისისას, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გამოიყენოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ინსტრუმენტი. მაგრამ გრძელვადინ პერიოდში, როგორც ჩვენთან, უკვე 1 წელია მაღალი განაკვეთი გვაქვს, შედეგიც არ აყოვნებს და ვიღებთ ინფლაციასა და მოსახლეობის გაღარიბებას... მეტიც, კატეგორიულად გაუმართლებელია რეფინანსირების პოლიტიკის განაკვეთის მკვეთრად გაზრდა ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც საზოგადოების შემოსავლები ისედაც მკვეთრად შემცირებულია...“, − აცხადებს ექსპერტი რამაზ გერლიანი

როგორც ექსპერტთა წრეში აცხადებენ, მზარდი ინფლაციის გამომწვევი მთავარი ფაქტორი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა და ისიც ლოგიკურია, რომ პრეტენზიები ეროვნული ბანკისკენ მიემართება... კობა გვენეტაძის უწყებაში კი განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა და არა ლარის კურსის დაჭერა... ანალიტიკოსთა შეფასებებით, ეროვნული ბანკი, ხშირ შემთხვევაში ამ მიზნის მიღწევასაც ვერ ახერხებს და ინფლაციის განაკვეთი, როგორც წესი,  სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ინფლაციას ანელებს, მაგრამ როგორც ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდას საკმაოდ მაღალი ფასიც აქვს. კერძოდ, 124 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხის პროცენტი გაეზარდა... მაინც რამდენით? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. განვმარტავ, ზუსტად იმდენით რამდენითაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა ანუ ამჯერად 1 პროცენტით. ბევრა ეს თუ ცოტა?.. თითოეულ მომხმარებელს თავადაც შეუძლია, რომ მარტივად დაიანგარიშოს, რამდენით გაუძვირდა საკრედიტო ვალდებულება. თუ დაიზარებს, არც ეს არის პრობლემა, კომერციული ბანკი შეახსენებს... ჩვენ კი უპრიანი იქნება, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული საკრედიტო პორტფელი მიმოვიხილოთ. მეტი სიზუსტისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემები მოვიშველიებ...

მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სულ 124700 სესხია გაცემული. საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 7423.1 მილიონი ლარია.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხია გაცემული. 56300 ე.წ. იპოთეკური კრედიტი საშუალოდ 10.83 პროცენტშია გაიცა, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2736.7 მილიონი ლარია.

მომდევნო პოზიცია სამომხმარებლო კრედიტებს უკავია. ამ ტიპის 36200 სესხია გაცემული. პორტფელის მოცულობა კი 983.7 მილიონი ლარია. სამომხმარებლო სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 13.14 პროცენტი შეადგინა.

პირველ სამეულშია ბიზნესკრედიტებიც. ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად  კომერციულმა ბანკებმა 28100 სესხი გასცეს, რაც 1 მარტის მაჩვენებელზე 600 ერთეულით ნაკლებია. ბიზნესესხების მთლიანი პორტფელი 3477.1 მილიონი ლარია. საბანკო სექტორმა მცირე და საშუალო ბიზნესი 1099.6 მილიონი ლარით საშუალოდ 13.02 პროცენტში, ხოლო მსხვილი ბიზნესი 2377.5 მილიონი ლარით, საშუალოდ 12.6 პროცენტში დააკრედიტა.

ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია გაცემული. 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.5 მილიონი ლარი კომერციულმაბანკებმა საშუალოდ 14.09 პროცენტში გაასესხეს.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 3300 სესხის კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 100.4 მილიონი ლარია.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8 პროცენტია. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზებზეა − 15.07 პროცენტი.

და ბოლოს, „საზოგადოება და ბანკების“ ექსპერტთა შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება წინა პერიოდში გამოვლენილი საკმაოდ ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. კობა გვენეტაძის უწყება, როგორც ჩანს, ორი ალტერნატივიდან, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა თუ ფასების დონის შენარჩუნება, ამ უკანასკნელს ირჩევს და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც სწორედ ამით არის განპირობებული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება. საინტერესოა, როგორი იქნება ეროვნული ბანკის ვერდიქტი... როგორც კობა გვენეტაძე აცხადებს, შესაძლო გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული... ასე რომ, დაველოდოთ...

 

1190

მარაგები ამოიწურა: ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე 74 დოლარამდე ავიდეს

37
(განახლებულია 20:23 30.04.2021)
მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ნავთობი 30 პროცენტით გაძვირდა და ფასები უკვე გაუტოლდა კრიზისამდელ მაჩვენებელს.

ნატალია დემბინსკაია

ეკონომიკა აღდგენის გზაზეა, შეზღუდვები იხსნება, მსოფლიოში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს — ენერგომატარებლებზე მოთხოვნა იზრდება და კოტირებებს ზემოთ უბიძგებს. წლის ბოლომდე Brent-ის ერთი ბარელის ფასი, შესაძლოა, მინიმუმ 10%-ით გაძვირდეს. თუ პანდემიის შუაგულში ტრეიდერებს გადავსებული საცავები აღელვებდათ, ახლა ვითარება შეიცვალა.

კრიზისამდელი დონე

2020 წელს ნავთობის დარგმა დაცემის რამდენიმე ტალღა გადაიტანა. ამაზე ფაქტორების კომპლექსმა მოახდინა გავლენა, რომელთაგან მთავარი იყო მოთხოვნის მკვეთრი შემცირების ფონზე ჭარბწარმოება, ასევე პანდემია და „ლოკდაუნი“. გასული წლის მარტში ნავთობი ორჯერ და მეტად გაიაფდა — ფასი ერთ ბარელზე 30 დოლარამდე დაეცა.

მაგრამ შემოდგომის ბოლოს დასავლური ვაქცინების გამოცდების წარმატებით დასრულებამ და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებამ ბაზარს ზემოთ უბიძგა. იანვრისთვის კოტირებებმა რვათვიან მაქსიმუმს მიაღწია. ზრდა OPEC+-ის მიერ მოპოვებების შემცირების შესახებ მორიგი გადაწყვეტილებების ფონზე გაგრძელდა. თებერვალში Brent-ის ფასმა ბარელზე 65 დოლარს გადააჭარბა — და ეს კრიზისამდელი მაჩვენებელია.

მარტში ნავთობის ფასი 9%-ით დაეცა და 61 დოლარი შეადგინა — ევროპაში მაშინ კორონავირუსის მესამე ტალღა და „ლოკდაუნები“ გამოცხადდა. მაგრამ საერთო ტრენდში ამას გარდატეხა არ შეუტანია — ევროპული შეზღუდვების შემდეგ კოტირებები კვლავ იზრდება.

მოთხოვნები იზრდება

ვაქცინაციამ თავისი საქმე გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანაში ისევ იფეთქა კორონავირუსმა, ნავთობის მოთხოვნაზე პროგნოზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მსოფლიო ეკონომიკა აღდგენის გზაზეა.

მარტის ბოლოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ პროგნოზი გააკეთა, რომლის თანახმადაც მიმდინარე წელს მოთხოვნები 96,6 მლნ ბარელამდე გაიზრდება დღე-ღამეში და გასული წლის დანაკარგების 60% აღდგება.

ამას ემატება ისიც, რომ აშშ-ში მოპოვებების შემცირებისა და OPEC+-ის გარიგების ფარგლებში საუდის არაბეთის მიერ ნებაყოფლობითი შეზღუდვების შემდეგ გლობალური მიწოდებები დღეში ორი მილიონი ბარელით დაეცა. კარტელმა აპრილში მოპოვება 7,9 მლნ ბარელით შეამცირა, მაისში — 7,3 მლნ ბარელით, ივნისში — 6,6, ხოლო ივლისში — 5,76 მლნ ბარელით. ყოველივე ეს ნედლეულზე ფასებს ზრდის.

მარაგები ამოიწურა

კიდევ ერთი ფაქტორი: აღმოჩნდა, რომ პანდემიის დროს დაგროვილი მარაგები პრაქტიკულად ამოიწურა. განვითარებული ქვეყნების ნავთობსაცავებში „პანდემიური სიჭარბის“ 20%-ზე ოდნავ მეტიღა დარჩა. თუ გასული წლის ივლისში მარაგი 249 მლნ ბარელი იყო, მიმდინარე წლის თებერვალში, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, მხოლოდ 57 მლნ დარჩა.  

ესეც OPEC+-ის მონაწილეების მიერ მოპოვებების შემცირების შედეგია. როგორც სააგენტო აღნიშნავს, „პანდემიური მარაგების“ ნარჩენები პრაქტიკულად მთლიანად ჩინეთშია თავმოყრილი. ამერიკულ საცავებში კი 1,28 მლრდ რჩება — როგორც ეს კრიზისამდე იყო.

სულ უფრო ცოტა რეზერვებია ტანკერებში. IHS Markit-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო ორ კვირაში ეს მაჩვენებელი 27%-ით დაეცა და 50,7 მლნ ბარელი შეადგინა.

ნავთობის სუპერციკლი

JP Morgan-ის ანალიტიკოსებმა ჯერ კიდევ თებერვალში განჭვრიტეს ნავთობის სუპერციკლის დაწყება. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტბანკის ეკონომისტებმა ყურადღება გაამახვილეს, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, ლითონსა და ნავთობზე ფასებმა მკვეთრად, 50 დოლარზე მეტით მოიმატა.

ასი წლის განმავლობაში ნავთობის ბაზარზე სულ ოთხი სუპერციკლი იყო. მათგან ბოლო 1996 წელს დაიწყო და 12-წლიანი მატების შემდეგ პიკს 2008-ში მიაღწია. ამას ჩინეთის ეკონომიკურმა აღმასვლამ შეუწყო ხელი, რომელიც ნახშირწყალბადების მთავარი მომხმარებელია მსოფლიოში. ამჟამინდელი სუპერციკლი კი პოსტპანდემიური აღდგენით, ზერბილი ფულად−საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკით, სუსტი დოლარით, ინფლაციის დაჩქარებითა და ეკოლოგიური ზომებითაა განპირობებული.

იმავდროულად სიტუაცია 2000-იანების შუა წლებს ჰგავს: ნედლეულის ბაზრებზე კოტირებები მრავალწლიან მაქსიმუმზეა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა დიდი რაოდენობით სიმინდი და სოიო შეიძინა, ამ პროდუქციაზე აშშ-ში რეკორდულად გაიზარდა. გოლობალური მარაგების შემცირება კი დეფიციტის საშიშროებას ქმნის.

რაც შეეხება ნავთობს, ის „პანდემიის სიღრმეებიდან თავდაჯერებულად გამოდის, ვინაიდან შეთავაზებების გლობალური სიჭარბე მცირდება“ — ასე ამბობენ JP Morgan-ში. სასაქონლო ბაზარზე ფასების ზრდას ელოდებიან Goldman Sachs Group-შიც, Bank of America-შიც და Ospraie Management-შიც.

კერძოდ, Goldman Sachs-ის პროგნოზით, მეოთხე კვარტალში Brent-ის ფასი ბარელზე 65 დოლარი უნდა იყოს, თუმცა უკვე ახლა 67 დოლარია. ამიტომ ამჟამინდელი პროგნოზები უფრო ოპტიმისტურია.

Citigroup-ის მოლოდინებით, მოთხოვნების შემდგომი ზრდის კვალდაკვალ ნედლეულის მსოფლიო მარაგები დღე-ღამეში 2,2 მლნ ბარელით შემცირდება. შედეგად – წელს Brent-ის ფასი ბარელზე 74 დოლარს ან უფრო მეტსაც მიაღწევს.

37
თურქეთის დროშა სტამბულში

სომეხთა გენოციდი: თურქეთი გმობს ლატვიის სეიმის დეკლარაციას

0
(განახლებულია 17:11 06.05.2021)
ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. 

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო უწოდა ლატვიის სეიმის მიერ მიღებულ დეკლარაციას ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდის  დაგმობის შესახებ, ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ლატვიის პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ აღიარების შესახებ, არის ისტორიის პოლიტიკური მოტივებით გადაწერის უსაფუძვლო მცდელობა. ჩვენ უარვყოფთ და მტკიცედ ვგმობთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას“, — აცხადებთ თურქეთის საგარეო უწყება.

სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ „საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ 1915 წლის მოვლენები გენოციდად შეფასდეს“, და ლატვიელი კანონმდებლობის გადაწყვეტილება ამ თემისადმი ორმაგი სტანდარტების მტკიცებულებაა.

აღინიშნება, რომ ლატვიის პარლამენტში დეკლარაციის მიღებას სეიმის დეპუტატების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.

მანამდე, აპრილის ბოლოს, ოსმანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდი ასევე აღიარა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა „გმობს ამ განცხადებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმს ეყრდნობა“.

სომეხთა გენოციდი — ოსმანთა იმპერიის (დღევანდელი თურქეთი) მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულია იქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ. გენოციდის დასაწყისად მიიჩნევა 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ ეთნიკური სომხების დასჯა გადაწყვიტა მათ მიერ მოწყობილი აჯანყების გამო. იმ მოვლენებისას დაახლოებით 1,5 მილიონამდე სომეხი დაიღუპა.

თურქეთი ტრადიციულად უარყოფს სომხების გენოციდში ბრალდებას და უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ანკარა დაჟინებით მოითხოვს ტერმინ „გენოციდზე“ უარის თქმას და აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებისას დაიღუპნენ არა მარტო სომხები, არამედ თავად თურქებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. ამასთან თურქეთი ისტორიკოსების საერთაშორისო კომისიის შექმნას მოითხოვს ქვეყნის არქივებში დაცული დოკუმენტების შესწავლისა და ობიექტური დასკვნების გაკეთების მიზნით.

0