ვლადიმირ პუტინი ფედერალურ კრებაზე

მოსაზრება: დასავლეთმა იცის, სად გაავლო რუსეთის პრეზიდენტმა წითელი ხაზები

51
(განახლებულია 17:48 27.04.2021)
რუსეთი არავის ურჩევს, გადაკვეთოს მასთან ურთიერთობებში წითელი ხაზები − ხოლო სად იქნება ისინი გავლებული, ამას თავად განვსაზღვრავთ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.

პიოტრ აკოპოვი

ვლადიმირ პუტინის ეს სიტყვები ფედერალური კრებისთვის ბოლო მიმართვიდან  უკვე შეადარეს მიუნხენში მის მიერვე წარმოთქმულ სიტყვას და რუსეთის ახალ საგარეოპოლიტიკურ მანიფესტად შეაფასეს.

მართლაც, ახალი ისტორიული პერიოდი დაიწყო — მაგრამ პრეზიდენტის სიტყვები ხაზს უსვამს იმას, რაც უკვე ისედაც მოხდა. რუსეთი ეცემოდა, რუსეთი ფეხზე დგებოდა, რუსეთი კონცენტრირდებოდა, ახლა კი რუსეთი უტევს. არა უკრაინას ან დასავლეთს —  რუსეთი ბევრად ღია და მტკიცედ იწყებს ეროვნული ინტერესების დაცვას.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ წარსულში არ ვიცავდით — პუტინის მმართველობის განმავლობაში ჩვენი საგარეოპოლიტიკური დოქტრინის არსი ეს იყო. რაც მეტ ძალას ვიკრებდით, მით უფრო ღრმად ვრწმუნდებოდით საკუთარ სიმართლეში, რაც უფრო ძლიერად ამტკიცებდა მოვლენები საგარეო ვითარების ჩვენეული შეფასებების სისწორეს, მით უფრო დაჟინებული და ხისტი ხდებოდა ჩვენი ტონი მსოფლიო არენაზე, მით უფრო აქტიურად ვერთვებოდით თამაშში დიდ გეოპოტიკურ დაფაზე. და მით უფრო ძლიერი იყო ჩვენი დემონიზაცია — წარმოგვაჩენდნენ რა მსოფლიო საფრთხედ, ცდილობდნენ დაბლოკვასა და იზოლირებას.

ყირიმის შემდგომმა შვიდმა წელმა აჩვენა, რომ ეს ყველაფერი ფუჭია და უბრალოდ არ მუშაობს მსოფლიო მასთაბში.  თავად რუსეთის შეკავების პოლიტიკის შედეგები იქცა იმის მტკიცებულებად, რამდენად ძლიერ შეიცვალა მსოფლიო. თანაც შ ეიცვალა როგორც ობიექტური მიზეზებით, ისე რუსეთის მიზანმიმართული ქმედებების წყალობითაც.

2014 წელს ღია ბუნტით ჩვენ დავაჩქარეთ გლობალური ლიდერობის დასავლური პროექტის კრიზისი — მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის შემთხვევაში ჩვენ უპირველეს ყოვლისა თავს ვიცავდით, ეროვნულ ინტერესებს  ვინარჩუნებდით. დასავლეთი ჩვენ ღიად გვეუბნებოდა უარს მათი ფორმულირების უფლებაზეც კი — აქედანაა მთელი ეს საუბრები ქვეყანა−ბენზოგასამართ სადგურზე, რეგიონულ „დერჟავაზე“, ნაფლეთებად ქცეულ ეკონომიკაზე.

რუსეთი ანგარიშიდან 90-იანებში ჩამოწერეს და ძალიან გაუკვირდათ, როდესაც მიუნხენისა და ყირიმის „გავლით“ მან კვლავ დაიწყო ზესახელმწიფოს პოზიციებზე დაბრუნება. არა სსრკ−ის მასშტაბებით, მაგრამ იმისთვის საკმარისად, რომ კაზინოს მფლობელებისთვის თმაში აერია.

ამის გააზრებამ ატლანტისტები ისტერიკაში ჩაყარა — რუსები მოდიანო, ანუ რუსები ყველაფერში ერევიანო, ყირიმი და სირია არ ჰყოფნით, ტრამპიც კი აირჩიეს და Brexit−ი მოაწყესო — მთელ ამ ბოდვას უკვე მრავალი წელია, თვალს ვადევნებთ.

რუსეთის იზოლაციის მცდელობამ სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო: დასავლეთმა თავი დაუცველად იგრძნო და რუსეთის ძებნა დაიწყო ყველა საწოლის ქვეშ. რუსეთს ხედავდა თითოეული პრობლემისა და ჩავარდნის უკან.

„ეს რუსებმა გააკეთეს“ მემად იქცა. ანტირუსულმა პროპაგანდამ რუსეთის სასარგებლოდ იმუშავა მსოფლიოს მასშტაბით: თუ რუსები ესოდენ ძლევამოსილები არიან, ესე იგი, მათთან მეგობრობაა საჭირო. აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკის თვალში რუსეთმა დამატებითი რეკლამა მიიღო, რაც ძალიან კარგად დაერთო ჩვენს დაბრუნებას პლანეტის სხვადასხვა რეგიონებში. პუტინით დაშინება მოინდომეს და რეალურად მისი რეპუტაცია თანამედროვეობის უმძლავრესი პოლიტიკოსის რანგში აიყვანეს.

ამიტომ მომდევნო სტადიად ის იქცა, რომ პუტინმა გოგოლისეულად უწოდა „უხამსზე უხამსი ჩვეულება“: რუსეთს უბრალოდ თავს ესხმიან ნებისმიერი საბაბით და ხშირად უსაბაბოდაც. ჩვენთვის არახალია ეს, მაგრამ პასუხი საჭირო არ არის. და არა იმიტომ, რომ სახელმწიფოს გამო გვტკივა გული (თუმცა დროშის ღირსების დაცვა თავისთავად საჭიროა), არამედ იმიტომ, რომ საქმე ჩვენზე ზეწოლის ახალ ფორმასთან გვაქვს, რომელშიც მჭიდროდ იხლართება საშინაო და საგარეოპოლიტიკური ფაქტორები, ანუ ხდება ის, რასაც შეიძლება ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა ვუწოდოთ და ჩვენი ნაციონალური ინტერესების განზრახ იგნორირებად შევაფასოთ. ამის პირდაპირი მაგალითია ის, რომ ნავალნის ისტორია უკრაინას გადაეჯაჭვა.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2−ის“ საწინააღმდეგო სანქციები და მისი შეჩერების მუქარა ნავალნის გამო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გარშემო ისტერია, რომლისთვისაც რუსეთის წითელი ხაზები უნდა გაევლოს − ეს არის ყველაფერი, რის „ახალ ნორმალურობად“ გასაღებასაც ცდილობს დასავლეთი.

მაგრამ რუსეთი არ შეეგუება თამაშის ახალ წესებს − არც საშინაო საქმეებში ჩარევა, არც „გადავარჩინოთ უკრაინა რუსეთისგან“ თემის აგორება ჩვენ კატეგორიულად არ გვაწყობს. ანუ ჩვენ არ ვითამაშებთ დასავლეთთან ამ წესებით, იმიტომ რომ, გვესმის, რომ ისინი ჩვენთვის ზიანის − პროპაგანდისტული, პოლიტიკური, ეკონომიკური და, რაც მთავარია, გეოპოლიტიკური ზიანის მოყენების საბაბად არის საჭირო. ანუ დასავლეთს სურს ჩამოგვართვას ინიციატივა, გადაგვრთოს გაუთავებელ თავის მართლებაზე − როგორც ნავალნის, ისე უკრაინის საკითხებში. თანაც მაშინ, როდესაც ეს თემები სწორედ იმ წითელი ხაზების მიღმა მდებარეობს, რომლებზეც პუტინი საუბრობდა. დასავლეთს ეს მშვენივრად ესმის, მაგრამ კვლავ ცდილობს თავისი გაიტანოს.

მაგრამ სჯობს არ ეცადოს, პროვოკაციაზე არ წამოგვაგოს, რათა მერე ისე არ ინანოს, როგორც დიდი ხანია არავის არაფერი არ უნანია. პუტინის ეს სიტყვები ყველაფერს ერთბაშად ეხება − უკრაინის ფრონტზე პროვოკაციებსაც და ნებისმიერ სხვა წერტილში პროვოკაციებსაც, სადაც ჩვენი ნაციონალური ინტერესები გადის.

ბევრია ისინი? რა თქმა უნდა: რუსეთი გლობალური ზესახელმწიფოა, არა გლობალური ბატონობის ამბიციების მქონე ზესახელმწიფო (როგორც აშშ), არამედ გლობალური ინტერესების მქონე ქვეყანა. ისინი არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეზეა თავმოყრილი, არამედ სირიაშიც და ვენესუელაშიც, ვიეტნამშიც და სერბეთშიც, ეგვიპტეშიც და ანგოლაშიც. რაც უფრო მნშვნელოვანია, ეს ინტერესები არსებობს ახალი მსოფლიო წესრიგის აგებაშიც, რითაც მოსკოვი და პეკინი სულ უფრო აქტიურად და კოორდინირებულად კავდებიან. ამ საქმეში ჩვენტვის უსარგებლოა წითელი ხაზების გავლენა − ამის უფლებას არ მივცემთ და არც „მხაზველებს“ ეყოფათ ძალა.

მაგრამ ძალიან თავდაჯერებული ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ, სად გაივლის წითელი ხაზი თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში? ანუ დასავლეთს ჩვენ უფლებას არ მივცემთ შეგვაკაოს, ჩვენ კი თავად მზად ვართ ვუკარნახოთ, როგორ გვესმის დაშვებები. არა, არ არის ძალიან თავდაჯერებული, იმიტომ, რომ საუბარი არ მიდის რუსეთის უცხო ტერიტორიებზე ექსპანსიაზე, სხვების ეროვნული ინტერესების ზონებში, საუბარია საკუთარის დაცვასა და დაბრუნებაზე იმისა, რის წართმევასაც ცდილობდა ან ცდილობს დასავლეთი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

51
თემები:
რუსეთი დღეს (848)
ეროვნული ბანკის შენობა

რა „სარგებლობა“ მოაქვს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას?

428
(განახლებულია 15:32 10.05.2021)
რამდენიმე წელია ეკონომიკაში ფულის მასა იზრდება. ძვირდება კრედიტებიც. საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის 10 პროცენტზე მეტი უმოქმედო სესხია. რა საფრთხეს უქმნის ეს ყველაფერი საფინანსო სისტემას და რამდენად სწორად იყენებს ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს?

სამსონ ხონელი

გამოგიტყდებით, რამდენიმე დღეა წინამდებარე სტატის სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხს ვეძებ. გავეცანი უამრავ მოსაზრებას, თუმცა დასკვნის გაკეთება არ არის მარტივი. შესაძლოა მკითხველმა დახმარება გადაწყვიტოს და ბრძანოს − ამცირებს ფულის მასას და, შესაბამისად, ინფლაციას. „კიდო“? − ჩავეძიები და არ გამიკვირდება, რომ ენამოსწრებულად მომიგოს − პატივცემულო, ჩინჩლავს! როგორ?! − დავინტერესდები დეტალებით. არადა, პასუხი თავადაც ვიცი: საბანკო ვალდებულებების გაძვირებით მათთვის, ვისი სესხებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაძლოა ვცდები და მზარდი ინფლაციისა და ფსკერზე დაშვებული ლარის, დაკარგული თუ შემცირებული შემოსავლების პირობებში დაჩინჩლულთა წრე გაცილებით ფართოა, თუმცა ახლა ეს როდია მომდევნო სტრიქონების მთავარი საკითხი.

პროლოგი გამიგრძელდა, დროა კარგად დავიწყებული, მაგრამ არცთუ ისე ძველი ამბავი შეგახსენოთ. მოგეხსენებათ, აპრილის მიწურულს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9,5 პროცენტამდე გაზარდა. მას შემდეგ არასრული ორი კვირა გავიდა, თუმცა ანალიტიკოსები ბჭობენ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში რამდენად მიზანშეწონილი და გამართლებული იყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკასა და ინფლაციურ პროცესებზე.

კობა გვენეტაძის უწყების განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ამჯერადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად გაზრდილმა ინფლაციამ განაპირობა. კერძოდ, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ინფლაცია 7.2 პროცენტამდე გაიზრდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს − 3 პროცენტს 2,4-ჯერ აღემატება. ამავე დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, მის უწყებას არა აქვს ბერკეტი, ინფლაციასთან მიმართებაში სასწაული მოახდინოს.

„ყველა ფაქტორი, რაც დღეს ინფლაციაზე მოქმედებს, ეროვნული ბანკის მანდატის მიღმაა და შეუძლებელია მათი კონტროლი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით ვცდილობთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია შემცირდეს. ეროვნულმა ბანკმა შეუძლებელია, ამ პროცესში სასწაული გააკეთოს“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ქვეყნის მთავარი ბანკირის სიტყვებს ანალიტიკოსთა კრიტიკა მოჰყვა. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფლაციაზე პასუხისმგებელი სწორედ ეროვნული ბანკია, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

„არა მგონია, რომ ეროვნულ ბანკს ვინმე „სასწაულის მოხდენას“ სთხოვდეს. მას მხოლოდ იმ ამოცანების შესრულებას სთხოვენ, რაც საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნული ბანკის შესახებ კანონით არის განსაზღვრული. იქ კი ძალიან მკაფიოდ და გასაგებად წერია, რომ ქვეყანაში ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. დღეს ამ უწყებას ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ აკონტროლოს და მართოს ინფლაცია. პრობლემა არ არის ინსტრუმენტების არქონა, ეს ინსტრუმენტები არსებობს. პრობლემა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის უუნარობაშია“, − აცხადებს ფინანსისტი თემურ ბასილია.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც არსებულ ინსტრუმენტებს სწორად ვერ იყენებს.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ზოგადად ეკონომიკურ ვითარებაზე და კონკრეტულად ინფლაციაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ვერ ექნება, ვინაიდან კობა გვენეტაძის უწყება ურთიერთგამომრიცხავ ნაბიჯებს დგამს. ის, ერთი მხრივ, ზრდის რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს და მიმოქცევაში ფულის მასის შესამცირებლად ყიდის უცხოურ ვალუტას, ხოლო მეორე მხრივ, მიმოქცევაში უშვებს გაცილებით მეტ ლარს, რითიც ზრდის ფულის მასას.

„ერთი სიტყვით, ეროვნული ბანკი, რომლის ხელმძღვანელობაც გვიმტკიცებს, ფულის მოცულობას ინფლაციაზე გავლენა არა აქვსო, მიმოქცევაში ფულის მასის შესამცირებლად ზრდის საპროცენტო განაკვეთს და სავალუტო ბაზარზე ყიდის რეზერვებს უცხოურ ვალუტაში. საკითხავია, თუ ფულის მასის მოცულობას ინფლაციაზე მართლაც არა აქვს გავლენა, მაშინ ეროვნული ბანკი რატომ ზრდის საპროცენტო განაკვეთს და რატომ ყიდის რეზერვებს? ეს ფაქტიც საკმარისია გავიგოთ, რომ ეროვნული ბანკის მმართველი რგოლი დაკომპლექტებულია არაკომპეტენტური პირებით. არ მიკვირს, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ასეთი სერიოზული პრობლემებია“, − აცხადებს თემურ ბასილია.

სიტყვა ფულის მასაზე ჩამოვარდა და ურიგო არ იქნება დავინტერესდეთ, როგორია ბოლო რამდენიმე წლის დინამიკა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულის მასა 2,4 მილიარდი ლარით, 21 პროცენტით გაიზარდა და 13,615 მილიარდი ლარი შეადგინა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეკონომიკაში ფულის მასის დრამატული ზრდა 2015 წლიდან დაიწყო, კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 5,685 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ − 6,526 მილიარდ ლარს. 2017 წლის დეკემბერში ეკონომიკაში ფულის მასის მოცულობა 8,350 მილიარდ ლარს გაუტოლდა. მომდევნო წელს ფულის მასა უკვე 9,675 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2019 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 11,495 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის დამდეგს ეკონომიკაში ფულის მასის მოცულობა 13,659 მილიარდი ლარი იყო. რამ განაპირობა ფულის მასის ზრდა? ანალიტიკოსთა თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისია, რის გამოც ქვეყნის მთავრობამ ფისკალურ პოლიტიკაში ხარჯვითი ნაწილი გაზარდა.

საინტერესოა, როგორია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესაძლო გავლენა ქვეყნის საბანკო სექტორზე. ფინანსისტთა ერთი ნაწილის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შესაძლოა საფრთხე საბანკო სექტორის პორტფელსაც შეექმნას.

„განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს, ფულის ფასი უნდა შემცირდეს და არა პირიქით − ფული არ უნდა გაძვირდეს. გარდა ამისა, ფულის ფასის გაზრდით შესაძლოა საფრთხე შეექმნას საბანკო პორტფელებსაც, რადგან მომხმარებლებს, რომლებსაც სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, შესაბამისად, ამ პორტფელებში რისკიც იზრდება. ანუ ამ მხრივაც არ არის ეს სასარგებლო ნაბიჯი. არ ვთვლი, რომ ინფლაციის წნეხი არის ისეთი, რომ სწორი იყოს რეფინანსირების განაკვეთის 9 პროცენტზე შენარჩუნება. ჩემი აზრით, უნდა შემცირდეს. მაგალითად, თუ ინფლაცია 7 პროცენტია, რეფინანსირების განაკვეთიც 7 პროცენტი უნდა იყოს“, − ამბობს ფინანსისტი ლევან სურგულაძე.

ერთი სიტყვით, როგორც ფინანსისტები მიანიშნებენ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ შესაძლოა საკრედიტო რისკები გაზარდოს როგორც უკვე გაცემულ, ისე მომავალში გასაცემ სესხებზე. საბოლოო ჯამში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, რა თქმა უნდა, ამძიმებს მომხმარებლის საკრედიტო ტვირთს და ქმნის საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელში ე.წ. უმოქმედო სესხების წილის ზრდის წინაპირობებს. საინტერესოა, როგორი ვითარებაა ამ მხრივ დღეს? კითხვაზე საპასუხოდ ეროვნული ბანკის მონაცემები მოვიშველიოთ.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ჯამურმა მოცულობამ 39,03 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი 2,8 პროცენტით გაიზარდა და 10 პროცენტს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ საბანკო სექტორში უმოქმედო სესხები ოთხჯერ გაიზარდა. მკითხველს ალბათ გაუკვირდება, თუმცა ფაქტია, საანგარიშო პერიოდში ე.წ. უმოქმედო სესხების წილი ყველაზე მაღალი იმ კომერციულ ბანკშია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება. „ქართუ ბანკის“ მილიარდ ლარზე მეტი საკრედიტო პორტფელის 34,74 პროცენტი უმოქმედოა. მეორე პოზიცია უმოქმედო სესხების 26 პროცენტით „სილქროუდ ბანკს“ უკავია. პირველ სამეულშია „ხალიკ ბანკი − საქართველო“, სადაც უმოქმედო სესხები საკრედიტო პორტფელის 12 პროცენტია.

და, ბოლოს, მიუხედავად იმისა, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებაში ვინ რა საფრთხეს ხედავს, ბოლო პერიოდის გამოცდილების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეროვნული ბანკი მომავალშიც განაგრძობს არჩეულ პოლიტიკას, რაც ინფლაციის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, ხოლო ლარის გაცვლითი კურსის მეტ-ნაკლებად სტაბილურობის მისაღწევად სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების განხორციელებას გულისხმობს. არის თუ არა სხვა გზა? რა თქმა უნდა, არის. ეს გზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე გადის, რასაც, თავის მხრივ, მრავალი წინაპირობა აქვს და მათ შორის უპირველესი COVID-19-ის პანდემიის დამარცხებაა. მხოლოდ ამის შემდეგ – მეტი უცხოური ინვესტიცია, მეტი ტურისტი, მეტი ექსპორტი...   

 

428
ნიკა მელია

ნიკა მელიას საქმე როგორ არ შევთანხმდეთ

536
(განახლებულია 11:35 10.05.2021)
ნიკა მელიას გათავისუფლება შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში შესვლის შემდეგ თითქოსდა უკვე შეთანხმებული და გარკვეული საკითხი იყო, მაგრამ...

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იმდენი აკრიტიკა მხარეების პოზიცია, აშშ-ის ელჩსაც კი ათქმევინა დაახლოებით ასეთი რამ: მელიას შეუძლია სადაც უნდა, იქ იყოს, ჩვენ, უბრალოდ, მისი გათავისუფლების გზებს განვიხილავთო.

ზოგადად, რამდენადაც კარგია პოლიტიკაში პრინციპულობა, იმდენად ცუდია რადიკალიზმი, და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ამ უაზრო ექვსთვიან ჭიდაობაში ქვეყანა ძვირფას დროს კარგავს ეკონომიკის გამოსასწორებლად, მიწის რეფორმის კანონმდებლობის მოსაწესრიგებლად, ბინათმესაკუთრეობის საკითხების გასარკვევად, სოციალური პრობლემების გამოსასწორებლად და, ბოლოს და ბოლოს, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღარაფერს ვამბობთ საარჩევნო კოდექსის შეცვლისა და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. თუმცა ვინაიდან მელიას ციხიდან გამოსვლა–არგამოსვლის თემა მაინც აქტუალურია, მოკლედ ვეცდებით ავხსნათ არსებული რეალობა.

ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს არ თანხმდებიან, თუმცა უმრავლესობას მშვენივრად შეუძლია მათ გარეშეც ამ კანონის მიღება და ამ გზით შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება. მასში ერთი პატარა დეტალია ჩადებული: თუ მელია ამნისტიაზე თანხმობას არ განაცხადებს, თანაც წერილობითი სახით, ისევ ციხეში დარჩება.

მეორე მხრივ, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე, ამნისტიის გამოცხადების გარდა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაც იგეგმება. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვით, ჯარიმისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელსაც სახდელის აღნიშნული სახე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაეკისრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამით დაჯარიმებული ადამიანების გულსაც მოიგებს. 2 და 3 ათასი ლარის ჯარიმების განულება ხუმრობა საქმე არ არის.

მელიას გათავისუფლების ყველაზე კარგი და მელიასთვის ღირსეული გზა მამუკა ხაზარაძემ მოიფიქრა – „ლელოს“ ლიდერი ცდილობს მელია დაითანხმოს როგორც ევროკავშირის გირაოს მეშვეობით ციხიდან გამოსვლაზე, ასევე პარლამენტში შესვლაზე, რადგან, მისივე თქმით, 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება, რასაც ოპოზიცია ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გარეშე ვერ მოახერხებს.

ნიკა მელიას ადვოკატები, რომლებიც მას ამ დღეებში ციხეში შეხვდნენ, აცხადებენ, რომ ევროკავშირის გირაოს გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ამაზე მელიას თანხმობა აუცილებელი არაა, უბრალოდ, პროკურორი უნდა შევიდეს სასამართლოში პატიმრობის მოხსნის მოთხოვნით. მეორე მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, მელიას შეუძლია საპატიმრო დღესვე დატოვოს, ოღონდ მისივე თანხმობის შემთხვევაშიო. მოკლედ, ხელისუფლება ცდილობს მელია ციხიდან, ასე თუ ისე, აღიარებითი ჩვენებით გამოუშვას, ხოლო თავად მელია ცდილობს გმირად გამოვიდეს. საბოლოო ჯამში, იმედია, შარლ მიშელთან ერთად მიღწეული შეთანხმება ოდესმე შესრულდება. შესაძლოა ისევ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, თუმცა რაიმე გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ჩქარობს.

536
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 მაისი

0
(განახლებულია 09:16 10.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 11 მაისია, სამშაბათი. ახალმთვარეობა კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღეს გრძნობები გაბატონდება გონებაზე. თუ ნეგატივს ავყვებით და გულში წყენას შევუშვებთ, ის ღრმა კვალს დატოვებს დიდი ხნით. და თუ პოზიტიურ მომენტებზე შევაჩერებთ გულისყურს და უარყოფით წვრილმანებს არ მივაქცევთ ყურადღებას, დღე ძალიან პროდუქტიული იქნება, ამ დღისთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, შრომისუნარიანობა წარმატებების კარს გახსნის.

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?>>

ვერძი: დღევანდელი დღე მოითხოვს, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, უბრალოდ ფულთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა იმისთვის, რომ გაერკვიოთ თქვენს ბიუჯეტში, დაითვალოთ შემოსავლები და შეადგინოთ ბიზნეს–გეგმა უახლოესი კვირების ან დღეებისთვის. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მოგებაში დარჩებით.

კურო: იმდენად შრომისუნარიანი ხართ, რომ ეს თავადაც გაგაკვირვებთ, არამცთუ კოლეგებსა და ახლობლებს. ნებისმიერ პრობლემაში ძირეულად გაერკვევით და მისი გადასაჭრელად უნივერსალურ გასაღებს მოძებნით. სამეცნიერო ძიებანი, სწავლა და ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს, დღე ისე იოლად გამოგივათ, როგორც არასდროს. ერთადერთი – განწყობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ და გამოამჟღავნოთ გაღიზიანება მათ შორის უმიზეზოდაც.

ტყუპი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან დიდ ყურადღებას მოერიდოთ. არ ხართ იმგვარ განწყობაზე, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ, ამიტომ, თუ დრო ამის საშუალებას გაძლევთ, დაელოდეთ. სამაგიეროდ იდეალური დღეა იმისთვის, რომ მომავალ წარმატებას საძირკველი მოუმზადოთ. იმუშავეთ საკუთარ პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები და როდესაც ყურადღების ცენტრში აღმოჩენის დრო დადგება, ყველას გაოცებას შეძლებთ.

კირჩხიბი: ერთნაირად ხელსაყრელი დროა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ბევრთან შეგიძლიათ კონტაქტის დამყარება, იცით, რას გრძნობენ ადამიანები. ახალი ნაცნობობით შეიძლება სათავე დაედოს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს. ეს ბევრად იქნება დამოუკიდებული იმაზე, მოისურვებთ თუ არა ინიციატივის გამოჩენას. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ძალიან მოგენატრათ.

ლომი: აუცილებელია მუშაობა, მაგრამ სამუშაო გარემოს შექმნა შეიძლება გაგიჭირდეთ. დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციასა და დაგროვებულ საქმეებთან გამკლავებას მოითხოვს. მზად ხართ, თავი აჩვენოთ, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად ამოგაგდებენ კალაპოტიდან და ხელს შეგიშლიან. ყველაფერი ისე რომ გააკეთოთ, როგორც დაგეგმილი გაქვთ, დროებით მაინც უნდა გაერიდოთ ხმაურსა და ორომტრიალს, მოძებნოთ წყნარი ადგილი – სულ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ საქმეები ფრიადზე შეასრულოთ.

ქალწული: გულწრფელი ურთიერთობების დიდი სურვილი გაგიჩნდებათ. ჩვეულებრივმა საქმიანმა საუბრებმა, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ და დაპირისპირებებიც კი გამოიწვიოს. თუ ვინმეს ახლოს გაცნობა გსურთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღეს გააკეთოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინაა ეს ადამიანი – ახლობელი, კოლეგა თუ პარტნიორი. ისაუბრეთ მასთან გულახდილად, გაიგეთ, რას ფიქრობს ის და რისკენ ისწრაფვის. ეს შეიძლება თქვენ შორის განსაკუთრებული ურთიერთობების პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

სასწორი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთელი ძალებით ცდილობთ კონფლიქტებს აარიდოთ თავი, მაგრამ კონფლიქტები თვითონ გეძებენ და გპოულობენ. დაპირისპირებები, წყენა ცარიელ ადგილზე – ეს ყველაფერი მოსალოდნელია იქ, სადაც თქვენ გაჩნდებით. სინამდვილეში კი გაუგებრობების მიზეზი თქვენ ხართ თქვენი გაძლიერებული ემოციებით და საკმარისია მცირე ნაპერწკალიც, რომ „ცეცხლი აგიზგიზდეს“. თუ არ გინდათ მთელი დღის კამათში გატარება, ყველა წვრილმანს ნუ გამოედევნებით.

მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს არანაირი გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როცა არ ღირს არაფრის დამტკიცება არც საკუთარი თავისა და არც სხვებისთვის. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებული გაქვთ, რაღაც კი მოიცდის. სჯობს, დაისვენოთ, მოდუნდეთ. მაგრამ თუ ერთ ადგილას ვერ ისვენებთ, ისეთი საქმე გააკეთეთ, რომელიც მინიმალურ სულიერ ძალას მოითხოვს. მაგალითად, მიხედეთ სახლის საკიტხებს, ან დიდი პროექტის ერთ რომელიმე ნაწილს.

მშვილდოსანი: დღეს თქვენი კონტაქტები გარშემომყოფებთან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. და ამაში „დამნაშავე“ თავად თქვენ იქნებით. გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. თუნდაც თავს ძალა დაატანოთ, ამისგან მაინც არაფერი გამოვა – ხართ გაღიზიანებული და ჩხუბის პროვოცირება შეგიძლიათ. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და გააკეთოთ ის საქმეები, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით და სხვების დახმარება არ გჭირდებათ.

თხის რქა: დღეს ძირეულად შეიგრძნობთ ფრაზას „ცხოვრება თეატრია“, რადგან სწორედ თქვენ ითამაშებთ სპექტაკლში მთავარ როლს. შეგრძნება, რომ დგახართ პროჟექტორებით გაჩახჩახებულ სცენაზე, მთელი დღე გექნებათ და ეს შესაბამისად, ანუ დემონსტრაციულ მოქმედებას გაიძულებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ტრაგიკული როლიც მოირგოთ და მიანიშნოთ გარშემომყოფებს, თუ როგორ არ გაფასებენ და გიგებენ ისინი. ტრაგედია რომ კომედიად არ გადაიქცეს, ზედმეტიც არ მოგივიდეთ საკუთარი თავის შეცოდებაში.

მერწყული: წყნარი და მშვიდი დღე გელოდებათ, რომელიც სჯობს საოჯახო საზრუნავში ან სამომავლო გეგმების დაწყობაში გაატაროთ. დაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ სახლი და ამასთან, ფიქრებიც. არ გაწყენთ ბოლო ხანს გაკეთებული საქმეების შეჯამება და შემდეგ უახლოესი დროის მოქმედებების გეგმის შედგენა. ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებას კი აუცილებლად უნდა მოერიდოთ – მცირე წყენაც კი მძიმე დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს.

თევზები: დღეს მომატებული ცნობისმოყვარეობა და სხვისი საიდუმლოს გაგების სურვილი მოგეძალებათ. თუ ჩვეულებრივ დღეებში მაინცდამაინც არ გაწუხებთ, თუ რას მალავენ გარშემომყოფები თქვენგან, ახლა მზად ხართ, ამის გასაგებად ძალ–ღონე არ დაიშუროთ. სხვათა შორის, სიტუაცია შეიძლება ისე აეწყოს, რომ უნებურად სხვისი საიდუმლო შეიტყოთ ან საკუთარი შემთხვევით წამოგცდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ენას კბილი უნდა დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს გვერდი აუაროთ.

0