ამერიკის თავისუფლების ქანდაკება

მოსაზრება: აშშ სანქციებით მსოფლიო ლიდერობას თავად ინადგურებს

97
(განახლებულია 21:05 09.04.2021)
დასავლეთში ანტირუსული სანქციების საქმეში ყველაფერი თავისი რიგით მიდის: ერთნი ამუშავებენ და აწესებენ, სხვები კი თავიანთთვის ზარალის მინიმუმამდე დაყვანის მეთოდებს იგონებენ.

ირინა ალქსნისი

თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს როლები კიდეც ერწყმის ერთმანეთს, ანუ შეზღუდვები ჯერ წესდება, შემდეგ კი მათი ინიციატორები ფართხალს იწყებენ იმ ჭაობიდან ამოსასვლელად, რომელიც თვითონვე შექმნეს. სწორედ ახლა ამ მოდელს Zoom წარმოაჩენს.

რუსეთი კი კალენდრულად ახალ, თუმცა არსობრივად ერთფეროვან ზომებს თავისთვის სასარგებლოდ იყენებს: დაწყებული ელიტების ნაციონალიზაციით და დასრულებული ტექნოლოგიური ავტონომიურობის ზრდით.

ამ დროისათვის ვაშინგტონი სპეცწარმომადგენლის შერჩევითაა დაკავებული, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ბედის შესახებ მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს.

გამოცემა Politico-ს ცნობით, ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოიწონა სანქციების ორი მორიგი პაკეტი მშენებარე გაზსადენის წინააღმდეგ. ახალ შავ სიებში ფიგურირებენ შვეიცარიული კომპანია Nord Stream 2 AG (რომელიც გაზსადენის მშენებლობასა და მის შემდგომ ექსპლუატაციაზე აგებს პასუხს) და ასევე მისი ხელმძღვანელი მატიას ვარნიგი.

როგორც მოსალოდნელია, რესტრიქციების პროექტი კონგრესს მაისში წარედგინება დასამტკიცებლად. თუმცა ეს ზუსტი მონაცემი არ არის, ვინაიდან გაზსადენის წინააღმდეგ ახალი ზომების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. აშკარაა, რომ ის პირდაპირ იქნება დაკავშირებული ემისრის მოლაპარაკებებზე, რომელსაც ჯერ ისევ ეძებს თეთრი სახლი. მოლაპარაკებები კი გაიმართება არა რუსეთთან, არამედ ევროპასთან.

სწორედ ამაშია ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მთავარი პრობლემა, რომელსაც კონსოლიდირებულად აწვებიან კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლები, მოითხოვენ რა ნებისმიერ ფასად შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა, რასაც ბერლინი ცოცხალი თავით არ თმობს. ხოლო დემოკრატების განცხადება ევროპასთან ტრამპის მიერ სერიოზულად დარღვეული ურთიერთობების აღდგენაზე თეთრი სახლისთვის არასასურველს ხდის ხისტ კონფრონტაციულ ნაბიჯებს.

შედეგად ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებებში მოარბილებს დასავლეთ ევროპის შეურიგებლობას, რომელიც თავისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს იცავს. ამასობაში კი გაზსადენი, როგორც ჟურნალისტები გვახსენებენ, 96%-ითაა დასრულებული.

თუმცა არსებობს სანქციების თემა, რომელშიც საქმე ამერიკელებისთვის ბევრად ხელსაყრელადაა. Politico-სთან თითქმის ერთდოულად Bloomberg-მაც განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მზადდება აშშ-ის არჩევნებში რუსი ჰაკერების ჩარევის გამო. გარდა შავ სიებში „პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირების“ ჩართვისა, ადმინისტრაცია ასევე განიხილავს „აშშ-დან რუსი მზვერავების გაძევების საკითხსაც, რომლებიც თავს დიპლომატიურ სტატუსს აფარებენ“.

თუმცა ვაშინგტონისთვის „გვერდითი ეფექტები“ აქაც გარდაუვალია. როგორც ცოტა ხნის წინ აღნიშნა რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა, შტატებმა სავიზო ომი წამოიწყო დიპლომატების წინააღმდეგ, რის გამოც ორივე მისია აწყდება პერსონალის დეფიციტის პრობლემას, მათ შორის ტექნიკურის.

და თუ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს „სტოიკურად გადააქვთ სამსახურის სიმძიმეები“, ამერიკელებმა უკვე არაერთხელ დაიჩივლეს, რომ აუტანელ პირობებში უწევთ მუშაობა. ახლა მაღალი რანგის დიპლომატებს თავად უწევთ საელჩოს შენობის წინ თოვლის გაწმენდა თუ ხელების სადეზინფექციო ხსნარების შეზავება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ წმიდა ტექნიკური მიზეზებით ორმა საკონსულომ შეწყვიტა მუშაობა — ვლადივოსტოკსა და ეკატერინბურგში.

და სანამ ვაშინგტონში ბიუროკრატიული პროცესი რიგის მიხედვით მიედინება, დასავლური ბიზნესი სულ უფრო ხშირად წრიალებს.

სწორედ ახლა ცდილობს სცილასა და ქარიბდას შორის გავლას კომპანია Zoom, რომელიც ვიდეოკონფერენციების სერვისს სთავაზობს მომხმარებელს და რომელიც საოცრად გამდიდრდა პანდემიის პირობებში. კომპანიამ, შეეცადა რა მიჰყოლოდა აქტუალურ დღის წესრიგს, სერვისზე წვდომის მიყიდვა აუკრძალა რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებსა და კომპანიებს.

თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ კომპანია უკან დახევას შეეცადა და განაცხადა, რომ „ბაზარზე მიდგომებისადმი განვითარების პროცესშია“. კომპანიის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ „ახალ და უკვე არსებულ მომხმარებლებს — როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორებში, შეუძლიათ მოითხოვონ Zoom-ის აკაუნტების შეძენა პირდაპირ საიტიდან“ და არა დისტრიბუტორების გავლით.

კომპანიის ნერვიულობა გასაგებია: მის კლიენტებს შორის, რომლებმაც სოლიდური მოგება მოუტანეს გასულ წელს, უამრავია რუსულ სახელმწიფო დაწესებულებებთან დაკავშირებული, კერძოდ, უმაღლესი სასწავლებლები. ახლა ისინი მასიურად გადადიან ალტერნატიულ პლატფორმებზე. სახელისუფლებო ორგანოებზე კი გამოცხადებულ სიახლეს არანაირი გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან ისინი ისედაც არ სარგებლობდნენ Zoom-ით.

მოკლედ, ეს ინოვაცია Zoom-სთვის საკუთარი თავისთვის ტყვიის დახლა იყო, ვინაიდან მსხვილი კომერციული კლიენტების გადინება გამოიწვია კონკურენტებისკენ, ხოლო თავად რუსეთის სახელმწიფოს ვერანაირი უხერხულობა ვერ შეუქმნა.

ბოლო წლებში სანქციების თემა ჩვეულებრივ ამბად და ხშირად ნაკლებად საინტერესო ფონად იქცა როგორც რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესებისთვის, ისე საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. და ამ ყოველდღიურობაში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა პრინციპული ცვლილებები, რომლებიც გასულ პერიოდში განიცადა თავად ამ ფენომენის ბუნებამ.

გლობალიზებულ ერთპოლარულ სამყაროში სანქციები ნადვილად არის არსებული სისტემის განმტკიცების ინსტრუმენტი. იმას, რომ ყველაზე მკაცრი შზღუდვების ქვეშაც კი შეიძლებოდა ცხოვრება, მრავალი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ ირანიცა და ჩრდილოეთ კორეაც. მაგრამ ამისთვის დიდი ფასის გადახდა იყო საჭირო — მოქალაქეების ცხოვრების ხარისხით, ეროვნული ეკონომიკებისთვის დანაკარგებით, ტექნოლოგიური ჩამორჩენებით. მაშინ სანქციები ნიშნავდა ქვეყნის ამორიცხვას თანამედროვე განვითარებული ცივილიზაციიდან, რასაც ყოველ ნაბიჯზე ახლდა სხვადასხვა სახის პრობლემები, იქნებოდა ეს მაღალტექნოლოგიური პროექტების რეალიზაციასთან დაკავშირებული სიძნელეები თუ SWIFT-ზე მიუწვდომლობისა და მისი ეროვნული ალტენატივის არარსებობის გამო საბანკო ბარათით მაღაზიაში ანგარიშსწორება.

ანტირუსული სანქციების შვიდი წლის წინ ამუშავებული ბორბლის ამოცანა რუსეთზე ანალოგიური ეფექტის მოხდენა იყო. მაგრამ, ნაცვლად ამისა, პროცესი თანდათანობით იქცა თვითმიზნად, შემდეგ კი სულაც საპირისპირო შედეგის მოტანას შეუწყო ხელი.

სანქციები შლის როგორც დასავლურ ერთიანობას, ისე მთლიანად მსოფლიო სისტემას მასში აშშ-ის ლიდერი პოზიციით. ის, რაც ათი წლის წინ „განკიცხული ქვეყნების“ ტექნოლოგიური დამუხრუჭების მექანიზმი იყო, ახლა მათი განვითარების სტიმულატორად იქცა.

ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ ვივარაუდოთ, რატომ განაგრძობს ვაშინგტონი აშკარად მისთვის მავნე პროცესს. შესაძლოა ამერიკული ისტებლიშმენტი უბრალოდ ვერ ხედავს მომხდარის ჭეშმარიტ არსს. ან იქნებ აცნობიერებენ კიდეც რეალობას, მაგრამ გაჩერება აღარ შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ მათივე ქმედებები შეერთებული შტატების მსოფლიო ჰეგემონიას ბოლოს უღებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

97
Ника Мелия

ნიკა მელიას საქმე როგორ არ შევთანხმდეთ

515
(განახლებულია 19:26 07.05.2021)
ნიკა მელიას გათავისუფლება შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში შესვლის შემდეგ თითქოსდა უკვე შეთანხმებული და გარკვეული საკითხი იყო, მაგრამ...

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იმდენი აკრიტიკა მხარეების პოზიცია, აშშ-ის ელჩსაც კი ათქმევინა დაახლოებით ასეთი რამ: მელიას შეუძლია სადაც უნდა, იქ იყოს, ჩვენ, უბრალოდ, მისი გათავისუფლების გზებს განვიხილავთო.

ზოგადად, რამდენადაც კარგია პოლიტიკაში პრინციპულობა, იმდენად ცუდია რადიკალიზმი, და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ამ უაზრო ექვსთვიან ჭიდაობაში ქვეყანა ძვირფას დროს კარგავს ეკონომიკის გამოსასწორებლად, მიწის რეფორმის კანონმდებლობის მოსაწესრიგებლად, ბინათმესაკუთრეობის საკითხების გასარკვევად, სოციალური პრობლემების გამოსასწორებლად და, ბოლოს და ბოლოს, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. აღარაფერს ვამბობთ საარჩევნო კოდექსის შეცვლისა და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. თუმცა ვინაიდან მელიას ციხიდან გამოსვლა–არგამოსვლის თემა მაინც აქტუალურია, მოკლედ ვეცდებით ავხსნათ არსებული რეალობა.

ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს არ თანხმდებიან, თუმცა უმრავლესობას მშვენივრად შეუძლია მათ გარეშეც ამ კანონის მიღება და ამ გზით შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება. მასში ერთი პატარა დეტალია ჩადებული: თუ მელია ამნისტიაზე თანხმობას არ განაცხადებს, თანაც წერილობითი სახით, ისევ ციხეში დარჩება.

მეორე მხრივ, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე, ამნისტიის გამოცხადების გარდა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაც იგეგმება. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვით, ჯარიმისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელსაც სახდელის აღნიშნული სახე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაეკისრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამით დაჯარიმებული ადამიანების გულსაც მოიგებს. 2 და 3 ათასი ლარის ჯარიმების განულება ხუმრობა საქმე არ არის.

მელიას გათავისუფლების ყველაზე კარგი და მელიასთვის ღირსეული გზა მამუკა ხაზარაძემ მოიფიქრა – „ლელოს“ ლიდერი ცდილობს მელია დაითანხმოს როგორც ევროკავშირის გირაოს მეშვეობით ციხიდან გამოსვლაზე, ასევე პარლამენტში შესვლაზე, რადგან, მისივე თქმით, 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება, რასაც ოპოზიცია ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გარეშე ვერ მოახერხებს.

ნიკა მელიას ადვოკატები, რომლებიც მას ამ დღეებში ციხეში შეხვდნენ, აცხადებენ, რომ ევროკავშირის გირაოს გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ამაზე მელიას თანხმობა აუცილებელი არაა, უბრალოდ, პროკურორი უნდა შევიდეს სასამართლოში პატიმრობის მოხსნის მოთხოვნით. მეორე მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, მელიას შეუძლია საპატიმრო დღესვე დატოვოს, ოღონდ მისივე თანხმობის შემთხვევაშიო. მოკლედ, ხელისუფლება ცდილობს მელია ციხიდან, ასე თუ ისე, აღიარებითი ჩვენებით გამოუშვას, ხოლო თავად მელია ცდილობს გმირად გამოვიდეს. საბოლოო ჯამში, იმედია, შარლ მიშელთან ერთად მიღწეული შეთანხმება ოდესმე შესრულდება. შესაძლოა ისევ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, თუმცა რაიმე გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ჩქარობს.

515
ქუთაისი - ლიბერთი ბანკის ოფისი

ახდენილი ვარაუდი და დამძიმებული საკრედიტო ტვირთი...

1202
(განახლებულია 09:08 01.05.2021)
ეროვნული ბანკის ვერდიქტი... ინფლაციის გაუარესებული საპროგნოზო მაჩვენებელი, გამკაცრებული მონეტარულ პოლიტიკა, გაძვირებულ კრედიტები, გაქცეულ ლარი და გაღარიბებული მოსახლეობა... დაღმართი, რომელსაც არ უჩანს ბოლო...

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიით მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკში მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოვეხმაურები. კობა გვენეტაძის უწყებამ წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გააორმაგა და 6.5 პროცენტამდე გაზარდა. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტით 9.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა სწორედ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუარესებამ.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენცია გასული წლის ბოლოდან გამოიკვეთა. მიმდინარე წლის თებერვალში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით გაიზარდა. სულ რაღაც ერთი კვირის წინათ ვწერდი, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მოლოდინი ჰქონდათ სახელისუფლებო კულუარებსა და ანალიტიკურ წრეებში. ვარაუდი გამართლდა. 

რეფინანსირების სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთი − 9.5 პროცენტი ბოლო ცამეტი  წლის მაქსიმუმია. უფრო მაღალი განაკვეთი −10 პროცენტი 2008 წლის იანვარ-ოქტემბერში მოქმედებდა. საინტერესოა, როგორია ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებები მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს გადაწყვეტილებაზე...

„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აუცილებელი იყო. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დაგვიანებულიც კი არის.. დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკი გვიმტკიცებდა, რომ ლარის კურსის გაუფასურების ეფექტი ფასებზე არ აისახებოდა. თუმცა, უკვე გასული წლის ზაფხულიდან აღიარა, რომ ეს ასე არ არის. მაღალი დოლარიზაციის და სასაქონლო ბაზრის იმპორტ დამოკიდებულების პირობებში სხვანაირად ვერც იქნება. ლარის კურსი აისახება ფასებზე. ვთვლი, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა წლიურ ჭრილში ვერ მოხერხდება. ეროვნული ბანკშიც ამბობენ, რომ მომავალი წლის დასაწყისშიც ინფლაცია არ იქნება მიზნობრივ მაჩვენებელთან. ეროვნულ ბანკს არავინ სთხოვს სასწაულს. მისი მიზანი ინფლაციის მაჩვენებლის კონტროლია, ეს უწერია ეროვნულ ბანკს კანონში...“, − აცხადებს ეკონომიკის დოქტორი ლევან ქისტაური.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი კი ვარაუდობს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფასების ზრდას გამოიწვევს.

„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის პოლიტიკა ფასების სტაბილიზაციის ნაცვლად, ფასების ზრდას გამოიწვევს. ეკონომიკური კრიზისის დროს ჯაჭვი შემდეგნაირად ლაგდება: ძვირდება კრედიტი ანუ გადამხდელ სუბიექტებს ეზრდებათ ხარჯები, ხოლო გაზრდილი ხარჯების ამოღებას ისინი გასაყიდად მიწოდებულ საქონლისა თუ მომსახურების ფასების ზრდით ეცდებიან, რაც სწორედ რომ ინფლაციაა. სხვა თანაბარ პირობებში, არა კრიზისისას, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გამოიყენოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ინსტრუმენტი. მაგრამ გრძელვადინ პერიოდში, როგორც ჩვენთან, უკვე 1 წელია მაღალი განაკვეთი გვაქვს, შედეგიც არ აყოვნებს და ვიღებთ ინფლაციასა და მოსახლეობის გაღარიბებას... მეტიც, კატეგორიულად გაუმართლებელია რეფინანსირების პოლიტიკის განაკვეთის მკვეთრად გაზრდა ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც საზოგადოების შემოსავლები ისედაც მკვეთრად შემცირებულია...“, − აცხადებს ექსპერტი რამაზ გერლიანი

როგორც ექსპერტთა წრეში აცხადებენ, მზარდი ინფლაციის გამომწვევი მთავარი ფაქტორი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა და ისიც ლოგიკურია, რომ პრეტენზიები ეროვნული ბანკისკენ მიემართება... კობა გვენეტაძის უწყებაში კი განმარტავენ, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა და არა ლარის კურსის დაჭერა... ანალიტიკოსთა შეფასებებით, ეროვნული ბანკი, ხშირ შემთხვევაში ამ მიზნის მიღწევასაც ვერ ახერხებს და ინფლაციის განაკვეთი, როგორც წესი,  სამიზნე მაჩვენებელს აჭარბებს.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ინფლაციას ანელებს, მაგრამ როგორც ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის ზრდას საკმაოდ მაღალი ფასიც აქვს. კერძოდ, 124 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხის პროცენტი გაეზარდა... მაინც რამდენით? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. განვმარტავ, ზუსტად იმდენით რამდენითაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა ანუ ამჯერად 1 პროცენტით. ბევრა ეს თუ ცოტა?.. თითოეულ მომხმარებელს თავადაც შეუძლია, რომ მარტივად დაიანგარიშოს, რამდენით გაუძვირდა საკრედიტო ვალდებულება. თუ დაიზარებს, არც ეს არის პრობლემა, კომერციული ბანკი შეახსენებს... ჩვენ კი უპრიანი იქნება, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული საკრედიტო პორტფელი მიმოვიხილოთ. მეტი სიზუსტისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემები მოვიშველიებ...

მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სულ 124700 სესხია გაცემული. საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 7423.1 მილიონი ლარია.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხია გაცემული. 56300 ე.წ. იპოთეკური კრედიტი საშუალოდ 10.83 პროცენტშია გაიცა, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2736.7 მილიონი ლარია.

მომდევნო პოზიცია სამომხმარებლო კრედიტებს უკავია. ამ ტიპის 36200 სესხია გაცემული. პორტფელის მოცულობა კი 983.7 მილიონი ლარია. სამომხმარებლო სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 13.14 პროცენტი შეადგინა.

პირველ სამეულშია ბიზნესკრედიტებიც. ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად  კომერციულმა ბანკებმა 28100 სესხი გასცეს, რაც 1 მარტის მაჩვენებელზე 600 ერთეულით ნაკლებია. ბიზნესესხების მთლიანი პორტფელი 3477.1 მილიონი ლარია. საბანკო სექტორმა მცირე და საშუალო ბიზნესი 1099.6 მილიონი ლარით საშუალოდ 13.02 პროცენტში, ხოლო მსხვილი ბიზნესი 2377.5 მილიონი ლარით, საშუალოდ 12.6 პროცენტში დააკრედიტა.

ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია გაცემული. 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.5 მილიონი ლარი კომერციულმაბანკებმა საშუალოდ 14.09 პროცენტში გაასესხეს.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული 3300 სესხის კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 100.4 მილიონი ლარია.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8 პროცენტია. ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზებზეა − 15.07 პროცენტი.

და ბოლოს, „საზოგადოება და ბანკების“ ექსპერტთა შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება წინა პერიოდში გამოვლენილი საკმაოდ ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხო ნაბიჯია. კობა გვენეტაძის უწყება, როგორც ჩანს, ორი ალტერნატივიდან, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა თუ ფასების დონის შენარჩუნება, ამ უკანასკნელს ირჩევს და რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც სწორედ ამით არის განპირობებული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ივნისში გაიმართება. საინტერესოა, როგორი იქნება ეროვნული ბანკის ვერდიქტი... როგორც კობა გვენეტაძე აცხადებს, შესაძლო გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული... ასე რომ, დაველოდოთ...

 

1202
მთები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 მაისი

0
(განახლებულია 09:21 08.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 9 მაისია, კვირა. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

ეს დღე სიყვარულს უნდა მიუძღვნათ და არა ომსა და მტრობას. გრძნობები გამძაფრებული იქნება, რაც სიყვარულისთვის ძალიან კარგია, მაგრამ კამათისა და ჩხუბისთვის, რა თქმა უნდა – არა. ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ თუ საქციელმა დიდი წყენა შეიძლება მოიტანოს. გადაწყვეტილებებს დღეს გული მიიღებს, რომელსაც რეალური გრძნობები სჭირდება, და არა – გონება.

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>

ვერძი: საზღვარი „საჭიროასა“ და „მინდას“ შორის შეიძლება დაირღვეს. მოგინდებათ გრძნობებზე აყოლა, მაგრამ ვარსკვლავები ამას არ გირჩევენ. ყველაფერი იოლად არ გამოგივათ, ხანდახან სერიოზული წინაღობების გადალახვა მოგიწევთ. მიუხედავად ამისა, პოზიტიური ტენდენციები ბევრ სფეროშია შესამჩნევი. იყავით შეუპოვარი და ეცადეთ, არ დაკარგოთ საკუთარი ძალების რწმენა. თუ ხელებს არ ჩამოუშვებთ პირველივე ბარიერის დანახვისას, ყველაფერი გამოგივათ.

კურო: საჭიროა თანამიმდევრულად მოქმედება და ქაოსისთვის თავის არიდება. აჩქარება შეცდომების მიზეზი შეიძლება გახდეს. დრო უნდა გამონახოთ სიტუაციაში გასარკვევად და სხვადასხვა ვარიანტის განსახილველად. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ასე შეძლებთ მოსალოდნელი ხარვეზებისთვის გვერდის ავლას. საღამოს დაისვენეთ და ისეთი რამ გააკეთეთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

ტყუპი: დღეს მაქსიმალურად გაძლიერდება შემოქმედებითი მისწრაფებები და თუნდაც არ იყოთ ხელოვნების სფეროში დაკავებული ადამიანი, ეს პოტენციალი თქვენში აუცილებლად გაიღვიძებს. ამას გარდა, მოსალოდნელია ურთიერთობები ძალზე საინტერესო ადამიანებთან და საინტერესო თემებზე. ასევე ხელსაყრელი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარი. ეს დიდ პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.

კირჩხიბი: საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ, რაც კარგად აისახება როგორც თქვენს კარიერაზე, ასევე ცხოვრებაზე ზოგადად. ასევე სასარგებლო იდეის მაგივრად შესაძლებელია ძალიან საინტერესო ნაცნობობა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომანტიკული შეხვედრა იყოს, მაგრამ მატერიალური თვალსაზრისით ეს ძალზე პერსპექტიული აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგი დღე გელოდებათ და ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი: დღეს ახალი საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის შესაძლებლობა გექნებათ. არაა გამორიცხული, რომ ერთ–ერთი ასეთი შეხვედრა ან გაცნობა რომანტიკული ხასიათისა აღმოჩნდეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას სერიოზული გაგრძელება მოჰყვეს. მთლიანობაში დღე ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო გელოდებათ. ხოლო იმისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ, ენდეთ ინტუიციას, რომელიც დღეს საკმაოდ გამძაფრებული გექნებათ.

ქალწული: დღეს თქვენი მთავარი ძალა და იარაღი თქვენი სისუსტეები იქნება. ამ სისუსტეების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ გარშემომყოფებს „დაატერორებთ“, უნარი, რომ მიზანს ყველანაირი გზით მიაღწიოთ, აპოგეას მიაღწევს. ამასთან, თავად თქვენ მოგეჩვენებათ, რომ არაფერი განსაკუთრებული და უჩვეულო არ ხდება და გარშემომყოფების გრძნობებზე თამაში სრულიად ბუნებრივი რამაა. თუ ასე გააგრძელებთ, მალე ტირანად შეიძლება იქცეთ ოჯახში.

სასწორი: მთელი დღის განმავლობაში განწყობა შეიძლება ათასჯერ შეგეცვალოთ – მხიარულება მოულოდნელად „მოქუფრულმა“ ფიქრებმა ჩაანაცვლოს, თუმცა ერთი–ორ წუთში ამ ღრუბლებიდან ისევ მზემ გამოანათოს. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ემოციებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა არ ღირს. ასევე აჯობებს, თუ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას გადადებთ, ან გადააბარებთ იმას, რომლის განწყობა დღეს ჭირვეულობით არ გამოირჩევა.

მორიელი: დღეს თქვენში ტალანტი გაიღვიძებს: ნებისმიერი ბუზი, რომელიც გვერდით ჩაგიფრენთ, სპილოდ აქციოთ. მთელი დღის განმავლობაში ხან რა გაგაღიზიანებთ და ხან – რა. თუ არ გინდათ, ბუზღუნასა და აბეზარას სახელი დაგერქვათ, ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ ნეგატივს, გარშემომყოფების ნაკლოვანებებს. სამაგიეროდ შესანიშნავად გაართმევთ თავს იმ საქმეებს, რომლებშიც წვრილმანებისადმი ყურადღებაა საჭირო – სჯობს, სწორედ ასეთ საქმეებს დაუთმოთ დრო.

მშვილდოსანი: დღეს გული დიდი და ხმაურიანი კომპანიებისკენ გაგიწევთ, რომ თუნდაც სულ ცოტა ხნით აღმოჩნდეთ ყურადღების ცენტრში. ყოველ შემთხვვაში, თუ ასეთ ადგილას არ აღმოჩნდებით და ვერც ყურადღების ცენტრში მოექცევით, იოცნებოთ მაინც ამაზე. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ და გარშემომყოფები არ გააღიზიანოთ, თან იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი რეაქცია ირგვლივ მყოფების მხრიდან გამოსროლილ ირონიულ შენიშვნებზე ორმაგად მწვავე იქნება.

თხის რქა: მუდმივად მოგიწევთ სახლის საქმეებზე და საზრუნავზე ყურადღების გადატანა. ეს კარგიცაა – დროა, მიხედოთ საშინაო საქმეებს და სხვა საკითხები კი გადადოთ. მაინც არ გელოდებათ რამე გრანდიოზული გარღვევები და შედეგები საქმიანობაში. მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი ყურადღება არ დაუთმოთ წვრილმანებს, მცირე უსიამოვნებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ რამდენიმე დღე ამაზე მოგიწევთ „ჩაციკლვა“.

მერწყული: გაუგებრობებით სავსე დღეა და ამის მიზეზი თვითონ თქვენი არათანმიმდევრულობა იქნება. დღეს გაცნობიერებულად მოგინდებათ წესების დარღვევა, შეიძლება სხვადასხვა წვრილმანმა მიიქციოს თქვენ ყურადღება, ისეთმა, რომელსაც სხვა დროს საერთოდ არ მიაქცევდით ყურადღებას. ამან შეიძლება ისე გაგიტაცოთ, რომ გასაკეთებელი საქმეები საერთოდ დაგავიწყდეთ, ამით კი თქვენი გეგმები დაირღვევა და კალაპოტიდან ამოვარდებით.

თევზები: თქვენში ყველაფერ მშვენიერსა და ლამაზზე განსაკუთრებული ალღო გაიღვიძებს და ეს მშვენირი, პირველ რიგში, ფულია. ძალიან დიდია დღეს იმის ალბათობა, რომ თუ საგაძური, არა, რამე ძველი ყუთი მაინც იპოვოთ და ამან დაგაინტერესოთ. შემოსავლებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. ერთადერთი, რაშიც უნდა იფრთხილოთ, ეს საკვებია – არის დიდი შანსი, რომ გაძლიერებული მადის გამო ფიგურას ზიანი მიაყენოთ.

0