ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის არჩევანი: წასვლა-არწასვლა საკითხავი, აი, ეს არის

83
(განახლებულია 17:19 13.01.2021)
ერთ რამეზე ვერავინ დავობს – ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რეალურად დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“ და დიდი სიყვარულითა და მხარდაჭერით მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში.

ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედი პატარა საქართველოს დიდ ისტორიაში და კიდევ ბევრი წელი გაივლის, სანამ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ძნელი სათქმელია, რომ ის პოლიტიკაში ისევე წარმატებით გაუმკლავდა საქართველოს პრობლემებს, როგორც ქველმოქმედებასა და ბიზნესში, მაგრამ საქართველოს ამ მხრივაც აქვს გარკვეული მიღწევები იმ 8 წლის განმავლობაში, რაც ის ქვეყანას ხან ფორმალურად მართავდა და ხანაც – არაფორმალურად. თუნდაც ის, რომ ქვეყანას ომის საფრთხე მართლაც არ დამუქრებია; ნელ-ნელა წინ მივიწევთ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით...

მართლაც წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ პოლიტიკიდან? ამ კითხვაზე ყველას ისეთი პასუხი აქვს, როგორც ხედავს და როგორც ხელს აძლევს. სულ ბოლოს მოგახსენებთ, რას ვფიქრობ პირადად მე, მანამდე კი, მოდით, სხვადასხვა წრეების ვერსიები მიმოვიხილოთ.

ვერსია N1 - ამ ვერსიას აქტიურად ავითარებენ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და მათი მიმდევრები - რომ ბიძინა ივანიშვილი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, ის ხვდებოდა ტრამპის სიძეს - კუშნერს და რადგან აშშ-ში საარჩევნო პროცესებში რუსეთის გავლენა და არეულობის მცდელობა შეინიშნება, ბაიდენის ადმინისტრაცია მას ანგარიშებს დაუბლოკავს, და მოსალოდნელი სანქციების შიშით ივანიშვილი ნამდვილად მიდის პოლიტიკიდანო. ამ ვერსიას აქვს რამდენიმე სუსტი მხარე. კერძოდ ის, რომ რამდენიმე დეპუტატი უკვე ღიად აცხადებს, მათ შორის უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე უთქვამს ევროპელი ელჩებისთვის, მივდივარო. მეორეც - თუ ივანიშვილი საბოლოოდ აპირებს პოლიტიკიდან დისტანცირებას, ალბათ მალე მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება, რადგან მთავრობის წევრები არც თანამოაზრეები არიან და არც ერთი გუნდის წევრები. ვნახოთ ამ მხრივ როგორ განვითარდება მოვლენები.

ვერსია N2 - მართლაც ძნელია ადამიანმა იმდენი ბრალდება და სისულელე აიტანო, რისი მოსმენა და ატანაც ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს უხდებოდა. ამის შესახებ მან აღნიშნა კიდეც გამოსამშვიდობებელ ეპისტოლეში. შესაბამისად, მართლაც აქვს 65 წლის მილიარდერ ადამიანს იმის უფლება, დრო უფრო საინტერესო საქმიანობას მოახმაროს, ვიდრე ქართველი პოლიტექსპერტების დასკვნების მოსმენაა. 21-ე საუკუნეა, ადამიანები კოსმოსზე და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის პერიპეტიებზე მსჯელობენ. ივანიშვილი თვლის, რომ ყველაფერი, რაც შეეძლო, მისცა სამშობლოს, მათ შორის დენდროლოგიური პარკისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სახით და ახლა გზას ახალგაზრდებს უთმობს. ამ ვერსიაში არის ლოგიკაც, სიმართლეც და, რაც მთავარია, სწორედ ასე ახსნა მან თავისი წასვლა.

ვერსია N3 - „ქართული ოცნების“ პოპულარობა შემცირდა, პარტიამ დიდი ვაივაგლახით მოიგო არჩევნები. ივანიშვილი ბიზნესმენია, რომელმაც იცის, რომ სააქციო პაკეტის 51 პროცენტს უნდა ფლობდეს და სანამ ეს პროცენტი 48-ზე დაბლა არ ჩამოსულა, გამარჯვებულს სურს დატოვოს ბრძოლის ველი. გარდა ამისა, საქართველოსა და მსოფლიოს წინ ურთულესი წელი ელოდება თავისი ეკონომიკური კრიზისით, გაჭირვებით, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით. მოახერხებს თუ არა ამ პრობლემებთან გამკლავებას „ქართული ოცნება“, ამას უახლოეს პერიოდში დავინახავთ და არც ის იქნება ცუდი, თუ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას, მაგალითად, ვაქცინის შეძენაშიც დაეხმარება, რათა ეკონომიკა გაზაფხულზე მაინც გაიხსნას.

ვერსია N4 - მიმდინარეობს ხელისუფლების გადაბარების პროცესი. ცნობილია, რომ 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც, პრინციპში, გაცილებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე თუნდაც საპარლამენტო არჩევნები, რადგან ადგილობრივი ხელისუფლებები ხშირად განსაზღვრავენ ადგილობრივი მოსახლეობის სიმპათიებს. ამ ვერსიის თანახმად, თუ რეალური შეთანხმება საქართველოს, დასავლეთსა და რუსეთს შორის ნამდვილად არსებობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საპარლამენტოც შეიძლება ჩატარდეს სრულად პროპორციული წესითა და ელექტრონულად, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას არა ერთპიროვნული ლიდერები, არამედ კოალიციური მთავრობა ეყოლება. რამდენად გაამართლებს კოალიციური მმართველობა, ეს კიდევ სხვა საკითხია, რადგან, პრინციპში, მასაც შეუძლია ოპერატიულად მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ კომპეტენტური ხალხისგან დაკომპლექტდება.

ვერსია N5 - და, ბოლოს, იმ ადამიანებს, ვისაც მისი ჯერ პრემიერობიდან, მერე კი პარტიიდან 2016 წელს წასვლა ახსოვს, აქვთ დეჟა-ვუს განცდა და ფიქრობენ, ვაითუ მობრუნდესო. ზოგს ეს ირაციონალურადაც სჯერა, რადგან სწორედ მასთან კომუნიკაციაზე ამყარებდა იმედებს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და დამსახურებულ ადამიანებს არასოდეს დაუკარგავთ იმედი, რომ ერთ დღეს ივანიშვილი დაუძახებდათ. შესაძლოა, ეს მოხდეს კიდეც, მაგრამ უფრო პირადი ურთიერთობების ასპექტში, რომელიც გაცილებით გულწრფელი იქნება.

ზემოთ გითხარით, ჩემს აზრს მოგახსენებთ-მეთქი. ჰოდა, რამდენადაც მოვლენების ანალიზი და ქალური ინტუიცია მეუბნება, ამჯერად ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად წავიდა ქართული პოლიტიკიდან ამ სიტყვის ვიწრო გაგებით და დროთა განმავლობაში საკუთარი გავლენების შემცირებასაც შეეცდება. მისი სახელი და საქმეები კი კიდევ დიდხანს დარჩება განსჯის საგანი. და ყოველთვის იარსებებს იმედი, რომ ვიღაცას ეს უკეთესად გამოუვა. ვნახოთ!..

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას

 

83
თემები:
ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის – მიზეზები და რეაქციები (10)
ამერიკელი სამხედრო Patriot-ის ფონზე

მოსაზრება: რისთვის სჭირდება პენტაგონს კომპაქტური ბირთვული რეაქტორები

6
(განახლებულია 14:20 19.01.2021)
ამერიკელებმა ატომური ენერგეტიკის სამხედრო მიმართულებით განვითარება გადაწყვიტეს. მოქმედმა პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას შეიარაღებული ძალებისა და კოსმოსური კვლევებისთვის მცირე სიმძლავრის ბირთვული რეაქტორების შექმნის შესახებ.

ანდრეი კოცი

პირველად 50 წლის განმავლობაში, აშშ ატომურ ენერგიას სამხედრო–საზღვაო ძალებს მიღმაც გამოიყენებს. რაში სჭირდება ვაშინგტონს ახალი კომპაქტური რეაქტორები?

სარეზერვო წყარო

აშშ–ის შეიარაღებულ ძალებში ატომური რეაქტორებით წყალქვეშა ნავები და ავიამზიდებია აღჭურვილი. ამის წყალობით ამერიკული ფლოტის ყველაზე დიდ ვიმპელებს ზღვაში განუსაზღვრელი ვადით შეუძლიათ ყოფნა.

სამხედრო–საზღვაო ძალებში ბირთვულ ენერგიას სხვა ქვეყნებიც იყენებენ. მაგალითად, ფრანგებს ჰყავთ ატომური ავიამზიდი „შარლს დე გოლი“, რუსეთს — მძიმე სარაკეტო კრეისერი „პეტრე დიდი“. მაგრამ ამერიკაში ატომმავლები ბევრად მეტია. და ამერიკელები არ აპირებენ მიღწეულზე გაჩერებას.

„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს და განახორციელებს ქვეყანაში სამხედრო ობიექტზე ენერგეტიკული მოქნილობისა და ეფექტურობის დემონსტრაციის გეგმას მცირე სიმძლავრის ატომური რეაქტორების თვალსაზრისით. ასევე ჩაატარებს მცირე სიმძლავრის მობილური რეაქტორის გამოცდას. ენერგიის მსგავსი წყაროები შეუცვლელია როგორც თავდაცვის სფეროში, ისე შორეული კოსმოსის კვლევის საკითხებში, სადაც მზის ენერგიის გამოყენება შეუძლებელია“, — იუწყება თეთრი სახლის პრესსამსახური.

კონკრეტულად რისთვის სჭირდებათ კომპაქტური ბირთვული რეაქტორები, ქვეყნის ხელისუფლება არ აკონკრეტებს. პორტალ defensenews.com–ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საუბარია არმიის ბაზებზე ენერგიის კვების სარეზერვო წყაროებზე. თუ სამხედრო ობიექტზე ელექტრობა გაითიშება, რეაქტორი ენერგიით უხრუნველყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვან აღჭურვილობას.

 ბრძანებულების ტექსტის თანახმად, პირველი პროტოტიპის გამოცდა ნახევარი წლის განმავლობაში უნდა მოხერხდეს — სპეციალისტთა ვარაუდით, ნევადის პოლიგონზე, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე დიდია აშშ–ში.

კოსმოსის დაპყრობა

არაკომერციული ორგანიზაცია Secure World Foundation–ის კოსმოსური უსაფრთხოების  ექსპერტ ბრაიან უიდენის თქმით, ბირთვული ენერგიის გარეშე შორეული ფრენების განხორციელება შეუძლებელია. მათ შორის, პილოტირებული ფრენებისა მთვარის, მარსისა თუ სხვა პლანეტების მიმართულებით. პერსპექტივაში რეაქტორები საჭირო გახდება პირველი არამიწიერი კოლონიებისთვისაც. ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ახალი ტექნოლოგიები შეიძლება ამოქმედდეს იარაღის ორბიტულ პლატფორმებზეც. პრინციპში, ეს სცენარი სრულად შეესაბამება აშშ–ის კოსმოსური ჯარების საკმაოდ აგრესიულ დოქტრინას, რომელიც კოსმოსს ბრძოლის პოტენციურ ველად განიხილავს.  

„ჩემი ვარაუდით, ამერიკელებს ეს პირველ რიგში კოსმოსური მიზნებისთვის სჭირდებათ, — მიაჩნია სამხედრო ექსპერტ ვიქტორ მურახოვსკის. — ჩვენში სიტყვათშეთანხმება „ატომური რეაქტორი“ სხვადასხვა რამეს მოიაზრებს.  პირველი — ეს არის მოწყობილობა, რომელიც ურანის დაყოფის ჯაჭვური რეაქციის საფუძველზე მუშაობს. რუსეთში მსგავსი დანადგარები უკვე შექმნილია „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონისთვის“. მეორე — ეს ენერგიის იზოტოპური ბირთვული წყაროებია, რომლებიც გამოიყენება თანამგზავრებზე, რადიოტივტივებსა და მეტეოსადგურებზე. ისინი მეტად არაეფექტურია, თუმცა არ ახლავს ძლიერი ბგერითი ფონი“.

ექსპერტის თქმით, 1950-60–ან წლებში აშშ–ცა სსრკ–ც ცდილობდნენ კომპაქტური ბირთვული რეაქტორის შექმნას თვითმფრინავებისთვის, მაგრამ ამ პროექტებზე საბოლოოდ უარი ითქვა — ყველაზე დიდ თვითმფრინავსაც კი არ შეეძლო ეკიპაჟის ბიოლოგიური დაცვის სისტემის ზიდვა. ამიტომაც რეაქტორების გამოყენება მხოლოდ დიდი  საზღვაო ხომალდებით შემოიფარგლა.

მურახოვსკის თქმით,  აქამდე ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო, შეექმნა კომპაქტური რეაქტორი დაყოფის რეაქციაზე, რომლის გამოყენებაც პილოტირებად თვითმფრინავებში, მცირე წყალწყვის გემებსა და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებში იქნებოდა შესაძლებელი. იმავდროულად ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ ამერიკელებს რუსული „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“ გამეორება სურდეთ.

„ეს სისტემები საკმაოდ სპეციფიკურია. ისინი ბირთვული ომის შემთხვევაში ნებისმიერ პირობებში გარანტირებული საპასუხი დარტყმის მიყენებისა და დასავლური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ნიველირების მიზნით შეიქმნა. ამერიკელებს უამისოდაც საკმარისად აქვთ მათი მიზნებისთვის შესაფერისი იარაღი“, — ამბობს ექსპერტი.

რადიაციის პრობლემა

ბირთვულ ძალისმიერ დანადგარს თავის დროზე კონტინენტთშორისი სტრატეგიული ბომბდამშენების, Convair B-36–ისთვის შეიქმნა, რომლებიც აშშ–ის შეიარაღებაში 1949–1959 წლებში იყო. მფრინავი ლაბორატორია NB-36H–ის ცხვირის ნაწილში 12 ტონიანი დამცავი კაფსულა დააყენეს, ხოლო ერთი მეგავატის სიმძლავრის, 1,2 მეტრი დიამტრისა და 16 ტონა წონის რეაქტორი — საბომბე ნაკვეთურში. რეაქტორი ფრენის დროს უნდა ამუშავებულიყო და ატმოსფერული ჰაერით გაგრილებულიყო. ექსპერიმენტულმა თვითმფრინავმა 47 გაფრენა შეასრულა, მაგრამ ბირთვულ ძრავს მხოლოდ მცირე დროით რთავდნენ.

თუმცა იდეა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. ასეთი საფრენი აპარატი შეიძლებოდა სტრატეგიულ ბომბდამშენად ან მზვერავად ყოფილიყო გამოყენებული, რომელსაც ჰაერში რამდენიმე დღე–ღამის განმავლობაში გაჩერების უნარი ექნებოდა საწვავის მარაგის შევსების გარეშე. მაგრამ იყო ძალიან ბევრი პრობლემა.

პირველ რიგში კი ის, რომ ნებისმიერი ატომმფრენი არსობრივად „ბინძური ბომბია“, რომელიც შეიძლება საკუთარ ტერიტორიაზევე ჩამოვარდეს; მეორე — ექსპერიმენტული ბორტი ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერებების „შლეიფს“ ტოვებდა; მესამე — ეკიპაჟი ძლიერ დასხივებას იღებდა. კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტების განვითარებამ საბოლოოდ მოუსპო ატომმფრენებს ყველა პერსპექტივა.

აშშ–ში ბირთვული რეაქტორის სახმელეთო ტექნიკაზე დაყენებაც სცადეს. 25 ტონიანი ტანკი Chrysler TV-8 არასდროს წარმოებულა მასობრივად — ის მხოლოდ სრულზომიანი მაკეტის სახით არსებობდა, რომელიც საშტატო სისტემების მხოლოდ ნაწილით იყო აღჭურვილი. მანქანა მძრაობაში ორთქლის ძრავას უნდა მოეყვანა, რომლისთვისაც ორთქლს მცირე ზომის ატომური რეაქტორი გამოიმუშავებდა. მაგრამ ამერიკელმა სამხედროებმა კორპორაცია Chrysler–ის მეიარაღეთა ინოვაციური განწყობა ვერ დააფასეს. ტანკი ზედმეტად რთულად შეფასდა, ხოლო მისი საბრძოლო შესაძლებლობები არასაკმარისად ცნეს იმისთვის, რომ ტრადიციულ მანქანებზე უარი ეთქვათ. და 1956 წლის 23 აპრილს პროექტი TV-8 დაიხურა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

6
ამერიკული სამხდრო ხომალდი ბათუმის პორტში

მოსაზრება: ვის უმიზნებს იარაღს აშშ-ის სამხედრო ფლოტი

21
(განახლებულია 22:27 18.01.2021)
აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების შტაბის მეთაურმა, ადმირალმა მაიკლ გილდეიმ უახლოესი ათწლეულის „სანავიგაციო გეგმა“ წარმოადგინა. დოკუმენტში მთავარი ისაა, რომ ამერიკული ფლოტი დომინანტი უნდა იყოს მსოფლიო ოკეანეში.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

გლობალური კონტროლის მიზანი — ეს ამერიკელების მშვიდი და მაძღარი ცხოვრებაა სამშობლოში. თუმცა ტექსტში მკაფიოდ იკვეთება სხვა ქვეყნების მიმართ ღია აგრესიაც.

მსოფლიო კონკურენტები

დოკუმენტის ავტორების თქმით, ამერიკული ფლოტი ჩართულია გრძელვადიან კონკურენციაში, რომელიც ამერიკელების უშიშროებასა და ცხოვრების სტილს საფრთხეს უქმნის. სამხედრო–საზღვაო ძალების სარდლობამ არ უნდა დაკარგოს არც ერთი წუთი, რათა ძალთა ბალანსი შეინარჩუნოს არა მარტო უახლოეს ათწლეულში, არამედ მთელი XXI საუკუნის განმავლობაში.

გლობალური სიმშვიდის „მთავარი დამრღვევები“ — ეს რუსეთი და ჩინეთია. ამერიკელი ადმირალების აზრით, სწორედ ეს ქვეყნები უთხრიან ძირს თავისუფლებას ზღვაზე, რასაც დიდი ხნის განმავლობაში მოჰქონდა სარგებელი მთელი მსოფლიოსთვის.

მოსკოვი და პეკინი ცდილობენ „უსამართლოდ გააკონტროლონ“ საზღვაო რესურსებზე წვდომა ტერიტორიული წყლების მიღმა, „აშინებენ მეზობლებს“ და „ძალით ახვევენ თავს მათ საკუთარ პრეტენზიებს“, ამასთან „შორი მოქმედების რაკეტების მიზანში ჰყავთ ამოღებული უმნიშვნელოვანესი საზღვაო გზები“.

ამერიკელებს კატეგორიულად არ მოსწონთ, რომ რუსეთი თანამედროვე სარაკეტო ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებს, ჰიპერბგერით რაკეტებსა და ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ქმნის. პენტაგონში ირწმუნებიან, რომ რუსული ფლოტი მთელ მსოფლიოში აძლიერებს აქტივობას და თავის ძალებს სულ უფრო და უფრო ახლოს განათავსებს შეერთებული შტატების სანაპიროებთან. ამიტომაც „რუსეთი აუცილებლად საიმედოდ უნდა გაკონტროლდეს“.

შეშფოთებას იწვევს სწრაფად განვითარებადი ჩინური ფლოტიც, რომელიც, ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, დღეისათვის უდიდესია მსოფლიოში. მათი თქმით, პეკინი ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეებისთვის ყველაზე გრძელვადიან და მწვავე საფრთხედ ყალიბდება.  

იმავდროულად აღინიშნება, რომ აშშ საზღვაო ზესახელმწიფოა და მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა ზღვაზე უპირატესობის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული, რისთვისაც სამხედრო–საზღვაო ძლიერების „მსოფლიო ოკეანის თითოეულ კუთხეზე“ გავრცელებაა აუცილებელი. ამერიკელები განაგრძობენ ცურვასა და ფრენას ყველგან, სადაც ამის საშუალებას საერთაშორისო სამართალი იძლევა. ამასთან ისინი განათავსებენ ძალებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, რათა კონკურენტების “გადაჭარბებული საზღვაო ამბიციები“ მოთოკონ და მათი საბრძოლო შესაძლებლობების ნიველირება მოახდინონ.

ფლოტის გაძლიერება

ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავები „აშშ-ს ბირთვული თავდასხმებისგან იცავს“, ხოლო სპეციალური ოპერაციების ძალები „მზად არიან, პასუხი გასცენ ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეს“. ადმირალები ირწმუნებიან, რომ სამხედრო–საზღვაო ძალებს აქვთ უნარი, დესანტი ნებისმიერ სანაპიროზე გადასხან სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად.

მნიშვნელოვან როლს ზღვაზე დაპირისპირებაში უახლოეს წლებში აშშ ხელოვნურ ინტელექტს ანიჭებს. ასეთმა სისტემებმა უკვე დაადასტურა ეფექტურობა და უპირატესობა ბრძოლაში, ამიტომაც ფლოტში ის მასობრივად დაინერგება.

უპილოტო საზღვაო პლატფორმებიც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. ეს დაზვერვაში უპირატესობას იძლევა და ზრდის ფლოტის საიერიშო შესაძლებლობებს. ათწლეულის ბოლოსთვის სამხედრო–საზღვაო ძალების პირად შემადგენლობას უნდა შეეძლოს თავდაჯერებით იმუშაოს რობოტიზებულ აპარატებთან.

აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალებში მიაჩნიათ, რომ ყველა მონიშნული გეგმის ხორცშესასხმელად ფლოტი უნდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს. საჭიროა მეტი ატომური წყალქვეშა ნავი და წყალზედა ხომალდი, რომლებსაც მაღალი საიერიშო შესაძლებლობები ექნებათ. ამასთან ახალი ხომალდები კომპაქტურები უნდა იყოს.

პენტაგონი კვლავინდებურად საზღვაო ძალების სიამაყედ მიიჩნევს ავიამზიდებს, რომლებიც ძალის დემონსტრირების უმთავრესი ინსტრუმენტია.

„ციფრი“ და ლაზერი

აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების სარდლობა მიიჩნევს, რომ მარტო ტექნიკით ფონს გასვლა შეუძლებელია. აუცილებელია პირადი შემადგენლობის საგულდაგულოდ გაწვრთნა. ადმირალების აზრით, „მეზღვაურებს მხოლოდ საფრთხეზე სწრაფად რეაგირება კი არ უნდა ეხერხებოდეთ, არამედ ინსტიქტურადაც უნდა შეძლონ მოწინააღმდეგის მოქმედებების წინასწარ ამოცნობა ამა თუ იმ ქვეყნის მოქალქეთა მენტალიტეტის ღრმა ცოდნის საფუძველზე“.

მოსალოდნელი კონფლიქტების სცენარი სწავლებებზე დამუშავდება მთელ პლანეტაზე — უკიდურესი ჩრდილოეთიდან წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილამდე.

საინფორმაციო და ციფრული ტექნოლოგიები აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალების სტრატეგიაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. მათ გარეშე ახლა საბრძოლო მოქმედებების წარმოება შეუძლებელია. „ციფრი“ ყველაფერს წყვეტს – იძლევა საზღვაო და სახმელეთო ბრძოლის სწრაფად და ეფექტურად წარმოების შესაძლებლობას.

საზღვაო ძალებში მიაჩნიათ, რომ „აშშ-ის მოწინააღმდეგეების ფლოტის თავდაცვის გარღვევის იმედი რაკეტების კოლოსალური რაოდენობით“ აქვთ. ამიტომ პენტაგონი აღმოჩენის არაერთ სტაციონარულ და მობილურ სისტემას აამოქმედებს, სუბმარინებისა და საზღვაო დრონების რადარებს, გააძლიერებს ხომალდებისა და თვითმფრინავების თავდაცვით შესაძლებლობებს. ამასთან ახლო ბრძოლაში, ჩვეულებრივთან ერთად, ენერგეტიკული იარაღის გამოყენებაც იგეგმება.

21
ჯანჯაფილი

როდის არის ჯანჯაფილი საზიანო: ექიმი გაფრთხილებთ

0
(განახლებულია 17:06 19.01.2021)
მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებისა, ირკვევა, რომ ჯანჯაფილის მიღება ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ჯანჯაფილი (იმბირი, კოჭა) ცნობილია მრავალრიცხოვანი სასარგებლო თვისებებით, თუმცა ზოგმა ადამიანმა ის არ უნდა გამოიყენოს, განუცხადა რადიო Sputnik-ს თერაპევტმა და დიეტოლოგმა მარია ჩერნიაევამ.

მისი თქმით, ჯანჯაფილი ძალიან სასარგებლო მცენარეა, ის შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო მიკროელემენტებს, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს და ხელს უწყობს იმუნიტეტის შენარჩუნებას.

„ჯანჯაფილი შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით მიიღოთ. ის საკმაოდ უნივერსალური პროდუქტია. მაგალითად, მშრალი სახით ჯანჯაფილი თვისებებს ხანგრძლივად ინარჩუნებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანჯაფილის ნედლი ფესვი, ჩამოხეხოთ, აურიოთ თაფლში, დაამატოთ ჩაიში, მოამზადოთ სხვადასხვა სასმელი, ნაყენი“, — აღნიშნავს დიეტოლოგი.

გარდა ამისა, აზიის ქვეყნებში ჯანჯაფილს უმატებენ წვნიანებსა და სანელებლებს და ასევე მიირთმევენ მარინადის სახითაც, რაც ასევე ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან  აქვს ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული ეფექტი.

ექიმის თქმით, მიუხედავად უამრავი სიკეთისა და გადაჭარბების დოზის არარსებობისა, მაინც არ ღირს იმბირის კილოგრამობით მოხმარება. უკეთესია, თუ მას რაიმეზე დანამატის სახით მიიღებთ დღეში 80–100 გრამის ოდენობით.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჯანჯაფილი>>

ამასთან, სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ჯანჯაფილი უკუჩვენებებს იწვევს.

„ჯანჯაფილს შეუძლია გააძლიეროს სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მოქმედება, ვინაიდან მას თავად აქვს სისხლის გამათხელებელი ეფექტი. გარდა ამისა, კოჭამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, რადგან ნაღველდენა იზრდება. კუჭის ლორწოვანი გარსის ზოგი ანთებითი ცვლილების გამწვავების დროსაც უკეთესია, ეს პროდუქტი ბოროტად არ გამოიყენოთ“, — განმარტა ჩერნიაევამ.

.

0
თემები:
ექიმი გირჩევთ