ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა ოქროყანაში ნერგები დარგეს

ალეკო ელისაშვილი - გზა ქართულ პოლიტიკაში

1381
(განახლებულია 21:13 05.02.2021)
რადგან ალეკო ელისაშვილი ერთადერთია ქართულ ოპოზიციურ ერთობაში, რომელმაც განსხვავებული პოზიციის საჯაროდ გამოხატვა და პარლამენტში ლევან იოსელიანთან ერთად შესვლა გაბედა, ვფიქრობთ, უინტერესო არ იქნება, მისი ნაბიჯის საზოგადოების მხრიდან შეფასდესებებს გადავხედოთ

ჯერჯერობით რაც გვესმის საჯარო სივრცეში, ოპოზიციისგან მისი ლანძღვა-გინება და ცილისწამებებია, თუმცა საინტერესოა, როგორ შეაფასებს ამომრჩეველი მის ქცევას 100 დღის, 1 წლის ანდა სულაც, 4 წლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ელისაშვილის პარლამენტში შესვლას წინ უძღოდა მოლაპარაკება მმართველ პარტიასთან და მათ შორის დადებული 18-პუნქტიანი ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ უნდა მოხდეს საარჩევნო კოდექსის რეფორმა, საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3 პროცენტამდე, ხოლო საარჩევნო კომისიებში გაიზარდოს ოპოზიციის წარმომადგენლობა. გაწერილია კონკრეტული ვადებიც - კომისიამ, რომელიც პარლამენტში ხუთშაბათს შეიქმნა, ცვლილებების პროექტი პარლამენტს 1 მარტამდე უნდა წარუდგინოს, ხოლო ცვლილებები მიღებული უნდა იყოს 1 მაისამდე. მართალია, მათი ნაწილი ჩვეულებრივი ორგანული კანონი იქნება და 76 ხმით ჩვეულებრივ მიიღება, მაგრამ რა უნდა ვუყოთ კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ბარიერს და მსგავს ცვლილებებს, რომელთაც 113 ხმა დასჭირდება, ძნელი სათქმელია.

ასევე, საქმე ის გახლავთ, რომ ოპოზიციის კიდევ მცირე ნაწილმა, კერძოდ, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სურვილი გამოთქვა, პარლამენტში შესაძლოა, ჩვენც შევიდეთ, ოღონდ ხელისუფლება 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების, კერძოდ, გიორგი რურუას გამოშვებას დათანხმდესო. აქვე შეგვიძლია, შევნიშნოთ, რომ ამხელა მილიონების პატრონის პარტიამ ვადიან არჩევნებზე ისეთი დაბალი შედეგი აჩვენა, რაც უფრო მეტი დრო ექნება მოსამზადებლად და რებრენდინგისათვის, მით უკეთესი - „ლელოსთვის“, თუმცა მასში ნამდვილად ნიჭიერი და კარგი იდეებისა და რეპუტაციის ადამიანები არიან გაწევრიანებული.

ელისაშვილს რომ დავუბრუნდეთ, მართალია, მას ის გულწრფელობა დააკლდა, მერის არჩევნებში რომ მონაწილეობდა და ლეხ ვალენსასავით მშრომელი კლასის იმედზე იყო, მაგრამ არც პოლიტიკურ გამჭრიახობას უჩივის. აგერ, საარჩევნო საკითხებზე კომისიის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა, რადგან როგორც ჩანს, კარგად იცის, რომ მმართველი პარტია ერთჯერადად გამოიყენებს და მერე გადააგდებს. ეს კომისია ნამდვილად ვერ დაადგენს, გაყალბდა თუ არა არჩევნები, რის შედეგადაც დაიდება დასკვნა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ელისაშვილს არ სურს, 2020 წლის არჩევნები ბოლომდე „გაუპრავოს“ ხელისუფლებას.

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მას მოსწონს ალეკო ელისაშვილის გაბედულება, რადგან მან მარტო მოახერხა, დაეძლია „ნაცმოძრაობის“ კომპლექსი და ეთქვა, რომ არ ემორჩილება გაბატონებულ აზრს და თავისი გზა აქვს. რა თქმა უნდა, ცხადი იყო, რომ ამას გაერთიანებული ოპოზიცია და საერთო მაგიდასთან მსხდომი ხალხი, რომლებიც პარლამენტის ბოიკოტზე შეთანხმდნენ და უკიდურესად რადიკალური გზა აირჩიეს, ღალატად შეაფასებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ელისაშვილი და მისი გუნდი ამისათვიs მზად იყო.

ამერიკის ელჩისა და დასავლეთის მოწოდებები ოპოზიციისადმი, პარლამენტში შედით და იქედან იბრძოლეთო, რჩება ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა. ელისაშვილს, როგორც ჩანს, ნამდვილად არ უნდა, პოლიტიკური ველიდან გაქრეს. ზაქარეიშვილისავე აზრით, თუკი ელისაშვილი მოახერხებს და მმართველ გუნდს მართლაც შეაცვლევინებს საარჩევნო კანონმდებლობას, შესაძლოა, ადგილობრივ არჩევნებზე მისი მხარდაჭერა გაიზარდოს კიდეც. შესაძლოა, სულაც გაქრეს პოლიტიკური ველიდან. ბევრი რამ ახლა სწორედ პარლამენტში მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. ერთი კია, რომ საქართველოში სიტყვის გამტეხი და კონსტრუქციული პოლიტიკოსები ზოგადად ნაკლებად უყვართ და უფრო რადიკალების მხარდაჭერაში ვართ, ბოლო 30 წელია. თუმცა ამის ყველაზე კარგი შეფასება მაინც შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდება.

 

1381
ევროკავშირის დროშა

მოსაზრება: შეუშვებენ თუ არა ევროპაში „პოლიტიკურად არასწორი ვაქცინით“ აცრილებს?

11
(განახლებულია 18:58 01.03.2021)
ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელების სელექტორული თათბირის შემდეგ გერმანიის კანცლერმა, ფრაუ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მოთათბირეები აცრის სერტიფიკატის შემოღების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

მაქსიმ სოკოლოვი

ამის გარეშე მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლის უფლება არ ექნებათ. შეთანხმება ჯერჯერობით მხოლოდ პრინციპულია. დეტალურად პროექტი სამი თვის შემდეგ იქნება წარმოდგენილი.

დეტალებში ვინც იმალება, ეს ყველამ იცის. იგივე ეხება ვაქცინირებულის პასპორტსაც.

პირველ რიგში, გაურკვეველია, რას მოუხერხებენ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ვაქცინაციას უკუჩვენება აქვს. დროებითი უკუჩვენებების შემთხვევები, ასე თუ ისე, გასაგებია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გადატანილი კორონავირუსული ინფექცია. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა ინფექციური დაავადებებისას, გარკვეული დროით დაცდაა საჭირო და მერე უკვე თამამად შეიძლება აცრა. მაგრამ არსებობს მუდმივი ქრონიკული დაავადებები და როგორ უნდა მოიქცნენ ასეთი დაავადებულებები? ალბათ გადაადგილების უფლება უნდა შეეზღუდოთ. თანაც ქრონიკული სნეულებები მძიმეა და დაავადებულებები მალე დაიხოცებიან. არ არის ადამიანი — არ არის პრობლემა. სულაც არ არის საჭირო, რომ მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონეები აქეთ-იქით მოგზაურობდნენ ევროპაში.   

მაგრამ საქმე ამით არ შემოისაზღვრება.

მსოფლიოში ახლა უკვე არის ბევრი ვაქცინა და, დიდი ალბათობით, კიდევ მეტი იქნება. საკითხავი ისაა, კონკრეტულად რომელი ვაქცინით აცრა გასცემს ევროკავშირის სერტიფიკატის მიღების უფლებას?

ჩრდილოატლანტიკურ სამეულს – Pfizer/BioNTech-ს, Moderna-სა და AstraZeneca-ს ბიუროკრატიული წინაღობები, სავარაუდოდ, არ შეექმნებათ. „აიცერი „ფაიზერით“ და მიიღე აუსვაისი“, სხვაგვარად რაღაც დისიდენტობა გამოვა.

აი, რუსული („სპუტნიკ V“ და „ეპივაკკორონა“) და ჩინური (Sinovac Biotech, CanSino Biologics, CNBG–Sinopharm) ვაქცინების შემთხვევაში კი შესაძლოა ყველაფერი ბევრად რთულად იყოს. როგორც უნდა გამაჯანსაღებელი იყოს ისინი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვაქცინები ბრიუსელს არ დაუმტკიცებია, ამ პრეპარატებით აცრილი მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ვერ მიიღებენ საზღვრების გადასაკვეთად აუცილებელ სერტიფიკატს. ეს იმიტომ, რომ არადემოკრატიული წარმოშობის ვაქცინების მარგებლობა–მავნებლობა არა მარტო სამედიცინო, არამედ პოლიტიკური საკითხიცაა. ხოლო რა გამოდის, როდესაც საქმეში პოლიტიკა ერევა, ამას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მაგალითზეც ვხედავთ, როდესაც რუსული ნახშირწყალბადები ასჯერ უფრო საშიში გამოდის, ვიდრე „ციკლონი-B“. როგორც ცნობილია, „გეომეტრიული თეორემები ადამიანურ ინტერესებსაც რომ ეხებოდეს, მათთვის ომები დაიწყებოდა“. ხოლო თუ არადემოკრატიული წარმოშობის ვაქცინების არაღიარებით უცხოურ „დერჟავას“ უსიამოვნება მიადგება, რატომაც არ უნდა გაკეთდეს ეს?

ძალიან სახასიათოა ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლიაიენის 17 თებერვლის განცხადება: „რუსეთის სტრატეგია COVID-19-ზე ვაქცინაციის შესახებ განცვიფრებას იწვევს. რატომ სთავაზობს რუსეთი სხვა ქვეყნებს მილიონობით დოზას, როდესაც საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციაში საკმარისი პროგრესისთვის არ მიუღწევია? ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს“.

რთული სათქმელია, რა არის საკმარისი პროგრესი. და უნდა წამოჭრას თუ არა ეს კითხვა ევროპელმა ჩინოვნიკმა, როდესაც თავად ევროპაში პროგრესი აშკარად არასაკმარისია? წინააღმდეგ შემთხვევაში არც უნგრეთი შეიძენდა „სპუტნიკს“ და არც ჩეხეთი, ავსტრია და იტალია დაფიქრდებოდნენ ამაზე.

შესაძლოა ფრაუ ურსულა მე-19 საუკუნის პურის ექსპორტის პრაქტიკის განმეორებითაა აღშფოთებული: „საჭმელად არ გვეყოფა, მაგრამ გავიტანთ“. მართლაც მიჰყვება თუ არა ამჟამინდელი ჯანდაცვის სამინისტრო მაშინდელ ფინანსთა მინისტრ ვიშნეგრადსკის პრინციპებს — ეს რთული სათქმელია. კიდევ უფრო რთულია იმის გაგება, რა კავშირი აქვს ამ საკითხთან რუსული ვაქცინის ეფექტურობას. ის ან არის ეფექტური, ან — არა. მაშინ რანაირადაა ბრიუსელის მთავარი საზრუნავი რუსეთის საკმარისი პროგრესი საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციის კუთხით?

სხვა საქმეა, როდესაც რუსული ვაქცინა ნებისმიერ ფასად უნდა იყოს დეზავუირებული. კერძოდ, არ ჩაითვალოს მისით აცრა სავიზო სერტიფიკატის გაცემის საფუძვლად.

რაღა თქმა უნდა, ყველაფერი ურსულასა და მის თანამოაზრეებზე არ არის დამოკიდებული. გარდა იმათი ინტერესებისა, ვისაც რუსეთისგან გამიჯვნა სურს და საამისოდ ნებისმიერ საბაბს იყენებს, არსებობს სხვა ინეტერესების მქონე ჯგუფებიც.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოსახლეობის შემოსავლები ძალიან შემცირდა, ისინი სრულად მაინც არ გაღატაკებულან, რაც მათთვის უცხოეთში ტურიზმს არააქტუალურ თემად აქცევდა. ხოლო ბევრი ევროპული ქვეყანა (იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი და სხვ.), რომლებშიც ინფექციის აფეთქებამდე ტურიზმის წილად მთლიანი შიდა პროდუქტის 10–15% მოდიოდა და მოსახლეობის დასაქმებასაც უზრუნველყოფდა, ოცნებობენ, რომ კოვიდამდელი ვითარება და რუსი ტურისტების ფული დაბრუნდეს.

რა თქმა უნდა, შეიძლება ევროპელები ამხანაგ სუსლოვის სიტყვებით გავამხნევოთ: „იდეოლოგიაზე ეკონომიას არ ვაკეთებთ“, რაც სავიზო სერტიფიკაციასაც მოერგებოდა. მაგრამ ასეთი ხანგრძლივი პოლიტიკა სხვადასხვა სიურპრიზებით შეიძლება დამთავრდეს. პრინციპი „ჯერ თავო და თავო“ არავის გაუუქმებია, და გამუდმებით მისი ლანძღვა სახიფათოა.

ასე რომ, საკითხი, თუ რომელი ვაქცინები დაადასტურებს სამი თვის შემდეგ ვიზის მაძიებლის საიმედოობას, გახდება კიდეც მწვავე კამათის საფუძველი ფრაუ ფონ სუსლოვსა და წვრილბურჟუაზიული პრინციპის „ვინც რა უნდა თქვას, წისქვილმა კი ფქვას“ მომხრეთა შორის. 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

11
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

რას მოუტანს პოლიტიკური დესტაბილიზაცია საქართველოს ეკონომიკას

125
(განახლებულია 15:46 01.03.2021)
როგორ იმოქმედებს  საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ქვეყნის ეკონომიკაზე - სპეციალისტებს ამაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ

ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაცია საფრთხეს პირველ რიგში ლარის სტაბილურიბას და ინვესტიციების შემოდინებას შეუქმნის, განუცხადა ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ Sputnik საქართველოს.

ოპოზიციამ ორი კვირის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციებისა და პიკეტების მოწყობა დააანონსა. პროტესტის მიზეზი 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაა. აქციაზე მოითხოვენ მელიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. 

ნიკა შენგელია
ნიკა შენგელია

ნიკა მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას 2019 წელს თბილისში არეულობების საქმეზე შეუფარდეს, რადგან ეს უკანონობად მიაჩნია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებამ დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.

„ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყნის  ეკონომიკაზე უკვე ნეგატიურად მოქმედებს ის პოლიტიკური ფონი, რომელიც ქვეყანაში ნიკა მელიას დაპატიმრების შედეგად შეიქმნა. ეს დაძაბულობა თუ დროზე არ განიმუხტა, მარტო ეროვნული ვალუტის კურსის დევალვაციასთან არ გვექნება საქმე - საფრთხე შეექმნება ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინაბასაც“- ამბობს ნიკა შენგელია. 

ეკონომისტის პროგნოზით, პირდაპირი უცხოური ინვესტციების  მაჩვენებლის გაუარესებას წინა წელთან შედარებით უკვე  მიმდინარე წლის პირველ კვერტალში უნდა ველოდოთ.

„თუ შექმნილი სიტუაცია თვეზე მეტი გაგრძელდა, გაჩნდება მაღალი ალბათობა იმისა, რომ ისეთმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა როგორიცაა „Fitch“-ი და  Moody’s ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაგვიუარესოს. ეს კი უკვე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყანას და რა თქმა უნდა მის მოსახლეობასაც“ - თვლის შენგელია.  

ეკონომისტის თქმით, უკვე ვხედავთ საერთაშორისო პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებიდან წამოსულ კრიტიკას საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ეს კი შეიძლება ნეგატიურად აისახოს იმ ფინანსური დახმარების მოცულობაზე, რომლებსაც საქართველო  საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და  დასავლელი პარტნიორებისგან ღებულობს.

„იმ პირობებში როდესაც მთელ მსოფლიოში პანდემია ბობოქრობს და  ჯერჯერობით მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკებს ისევ  ავტონომიურ რეჟიმში უწევთ ცხოვრება, დახმარების გარეშე არსებობა საქართველოს გაუჭირდება“- მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტს.

ეკონომისტმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება მიმდინარე წელს კვლავ აპირებს სესხის აღებას რათა დაფაროს 500 მილიონიანი ევრობონდების დავალიანება, რომელიც 2008 წელს იქნა აღებული, გარდა ამისა ქვეყანას საბიუჯეტო შემოსავლებში კლება აქვს და ნაწილი ამ სესხებისა ხარჯვით ნაწილს უნდა მოხმარდეს.

„ამ  პრობლემების დაძლევაში ქვეყანას როგორც ვიცი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების იმედი აქვს, ამიტომ თუ მთავრობა პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მათეულ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს სანქციებიც არ დააყოვნებს, შესაბამისად გართულდება მოსახლეობისთვის ცხოვრებაც, რადგან  სესხებს და გრანტებს ვერ მივიღებთ ან უკეთეს შემთვევაში მივიღებთ უმნიშვნელოს“- ამბობს შენგელია.

მისი თქმით, მისასალმებელია ახალი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივად შემსუბუქების თაობაზე.

„იმედი მაქვს რომ მარტის ბოლოდან ეკონომიკა დაიწყებს ამოქოქვას თუნდაც ნელი ტემპებით. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო ,რომ  კომენდანტის საათის უცვლელად დატოვება კვლავ ზღუდავს იმ სექტორების სრულად ამუშავებას სადაც შეზღუდები მოიხსნა“-აღნიშნა შენგელიამ.

ნიკა შენგელიას  პროგნოზით  2021 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდა კვლავ უარყოფითი იქნება -4,9 %  ის გარშემო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ წლის განმავლობაში ახალი შეზღუდვები და ლოქდაუნები არ დაწესდა,  ეკონომიკის  2% იან ზრდაა მოსალოდნელი.

რატი აბულაძე
რატი აბულაძე

ეკონომისტი რატი აბულაძე კი მიიჩნევს, რომ ქართული ეკონომიკისთვის ძირითადი გამოწვევა არა პროტესტი ან პანდემიაა, არამედ მართვის დაბალი სტანდარტი, რეფორმების და ცვლილებების ქრონიკული საჭირობა.

„სამწუხაროდ, დღევანდელი პროცესებიც არ ემსახურება ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, არამედ ის პარტიულ კონფლიქტებს კვებას, ნულოვანი შედეგებით“, -  განაცხადა აბულაძემ.

შედეგად, საქართველოს გარდამავალი ეკონომიკის ზრდის პროგნოზირებადი მოცემულობაც მცირეა.

ეკონომისტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა საჭიროებს სტრუქტურულ ცვლილებებს, იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ეკონომიკურად პროდუქტიული საზოგადოება და ახალი ბიზნეს კლასი.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქებას, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან კომპანიებსა და საზოგადოებას, შეზღუდვების რეჟიმში ყოფნის რესურსი ამოეწურა, იმ ფონზე, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაურკვეველია.

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა და ეს, ფაქტობრივად, ყველა სფეროს შეეხო. ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ბიზნესი სტაგნაციაშია და ვინც შეინარჩუნა სამუშაო, ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის. სიტუაციას მოქმედი შეზღუდვებიც აღრმავებს. ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები აქტიურად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, რათა ეკონომიკა ნელ–ნელა გამოცოცხლდეს.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავიდან მოქალაქეების გადაადგილება იკრძალებოდა 22:00–05:00 საათამდე პერიოდში, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო, დრო ერთი საათით გაიზარდა  და  აღნიშნული შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებს.

ნატა პატარაია

 

125
შარლ მიშელი

პლებისციტი არჩევნების ნაცვლად? შარლ მიშელმა ქართულ ოპოზიციას მიმართა

17
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართული ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად კომპრომისისკენ მოუწოდა, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სტუმართან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს >>

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კვირას ეწვია. მისი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კრიზისი გამწვავდა და ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა. ის ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

„გარკვეულ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე თვის ბოლომდეა შესაძლებელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციას დაპირდნენ, რომ ევროკავშირი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესში.

„ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი... ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, - აღნიშნა სამადაშვილმა. 

პლებისციტს მხარი დაუჭირა ასევე ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ჩვენ პლებისციტს მხარს ვუჭერთ, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმების წინადადება წამოაყენა.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო“, - აღნიშნა მან.

როგორც შარლ მიშელმა ამასწინათ განაცხადა, მისი ვიზიტი მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მეტად აწუხებს ევროკავშირს და პირადად მას. ამიტომ ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ინტენსიურად იმუშაონ ვითარების განსამუხტად.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელი იმყოფებოდა მოლდავეთში. თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება.

 

17