ერდოღანი ევროკავშირის დროშის ფონზე

მოსაზრება: თურქეთის საქციელის შესაცვლელად, ანუ რისთვის სჯის დასავლეთი ერდოღანს

48
(განახლებულია 20:34 16.12.2020)
თურქეთის ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან მწვავე კრიზისს განიცდის და მხარეებს შორის კომპრომისით დაინტერსება ჯერჯერობით არ შეინიშნება.

გალია იბრაგიმოვა

ევროკავშირმა ანკარას სანქციები დაუწესა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში წარმოებული საბურღი სამუშაოების გამო, ამერიკელებმა კი ზეწოლა გააძლიერეს რუსული საზენიტო–სარაკეტო სისტემების შეძენის გამო. როგორ ისახება ეს ნატოს შიგნით არსებულ მდგომარეობაზე?

ანკარის შეკავება

„თურქეთი ცალმხრივად აწყობს პროვოკაციებს და აძლიერებს რიტორიკას ევროკავშირის წინააღმდეგ. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში ანკარა ბურღვით სამუშაოებს განაგრძობს მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანონოა“, — განაცხადეს ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა.

ანკარის აქტიურობის გასაზომიერებლად ევროპელებმა თურქი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს: მათ აეკრძალათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და ასევე იყინება მათი ევროპული აქტივები.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხთა ხელმძღვანელს ჟოზეფ ბორელს დამატებითი შეზღუდვების შემუშავება უწევს. ანგელა მერკელი მოუწოდებს – არა მარტო გადაიხედოს ანკარის როლი ევროპულ საქმეებში, არამედ თურქეთის გავლენაც გაანალიზდეს სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში. დასკვნები წარმოდგენილი იქნება მოხსენებაში, რომელიც მარტში გავა განხილვაზე.

პირველი ანტითურქული სანქციები ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაწესდა. მიზეზი იგივე იყო — აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაზის საბადოების არაკანონიერი დაზვერვა. მაგრამ ამან ერდოღანი ვერ შეაკავა. ზაფხულში მან განაცხადა, რომ ბურღვა გაგრძელდებოდა.

„სანქციები თვიმიზანი არ არის“

ზეწოლის გაძლიერების კვალდაკვალ ბრიუსელი მაინც ტოვებს სივრცეს მანევრისთვის. სამიტის კომუნიკეში „თურქულ–ევროპული პოზიტიური დღის წესრიგის“ მნიშვნელობაა ხაზგასმული.

„სანქციები — ეს ევროპის სიმტკიცის დემონსტრაციაა. მაგრამ ეს თვითმიზანი კი არ არის, არამედ ინსტრუმენტია ანკარის ქცევის შესაცვლელად. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიალოგისთვის და მზად ვართ კონსტრუქციული მუშაობისთვის“, — განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერის სიტყვები შემოდგომაზე პარიზსა და ანკარას შორის გამწვავების გაგრძელებად შეფასდა. მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობის შემდეგ, რომელიც მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა, მაკრონმა ისლამის კრიზისისა და სახელმწიფოს საერო ფასეულობების დაცვის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება. ერდოღანმა პასუხად მას „ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება“ ურჩია.

მაკრონს ევროპის ქვეყნების ლიდერებმა დაუჭირეს მხარი და დაგმეს მუსლიმების მცდელობა, ტერაქტები მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით აეხსნათ. საფრანგეთი–თურქეთის პოლემიკა ლამის სანქციათა მორიგ ომში გადაიზარდა, მაგრამ საქმეში ამერიკელები ჩაერივნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხედრო–პოლიტიკურ საკითხებში კლარკ კუპერმა განაცხადა, რომ თურქეთი ალიანსის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.

„ნატოს ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ თურქეთი დასავლეთ ორბიტაზე. რა თქმა უნდა, არ შეიძლება რეაგირება არ მოვახდინოთ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში პროვოკაციებზე, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ფლანგზე ძველებურად ანკარაზეა დამოკიდებული. ამერიკას სურს გახდეს თურქების ალიანსში პასუხისმგებლიანი ქმედებების გარანტი. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმარჯვებს რუსეთი“, — ასე გადმოსცა კუპერმა ვაშინგტონის პოზიცია.

ამერიკული მუქარები

ოკეანის გაღმიდან გახმოვანებულმა შემრიგებლურმა გამონათქვამებმა ევროპელები დააყურადა. თურქეთსა და ამერიკას შორის ხომ გასული წლიდან გრძელდება დავა ანკარის მიერ რუსული С-400-ების შეძენის გამო.

ვაშინგტონი ჯიუტად არწმუნებდა ერდოღანს, უარი ეთქვა მოსკოვთან გარიგებაზე და ემუქრებოდა, რომ ბომდამშენ–გამანადგურებელ F-35-ებს აღარ მიჰყიდდა. მაგრამ თურქეთის ხელისუფლება გამწვავებაზე წავიდა და ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვით დაიმუქრა ინჯირლიკსა და ქიურეჯიკში. პენტაგონს ეს ბაზები სირიასა და ერაყში ოპერაციებისთვის ესაჭიროება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამასთან ეს ბაზები ევროპაში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ნაწილად მიიჩნევა.

ამერიკელებმა ტონს დაუწიეს და ერდოღანმაც აღიარა ნატოს მნიშვნელობა თურქეთისთვის.

ანკარის რიტორიკა მცირედ შეიცვალა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგაც. და მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში ის ხშირად აკრიტიკებდა ერდოღანის რეჟიმს, თურქეთში ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ.  

აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. სამაგიეროდ მიანიშნა, რომ ამერიკა შეწყვეტს ნატოსგან დისტანცირებას. ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენისთვის საქმეების გადაცემამდე განზრახული აქვს შეამციროს ამერიკის მონაწილეობა ნატოს ოპერაციებში ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში.

უფრო მეტიც, CAATSA-ს ფარგლებში (კანონი ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ) შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ანკარას რუსული С-400-ების შეძენის გამო. ერდოღანმა ამას „ნატოელი პარტნიორისადმი უპატივცემულობა“ უწოდა.

„ჩვენ მტკიცე პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები გვაქვს აშშ-თან და ევროკავშირთან, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია. სანქციები საზარალოა. ველოდებით, რომ ჩვენი პარტნიორები ობიექტურობას გამოიჩენენ“, — შენიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ნატო დამოუკიდებლობას ხელს არ უშლის

„როგორი ურთიერთობაც უნდა ჩამოყალიბდეს ერდოღანმა და ნატოს შორის, თურქულ საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი — ალიანსის წევრობა ხელსაყრელია. ეს თურქეთს ბევრ შესაძლებლობას აძლევს. ნატოს გარეშე ერდოღანს ძალიან გაუჭირდებოდა ლიბიისა თუ სირიის კონფლიქტში ჩართვისთვის საფუძვლის მოძებნა“, — აცხადებს ანკარის პოლიტიკურ კვლევათა ცენტრის ექსპერტი ორჰან გაფარლი.

პოლიტოლოგი კიდევ ერთ უპირატესობას იმაში ხედავს, რომ ალიანსი თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს ურთიერთშეუთანხმებლობების მოგვარებაში უწყობს ხელს.

„ავიღოთ თუნდაც ანკარის კონფლიქტები საბერძნეთთან და კვიპროსთან, ან თუნდაც საფრანგეთთან. ესკალაციების თავიდან აშორება დიდწილად სწორედ იმის წყალობით ხერხდება, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრები არიან. ალიანსი მოდერატორის როლშია. მართალია ისიც, რომ ალინსის წევრობა ეხმარება ანკარას, დაბლოკოს საბერძნეთის, კვიპროსისა თუ საფრანგეთის ქმედებები, თუ მათში ანტითურქული ქვეტექსტი შეინიშნება“, — აღნიშნა გაფარლიმ.

ამასთან ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ერდოღანი ნატოს წევრობას დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებისთვის ხელის შემშლელად აფასებს.

თურქულ–ფრანგული პოპულიზმი

მაკრონისა და ერდოღანის კონფლიქტი განხეთქილებას არ გამოიწვევს. თურქეთსა და საბერძნეთს შორის ყოველთვის იყო დაძაბულობა, მაგრამ ღია ომში ეს არც ერთხელ არ გადაზრდილა სწორედ იმიტომ, რომ ორივე მხარე ნატოს წევრია“, — აცხადებს ცენტრ „ობსერვერის“ ანალიტიკოსი იგორ დელანოე.

РИА Новости-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ თურქეთში 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანი რამდენადმე დისტანცირდა ალიანსისგან. თუმცა ნატოდან მისი გასვლის საკითხი ჯერჯერობით არ დგას.

„აშშ ანკარას არ მისცემს ალიანსის დატოვების უფლებას. სწორედ თურქეთის გავლით აპირებენ ამერიკელები გავლენის გაძლიერებას კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“, — დარწმუნებულია დელანოე.

ადრე თუ გვიან, სპეციალისტის აზრით, დარეგულირდება თურქეთ–საფრანგეთის ურთიერთობებიც. მით უმეტეს, რომ ქვეყნებს შორის ფუნდამენტური შეუთანხმებლობები არ არსებობს.

„ერდოღანსა და მაკრონს არაერთხელ გამოუჩენიათ მოქნილობა საგარეო პოლიტიკაში. გაიხსენეთ თუნდაც თურქეთსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ივლისამდე. ის სწრაფად მოგვარდა ურთიერთხელსაყრელი ვითარების პირობებში. მაკრონმა არაერთხელ შეიცვალა მოსაზრებები და პოპულიზმისადმი მიდრეკილებაც გამოაჩინა. პარიზსა და ანკარას შორის კონფლიქტი, ასე თუ ისე, მაინც გადაწყდება“, — ვარაუდობს დელანოე.

მაგრამ ჯერჯერობით კომპრომისით დაინტერსება არ შეინიშნება — თურქეთის საფრანგეთთან და მთელ ნატოსთან ჭიდილი გრძელდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

48
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან: 2021 სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი

23
(განახლებულია 17:39 22.01.2021)
გულშემატკივრები ტოკიოში ქართველი ოლიმპიელების გამოსვლას ელოდებიან. საინტერესო წელი იქნება ქართული რაგბისთვისაც. პარალელურად ფეხბურთელები განაწყენებული ქომაგის გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო გადაიდო ან სულაც ჩაიშალა 2020 წელს დაგეგმილი უამრავი სპორტული ღონისძიება. გულშემატკივართათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო გასულ წელს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გადადება. კორონავირუსთან ვაქცინაციით დაწყებულ ბრძოლას მსოფლიო საზოგადოება იმედის თვალით შეჰყურებს, რაც ჩვენც იმედს გვაძლევს, რომ 2021 წელი სპორტული თვალსაზრისით ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

იმედიანად არის განწყობილი ქართველი ქომაგიც, რადგან ქართულ სპორტს საინტერესო წელი ელოდება და ფედერაციები გარკვეულ სახეობებში მსოფლიო ტურნირებზე უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვებას გეგმავენ.

მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია, რომელიც შარშან უნდა გამართულიყო. ოლიმპიადის ლიცენზიები ქართველი სპორტსმენების ნაწილს უკვე მოპოვებული აქვს, დანარჩენები კი ოლიმპიადამდე დაგეგმილ ტურნირებზე იბრძოლებენ ლიცენზიების მოსაპოვებლად. რთული წელი ექნებათ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში განცდილი მარცხით გულშემატკივრებს გული დასწყვიტეს. საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მუნდიალისთვის შესარჩევ ეტაპს გაივლის, სადაც უძლიერეს მეტოქეებთან მოუწევს გაჯიბრება. რაც შეეხება კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს, ისინი ევრობასკეტის ბოლო საკვალიფიკაციო ფანჯრის (ბაბლის) მასპინძლები იქნებიან. მოუთმენლად ველით UFC-ში ჩვენი მებრძოლების გამოსვლებსაც, მიუხედავად პანდემიისა, მათ 2020-ში უამრავი სიხარული გვაჩუქეს. ასევე წინ გველის ძიუდოში თბილისის გრანდ-სლემი და უამრავი სხვა სპორტული ღონისძიება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება

იაპონიის დედაქალაქმა ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის 12,5 ათასზე მეტი სპორტსმენის გამოსვლას ელოდებიან, ერთი წლის დაგვიანებით - 2021 წლის ზაფხულში უნდა უმასპინძლოს.

ოლიმპიადის ხსენებაზე ქართველ გულშემატკივარს პირველი ალბათ ლაშა ტალახაძე გაახსენდება. ჩვენი გოლიათის მარცხს სხვა ქვეყნის სპორტის ქომაგები და წარმომადგენლებიც კი არ განიხილავენ და მით უფრო მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება ქართველ ქომაგს. ტალახაძის უსაზღვრო შესაძლებლობებიდან და არაამქვეყნიური ძალიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ერთი ოლიმპიური ოქროს იმედი ამ სახეობაში ნამდვილად უნდა ჰქონდეს. თუმცა ბოლო ხანს, ტალახაძის გარდა, არაერთმა ქართველმა ძალოსანმა მიაღწია წარმატებას საერთაშორისო ტურნირებზე და არ არის გამორიცხული, ფედერაციას კიდევ ჰქონდეს დაგეგმილი ოლიმპიური მედლები.

ტრადიციულად საქართველოს მედლების მოპოვების დიდი შანსი ექნება საჭიდაო სპორტის სახეობებში. საინტერესო იქნება ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობა, სადაც უამრავი ახალი სახე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ წელი წარმატებით დაიწყეს ტატო გრიგალაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა, რომლებმაც დოჰას მასტერსზე გამოსვლა ოქროს მედლებით დაასრულეს. არ უნდა დაგვავიწყდეს თავისუფალი სტილით ჭიდაობა, სადაც ყველაზე მეტად გენო პეტრიაშვილის იმედი გვაქვს.

რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღინიშნოს მსოფლიო სპორტში ისეთი ფენომენალური მოვლენა, როგორიც ჩვენი მსროლელი ნინო სალუქვაძეა, რომელიც თავის მე-9 (!) ოლიმპიადაზე მიდის. წარმატებები ვუსურვოთ ნინოს და იმედი ვიქონიოთ, რომ მასთან ერთად ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვა სახეობებშიც მოუტანენ ქვეყანას ჯილდოებს.

დიდი იმედგაცრუების შემდეგ საფეხბურთო ნაკრები მუნდიალის შესარჩევისთვის ემზადება

კარგი იქნება, თუ კორონავირუსთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად დავიწყებას მიეცემა 2020 წლის ქართული ფეხბურთის წარუმატებლობაც. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მარცხის შემდეგ ბევრმა ადამიანმა კიდევ ერთხელ აიცრუა გული ქართულ ფეხბურთზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება. მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს ნამდვილად რთული გზა აქვთ გასავლელი. ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა.

მუნდიალის შესარჩევზე საქართველო პირველ შეხვედრას 2021 წლის 25 მარტს სტუმრად გამართავს შვედეთის წინააღმდეგ, 11 ნოემბერს კი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში კვლავ შვედებთან მოგვიწევს დაპირისპირება.

ნაკრების სხვა პრობლემებს ახლა ისიც დაემატა, რომ სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმერ ვაისის წასვლის შემდეგ ფედერაცია ისევ ნაკრების ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული კლუბებიც. ევროსარბიელზე, მსგავსად წინა სეზონებისა, კვლავ ოთხი გუნდი იასპარეზებს. ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და „გაგრა“ (თასის გამარჯვებული) უეფას ახალ საკლუბო ტურნირზე – კონფერენს ლიგაზე გასვლას შეეცდებიან.

ქართველი მორაგბეებისთვის წელი რუსეთთან შეხვედრით იწყება

„ბორჯღალოსნები“ 2021 წლის პირველ შეხვვედრას რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან 6 თებერვალს გამართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ჩვენი ნაკრებისთვის აღნიშნული შეხვედრა არაფერს წყვეტს, მაყურებელი ქართველ მორაგბეთა მატჩებს ყოველთვის სულმოუთქმელად ელოდება. „დათვებს“ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე უნდა შევხვედროდით, თუმცა ამ შემთხვევაშიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გადაიდო.

შემდეგ კი ლევან მაისაშვილის შეგირდებს წინ რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ელით, რომელიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. საუბარია ასევე ზაფხულში გასამართ ტესტ-მატჩებზე, რომლებიც "ბორჯღალოსნებმა" შესაძლოა არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართონ.

კალათბურთელები ევრობასკეტისთვის გახურდებიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წელს ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ბოლო ოთხ შეხვედრას, ე.წ. „ბაბლს“ უმასპინძლებს. 2021 წლის თებერვალში ჩვენი ნაკრები ჯერ სერბეთის დამარცხებას შეეცდება, შემდეგ კი ფინეთის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის შეგირდებმა „ბაბლის“ პრინციპით ფინეთში გამართულ ნოემბრის ფანჯარაში წარმატებულად იასპარეზეს. ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელ ფინეთთან გამარჯვების შემდეგ შვეიცარიაც დაამარცხეს და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნეს.

საქართველო ევრობასკეტი-2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს. მიუხედავად ამისა, ქართველ კალათბურთელებს თავი არ დაუზოგავთ და შესარჩევი ეტაპის აქამდე გამართული ყველა მატჩი მოიგეს, თანაც უმეტესი მათგანი – სერიოზული საკადრო დანაკლისების პირობებში. მეორე მხრივ, ძირითადი შემადგენლობის დანაკლისმა გამოავლინა პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც ნაკრებს მომავალში უდავოდ გამოადგებიან.

2021 წლის ზაფხულში საქართველო 20 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონსაც მიიღებს.

შერეულ ორთაბრძოლებში ქართველი სპორტსმენები თანდათან სახელს იხვეჭენ

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, შერეული ორთაბრძოლები პოპულარული გახდა. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი UFC-სკენ არის მიმართული, სადაც ექვსი ქართველი სპორტსმენი გამოდის.

ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე – ეს იმ მებრძოლთა ჩამონათვალია, რომლებმაც გასულ წელს თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრეს, და არ არის გამორიცხული, რომ ქართველ მონაწილეთა რიცხვი მიმდინარე სეზონისთვის კიდევ გაიზარდოს.

აღნიშნული ექვსი მებრძოლისგან 2021 წელს ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალურ თავდადებასა და წარმატებებს ელოდება. UFC-ში ქართველთა მომავალი მეტოქეების ვინაობა წლის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ასე რომ, წელს საინტერესო სპორტული 2021 გველოდება, წარმატებების იმედით დაველოდოთ წლის ბოლოს შეჯამებას.

 

23
საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ხელისუფლება და ოპოზიცია მესამე ძალის მოლოდინში

127
(განახლებულია 18:18 21.01.2021)
ხელისუფლება საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 100 კაცამდე შევსებას ელოდება, ოპოზიციის ნაწილი კი, როგორც ირკვევა, ელოდება, როდის დაიმშევა ხალხი და გამოვა ქუჩაში. მისი რადიკალური ფრთა არ მალავს, რომ საგაზაფხულოდ აქციებისთვის ემზადება.

როგორც ჩანს, არც ხელისუფლების ოცნებას უწერია ასრულება და არც რადიკალური ოპოზიციის. ხელისუფლების იმიტომ, რომ საგაზაფხულო სესიამდე 10 დღით ადრე 54 ოპოზიციონერი მყარად დგას იმ აზრზე, რომ პარლამენტში არ შევა. ოპოზიციას კი, რომელსაც საგაზაფხულოდ გრძელვადიანი და მრავალრიცხოვანი აქციების მოწყობა სურს, ავტორიტეტი ისედაც არ გაზრდია 2012 წლის შემდეგ და ახლა სულ შემოეხა ტანზე დარჩენილი რეიტინგი ამდენ ლანძღვა-გინებასა და გარჩევებში, და რისი იმედი აქვს, ძნელი სათქმელია.

პარალელურად არსებობს იდეა მესამე ძალის შექმნასა და გაძლიერებაზე ადგილობრივი და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისათვის. როგორც ჩანს, სწორედ ამ ძალას გულისხმობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკაში ერთჯერადად დაბრუნებას არ გამორიცხავს.

საქმე ისაა, რომ ე.წ. მესამე, დასავლური ძალა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძის გარშემო ვერ ჩამოყალობდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საქართველოში ბანკირები დიდად არ უყვართ და მათ მხოლოდ ჩრდილიდან შეუძლიათ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა და ფულის კეთება. მიუხედავად „ლელოს“ კარგი სტარტისა, მათ დასაწყისი უკეთესი ჰქონდათ, ვიდრე რეალური შედეგი. არავინ ელოდა, რომ ეს გაერთიანება 10 პროცენტსაც კი ვერ აიღებდა.

ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ გაზაფხულზე ახალი პროდასავლური გაერთიანება გამოიკვეთოს ექს-პრეზიდენტ მარგველაშვილის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის უსუფაშვილის, ექსპერტ გია ხუხაშვილისა და მათი თანამოაზრეების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს არც გმირი ბაზალეთის ტბის ძირიდან და არც მათი დამფინანსებელი, სავარაუდოდ, ისინი შეეცდებიან რესურსი დასავლეთის რომელიმე ადმინისტრაციაში მოძებნონ, რადგან არა მხოლოდ აშშ, არამედ ევროპაც უდიდესი ცვლილებების წინაშე დგას – 16-წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტიდან თვით მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი ანგელა მერკელი მიდის, რამაც შეუძლებელია, ცვლილებები არ გამოიწვიოს საქართველოს კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორის, გერმანიის საგარეო პოლიტიკაში.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოსვლას გეგმავს ლევან ვასაძე, ყოფილ დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელიც, ალბათ, „პატრიოტებს“ უფრო წაართმევს ხმებს, ვიდრე ლიბერალურ ძალებს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სერიოზული იდოლოგიურ-საკადრო კრიზისია და ძალთა ახალი კალეიდესკოპის დალაგება დროსა და რესურსებს მოითხოვს.

127
ხანძარი ბააზოვის ქუჩაზე

ძველ თბილისში სახლი დაიწვა: დაშავებულია ერთი ადამიანი

0
თავდაპირველად  ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები გამოცხადნენ,  პარალელურად კი  დამატებითი ცოცხალი ძალის და ტექნიკის მობილიზება დაიწყო

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ძველ თბილისში,  გერცელ ბააზოვის ქუჩაზე ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ ხელის მსუბუქი დამწვრობა მიიღო.

„არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს რუსთავში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან დედა და ორი ბავშვი გამოიყვანეს უვნებლად. 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში