რუსი სამშვიდობოები ქალაქ შუშის შესასვლელთან

მოსაზრება: რატომ გამოჩნდნენ სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეები

80
(განახლებულია 21:32 22.12.2020)
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დაზუსტების (დელიმიტაცია–დემარკაცია) რთულ ვითარებაში რუსი მესაზღვრეები შესაძლო პროვოკაციებს აღკვეთენ და დე ფაქტო სამშვიდობო მისიას შეასრულებენ.

სომხეთის მთავრობის მეთაური ნიკოლ ფაშინიანი 21 დეკემბერს აზერბაიჯანთან მოსაზღვრე სიუნიქის პროვინციას ეწვია, რომელიც, მასმედიის ინფორმაციით, მზარდი დაძაბულების ზონა ხდება. ოლქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას იმისკენაც კი მოუწოდა, რომ ტყეში შეშის მოსაგროვებლად, საქონლის სამწყემსად ან სხვა სამეურნეო საქმეებზე წასვლისას სომეხი სამხედროების მიერ დაცულ ტერიტორიებს არ გასცდნენ.

ახლა მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი ემუქრება: სომეხი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები რუს კოლეგებთან ერთად ამწესებენ მესაზღვრეთა რაზმებს საჭირო უბნებზე.

მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ საბრძოლო პოზიციების დაზუსტება აზერბაიჯანთან საზღვრის ნაწილის დემარკაციის აუცილებლობას უკავშირდება — მას შემდეგ, რაც მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი და სომხეთის მოსაზღვრე ტერიტორიები ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა. რუსი მესაზღვრეების სამშვიდობო როლი ამ ტექნოლოგიურად რთულ ვითარებაში აშკარაა: ისინი შესაძლო ხშირი ინციდენტებისა და შეიარაღებული კონფლიქტის „რეინკარნაციისგან“ აზღვევენ ტერიტორიას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიუნიქის პროვინციის უბანსა და ზანგელანისა და ქუბათლის დასახლებებში სახელმწიფო საზღვრის დაზუსტებას ისიც ართულებს რომ გზის „საბჭოთა“ 21-კილომეტრიანი უბანი არ შეესაბამება ორი რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შექმნილ კონფიგურაციას. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ემოციურად მგრძნობიარე დემარკაციის პროცესი, რომელიც სსრკ-ის რუკების მიხედვით ხორციელდება, უახლოეს დღეებში დასრულდება და გზაზე, რომელიც სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარს მარყუჟად ერტყმის, უსაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს. რუსი მესაზღვრეები გორისი–დავიდ ბეგის გზის მონაკვეთზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად სამუდამოდ განთავსდებიან.

ამ ფონზე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი 18 დეკემბერს ერევანსა და ბაქოს ეწვია, რათა მაქსიმალურად ზუსტად მიეტანა ნიკოლ ფაშინიანამდე და ილჰამ ალიევამდე მოსკოვის პრინციპული პოზიცია საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაციასთან და ასევე რეგიონული მშვიდობის განმტკიცებასთან დაკაშირებით.

პასუხისმგებლობის ზონის გაფართოება

ერევნის ინფორმაციით, ბოლო დღეებში სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიღმა საბრძოლო მოქმედებების განახლების ალბათობა გაიზარდა. ესკალაცია შეიძლებოდა სიუნიქის პროვინციაზეც გავრცელებულიყო. სომხეთის საერთაშორისო საზღვრების განმტკიცება უსაფრთხოების ახალ გარანტიებს ქმნის, მით უმეტეს, რომ რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო ჯარები, თავად ფაშინიანის თქმით, „სრულად არის ჩართული სიუნიქში“.

სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის ФСБ-ს ოთხი სასაზღვრო რაზმი მანამდეც იდგა, ვიდრე სექტემბერში მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდებოდა — სულ დაახლოებით 4 500 კაცი. ძირითადი ყურადღება სომხეთ–თურქეთს შორის 300 კმ-ზე მეტი საზღვრის დაცვას ეთმობოდა.

9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების შესაბამისად, რუს მესაზღვრეებს ახალი ამოცანები გაუჩნდათ ლაჩინისა და ნახჭევნის კორიდორებში, რომლებიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან, ხოლო აზერბაიჯანს მის შემადგენლობაში შემავალ ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკასთან აკავშირებს.

ნოემბრის ბოლოს სომხეთის სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მთიან ყარაბაღში მშვიდობის შესანარჩუნებლად, სომხური მხარის თხოვნით, რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველომ დამატებითი 188-კაციანი რეზერვი და საჭირო რაოდენობის ტექნიკა გამოყო სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე განსათავსებლად. დღეს მაღალია რუსეთის ФСБ-ს რეგიონული სამმართველოს ახალი ძალების გამოჩენის ალბათობაც.

თავდაპირველად სამმხრივი შეთანხმება არ ითვალისწინებდა რუსი მესაზღვრეების მიერ უშუალოდ სომხეთ–აზერბაიჯანის დაახლოებით 1000-კილომეტრიანი საზღვრის დაცვას, მაგრამ რუსეთის ФСБ-ს „მწვანე ბერეტები“ ირანთან საზღვრის სომხურ მხარეზე 2017 წლიდან დგანან. შესაძლოა ერევანსა და ბაქოში ბორტნიკოვის ვიზიტი უკავშირდებოდეს კიდეც რუსი მესაზღვრეების შეყვანას სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთის მხრიდან.

მსგავსი კონფიგურაცია ხელსაყრელია მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ორივე მხარისთვის, ვინაიდან საიმედოდ უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ობიექტურად უწყობს ხელს აზერბაიჯანის ეკონომიკის დემილიტარიზაციას, რომლის სამხედრო ხარჯები 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის 15%-ს გადასცდება.

რეგიონული მშვიდობის საფრთხეები

ყარაბაღში რუსი მესაზღვრეების ყოფნას შეუძლია „ჩააბეტონოს“ მხარეთა პოზიციები, რომლებიც 2020 წლის 9 ნოემბერს ჩამოყალიბდა, და ხილულ პერსპექტივაში რეგიონულ სტაბილურობასაც მოემსახუროს.

ალექსანდრ ბორტნიკოვის სწრაფი მივლინება სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა სამზადისი იყოს ახალი სამმხრივი სახელმჭიფოთშორის შეთანხმებისთვის სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. გარდა რუსეთის პასუხისმგებლობის ზონის გაფართოებისა, ერევანსა და ბაქოში მაღალჩინოსნებს შეიძლება თურქეთის აზერბაიჯანში მზარდი სამხედრო ყოფნის თემაზეც ემსჯელათ.

მანამდე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ ანკარა „აზერბაიჯანელი ძმებისთვის სამართლიან საქმეში“ დახმარებას განაგრძობს — სამხედროების წვრთნის კუთხით, ერთობლივი მანევრების ჩათვლით. ანკარის ძმური დახმარების იდეალიზება არ ღირს, თურქეთი ხომ ნატოს წევრი ქვეყანაა, რომელიც უმთავრესად „ძალის პროეცირებას“ ახდენს და პლანეტის ენერგორესურსების გაკონტროლებისკენ ისწრაფვის.

როგორც სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ: „აზერბაიჯანის წარმოსახვითი გამარჯვება, რომელიც ადამიანებისა და მატერიალური საშუალებების მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად არის მიღწეული, საინტერესოა მომავლის საომარი მოქმედებებისთვის“.

ყარაბაღის კონფლიქტმა წარმოაჩინა ახალი ოპერატიული კონცეფციებისა და ძალთა სეტეცენტრიულ სტრუქტურაზე გადასვლის აუცილებლობა. მომდევნო ათწლეულებში მაღალი ინტენსივობის ბრძოლებში უპირატესობა მცირე, საშუალო და დიდი „დერჟავების“ შეიარაღებულ ძალებს ექნებათ, რომლებიც ყველაზე უკეთ შეათავსებენ მოძველებულ და ახალ ტექნოლოგიებს. კარგი წვრთნა და კარგად აღჭურვილი არმიები ყოველთვის ამარცხებენ უდისციპლინო არმიებს, მიუხედავად ამ უკანასკნელთა ტექნოლოგიური უპირატესობებისა.

დასავლეთში სამხრეთ კავკასია საცდელ პოლიგონად თუ იპოდრომად აღიქმება. უცხოელი სამხედრო ანალიტიკოსები ცივად ანგარიშობენ გაგრძელების ვარიანტებს. ამ გეოპოლიტიკურ თამაშში არ ფიქრობენ სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის რეალურ უსაფრთხოებაზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

80
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან: 2021 სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი

30
(განახლებულია 17:39 22.01.2021)
გულშემატკივრები ტოკიოში ქართველი ოლიმპიელების გამოსვლას ელოდებიან. საინტერესო წელი იქნება ქართული რაგბისთვისაც. პარალელურად ფეხბურთელები განაწყენებული ქომაგის გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო გადაიდო ან სულაც ჩაიშალა 2020 წელს დაგეგმილი უამრავი სპორტული ღონისძიება. გულშემატკივართათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო გასულ წელს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გადადება. კორონავირუსთან ვაქცინაციით დაწყებულ ბრძოლას მსოფლიო საზოგადოება იმედის თვალით შეჰყურებს, რაც ჩვენც იმედს გვაძლევს, რომ 2021 წელი სპორტული თვალსაზრისით ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

იმედიანად არის განწყობილი ქართველი ქომაგიც, რადგან ქართულ სპორტს საინტერესო წელი ელოდება და ფედერაციები გარკვეულ სახეობებში მსოფლიო ტურნირებზე უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვებას გეგმავენ.

მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია, რომელიც შარშან უნდა გამართულიყო. ოლიმპიადის ლიცენზიები ქართველი სპორტსმენების ნაწილს უკვე მოპოვებული აქვს, დანარჩენები კი ოლიმპიადამდე დაგეგმილ ტურნირებზე იბრძოლებენ ლიცენზიების მოსაპოვებლად. რთული წელი ექნებათ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში განცდილი მარცხით გულშემატკივრებს გული დასწყვიტეს. საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მუნდიალისთვის შესარჩევ ეტაპს გაივლის, სადაც უძლიერეს მეტოქეებთან მოუწევს გაჯიბრება. რაც შეეხება კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს, ისინი ევრობასკეტის ბოლო საკვალიფიკაციო ფანჯრის (ბაბლის) მასპინძლები იქნებიან. მოუთმენლად ველით UFC-ში ჩვენი მებრძოლების გამოსვლებსაც, მიუხედავად პანდემიისა, მათ 2020-ში უამრავი სიხარული გვაჩუქეს. ასევე წინ გველის ძიუდოში თბილისის გრანდ-სლემი და უამრავი სხვა სპორტული ღონისძიება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება

იაპონიის დედაქალაქმა ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის 12,5 ათასზე მეტი სპორტსმენის გამოსვლას ელოდებიან, ერთი წლის დაგვიანებით - 2021 წლის ზაფხულში უნდა უმასპინძლოს.

ოლიმპიადის ხსენებაზე ქართველ გულშემატკივარს პირველი ალბათ ლაშა ტალახაძე გაახსენდება. ჩვენი გოლიათის მარცხს სხვა ქვეყნის სპორტის ქომაგები და წარმომადგენლებიც კი არ განიხილავენ და მით უფრო მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება ქართველ ქომაგს. ტალახაძის უსაზღვრო შესაძლებლობებიდან და არაამქვეყნიური ძალიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ერთი ოლიმპიური ოქროს იმედი ამ სახეობაში ნამდვილად უნდა ჰქონდეს. თუმცა ბოლო ხანს, ტალახაძის გარდა, არაერთმა ქართველმა ძალოსანმა მიაღწია წარმატებას საერთაშორისო ტურნირებზე და არ არის გამორიცხული, ფედერაციას კიდევ ჰქონდეს დაგეგმილი ოლიმპიური მედლები.

ტრადიციულად საქართველოს მედლების მოპოვების დიდი შანსი ექნება საჭიდაო სპორტის სახეობებში. საინტერესო იქნება ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობა, სადაც უამრავი ახალი სახე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ წელი წარმატებით დაიწყეს ტატო გრიგალაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა, რომლებმაც დოჰას მასტერსზე გამოსვლა ოქროს მედლებით დაასრულეს. არ უნდა დაგვავიწყდეს თავისუფალი სტილით ჭიდაობა, სადაც ყველაზე მეტად გენო პეტრიაშვილის იმედი გვაქვს.

რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღინიშნოს მსოფლიო სპორტში ისეთი ფენომენალური მოვლენა, როგორიც ჩვენი მსროლელი ნინო სალუქვაძეა, რომელიც თავის მე-9 (!) ოლიმპიადაზე მიდის. წარმატებები ვუსურვოთ ნინოს და იმედი ვიქონიოთ, რომ მასთან ერთად ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვა სახეობებშიც მოუტანენ ქვეყანას ჯილდოებს.

დიდი იმედგაცრუების შემდეგ საფეხბურთო ნაკრები მუნდიალის შესარჩევისთვის ემზადება

კარგი იქნება, თუ კორონავირუსთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად დავიწყებას მიეცემა 2020 წლის ქართული ფეხბურთის წარუმატებლობაც. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მარცხის შემდეგ ბევრმა ადამიანმა კიდევ ერთხელ აიცრუა გული ქართულ ფეხბურთზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება. მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს ნამდვილად რთული გზა აქვთ გასავლელი. ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა.

მუნდიალის შესარჩევზე საქართველო პირველ შეხვედრას 2021 წლის 25 მარტს სტუმრად გამართავს შვედეთის წინააღმდეგ, 11 ნოემბერს კი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში კვლავ შვედებთან მოგვიწევს დაპირისპირება.

ნაკრების სხვა პრობლემებს ახლა ისიც დაემატა, რომ სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმერ ვაისის წასვლის შემდეგ ფედერაცია ისევ ნაკრების ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული კლუბებიც. ევროსარბიელზე, მსგავსად წინა სეზონებისა, კვლავ ოთხი გუნდი იასპარეზებს. ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და „გაგრა“ (თასის გამარჯვებული) უეფას ახალ საკლუბო ტურნირზე – კონფერენს ლიგაზე გასვლას შეეცდებიან.

ქართველი მორაგბეებისთვის წელი რუსეთთან შეხვედრით იწყება

„ბორჯღალოსნები“ 2021 წლის პირველ შეხვვედრას რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან 6 თებერვალს გამართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ჩვენი ნაკრებისთვის აღნიშნული შეხვედრა არაფერს წყვეტს, მაყურებელი ქართველ მორაგბეთა მატჩებს ყოველთვის სულმოუთქმელად ელოდება. „დათვებს“ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე უნდა შევხვედროდით, თუმცა ამ შემთხვევაშიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გადაიდო.

შემდეგ კი ლევან მაისაშვილის შეგირდებს წინ რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ელით, რომელიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. საუბარია ასევე ზაფხულში გასამართ ტესტ-მატჩებზე, რომლებიც "ბორჯღალოსნებმა" შესაძლოა არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართონ.

კალათბურთელები ევრობასკეტისთვის გახურდებიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წელს ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ბოლო ოთხ შეხვედრას, ე.წ. „ბაბლს“ უმასპინძლებს. 2021 წლის თებერვალში ჩვენი ნაკრები ჯერ სერბეთის დამარცხებას შეეცდება, შემდეგ კი ფინეთის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის შეგირდებმა „ბაბლის“ პრინციპით ფინეთში გამართულ ნოემბრის ფანჯარაში წარმატებულად იასპარეზეს. ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელ ფინეთთან გამარჯვების შემდეგ შვეიცარიაც დაამარცხეს და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნეს.

საქართველო ევრობასკეტი-2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს. მიუხედავად ამისა, ქართველ კალათბურთელებს თავი არ დაუზოგავთ და შესარჩევი ეტაპის აქამდე გამართული ყველა მატჩი მოიგეს, თანაც უმეტესი მათგანი – სერიოზული საკადრო დანაკლისების პირობებში. მეორე მხრივ, ძირითადი შემადგენლობის დანაკლისმა გამოავლინა პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც ნაკრებს მომავალში უდავოდ გამოადგებიან.

2021 წლის ზაფხულში საქართველო 20 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონსაც მიიღებს.

შერეულ ორთაბრძოლებში ქართველი სპორტსმენები თანდათან სახელს იხვეჭენ

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, შერეული ორთაბრძოლები პოპულარული გახდა. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი UFC-სკენ არის მიმართული, სადაც ექვსი ქართველი სპორტსმენი გამოდის.

ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე – ეს იმ მებრძოლთა ჩამონათვალია, რომლებმაც გასულ წელს თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრეს, და არ არის გამორიცხული, რომ ქართველ მონაწილეთა რიცხვი მიმდინარე სეზონისთვის კიდევ გაიზარდოს.

აღნიშნული ექვსი მებრძოლისგან 2021 წელს ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალურ თავდადებასა და წარმატებებს ელოდება. UFC-ში ქართველთა მომავალი მეტოქეების ვინაობა წლის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ასე რომ, წელს საინტერესო სპორტული 2021 გველოდება, წარმატებების იმედით დაველოდოთ წლის ბოლოს შეჯამებას.

 

30
საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ხელისუფლება და ოპოზიცია მესამე ძალის მოლოდინში

127
(განახლებულია 18:18 21.01.2021)
ხელისუფლება საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 100 კაცამდე შევსებას ელოდება, ოპოზიციის ნაწილი კი, როგორც ირკვევა, ელოდება, როდის დაიმშევა ხალხი და გამოვა ქუჩაში. მისი რადიკალური ფრთა არ მალავს, რომ საგაზაფხულოდ აქციებისთვის ემზადება.

როგორც ჩანს, არც ხელისუფლების ოცნებას უწერია ასრულება და არც რადიკალური ოპოზიციის. ხელისუფლების იმიტომ, რომ საგაზაფხულო სესიამდე 10 დღით ადრე 54 ოპოზიციონერი მყარად დგას იმ აზრზე, რომ პარლამენტში არ შევა. ოპოზიციას კი, რომელსაც საგაზაფხულოდ გრძელვადიანი და მრავალრიცხოვანი აქციების მოწყობა სურს, ავტორიტეტი ისედაც არ გაზრდია 2012 წლის შემდეგ და ახლა სულ შემოეხა ტანზე დარჩენილი რეიტინგი ამდენ ლანძღვა-გინებასა და გარჩევებში, და რისი იმედი აქვს, ძნელი სათქმელია.

პარალელურად არსებობს იდეა მესამე ძალის შექმნასა და გაძლიერებაზე ადგილობრივი და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისათვის. როგორც ჩანს, სწორედ ამ ძალას გულისხმობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკაში ერთჯერადად დაბრუნებას არ გამორიცხავს.

საქმე ისაა, რომ ე.წ. მესამე, დასავლური ძალა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძის გარშემო ვერ ჩამოყალობდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საქართველოში ბანკირები დიდად არ უყვართ და მათ მხოლოდ ჩრდილიდან შეუძლიათ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა და ფულის კეთება. მიუხედავად „ლელოს“ კარგი სტარტისა, მათ დასაწყისი უკეთესი ჰქონდათ, ვიდრე რეალური შედეგი. არავინ ელოდა, რომ ეს გაერთიანება 10 პროცენტსაც კი ვერ აიღებდა.

ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ გაზაფხულზე ახალი პროდასავლური გაერთიანება გამოიკვეთოს ექს-პრეზიდენტ მარგველაშვილის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის უსუფაშვილის, ექსპერტ გია ხუხაშვილისა და მათი თანამოაზრეების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს არც გმირი ბაზალეთის ტბის ძირიდან და არც მათი დამფინანსებელი, სავარაუდოდ, ისინი შეეცდებიან რესურსი დასავლეთის რომელიმე ადმინისტრაციაში მოძებნონ, რადგან არა მხოლოდ აშშ, არამედ ევროპაც უდიდესი ცვლილებების წინაშე დგას – 16-წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტიდან თვით მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი ანგელა მერკელი მიდის, რამაც შეუძლებელია, ცვლილებები არ გამოიწვიოს საქართველოს კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორის, გერმანიის საგარეო პოლიტიკაში.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოსვლას გეგმავს ლევან ვასაძე, ყოფილ დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელიც, ალბათ, „პატრიოტებს“ უფრო წაართმევს ხმებს, ვიდრე ლიბერალურ ძალებს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სერიოზული იდოლოგიურ-საკადრო კრიზისია და ძალთა ახალი კალეიდესკოპის დალაგება დროსა და რესურსებს მოითხოვს.

127
ტოკიოს ოლიმპიადის ლოგოტიპი

კიდევ გადაიდება თუ არა ტოკიოს ოლიმპიადა: IOC-ი კომენტარს აკეთებს

0
(განახლებულია 22:27 22.01.2021)
IOC (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი), თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი და ტოკიოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოება უზრუნველყოს

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი ამ ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გადადებას ან გაუქმებას გამორიცხავს, მიუხედავად მედიაში გავრცელებული ხმებისა, ნათქვამია IPC-ის განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის ხელისუფლებამ თამაშების გაუქმების შესახებ შეუთანხმებელი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კონცენტრირდება. იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის მოადგილემ მანაბუ საკაიმ უარყო ეს ინფორმაცია.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), IPC, საორგანიზაციო კომიტეტი „ტოკიო 2020“ და ყველა პარტნიორი განწყობილია თამაშების წარმატებით ჩატარებაზე და ორიენტირებულია ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების უსაფრთხო და საიმედო ორგანიზებაზე. ეს პოზიცია არ შეცვლილა და დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა IOC-მა, „ტოკიო 2020-მა“ და იაპონიის მთავრობამ“, — ნათქვამია IPC -ის განცხადებაში.

თავის მხრივ, ოლიმპიური თამაშების მინისტრმა სეიკო ჰასიმოტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა, საორგანიზაციო კომიტეტი და ტოკიოს ხელისუფლება განაგრძობს სპორტული ფორუმისთვის მზადებას.

ამასთან, ზოგი მაღალი რანგის იაპონელი ჩინოვნიკი არ გამორიცხავს თამაშების გადადებას. ოსაკას პრეფექტურის გუბერნატორმა იოსიმურა ჰიროფუმიმ განაცხადა, რომ ოლიმპიადის გადადება არ სურთ, მაგრამ „გადატანა რეალურია“.

ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა