ჯო ბაიდენი

მოსაზრება: და მაინც ბაიდენი რამ შეუშალა ხელი ტრამპს რევანშში

72
(განახლებულია 22:07 15.12.2020)
ამომრჩეველთა კოლეგიისგან არანაირი სიურპრიზი არ ყოფილა: როგორც მოსალოდნელი იყო, ჯო ბაიდენმა მათგან 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპს კი 232 ერგო.

სოფია მელნიჩუკი

დემოკრატი სულ უფრო ახლოა ინაუგურაციასთან, ხოლო რესპუბლიკელი პრეზიდენტის შანსები, რომ გაასაჩივროს არჩევნების შედეგები, თვალსა და ხელს შუა დნება. რამ შეუშალა ხელი ტრამპს, მოეგო სასამართლოებში? 

ვარსკვლავური მოწმე

„მე ვიცი რაც ვნახე. და მე მოვაწერე ხელი ფურცელს, რომელშიც ეწერა: თუ მოვიტყუები, ციხეში ჩავჯდები. თქვენ? დარეგისტრირებული ამომრჩევლების სიაში ასობით ათასი შეუსაბამობაა... გამოდის, რომ გამოცხადება 120 პროცენტი იყო“, — ასეთი ჩვენება მისცა დეტროიტში მელისა კარონმა, დონალდ ტრამპის გუნდის „ვარსკვლავურმა მოწმემ“.

ის გამუდმებით აწყვეტინებდა სიტყვას სენატორს, რომელიც კითხვებს უსვამდა. ტრამპის პირადმა ადვოკატმა რუდოლფ ჯულიანიმ რამდენჯერმე ჩამოქაჩა კიდეც.

ზოგმა ისიც კი იფიქრა, რომ ექსცენტრიული ვარცხნილობისა და საუბრის თავისებური მანერის მქონე ქალბატონი ცოტა გადაკრულში იყო. შედეგად – მელისა ინტერნეტ–სენსაციად და პაროდიების პერსონაჟად იქცა იუმორისტულ შოუში Saturday Night Life.

ტრამპის მომხრეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ საარჩევნო უბნების თანამშრომლებმა ორჯერ გაატარეს სკანერებში „ათობით ათასი“ ბიულეტენი, ხოლო ხმების დათვლის ცენტრში საკვების ფურგონებით ყალბი ბიულეტენები შეჰქონდათ.

მოსმენებზე ტრამპის გუნდს კვლავ სურდა ნოემბრის არჩევნების გასაჩივრება, მაგრამ ყოველთვის, როცა სასამართლოსთვის თაღლითობის მტკიცებულებების წარდგენას ცდილობდნენ, პრობლემები ჩნდებოდა.

კონფუზი კონფუზზე

რეგიონულ სასამართლოებში საჩივრების შეტანა ტრამპის შტაბმა არჩევნების შემდეგვე დაიწყო. მათ არაერთი არსებითი შეუსაბამობა გაასაჯაროვეს. მაგალითად, არიზონის მარკოპის ოლქში რესპუბლიკელი ამომრჩევლები ჩიოდნენ, რომ ხმების დამთვლელი აპარატები საერთოდ „არ კითხულობდა“ მათ ბიულეტენებს, ვინაიდან ისინი ფირმა Sharpie-ს მარკერებით ივსებოდა.

მაგრამ მოსმენებზე მოწმეები საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდნენ: ამბობდნენ, რომ ხმები მარკერების გამო არ დაკარგულა. უფრო მეტიც, ადვოკატ კორი ლანგჰოფერის თქმით, საუბარი იყო არა თაღლითობაზე, არამედ უფრო „წინასწარ განუზრახველი შეცდომების“ შესახებ. კითხვაზე, გადაუხადეს თუ არა მას ფული ცრუ ჩვენების მიცემაში, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა თქვა, არ ვიცი, ჯერჯერობით ჩემთან ამაზე არავის უსაუბრია, თუმცა, თუ ამისთვის ჯილდოა გათვალისწინებული, მის აღებაზე უარს არ ვიტყვიო.

ჯორჯიის სასამართლოში კიბერუსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ირწმუნებოდა, რომ აპარატების მიერ დათვლილი ხმები მნიშვნელოვნად ჭარბობდა დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას. თუმცა არა ჯორჯიაში, არამედ მიჩიგანში. იმავდროულად ქალაქების სიაში, სადაც თითქოს დარღვევები დაფიქსირდა, ძირითადად მინესოტის დასახლებული პუნქტები ჭარბობდა.

პენსილვანიაში სასამართლოსთვის პრეზიდენტის იურისტები დიდხანს ემზადებოდნენ, მაგრამ ადეკვატური სამხილების თავმოყრა მაინც ვერ შეძლეს. ზოგ შემთხვევაში თავად ადვოკატები აღიარებდნენ, რომ თაღლითობის მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობდა.

ბოლო შანსი

ვარაუდობდნენ, რომ ტეხასის შტატის გენერალური პროკურორის მიერ უმაღლეს სასამართლოში გასულ კვირაში შეტანილი სარჩელი, რომელიც ოთხ მერყევ შტატში — ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდა, გადამწყვეტი იქნებოდა. ტეხასის გენპროკურორს 17-მა შტატმა დაუჭირა მხარი. საჩივარი უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს, ვინაიდან სწორედ ის წყვეტს რეგიონებს შორის დავებს პირდაპირ, ქვემდგომი ინსტანციების გვერდის ავლით. როგორც წესი, ასეთი სქემით საზღვრებთან ან წყლის რესურსებთან დაკავშირებული საქმეები განიხილება ხოლმე, მაგრამ ამ ჯერზე საუბარი არჩევნების არაკონსტიტუციური შედეგების გაუქმებაზე მიდიოდა.

დამაჯერებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინეს და, როგორც მოსალოდნელი იყო, უმაღლესმა სასამართლომ სარჩელი არ განიხილა. საქმეს ვერც იმან უშველა, რომ მოსამართლეებს შორის ტრამპის მიერ დანიშნულებიც იყვნენ.

ნებრასკის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ბენ სასმა შედეგები შეაჯამა: უმაღლესი სასამართლოს დადგენილება, რომელშიც სამი „ტრამპელი“ შედის, ნუგეშია თითოეული ამერიკელისთვის, რომლებსაც კანონის დაცვა ადარდებთ“.

უმაღლესი სასამართლო ბოლოს არჩევნების ბედს 2000 წელს წყვეტდა. მაშინ გაუგებარი იყო, ვინ გაიმარჯვა ფლორიდაში — დემოკრატმა ალბერ გორმა თუ რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუში–უმცროსმა. შტატმა, რომლის გუბერნატორი ჯორჯის ძმა ჯები იყო, გამარჯვება რესპუბლიკელს არგუნა. დემოკრატების მოთხოვნით ხმები გადაითვალა, ბრძოლა თითოეული ბიულეტენისთვის მიდიოდა, ეკიდებოდნენ წვრილმანებს, მაგრამ გამარჯვებულის გამოვლენა არ ხერხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, უმაღლესმა სასამართლომ პირვანდელი შედეგები აღიარა. პრეზიდენტი, მიუხედავად ამომრჩეველთა ხმების შედარებით ნაკლები რაოდენობისა, ბუში გახდა.

წლევანდელი არჩევნების წინ ბევრი შიშობდა, რომ სიტუაცია შეიძლება გამეორებულიყო, ხოლო ტრამპის მიერ დანიშნული კონსერვატიული მოსამართლეები პრეზიდენტს „კოჭს გაუგორებდნენ“. მაგრამ უმაღლეს სასამართლოში თანამდებობა მუდმივია და ამიტომ არბიტრებს არაფერში სჭირდებათ სავარძლის გამო მადლობების გადახდა.

ამომრჩევლების არჩევანი

ფინალური აკორდი ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა იყო. ხმას თითოეული შტატის წარმომადგენელი აძლევდა. მათი რაოდენობა რეგიონის მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული — რაც მეტია ამომრჩეველი, მით მეტია წარმომადგენელი. მაგალითად, მჭიდროდ დასახლებულ კალიფორნიასა და ფლორიდას 55 და 38 წარმომადგენელი ჰყავთ, შესაბამისად, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ დაკოტას — სამ–სამი. გამარჯვებისთვის კი 270 ელექტორალური ხმის მოპოვებაა საჭირო.

საარჩევნო სისტემის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი იმ შემთხვევაშიც შეიძლება გახდე, თუ უბრალო ამერიკელებისგან ხმების ნაკლებ რაოდენობას მიიღებ. ხოლო მომხრეები აღნიშნავენ, რომ სამაგიეროდ მცირედ დასახლებულ შტატებს თავიანთი წონა აქვთ არჩევნებზე.  

ამჯერად ყველაფერი პროგნოზირებადი იყო: ქვეყანაში მოქმედებს პრინციპი „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“. სხვა სიტყვებით, ლიდერს თითოეულ შტატში კოლეგიის ყველა წევრის ხმა ხვდება — მოსწონს თუ არა ეს ვინმეს.

აშშ-ის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც კოლეგიის წევრები ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წასულან. ბოლოს ასეთი რამ 2016 წელს მოხდა: ხუთმა დემოკრატმა და ორმა რესპუბლიკელმა ისეთი არჩევანი არ გააკეთა, როგორსაც ელოდებოდნენ. რეალურად კონსტიტუცია მათ არაფერს ავალდებულებს, თუმცა ზოგ შტატში თავნებობისთვის აჯარიმებენ ან ციხეშიც კი სვამენ.

6 იანვარს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები იქნება განხილული და მხოლოდ მაშინღა გამოცხადდება ჯო ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ. თუმცა მანამდე, 3 იანვარს კონგრესის შემადგენლობა განახლდება. თეორიულად ტრამპის მარცხი ჯერ კიდევ შეიძლება არ აღიარონ — და ეს მოქმედი პრეზიდენტის ბოლო შანსია.

72
Су-25

მოსაზრება: ევროკავშირის სანქციები ბელარუსში და სამხედრო თვითმფრინავების რემონტი

23
(განახლებულია 19:09 15.01.2021)
პირდაპირი მატერიალური სარგებელი ნატოს ზოგიერთ მოკავშირეს აიძულებს, უგულებელყოს ევროპული ფასეულობები.

ბულგარეთის სამხედრო–საჰაერო ძალები თებერვალში ბელარუსში მოდერნიზებულ ბოლო, მერვე მოიერიშე Су-25-ს მიიღებს. მიიღებს და მომსახურების საფასურს გადაუხდის ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის სამი ახალი სანქციის „წნეხის ქვეშაა“. ეს პარადოქსი ჭარბ ყურადღებას იმსახურებს.

ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პირველი მოიერიშე Су-25-ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია ბელარუსის ბარანოვიჩის 558-ე ავიასარემონტო ქარხანაში 2020 წლის სექტემბერში დასრულდა – ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე. თეორიულად, ის ერთადერთი უნდა ყოფილიყო. თუ ევროპელი პარტნიორები ბოლომდე პრინციპულები არიან თავიანთ სასანქციო პოლიტიკაში, მაშინ ნატოს ქვეყნებმა არ უნდა გადაიხადონ ბელარუსული საწარმოების მომსახურების საფასური.

მაგალითი შეიძლება იყოს ბალტიისპირეთის ზოგი ქვეყანა, რომლებიც „მეზობლის ჯიბრით“ თბომავლების სათადარიგო ნაწილების გარეშე დარჩნენ. მაგრამ ბულგარეთის მასმედიამ განაცხადა, რომ თებერვალში ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები ბოლო ორ Су-25-ს მიიღებს ბარანოვიჩის ქარხნიდან. უფრო მეტიც, სოფიაში განზრახული აქვთ, ბელორუსიაში კიდევ ექვსი Су-25 გაარემონტონ. საიდან ესოდენი არაპრინციპულობა?

ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის გათვლებით, ბელარუსში კაპიტალური რემონტის შემდეგ „საბჭოთა“ მოიერიშეები 2028 წლამდე იქნება ექსპლუატაციაში, ანუ მომდევნო რემონტამდე ან ახალი „ნატოური“ გამანადგურებლის - F-16V Block70-ის შეძენამდე. მაგრამ ამ უკანასკნელის შემთხვევაში ყველაფერი კარგად ვერ არის.

მანამდე ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა აკრძალა 1,256 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტის განხორციელება რვა ერთეული F-16 Block 70/72-ის შესყიდვაზე – თითქოს შეთანხმებაში მკაფიოდ არ იყო გაწერილი სასერვისო გარანტიები.

ვფიქრობ, გამოცდილი სამხედრო მფრინავი და ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მთავარსარდალი უბრალოდ დაეჭვდა, ღირდა თუ არა 157 მლნ დოლარის გადახდა მეოთხე თაობის ერთ თვითმფრინავში მაშინ, როცა მეხუთე თაობის F-35 ზოგ მოკავშირეს ლამის ორჯერ იაფად მიჰყიდეს? თითქმის იმავდროულად შეერთებულმა შტატებმა ტაივანს (ნატოს არაწევრი ქვეყანა) მნიშვნელოვნად იაფად – 121 მლნ დოლარად დაუთმო ახალი გამანადგურებელი F-16 Block 70. ბულგარეთი მდიდარი ქვეყანა არ არის. აშკარაა, არსებულ მძიმე საფინანსო-ეკონომიკურ ვითარებაში ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მოიერიშე Су-25-ებს კიდევ ბევრი წლის განმავლობაში მოუწევთ სამსახური. რაშიც ბელარუსი ახლა ძალიან ეხმარება ნატოს ბალკანელ პარტნიორს.

სასაცილო ფული – სერიოზული შედეგი

ბულგარეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მოიწონა რვა Су-25-ის მოდერნიზაცია 43 მლნ ევროდ, მაგრამ ბელარუსულ ავიაქარხანაში კიდევ დიდხანს ვერ დაიწყეს რემონტი ევროკავშირის „ძველი“ სანქციების გამო. თუმცა კაპრემონტი მაინც მოხერხდა. სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ბულგარეთის პარლამენტმა შესწორებები შეიტანა ეროვნულ კანონმდებლობაში. ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპული სოლიდარობის პრინციპები.

ბარანოვიჩის ავიასარემონტო ქარხანამ ბულგარეთიდან პირველი Су-25 2019 წლის 28 აგვისტოს მიიღო. ყველა სამუშაო ოპერატიულად და მაღალხარისხოვნად შესრულდა. სამი განახლებული მანქანა „ბეზმერის“ ავიაბაზაზე 2020 წლის ოქტომბერში, სამი კი დეკემბერში დაბრუნდა. 14 თვითმფრინავისგან შემდგარი პარტიის რემონტი 73,665 მლნ ევროს შეადგენს, ანუ ბევრად ნაკლებს, ვიდრე ერთი F-16 Block 70-ის ღირებულებაა. თანაც დახარჯული თანხა შთამბეჭდავ შედეგს უზრუნველყოფს.

ბულგარეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, ადმირალი ემილ ეფტიმოვი და სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალი, გენერალ-მაიორი დიმიტარ პეტროვი 2020 წლის ბოლოს პირადად გაეცნენ მოდერნიზებული Су-25-ების შესაძლებლობებს „ბეზმერის“ ავიაბაზაზე. და აღფრთოვანდნენ. ბელარუსულ საწარმოში სრულად განახლდა გამანადგურებლის სანავიგაციო სისტემა, გაფართოვდა სარაკეტო შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობები, გაიზარდა სახმელეთო სამიზნეების განადგურების სიზუსტე და მანძილი, კავშირის სისტემა. მოდერნიზებული Су-25-ის ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ავიაბაზის მეთაურ მილენ დიმიტროვს ბრიფინგზე შემთხვევით არ უთქვამს: „რემონტის შემდეგ Су-25 სულ სხვა გახდა – თანამედროვე და ახალ თვითმფრინავად იქცა“.

მაღალი რეპუტაცია და უმადურობა

ბულგარული მოიერიშეების მოდერნიზაციისთვის ბელარუსის 558-ე ავიასარემონტო ქარხანა შემთხვევით არ შერჩეულა – ის ფართოდაა ცნობილი მომსახურების ხარისხით. და ბელორუსმა სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მაღალი რეპუტაცია.

ბელარუსის მიერ ყველა ვალდებულებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის კორექტულად შესრულების ფონზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, სანქციები დაეწესებინათ „ლუკაშენკოს რეჟიმის დამფინანსებელი“ კომპანიებისთვის. შეზღუდვები შეეხო ბელარუსის რამდენიმე თავდაცვით საწარმოსაც: МЗКТ-ს, 140-ე სარემონტო ქარხანას, ელექტრომექანიკურ ქარხანა „აგატს“, „ბელტექექსპორტს“.

ქვეყნის უდიდესი საწარმოები სახელმწიფოს საკუთრებაა, ამიტომ სანქციების ყველა პაკეტი სწორედ ბელარუსის წინააღმდეგაა მიმართული – როგორც ჰიბრიდული იარაღი ბრძოლის ველზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

23
დსთ-ს წევრი ქვეყნების დროშები

მოსაზრება: 2021 წელი პოსტსაბჭოურ სივრცეზე

32
(განახლებულია 20:55 14.01.2021)
მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის ანალიტიკოსებს ტრადიცია აქვთ - ყოველი წლის იანვარში კოლეგებთან ერთად ვაქვეყნებთ „საერთაშორისო საფრთხეების“ პროგნოზს, რომელშიც ვცდილობთ საერთაშორისო ურთიერთობებში საკვანძო ტენდენციების აღწერას.

ალექსეი ტოკარევი

ჩვენ არ ვმუშაობთ „ვანგებად“, რომლებიც ზუსტ საბირჟო კოტირებებზე საუბრობენ და დიაგნოზებს ფოტოების მიხედვით სვამენ. ეს კოლექტიური შრომა მიმართულია საერთაშორისო სისტემის მომავლის აღწერისკენ.

ამჟამინდელი პროგნოზი, რასაკვირველია, მიზნად ისახავს პოსტკოვიდური მსოფლიოს ანალიზს. თუმცა პრეფიქსი „პოსტ“ ჯერ ნაადრევია. მოხსენების - „საერთაშორისო საფრთხეები - 2021“ ქვესათაურია „გეოპოლიტიკა პანდემიის შემდეგ“. თუმცა არავითარი „შემდეგ“ ჯერ არ არსებობს. ჩვენ ვცხოვრობთ „მეორე ტალღის“ პერიოდში, დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ახალი ვერსია გაჩნდა, დაავადებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი ვერა და ვერ წამოვიდა ნულისკენ. ამის მიუხედავად, ჩვენ ვიყურებით პლანეტის უახლოეს მომავალში და ვმსჯელობთ რაციონალურად, რომ პანდემია ბოლოსდაბოლოს დასრულდება. პროგნოზის ახლანდელი ვერსიით პოსტსაბჭოურ სივრცეს, საწყენიც კია, იმდენად მცირე ადგილი აქვს დათმობილი.

2021 წლის ლაიტმოტივია: სახელმწიფო მეტი დოზითაა საჭირო. წინა წლებში გლობალიზაცია ნაციონალური სუვერენიტეტების გაუქმებისკენ ისწრაფოდა. მაგრამ, ჯერ ერთი, პანდემიასთან ბრძოლის ძირითადი ტვირთი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებს დააწვა და არა კერძო კორპორაციებს; მეორეც, 2020 წელი არ იყო მშვიდობის წელი. რუსეთი სხვადასხვა სახით (შუამავალი, მშვიდობისმყოფელი, უშუალო მონაწილე) ჩათრეულია საერთაშორისო და შიდა კონფლიქტებში სირიაში, მთიან ყარაბაღში, დონბასში, დნესტრისპირეთში, ბელარუსში. ამ კონფლიქტების ინტენსივობა განსხვავებულია. უცვლელი მხოლოდ ერთია: ქვეყანა, რომელიც ფართო საერთაშორისო მოღვაწეობას ეწევა, ვერ ჩაიკეტება ნაციონალურ საზღვრებში მაშინაც კი, როდესაც მსოფლიო საზღვრებს კეტავს.

კავკასია და თურქეთი

2021 წელს აქვს კარგი შანსი, გახდეს გარღვევის წელიწადი ყველაზე მძიმე პოსტსაბჭოურ კონფლიქტში. რუსი დიპლომატების ძალისხმევა მთიან ყარაბაღში, რასაკვირველია, სომხეთში ნაკლებადაა დაფასებული, ვიდრე აზერბაიჯანში. 1994 წელს თუ შევადარებთ, მათ თითქოს ადგილები გაცვალეს. ახლა სომხური საზოგადოება თავს წაგებულად გრძნობს. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი არ არის მოგვარებული. და მიუხედავად ყველა პოლიტიკური განცხადებისა, მისი ესკალაცია შესაძლებელია. ერთი მხრივ, რუსი მშვიდობისმყოფელები მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთთან მებრძოლ მხარეებს შორის - მშვიდობის საიმედო გარანტიაა. მეორე მხრივ, მათი მანდატი შეზღუდულია ხუთწლიანი ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს.

ამასთან, რეგიონში მოქმედებს აქტიური შიდა მოთამაშე. თურქეთის სათავეში ძლიერი და ამბიციური ლიდერია, რომელიც ცდილობს თურქული სამყაროს ჩამოყალიბებას, რომელსაც შეუძლია ლავირება როგორც შიდა (2016 წლის „სამხედრო ამბოხი“), ისე საგარეო კრიზისებში. ნატოს წევრობა, რომელსაც თურქეთი ინარჩუნებს ევროპასთან და აშშ-თან ღია თუ არასაჯარო დაპირისპირების მიუხედავად, და მუსლიმების მსოფლიო ლიდერობისკენ სწრაფვა - თურქეთს აბსოლუტურად რეალურ ძალად აქცევს, რომელსაც კავკასიაში ყველა მოთამაშე გაუწევს ანგარიშს.

ამბიციური ლიდერი წყვეტს, ძალით გადაჭრას მრავალწლიანი ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი რუსი მშვიდობისმყოფელების იგნორირების გზითა და გარეშე ძალის მხარდაჭერის იმედით - “ქეისი“ არცთუ შორეული პოსტსაბჭოური სივრციდან. გავიხსენოთ 2008 წელი. თითქოს ამგვარი სცენარის საპირწონედ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 12 იანვარს მოსკოვში რუს კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრა ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ გარღვევებზე. სარკინიგზო კავშირის აღდგენა აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხრეთ საზღვარზე, ნახიჩევანში, იქიდან კი თურქეთში მიმავალი ხაზი, ერევნის მიერთება ტრასასთან და სომხეთის კავშირი ირანთან და რუსეთთან - ყველასთვის ეკონომიკური წარმატებაა. რასაკვირველია, სომხეთ-აზერბაიჯანის პოლიტიკური ურთიერთობა არ დათბება, მაგრამ ეკონომიკა, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სატრანსპორტო პრობლემების ურთიერთგადაჭრის აუცილებლობამ შეიძლება გვერდზე გადადოს ერევნის რევანშის სურვილი და ბაქოს შემტევი წარმატებების გაღვივება.

და თუ ილჰამ ალიევი საშინაო პოლიტიკაში დამსახურებული გამარჯვებით ტკბება, მის სომეხ ვიზავის დიდი პრობლემები აქვს. შიდაპოლიტიკური კრიზისი სომხეთში გაგრძელდება იმის გათვალისწინებით, რომ ნიკოლ ფაშინიანის რეიტინგი წაგებული ომის შემდეგ ეცემა, მაგრამ რაიმე საერთო ეროვნული ძალა, რომელიც შეძლებდა მისგან ხელისუფლების გადაბარებას, ქვეყანაში ჯერ არ ჩანს. 17 ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს ვადამდელ არჩევნებზე, ვიდრე ფაშინიანი პრემიერად რჩება. მათ, ვინც 2018 წელს სიხარულით მონაწილეობდა ახალი ხელისუფლების მხარდამჭერ ასიათასიან მიტინგებში, ახლა სძულთ იგი, ადანაშაულებენ მას ფრონტზე მარცხში და მთიანი ყარაბაღის ნაწილის დაკარგვაში.

ვიდრე აზერბაიჯანი დაბრუნებული რაიონების აღდგენის პროგრამაზე იმუშავებს, სომხეთის საშინაო პოლიტიკა 2021 წელს მარცხის თემას ვერ გასცდება და პასუხისმგებელი პირების ძებნას მოანდომებს. სომხეთი თავისი პოლიტიკური კლასის მიმართ უბრალოდ წყენას ან იმედგაცრუებას კი არა, ტკივილსა და ბრაზს გრძნობს. ქვეყანა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გრძნობდა თავს გამარჯვებულად რეგიონულ კონფლიქტში, დამარცხდა და ახლა განწირულია გრძელვადიანი რეფლექსიისა და ახალი სტატუსის მასობრივი გაცნობიერებისთვის.   

სხვა ქვეყნები  

საქართველოსა და მოლდავეთს 2021 წელს გააერთიანებს საგარეო გავლენის გაძლიერება. 2020 წლის საჩვენებელი მოვლენა - თბილისში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ხელმოწერა იყო. ის დრო, როდესაც რუსი მინისტრები თავაზიანი მიწვეული არბიტრების სახით წარმატებით აგვარებდნენ ქართული საშინაო პოლიტიკურ დავებს, წარსულს ჩაბარდა. ახლა საშინაო პოლიტიკური კრიზისები სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დე-იურე წყდება. ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ პოლიტიკურ სისტემას სტაბილურობას არ მატებს.

საჯარო პოლიტიკაში ქართული პოლიტიკური კლასი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ყველა საკუთარი შეცდომის „ჩრდილოელ მეზობელზე“ გადაბრალებას. გამომააშკარავებელი პუბლიკაციები იმის შესახებ, როგორ „მართავს კრემლი ქართველ პოლიტიკოსებს“, გაგრძელდება. საზოგადოებას კვლავაც მოახვევენ თავს მრავალწლიან სტერეოტიპს: დასავლელი პოლიტიკოსების პირდაპირი მონაწილეობა საშინაო საქმეებში - სასიკეთოა; რუსეთის მცდელობა კი, მხარი დაუჭიროს ცალკეულ ერთმანდატიანებს - საშინელი ბოროტება.

მოლდავეთში პირველი პირის შეცვლა გააძლიერებს ანტირუსულ, პროდასავლურ, პრორუმინულ რიტორიკას. ახალი პრეზიდენტის შედარება შეიძლება ნიკოლ ფაშინიანთან. ბექგრაუნდი - დასავლური, ფასეულობები - იგივე. მოსკოვი და მისი ზნე უფრო ცუდად აღიქმება, ვიდრე ბიუროკრატია და „ნეტვორკინგი“ ბრიუსელსა და ვაშინგტონში. ისევე როგორც ფაშინიანი, სანდუც გაიმეორებს მოსალოდნელ პასაჟებს მრავალვექტორიანობასა და ძალის ყველა ცენტრთან ურთიერთობის განვითარების აუცილებლობაზე. განსხვავება ობიექტურ გეოგრაფიულ გარემოცვაშია. ფაშინიანი სომხეთს ვერაფერს მიუერთებს. სანდუ კი იმათი წარმომადგენელია, ვინც მოლდავეთის სახელმწიფოს, ისტორიას და ენას აღიქვამს, როგორც დამოუკიდებელს და სურს გაერთიანებულ რუმინეთში ცხოვრება.

ოფიციალური მოსკოვი მოლდავეთის ახალ ხელისუფლებას ყველა არხით გაუმეორებს მარტივ თეზისს: დნესტრისპირეთის პრობლემის სამხედრო გზით მოგვარება არ არსებობს. მოლდავეთის შენარჩუნება რუსული სამყაროს სივრცეში კი, ანუ ბუქარესტის ნაცვლად, სუვერენული დედაქალაქით კიშინიოვში, და რუსულენოვანი უმრავლესობის უფლებების დაცვა - რუსეთის მუდმივი ნაციონალური ინტერესია. მოლდავეთის მეშვეობით დნესტრისპირეთის ევროკავშირთან ვაჭრობას ან თავად მოლდავეთის ურთიერთობის გაფართოებას ევროპასთან მოსკოვი დაბრკოლებას არ შეუქმნის. ქვეყნის მიმართ არსებობს მკაფიო წითელი ხაზები: რიტორიკა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის აუცილებლობაზე მოსაწონი არ არის, მაგრამ დაშვებულია, თუმცა „5+2“ ფორმატის ფარგლებში არსებული შეთანხმებების საპირისპიროდ მასთან დაპირისპირების ნებისმიერი რეალური მცდელობა მშვიდობას არ მოიტანს. ამ შემთხვევაშიც უნდა მოვიშველიოთ მიხეილ სააკაშვილის „ქეისი“, რომელმაც ამერიკელ ნეოკონსერვატორებს დაუჯერა და საკუთარი ქვეყანა დაკარგა.   

მოძმე სლავები

და ბოლოს - მოძმე სლავები, რომლებსაც ბოლო წლებში ძმობა ყოველთვის არ სიხარულს არ ჰგვრის. ბელარუსში რუსეთი ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანზიტით იყო დაინტერესებული. ერთი მხრივ, მოსკოვს ესმის პოლონეთისა და ლიტვის სპეცსამსახურების მონაწილეობის ხარისხი ლუკაშენკოს მორიგი არჩევის შემდეგ პროტესტის ესკალაციაში. მეორე მხრივ, რთულია, ვერ შეამჩნიო, როგორ ექცეოდნენ ძალოვანები მშვიდობიან მომიტინგეებს. რუსეთის, როგორც მოკავშირე სახელმწიფოს, რეალური საკადრო დახმარება, რაც „ომონის“ მებრძოლთა რამდენიმე ავტობუსის გაგზავნით გამოიხატა (რომელთა დახმარება, სხვათა შორის, არ გახდა საჭირო), არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ინდულგენცია ოკრესტინაში იზოლატორის მუშაობის ორგანიზებისას. რუსეთი არ არის დაინტერესებული, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განაწყოს ახალგაზრდა ბელარუსების თაობა. ტრანზიტის სათუთი მზადება ახალი კონსტიტუციის მიღების შედეგად და, მაგალითად, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო უბნებზე კონკურენტული და ღია პროცედურების დაცვით - ის სცენარია, რომლითაც მოსკოვიც დაინტერესებულია.

უკრაინისთვის 2021 წელი გარღვევა იქნება. რა თქმა უნდა, ნაციონალისტები და „ქორები“ შთაგონებული არიან თურქეთის მხარდაჭერის წყალობით აზერბაიჯანის გამარჯვებით. უპილოტოებისა და არტილერიის გამოყენებით მოწინააღმდეგის განადგურებამ, რომელიც თავდამსხმელს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითა და ცოცხალი ძალით იგერიებდა, სახმელეთო ჯარის წინ წაწევამ მთა-გორიან ადგილებში წარმატება მოიტანა. აშშ-დან და თურქეთიდან კიევში შეიარაღების შეტანა ქმნის „აღმოსავლეთზე ზეწოლის“ აუცილებლობის ილუზიას. მაგრამ დონბასი დნესტრისპირეთს არ ჰგავს, როგორც მინიმუმ, ძლიერი სახელმწიფო-პატრონის არსებობით.

სამხედრო გზით პრობლემა არ მოგვარდება. მიუხედავად 450 მლრდ. გრივნას ოდენობის საგარეო ვალისა, სამრეწველო წარმოების ვარდნისა, მთავრობის გადადგომის საფრთხისა, ბიუჯეტით დაფინანსებული სექტორების წინაშე ვალდებულებების შესაძლო შეუსრულებლობისა, უკრაინა კვლავაც გაზრდის სამხედრო ხარჯს (ამჟამად - მშპ-ს 6%). ნიკოლაევოში ბრიტანული და მარიუპოლში ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ მედიაში გასროლილი ცნობებით უკრაინელი პოლიტიკოსები კვლავაც განუმარტავენ საზოგადოებას, რომ ყველა უბედურება „იმპერიული აგრესიის“ ბრალია. გარდა ამისა, გაძლიერდება უკრაინის დესუვერენიზაციის ტრენდი. უკრაინელი გამომძიებლების ნაწილს, რომლებიც კომპანია Burisma-სა და პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟის ურთიერთობებს იძიებენ, სანქციები უკვე დაუწესეს.

2021 წელი პოსტსაბჭოური სივრცისთვის მშვიდობის წელი არ იქნება. პანდემია არ დამთავრებულა, აშშ-ში ახალი ადმინისტრაციაა, გაცილებით უფრო იდეოლოგიზებული, ვიდრე წინა, კონფლიქტები მოგვარებული არ არის, ნაციონალური მთავრობები სუსტია, ეროვნული სუვერენიტეტები საფრთხის ქვეშაა. ოკეანის მიღმა პარტნიორების სურვილი, გამოიყენონ პოსტსაბჭოური სივრცე, როგორც ბუფერი ევროპასა და რუსეთს შორის, რომელიც ახალ-ახალ კონფლიქტებში უნდა ჩაითრიონ, არ სუსტდება. მაგრამ რუსეთის სამშვიდობო ძალისხმევა ყარაბაღში, დნესტრისპირეთსა და დონბასში იძლევა იმედს, რომ ამ ტერიტორიებზე მაინც სროლა ნაკლები იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

32
გველეთის ჩანჩქერი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 იანვარი

0
(განახლებულია 11:36 15.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 16 იანვარია, შაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მთავარი გახდება ისეთი თვისებები, როგორიცაა კონკრეტულობა და პრაგმატიზმი. როდესაც ხელს მოჰკიდებთ ნებისმიერ საქმეს, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ის და რას მიიღებთ ამისგან. სწორედ ასე ირგვლივ მყოფი ადამიანებიც ნებისმიერ საკითხში თავიანთ ინტერესებზე დაფიქრდებიან. რამის გაკეთება მხოლოდ ალტრუიზმის გამო ძალზე რთული იქნება. ამიტომ, თუ რამის გაკეთებას გადაწყვეტთ, საკუთარი აზრი მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოთ: რა უნდა გაკეთდეს, რატომ და ვის რა სარგებელს მოუტანს ეს.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი: დღეს ძალებისგან გამოფიტვა გემუქრებათ – სულ უბრალო საქმის გაკეთებაც კი გაგიჭირდებათ. ამიტომ სამომავლოდ გადადეთ ყველაფერი, რისი გადადებაც შესაძლებელია. თუ საქმე თქვენს აქტიურ ჩარევას მოითხოვს, ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული, რომ ყველაფერში ქაოსი შეიტანოთ. ამის ბრალი იქნება არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა, არამედ პესიმისტური სულიერი განწყობაც. ექსპერტები ამბობენ, რომ საკმარისი იქნება, თავს შეუძახოთ და მელანქოლიური მდგომარეობიდან გამოხვიდეთ, რომ ეს დღე საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს გააჩენს.

კურო: კაშკაშა ემოციებით სავსე დღე გელოდებათ. მდიდარი წარმოსახვის წყალობით შემოქმედებით საქმიანობაში თავის გამოჩენა შეგიძლიათ. თუმცა მთავარი მაინც დღეს გრძნობათა სპონტანურობა იქნება – ვნებათა მთელი „ქარტეხილი“. ამის საბაბი ნებისმიერ რამ შეიძლება გახდეს – ღიმილი, პაემანზე დაპატიჟება, საკუთარი ფანტაზიები, რამე მინიშნება... თქვენი დღე ცისარტყელის ყველა ფერით აივსება და ყველაფერი იმ განცდების წყალობით, რომლებიც თქვენს გულს ააძგერებს.

ტყუპი: დღეს რაღაც საკითხში გამარჯვება გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს პროექტის წარმატებით დასრულება, გამარჯვება სიყვარულში, ან ვინმესთვის კამათის მოგება. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიყენოთ ეს იმისთვის, რომ არა მხოლოდ განამტკიცოთ მიღწეული პოზიციები, არამედ წინაც გადადგათ ნაბიჯი და კონკურენტები უკან მოიტოვოთ. ეს დღე იდეალურია იმისთვის, რომ დაისახოთ ამბიციური გეგმები, მიაღწიოთ სასურველს და კარიერის საკითხებს მიხედოთ.

კირჩხიბი: დღეს ვარსკვლავები კარგ შესაძლებლობებს მოგცემენ და შანსები რომ ხელიდან არ გაუშვათ, სწრაფად ფიქრი და მოქმედებებია საჭირო. დიდი ალბათობით, საჭირო იქნება მოქნილი და არასტანდარტული მოქმედება. ამისთვის კი ყველა თვისება გაქვთ: კომუნიკაბელურობა, სწრაფი რეაქცია და ავანტიურული სული. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რომ გარშემომყოფების სიმპათია მოიპოვოთ და ნებისმიერი მოვლენა თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ, ანუ გაქვთ შანსი, „მინუსი“ „პლუსად“ აქციოთ.

ლომი: ესაა დღე, როდესაც რეალობად შეგიძლიათ აქციოთ ყველაზე გრანდიოზული გეგმებიც კი. ვარსკვლავები დიდ წარმატებებს გპირდებიან ამბიციურ წამოწყებებში. თუ რამე გლობალურ პროექტს წამოიწყებთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სამუშაო იქნება ეს, ბიზნესი, სიყვარული თუ სხვა, არ ინანებთ: გეგმები დროთა განმავლობაში განხორციელდება, ხოლო შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. სწორედ ამიტომ არ ღირს „დაწვრილმანება“ და დროის უაზრო და ყოველდღიურ საზრუნავზე დახარჯვა – არ შეუშინდეთ ოცნებებს და იმოქმედეთ – წინ ახალი ჰორიზონტები გელოდებათ.

ქალწული: დღეს რაღაც საკითხში არჩვენის წინაშე დადგომა მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკითხი მნიშვნელოვნად არც მოგეჩვენოთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ამ გადაწყვეტილებაზე შემდგომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას არ აჰყვეთ ემოციებს, სხვების რჩევებს, „მკითხაობას“. საკითხზე კარგად დაფიქრდით, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მას და ეს თქვენი არჩევანი შემდეგ სანანებელი არ გაგიხდებათ.

სასწორი: დღეს უკომპრომისოდ ხართ განწყობილი – ან ყველაფერი, ან არაფერი. მიზანს მკაფიოდ დაინახავთ და მისკენ მიმავალ გზაზე მომთხოვნი იქნებით როგორც გარშემომყოფების, ისე საკუთარი თავისადმი. გასაკვირი არ იქნება, თუ უკმაყოფილო იქნებით და გააკრიტიკებთ ირგვლივ მყოფებს. თქვენ ფიქრობთ, რომ გინდათ, საქმე კარგად წავიდეს, გარშემომყოფები კი ფიქრობენ, რომ მათ ექსპლუატაციას ეწევით და მათზე მბრძანებლობთ. სხვათა შორის, ამგვარი დამოკიდებულების წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ არა ადამიანებთან ურთიერთობებში.

მორიელი: დღეს „დამოუკიდებლობის“ დღე გაქვთ. ირგვლივ მყოფთა მოსაზრებები ყველაზე ნაკლებად აგაღელვებთ – დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში და ყველაფერში, რასაც აკეთებთ. ასეთი განწყობა, ერთი მხრივ, დაგეხმარებათ ბიზნესში და გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ჩხუბის მიზეზიც შეიძლება გახდეს. სხვათა შორის, თუ ვინმეს თქვენთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდება, არაა საჭირო კამათი, საკმარისი იქნება რჩევის კითხვა – თქვენ ბრძენი მრჩევლის როლს სიამოვნებით შეასრულებთ, გაუზიარებთ მას საკუთარ გამოცდილებას, მხარს დაუჭერთ და დაეხმარებით.

მშვილდოსანი: თქვენი ენერგიულობა დღეს მხოლოდ შესაშური იქნება: აქტიურობა, შრომისუნარიანობა, თავდაჯერებულობა. არაა გასაკვირი, თუ ასეთი შემართებითა და მოზღვავებული ძალებით ყველაზე რთულ და მწვავე საკითხებს შეეჭიდებით, იქნება ეს ძველი, თაროზე შემოდებული საქმეები თუ ახალი პროექტი. ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, რომ რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, ეცადოთ და არ გააღიზიანოთ გარშემომყოფები თქვენი „რკინისებრი“ თავდაჯერებულობით.

თხის რქა: დღეს მოულოდნელი სირთულეები გელოდებათ, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ უამრავი ძალა და ენერგია გექნებათ მათთან საბრძოლველად. ვარსკვლავები და პლანეტები დაგეხმარებიან, რომ აღიჭურვოთ ნებისყოფით, კომუნიკაბელურობით, სხვების დარწმუნების უნარით, რომელთა წყალობითაც ნებისმიერი სიტუაციის თქვენთვის სასარგებლოდ შემობრუნება შეგიძლიათ. ყოველი ვითარების უკან ხომ, როგორც წესი, კონკრეტული ადამიანები დგანან, ხოლო ადამიანებთან შეთანხმებას აუცილებლად შეძლებთ.

მერწყული: დღეს თქვენთვის მშრალი ფაქტებისა და ციფრების დღეა, ხოლო ყველაფერი, რისი დასაბუთებაც ლოგიკურად არის საჭირო, გართულდება. სწორედ ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ენდოთ ისეთ არასაიმედო რამეს, როგორიც ინტუიციაა. სამაგიეროდ, გათვლები და ფაქტების ანალიზი იოლად გამოგივათ. მიუძღვენით დღე ზუსტ მეცნიერებებს, დაგეგმვასა და ფინანსებს – არ ინანებთ. ბევრი რამ შეგიძლიათ, მაგალითად, გადასახადების მოწესრიგება, ბიუჯეტის გათვლა და გენიალური გეგმის შედგენა, თუ როგორ „გახდეთ მილიონერი“.

თევზები: დღეს რისკავთ, რომ თქვენი თავდაჯერებულობა ამპარტავნებაში გადაიზარდოს. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ შეგიძლიათ, უარი უთხრათ ირგვლივ მყოფებს დახმარებაზე, უარყოთ მათი რჩევები და ეს იმით გაამართლოთ, რომ თქვენ უფრო კარგად იცით ყველაფერი. ექსპერტები გაფრთხილებენ, რომ თუნდაც 100 პროცენტით იყოთ რამეში დარწმუნებული, ეს არ ნიშნავს, რომ 100 პროცენტით მართალი ხართ. ყველაზე დიდი შეცდომა ის იქნება, იფიქროთ, რომ შეცდომას არ დაუშვებთ. წარმატებებს დღეს მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიაღწევთ.

0