განცხადება მიწის გაყიდვის შესახებ

რატომ ცდება საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ექსპერტების მოსაზრებები

222
(განახლებულია 15:48 16.04.2021)
„Sputnik–საქართველო“ დაინტერესდა, რატომ არ ხდება საქართელოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მასიურად დამუშავება და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

ახლახან საკანონმდებლო ორგანოში მიწაზე კიდევ ერთი გადასახადის შემოღების იდეა გამოითქვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ბეჟან წაქაძეს მიაჩნია, რომ მიწის იმ მესაკუთრეებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს წლების განმავლობაში არ ამუშავებენ, მიწის მოცდენისთვის გარკვეული თანხა უნდა ეკისრებოდეთ. დეპუტატის აზრით, ეს არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის.

ბეჟან წაქაძის ამ მოსაზრებას არ იზიარებენ ეკონომიკის სფეროს ექსპერტები. სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში დღეს მიწის გადასახადი უკვე არსებობს და მას მოსახლეობა იმის მიუხედავად იხდის, ხდება თუ არა მისი დამუშავება და ამისგან სარგებლის მიღება.

აუდიტორი ამირან კილაძე მიიჩნევს, რომ დღეს ბევრი გლეხი მიწას უსახსრობის გამო ვერ ამუშავებს, ხოლო კიდევ ერთი გადასახადი მათ იძულებულს გახდის საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში მიწის ნაკვეთები ან კაპიკებად გაასხვისონ, ან სახელმწიფოს გადასცენ.

„ხშირად ხდება, როცა სოფელში გლეხს აქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ არა აქვს მისი დამუშავების ფინანსური საშუალება, და კიდევ გადასახადი რომ დაუწესო, გამოდის, ბოლომდე ახრჩობ“, – აღნიშნა ამირან კილაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

ექსპერტის აზრით, ასევე არის საშიშროებაც, რომ ერთი მფლობელის ხელში მიწების დიდი რაოდენობა აღმოჩნდეს.

„შექმნილ ვითარებაში ალბათ ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა იურიდიული პირების და უცხოელების საკუთრებაში არსებული მიწები დაიბეგროს“, – მიაჩნია ამირან კილაძეს.

სახელმწიფომ მიწების დამუშავება გლეხებს ახალი გადასახადის შემოღებით კი არ უნდა აიძულოს, არამედ დარგი ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა გახადოს, თქვა „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზების ცენტრის“ პრეზიდენტმა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

„რატომ არ ხდება სასოფლო-სამეურნეო მიწების დაფინანსება შიდა თუ უცხოური დანაზოგებით და რატომ არიდებენ თავს ბანკები მის დაკრედიტებას? – ეს ის მთავარი კითხვებია, რომლებიც მთვარობამ უნდა დასვას“, – მიაჩნია გიორგაძეს.

ეკონომისტის აზრით, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას პირობები იაფი და გრძელვადიანი ფულის შესაქმნელად. ამის პარალელურად კი უნდა დასრულდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის ფორმირება, რაც მხოლოდ ერთადერთი გზით არის შესაძლებელი – სახელმწიფოს ხელში არსებული მიწები მოსახლეობას უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს.

გიორგაძის მონაცემებით, სახელმწიფოს მფლობელობაში დღეს 1,5 მლნ ჰა მიწის ფართობია და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული მიწის ბაზარი.

„საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზარი რომ არ არის ჩამოყალიბებული, ეს ცოდვა სახელმწიფოს 30 წელიწადია ადევს ზურგზე. სახელმწიფო არ თმობს მიწების 45 პროცენტს, ამიტომ ბაზარი ვერ ყალიბდება, შესაბამისად, ვერ გვაძლევს საბაზრო ფასს მიწაზე. არადა, ფასი განაპირობებს ამ რესურსის საინვესტიციო მიმზიდველობას“, – თქვა ვეფხია გიორგაძემ.

რაც შეეხება მიწის ფასებს, გიორგაძის თქმით, ის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაა და თანაც ბაზარზე დღეს არსებული მიწის ფასი არის რამდენჯერმე იმაზე დაბალი, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა.

ეკონომიკის დოქტორის ნიკა შენგელიას აზრით, იმისათვის, რომ წარმატებით შეიქმნას მიწის ბაზარი, სოფლის მეურნეობა უნდა აღორძინდეს.

„აუცილებელია, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ პოლიტიკა. ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის სექტორში უცხოური კომპანიების გამოცდილების და ფინანსების შემოდინებას; გააფართოვოს და გაამარტივოს შესაბამის პროექტებში მონაწილეობის მიღების პირობები და ეტაპები“, – თქვა ნიკა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

გარდა ამისა, რეგიონებში უნდა შეიქმნას ე.წ. ბიზნეს-ინკუბატორები, სადაც ფერმერები კონსულტაციების გავლას და გარკვეული ცოდნის მიღებას შეძლებენ ახალ ტექნოლოგიებზე, მათი გამოყენებით მოსავლის მოყვანაზე, ასევე მიიღებენ ინფორმაციას, როგორ უნდა შეადგინონ ბიზნეს-გეგმა, როგორ მოუყარონ თავი პროექტში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

„თუმცა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი მაინც მაღალპროცენტიანი კრედიტებია“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ის ფერმერთა ძირითადი მასისთვის უცნობი და ხელმიუწვდომელია გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების გამო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის 30 მარტის მდგომარეობით, საქართველოში  საკუთრებაში ერთ მილიონ ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია დარეგისტრირებული.

ნატა პატარაია

222
Ника Мелия

ნიკა მელიას საქმე როგორ არ შევთანხმდეთ

515
(განახლებულია 19:26 07.05.2021)
ნიკა მელიას გათავისუფლება შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში შესვლის შემდეგ თითქოსდა უკვე შეთანხმებული და გარკვეული საკითხი იყო, მაგრამ...

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იმდენი აკრიტიკა მხარეების პოზიცია, აშშ-ის ელჩსაც კი ათქმევინა დაახლოებით ასეთი რამ: მელიას შეუძლია სადაც უნდა, იქ იყოს, ჩვენ, უბრალოდ, მისი გათავისუფლების გზებს განვიხილავთო.

ზოგადად, რამდენადაც კარგია პოლიტიკაში პრინციპულობა, იმდენად ცუდია რადიკალიზმი, და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ამ უაზრო ექვსთვიან ჭიდაობაში ქვეყანა ძვირფას დროს კარგავს ეკონომიკის გამოსასწორებლად, მიწის რეფორმის კანონმდებლობის მოსაწესრიგებლად, ბინათმესაკუთრეობის საკითხების გასარკვევად, სოციალური პრობლემების გამოსასწორებლად და, ბოლოს და ბოლოს, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღარაფერს ვამბობთ საარჩევნო კოდექსის შეცვლისა და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. თუმცა ვინაიდან მელიას ციხიდან გამოსვლა–არგამოსვლის თემა მაინც აქტუალურია, მოკლედ ვეცდებით ავხსნათ არსებული რეალობა.

ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს არ თანხმდებიან, თუმცა უმრავლესობას მშვენივრად შეუძლია მათ გარეშეც ამ კანონის მიღება და ამ გზით შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება. მასში ერთი პატარა დეტალია ჩადებული: თუ მელია ამნისტიაზე თანხმობას არ განაცხადებს, თანაც წერილობითი სახით, ისევ ციხეში დარჩება.

მეორე მხრივ, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე, ამნისტიის გამოცხადების გარდა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაც იგეგმება. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვით, ჯარიმისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელსაც სახდელის აღნიშნული სახე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაეკისრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამით დაჯარიმებული ადამიანების გულსაც მოიგებს. 2 და 3 ათასი ლარის ჯარიმების განულება ხუმრობა საქმე არ არის.

მელიას გათავისუფლების ყველაზე კარგი და მელიასთვის ღირსეული გზა მამუკა ხაზარაძემ მოიფიქრა – „ლელოს“ ლიდერი ცდილობს მელია დაითანხმოს როგორც ევროკავშირის გირაოს მეშვეობით ციხიდან გამოსვლაზე, ასევე პარლამენტში შესვლაზე, რადგან, მისივე თქმით, 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება, რასაც ოპოზიცია ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გარეშე ვერ მოახერხებს.

ნიკა მელიას ადვოკატები, რომლებიც მას ამ დღეებში ციხეში შეხვდნენ, აცხადებენ, რომ ევროკავშირის გირაოს გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ამაზე მელიას თანხმობა აუცილებელი არაა, უბრალოდ, პროკურორი უნდა შევიდეს სასამართლოში პატიმრობის მოხსნის მოთხოვნით. მეორე მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, მელიას შეუძლია საპატიმრო დღესვე დატოვოს, ოღონდ მისივე თანხმობის შემთხვევაშიო. მოკლედ, ხელისუფლება ცდილობს მელია ციხიდან, ასე თუ ისე, აღიარებითი ჩვენებით გამოუშვას, ხოლო თავად მელია ცდილობს გმირად გამოვიდეს. საბოლოო ჯამში, იმედია, შარლ მიშელთან ერთად მიღწეული შეთანხმება ოდესმე შესრულდება. შესაძლოა ისევ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, თუმცა რაიმე გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ჩქარობს.

515
ქუთაისი - ლიბერთი ბანკის ოფისი

ახდენილი ვარაუდი და დამძიმებული საკრედიტო ტვირთი...

1202
(განახლებულია 09:08 01.05.2021)
ეროვნული ბანკის ვერდიქტი... ინფლაციის გაუარესებული საპროგნოზო მაჩვენებელი, გამკაცრებული მონეტარულ პოლიტიკა, გაძვირებულ კრედიტები, გაქცეულ ლარი და გაღარიბებული მოსახლეობა... დაღმართი, რომელსაც არ უჩანს ბოლო...

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკში მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოვეხმაურები. კობა გვენეტაძის უწყებამ წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გააორმაგა და 6.5 პროცენტამდე გაზარდა. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტით 9.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა სწორედ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუარესებამ.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენცია გასული წლის ბოლოდან გამოიკვეთა. მიმდინარე წლის თებერვალში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით გაიზარდა. სულ რაღაც ერთი კვირის წინათ ვწერდი, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოლოდინი ჰქონდათ სახელისუფლებო კულუარებსა და ანალიტიკურ წრეებში. ვარაუდი გამართლდა. 

რეფინანსირების სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთი − 9.5 პროცენტი ბოლო ცამეტი  წლის მაქსიმუმია. უფრო მაღალი განაკვეთი −10 პროცენტი 2008 წლის იანვარ-ოქტემბერში მოქმედებდა. საინტერესოა, როგორია ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებები მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს გადაწყვეტილებაზე...

„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აუცილებელი იყო. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დაგვიანებულიც კი არის.. დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკი გვიმტკიცებდა, რომ ლარის კურსის გაუფასურების ეფექტი ფასებზე არ აისახებოდა. თუმცა, უკვე გასული წლის ზაფხულიდან აღიარა, რომ ეს ასე არ არის. მაღალი დოლარიზაციის და სასაქონლო ბაზრის იმპორტ დამოკიდებულების პირობებში სხვანაირად ვერც იქნება. ლარის კურსი აისახება ფასებზე. ვთვლი, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა წლიურ ჭრილში ვერ მოხერხდება. ეროვნული ბანკშიც ამბობენ, რომ მომავალი წლის დასაწყისშიც ინფლაცია არ იქნება მიზნობრივ მაჩვენებელთან. ეროვნულ ბანკს არავინ სთხოვს სასწაულს. მისი მიზანი ინფლაციის მაჩვენებლის კონტროლია, ეს უწერია ეროვნულ ბანკს კანონში...“, − აცხადებს ეკონომიკის დოქტორი ლევან ქისტაური.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი კი ვარაუდობს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფასების ზრდას გამოიწვევს.

„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის პოლიტიკა ფასების სტაბილიზაციის ნაცვლად, ფასების ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკური კრიზისის დროს ჯაჭვი შემდეგნაირად ლაგდება: ძვირდება კრედიტი ანუ გადამხდელ სუბიექტებს ეზრდებათ ხარჯები, ხოლო გაზრდილი ხარჯების ამოღებას ისინი გასაყიდად მიწოდებულ საქონლისა თუ მომსახურების ფასების ზრდით ეცდებიან, რაც სწორედ რომ ინფლაციაა. სხვა თანაბარ პირობებში, არა კრიზისისას, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გამოიყენოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ინსტრუმენტი. მაგრამ გრძელვადინ პერიოდში, როგორც ჩვენთან, უკვე 1 წელია მაღალი განაკვეთი გვაქვს, შედეგიც არ აყოვნებს და ვიღებთ ინფლაციასა და მოსახლეობის გაღარიბებას... მეტიც, კატეგორიულად გაუმართლებელია რეფინანსირების პოლიტიკის განაკვეთის მკვეთრად გაზრდა ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც საზოგადოების შემოსავლები ისედაც მკვეთრად შემცირებულია...“, − აცხადებს ექსპერტი რამაზ გერლიანი

როგორც ექსპერტთა წრეში აცხადებენ, მზარდი ინფლაციის გამომწვევი მთავარი ფაქტორი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა და ისიც ლოგიკურია, რომ პრეტენზიები ეროვნული ბანკისკენ მიემართება... კობა გვენეტაძის უწყებაში კი განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა და არა ლარის კურსის დაჭერა... ანალიტიკოსთა შეფასებებით, ეროვნული ბანკი, ხშირ შემთხვევაში ამ მიზნის მიღწევასაც ვერ ახერხებს და ინფლაციის განაკვეთი, როგორც წესი,  სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ინფლაციას ანელებს, მაგრამ როგორც ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდას საკმაოდ მაღალი ფასიც აქვს. კერძოდ, 124 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხის პროცენტი გაეზარდა... მაინც რამდენით? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. განვმარტავ, ზუსტად იმდენით რამდენითაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა ანუ ამჯერად 1 პროცენტით. ბევრა ეს თუ ცოტა?.. თითოეულ მომხმარებელს თავადაც შეუძლია, რომ მარტივად დაიანგარიშოს, რამდენით გაუძვირდა საკრედიტო ვალდებულება. თუ დაიზარებს, არც ეს არის პრობლემა, კომერციული ბანკი შეახსენებს... ჩვენ კი უპრიანი იქნება, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული საკრედიტო პორტფელი მიმოვიხილოთ. მეტი სიზუსტისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემები მოვიშველიებ...

მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სულ 124700 სესხია გაცემული. საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 7423.1 მილიონი ლარია.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხია გაცემული. 56300 ე.წ. იპოთეკური კრედიტი საშუალოდ 10.83 პროცენტშია გაიცა, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2736.7 მილიონი ლარია.

მომდევნო პოზიცია სამომხმარებლო კრედიტებს უკავია. ამ ტიპის 36200 სესხია გაცემული. პორტფელის მოცულობა კი 983.7 მილიონი ლარია. სამომხმარებლო სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 13.14 პროცენტი შეადგინა.

პირველ სამეულშია ბიზნესკრედიტებიც. ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად  კომერციულმა ბანკებმა 28100 სესხი გასცეს, რაც 1 მარტის მაჩვენებელზე 600 ერთეულით ნაკლებია. ბიზნესესხების მთლიანი პორტფელი 3477.1 მილიონი ლარია. საბანკო სექტორმა მცირე და საშუალო ბიზნესი 1099.6 მილიონი ლარით საშუალოდ 13.02 პროცენტში, ხოლო მსხვილი ბიზნესი 2377.5 მილიონი ლარით, საშუალოდ 12.6 პროცენტში დააკრედიტა.

ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია გაცემული. 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.5 მილიონი ლარი კომერციულმაბანკებმა საშუალოდ 14.09 პროცენტში გაასესხეს.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 3300 სესხის კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 100.4 მილიონი ლარია.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8 პროცენტია. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზებზეა − 15.07 პროცენტი.

და ბოლოს, „საზოგადოება და ბანკების“ ექსპერტთა შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება წინა პერიოდში გამოვლენილი საკმაოდ ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. კობა გვენეტაძის უწყება, როგორც ჩანს, ორი ალტერნატივიდან, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა თუ ფასების დონის შენარჩუნება, ამ უკანასკნელს ირჩევს და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც სწორედ ამით არის განპირობებული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება. საინტერესოა, როგორი იქნება ეროვნული ბანკის ვერდიქტი... როგორც კობა გვენეტაძე აცხადებს, შესაძლო გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული... ასე რომ, დაველოდოთ...

 

1202
მთები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 მაისი

0
(განახლებულია 09:21 08.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 9 მაისია, კვირა. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

ეს დღე სიყვარულს უნდა მიუძღვნათ და არა ომსა და მტრობას. გრძნობები გამძაფრებული იქნება, რაც სიყვარულისთვის ძალიან კარგია, მაგრამ კამათისა და ჩხუბისთვის, რა თქმა უნდა – არა. ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ თუ საქციელმა დიდი წყენა შეიძლება მოიტანოს. გადაწყვეტილებებს დღეს გული მიიღებს, რომელსაც რეალური გრძნობები სჭირდება, და არა – გონება.

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>

ვერძი: საზღვარი „საჭიროასა“ და „მინდას“ შორის შეიძლება დაირღვეს. მოგინდებათ გრძნობებზე აყოლა, მაგრამ ვარსკვლავები ამას არ გირჩევენ. ყველაფერი იოლად არ გამოგივათ, ხანდახან სერიოზული წინაღობების გადალახვა მოგიწევთ. მიუხედავად ამისა, პოზიტიური ტენდენციები ბევრ სფეროშია შესამჩნევი. იყავით შეუპოვარი და ეცადეთ, არ დაკარგოთ საკუთარი ძალების რწმენა. თუ ხელებს არ ჩამოუშვებთ პირველივე ბარიერის დანახვისას, ყველაფერი გამოგივათ.

კურო: საჭიროა თანამიმდევრულად მოქმედება და ქაოსისთვის თავის არიდება. აჩქარება შეცდომების მიზეზი შეიძლება გახდეს. დრო უნდა გამონახოთ სიტუაციაში გასარკვევად და სხვადასხვა ვარიანტის განსახილველად. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ასე შეძლებთ მოსალოდნელი ხარვეზებისთვის გვერდის ავლას. საღამოს დაისვენეთ და ისეთი რამ გააკეთეთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

ტყუპი: დღეს მაქსიმალურად გაძლიერდება შემოქმედებითი მისწრაფებები და თუნდაც არ იყოთ ხელოვნების სფეროში დაკავებული ადამიანი, ეს პოტენციალი თქვენში აუცილებლად გაიღვიძებს. ამას გარდა, მოსალოდნელია ურთიერთობები ძალზე საინტერესო ადამიანებთან და საინტერესო თემებზე. ასევე ხელსაყრელი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარი. ეს დიდ პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.

კირჩხიბი: საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, რაც კარგად აისახება როგორც თქვენს კარიერაზე, ასევე ცხოვრებაზე ზოგადად. ასევე სასარგებლო იდეის მაგივრად შესაძლებელია ძალიან საინტერესო ნაცნობობა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომანტიკული შეხვედრა იყოს, მაგრამ მატერიალური თვალსაზრისით ეს ძალზე პერსპექტიული აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგი დღე გელოდებათ და ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი: დღეს ახალი საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის შესაძლებლობა გექნებათ. არაა გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი შეხვედრა ან გაცნობა რომანტიკული ხასიათისა აღმოჩნდეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს. მთლიანობაში დღე ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო გელოდებათ. ხოლო იმისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ, ენდეთ ინტუიციას, რომელიც დღეს საკმაოდ გამძაფრებული გექნებათ.

ქალწული: დღეს თქვენი მთავარი ძალა და იარაღი თქვენი სისუსტეები იქნება. ამ სისუსტეების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ გარშემომყოფებს „დაატერორებთ“, უნარი, რომ მიზანს ყველანაირი გზით მიაღწიოთ, აპოგეას მიაღწევს. ამასთან, თავად თქვენ მოგეჩვენებათ, რომ არაფერი განსაკუთრებული და უჩვეულო არ ხდება და გარშემომყოფების გრძნობებზე თამაში სრულიად ბუნებრივი რამაა. თუ ასე გააგრძელებთ, მალე ტირანად შეიძლება იქცეთ ოჯახში.

სასწორი: მთელი დღის განმავლობაში განწყობა შეიძლება ათასჯერ შეგეცვალოთ – მხიარულება მოულოდნელად „მოქუფრულმა“ ფიქრებმა ჩაანაცვლოს, თუმცა ერთი–ორ წუთში ამ ღრუბლებიდან ისევ მზემ გამოანათოს. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ემოციებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა არ ღირს. ასევე აჯობებს, თუ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას გადადებთ, ან გადააბარებთ იმას, რომლის განწყობა დღეს ჭირვეულობით არ გამოირჩევა.

მორიელი: დღეს თქვენში ტალანტი გაიღვიძებს: ნებისმიერი ბუზი, რომელიც გვერდით ჩაგიფრენთ, სპილოდ აქციოთ. მთელი დღის განმავლობაში ხან რა გაგაღიზიანებთ და ხან – რა. თუ არ გინდათ, ბუზღუნასა და აბეზარას სახელი დაგერქვათ, ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ ნეგატივს, გარშემომყოფების ნაკლოვანებებს. სამაგიეროდ შესანიშნავად გაართმევთ თავს იმ საქმეებს, რომლებშიც წვრილმანებისადმი ყურადღებაა საჭირო – სჯობს, სწორედ ასეთ საქმეებს დაუთმოთ დრო.

მშვილდოსანი: დღეს გული დიდი და ხმაურიანი კომპანიებისკენ გაგიწევთ, რომ თუნდაც სულ ცოტა ხნით აღმოჩნდეთ ყურადღების ცენტრში. ყოველ შემთხვვაში, თუ ასეთ ადგილას არ აღმოჩნდებით და ვერც ყურადღების ცენტრში მოექცევით, იოცნებოთ მაინც ამაზე. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ და გარშემომყოფები არ გააღიზიანოთ, თან იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი რეაქცია ირგვლივ მყოფების მხრიდან გამოსროლილ ირონიულ შენიშვნებზე ორმაგად მწვავე იქნება.

თხის რქა: მუდმივად მოგიწევთ სახლის საქმეებზე და საზრუნავზე ყურადღების გადატანა. ეს კარგიცაა – დროა, მიხედოთ საშინაო საქმეებს და სხვა საკითხები კი გადადოთ. მაინც არ გელოდებათ რამე გრანდიოზული გარღვევები და შედეგები საქმიანობაში. მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი ყურადღება არ დაუთმოთ წვრილმანებს, მცირე უსიამოვნებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ რამდენიმე დღე ამაზე მოგიწევთ „ჩაციკლვა“.

მერწყული: გაუგებრობებით სავსე დღეა და ამის მიზეზი თვითონ თქვენი არათანმიმდევრულობა იქნება. დღეს გაცნობიერებულად მოგინდებათ წესების დარღვევა, შეიძლება სხვადასხვა წვრილმანმა მიიქციოს თქვენ ყურადღება, ისეთმა, რომელსაც სხვა დროს საერთოდ არ მიაქცევდით ყურადღებას. ამან შეიძლება ისე გაგიტაცოთ, რომ გასაკეთებელი საქმეები საერთოდ დაგავიწყდეთ, ამით კი თქვენი გეგმები დაირღვევა და კალაპოტიდან ამოვარდებით.

თევზები: თქვენში ყველაფერ მშვენიერსა და ლამაზზე განსაკუთრებული ალღო გაიღვიძებს და ეს მშვენირი, პირველ რიგში, ფულია. ძალიან დიდია დღეს იმის ალბათობა, რომ თუ საგაძური, არა, რამე ძველი ყუთი მაინც იპოვოთ და ამან დაგაინტერესოთ. შემოსავლებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. ერთადერთი, რაშიც უნდა იფრთხილოთ, ეს საკვებია – არის დიდი შანსი, რომ გაძლიერებული მადის გამო ფიგურას ზიანი მიაყენოთ.

0