G20-ის სამიტი

მოსაზრება: G20-ის სამიტი და კორონავირუსი დასავლეთი რუსულ ვაქცინას ვერ აიტანს

41
(განახლებულია 19:19 23.11.2020)
„დიდი ოცეულის“ ვირტუალურ სამიტზე ხაზგასმით ითქვა, რომ პოსტკოვიდურ მსოფლიოში დეგლობალიზაცია უკვე შედგა.

ივან დანილოვ

საქმე აქ „ამერიკული ერთპოლარული მსოფლიოს“ წინააღმდეგ რაიმე შეთქმულებაში (Pax Americana-ს სახით) ან კიდევ XX საუკუნის მეორე ნახევრის მსგავსი „ბლოკური დაპირისპირების“ აღდგენის მცდელობაში არ არის. დეგლობალიზაცია და მრავალპოლარულობა უკვე რეალობაა იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას ფიქრობენ ამის შესახებ ვაშინგტონისა თუ ბრიუსელის „გონებრივ ცენტრებში“.

პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს ერთიანი მსოფლიო დღის წესრიგი, ისევე, როგორც არ არსებობს ერთიანი პოლიტიკური ენა მის განსახილველად. მით უმეტეს არ არსებობს არანაირი „გეოპოლიტიკური კამერტონი“ (ან კამერტონები), რომლებზეც იქნებოდა ორიენტირებული მსოფლიო თანამეგობრობა.

საერთო პრობლემები, დაწყებული კორონავირუსის პანდემიით, დასრულებული გლობალური ეკონომიკური კრიზისით, გვაქვს, ხოლო მათი გადაჭრის საერთო გზები არც გვაქვს და პრინციპულად არც გვექნება. უბრალოდ იმიტომ, რომ გლობალურ დონეზე ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების სქემა ნულოვანი ანგარიშით თამაშის რეჟიმში გადავიდა. ანუ კონკრეტული ქვეყნის ნებისმიერი წარმატება კონკურენტის მარცხად აღიქმება. ამასთან ჩანს საერთო ინტერესების გაწირვისთვის სრული მზადყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ გეოპოლიტიკური კონკურენტებიდან რომელიმემ აქტივში საიმიჯო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამარჯვების ჩაწერა ვერ შეძლოს.

რამდენიმე ხილულ მაგალითს მოვიტანთ. „ოცეულის“ სამიტზე ჩინეთის ლიდერმა ერთგვარი ციფრული მექანიზმის შექმნის წინადადება წამოაყენა, რომელიც ქვეყნებს შორის გადაადგილების განბლოკვას გახდიდა შესაძლებელს. ეს დიდად შეუწყობდა ხელს მსოფლიო ეკონომიკას, საერთაშორისო ვაჭრობასა და ტურიზმის აღდგენას (რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი, მათ შორის, ძალინ ღარიბი ქვეყნისთვისაც).

ობიექტურად ერთგვარი საერთაშორისო და საყოველთაოდ აღიარებული „ციფრული დასტური“ იმისა, რომ კონკრეტული ტურისტი, დიპლომატი თუ ბიზნესმენი ჯანმრთელია და შეუძლია ქვეყნების საზღვრები კარანტინის გარეშე გადაკვეთოს, კარგი იდეაა. მაგრამ მისი რეალიზების შანსი გლობალურ დონეზე უახლოეს ხანებში სრულიად უმნიშვნელოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზომა ახლაა საჭირო და შედარებით იოლად შეიძლება ხორცი შეესხას. მაგრამ ის რეალიზებული არ იქნება იმის გამო, რომ იდეა ჩინეთის ლიდერმა წამოაყენა, ხოლო დასავლელი ლიდერების თვალსაზრისით, ოფიციალური პეკინის წინადადებაზე დათანხმება არ შეიძლება — თანაც, პრინციპულ დონეზე.

მომდევნო მაგალითი მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მხრიდან კორონავირუსის ვაქცინაზე მიუწვდომლობის პრობლემას შეეხება, რომლებიც, ვაქცინაციის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, რომ „კორონავირუსის კერებად“ დარჩნენ პლანეტაზე — აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

ვლადიმირ პუტინმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ვაქცინირებაზე გლობალური წვდომის უზრუნველყოფა:

„რუსეთი მხარს უჭერს მიმდინარე სამიტის საკვანძო გადაწყვეტილების პროექტს, რომლის მიზანიცაა – ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინები. იმუნიზაციისთვის საჭირო პრეპარატები არის და უნდა იყოს საყოველთაო მონაპოვარი. და რუსეთი მზად არის მიაწოდოს საჭიროების მქონე ქვეყნებს ჩვენი მეცნიერების მიერ შექმნილი ვაქცინები: ეს არის მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინა „სპუტნიკ V“ — შექმნილი ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების საფუძველზე, და მეორე რუსული ვაქცინა „ეპივაკკორონა“, რომელიც ნოვოსიბირსკის სამეცნიერო ცენტრში შეიქმნა. მალე მზად იქნება მესამე ვაქცინაც.

პანდემიის მასშტაბი გვავალდებულებს ავამოქმედოთ ყველა არსებული რესურსი და გამოგონება. ჩვენი საერთო მიზანი — სავაქცინო პრეპარატების პორტფელის ფორმირება და პლანეტის მთელი მოსახლეობის საიმედო დაცვით უზრუნველყოფაა. ეს იმას ნიშნავს, რომ პატივცემულო კოლეგებო, სამუშაო ყველასთვის იქნება და ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკურენცია, შესაძლოა, გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, უპირველესად ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან ამოვიდეთ და სწორედ ეს ვაღიაროთ უმთავრესად“.

დეკლარაციულ დონეზე ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ „ოცეული“ არ დათანხმდება კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის უფრო მეტად ხელმისაწვდომი და ეფექტური პრეპარატებით ვაქცინაციის მიზნით დაფინანსების საერთო ფონდის შექმნას მოიაზრებდა. ეს ბუნებრივად მოითხოვდა სწორედ რუსული ვაქცინა Sputnik V-ს გამოყენებას, რომელიც ამერიკულ და ევროპულ ანალოგებზე იაფია და რომელიც, Pfizer-ის ვაქცინისგან განსხვავებით, არ მოითხოვს მინუს 70 გრადუსზე შენახვას. ეს უკანასკნელი უსერიოზულესი პრობლემაა ამერიკული სამედიცინო ინფრასტრუქტურის პირობებშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა თუ აღმოსავლეთ ევროპის ინფრასტრუქტურებზე.

პრობლემა, თუ მას ვაშინგტონის ან ბრიუსელის თვალსაზრისით შევხედავთ, კვლავ ისაა, რომ ვაქცინა რუსულია (თუმცა მათ აშკარად არც ჩინური აწყობთ).

რუსეთის პრეზიდენტმა სამიტს „გარდაუვალი კონკურენციის“ გვერდზე გადადებისა და ჰუმანიზმის გამოჩენისკენ მოუწოდა, მაგრამ შანსები იმისა, რომ მისი მოწოდება გაგონილი იქნება, უკიდურესად მცირეა. მით უმეტეს, დასავლურ მედიასაშუალებებში მიმდინარე საინფორმაციო–პროპაგანდისტული კამპანიის პირობებში, რომლის მიზანიც რუსული და ჩინური ვაქცინების დისკრედიტაციაა.

იმ თემების ჩამონათვალი, რომლებზეც G20-ის სამიტზე არანაირი სუბსტანციური დიალოგი არ გამართულა (იყო მხოლოდ მსოფლიო ლიდერების მონოლოგების სერია), შეიძლება კიდევ განივრცოს: აქ არის მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმაც, განვითარებადი ქვეყნების სავალუტო ვალების პრობლემებიცა და პროტექციონიზმზე გლობალური ტრენდიც. დასავლელ ლიდერებს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვთ: ისინი ბევრს ლაპარაკობენ, არავის უსმენენ და მათი შეთავაზებები მარტივ ფორმულად ყალიბდება: „ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც ჩვენ ვამბობთ, და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება“. და ამ თვალსაზრისით ვაშინგტონის პოზიცია არც პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ იქნება სხვანაირი.

G20-ის სამიტზე სუბსტანციურობის არარსებობა აშკარა დასტურია იმისა, რომ მსოფლიო მოძრაობს არა „გეოპოლიტიკური ბლოკების“ კონკურენციის ან „ამერიკული მსოფლიოს“ აღდგენისკენ (რისი იმედიც აქვთ ვაშინგტონში), არამედ ისეთი მსოფლიოსკენ, რომელშიც რაიმეზე შეთანხმება მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებზე იქნება დამყარებული. „ოცეულის“ ფორმალური მსოფლიო ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში ჩვენ უკვე ვუახლოვდებით იმას, რასაც ცნობილი ამერიკელი პოლიტტექნოლოგი იან ბრემერი „მსოფლიო G-ნულს“ უწოდებდა: მსოფლიოს, რომელშიც ყველა თავისთვისაა და ამ ტრანსფორმაციის დაჩქარება, დიდი ალბათობით, იქნება კიდეც კორონავირუსის მთავარი ისტორიული მემკვიდრეობა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

41
აშშ-ის სამხედრო ტექნიკა და დროშა

მოსაზრება: რა ჩაიფიქრეს ნატოში რუსეთის მოწყვლად ადგილზე დასარტყმელად

1323
სამხედრო კონტინგენტის ზრდა, საჯარისო ინფრასტრუქტურის შემდგომი საერთაშორისო კონსოლიდაციის აგება - 2021 წელს ნატო რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე ზეწოლას გააძლიერებს.

ანდრეი კოცი
მაის-ივნისში ალიანსი ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ მანევრებს, Defender Europe 2021-ს ჩაატარებს. ამაზე პასუხი იქნება რუსეთისა და ბელარუსის არანაკლებ მასშტაბური ერთობლივი წვრთნები „დასავლეთი-2021“, რომელიც სექტემბრისთვისაა დანიშნული. რით შეიძლება დასრულდეს ეს ყოველივე?

ბრძოლის ველი — ევროპა

Defender Europe 2021-ზე, როგორც წარსულში, დამუშავდება თავდაცვითი და შემტევი მოქმედებები აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში. სწავლების ლეგენდის თანახმად, ნატოს ჯარებს კალინინგრადის ოლქზე შეტევა, რუსეთის დასავლეთ ოლქების ბლოკირება და ასევე „რუსების მასირებული შეტევის“ მოგერიება მოუწევთ.

გასული წლებისგან განსხვავებით, 2021 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არა აღმოსავლეთ, არამედ სამხრეთ ევროპას. მანევრები დაგეგმილია ჩერნოგორიაში, კოსოვოსა და ალბანეთში. ბულგარეთსა და რუმინეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სწავლებები და „ხმელეთი-ხმელეთი“ ტიპის რაკეტებით სროლები ჩატარდება, ხოლო უნგრეთი „ომის“ ღრმა ზურგი გახდება.

ამერიკელები ევროპაში მნიშვნელოვან ძალებს გადაისვრიან, მათ შორის პირველი კავალერიული და 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიების ქვედანაყოფებს. ატლანტიკის გავლით გადაიტყორცნება სხვადასხვა დანიშნულების ასობით ერთეულ სამხედრო ტექანიკას. გარდა ამისა, ფლორიდის შტატიდან ადგილზე ჩავა 53-ე ქვეითი ბრიგადა. გამორიცხული არ არის, რომ სწავლების შემდეგ შეიარაღების ნაწილი ამერიკელებს კვლავ „დაავიწყდეთ“ ევროპაში, როგორც ეს არაერთხელ იყო. სპეციალისტების აზრით, პენტაგონი ამგვარად ზრდის რეგიონში საიერიშო შესაძლებლობებს წლიდან წლამდე.

Defender Europe 2021-ზე პასუხად რუსეთი და ბელარუსი სექტემბერში მანევრებს ჩაატარებენ სახელწოდებით „დასავლეთი 2021“. როგორც ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიკტორ ხრენინმა განაცხადა, „ერთობლივი სწავლებები შესაძლებელს გახდის... შეფასდეს შეიარაღებისა და ტექნიკის ახალი და მოდერნიზებული ნიმუშები“.

მინსკში ხაზი გაუსვეს, რომ სტრატეგიული მანევრები „მტკიცე მოკავშირულ ურთიერთობებსა და ბელარუსისა და რუსეთის თვადაცვითი უწყებების შეხედულებათა ერთიანობას ასახავს მოკავშირე სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

ძალის ჩვენება

არცერთ მხარეს არ გამოუყენებია ჩვეული დიპლომატიური ფორმულირებები იმის შესახებ, რომ მანევრები არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოსა თუ ბლოკის წინააღმდეგ. ნატოს ძალების კალინინგრადის იერიშის დამუშავება და რუსი სამხედროების მომზადება ქალაქში ბრძოლებისთვის, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ ვინ ვისთან აპირებს ბრძოლას. რა თქმა უნდა, სრულმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის შანსი მცირეა, მაგრამ სრულიად რეალური.

სპეციალისტების აზრით, ნატოს ქმედებებზე 2021 წელს პირდაპირ გავლენას მოახდენს აშშ-ში პრეზიდენტის შეცვლა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ნატოს ერთიანობა შესამჩნევად შესუსტდა. თეთრი სახლის პატრონი არ მალავდა, რომ პირველ რიგში ამერიკის ინტერესებს იცავდა და ალიანსიდან გასვლასაც არ გამორიცხავდა. ასეთი რიტორიკა ევროპაში ძლიერ შეშფოთებას იწვევდა და კვალვ წამოიჭრა ევროკავშირის არმიის შექმნის საკითხი. ახალი პრეზიდენტი, აშკარაა, რომ შეეცდებაზ, ყველაფერი გამოასწოროს.

ფულის გამომუშავება

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რეალურად ნატოს არ აქვს აშკარა აგრესიული გეგმები რუსეთის მიმართ. ხოლო ალიანსის შემდგომი გაფართოება ამერიკელებისთვის - ეს ფულის შოვნისა და ევროპის კიდევ მეტად მიბმის მეთოდია. ვაშინგტონი ტრამპამდელ ეპოქას დაუბრუნდება და ევროპის საქმეებში ჩარევას გააძლიერებს.

„მეჩვენება, რომ 2021-ში ნატო წარმოაჩენს, როგორ ყალიბდება სამხედრო ორგანიზაციიდან რაღაც გლობალურ კორპორაციად, — განმარტავს პოლიტოლოგ-ამერიკანისტი სერგეი სუდაკოვი. — ალიანსის საკვანძ პრობლემა შველებურად აქტუალურია — ეს ფინანსირებაა. ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ბიუჯეტის ორ მესამედს აშშ უზრუნველყოფს და ეს არავისთვის არ არის საიდუმლო. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, რომ ხარჯებმა უკვე გადააჭარბა ტრილიონ დოლარს — უპირველესად სწორედ ვაშინგტონის წყალობით. ევროპული სახელმწიფოები აშშ-იდან მოწოდებების იმედად არიან — მშრალი საკვების ჩათვლით. ამას უზრუნველყოფს კოლოსალური ამერიკული თავდაცვითი ბიუჯეტი — კორპორაციები, რომლებიც ნატოს ინტერესებში მოქმედებენ, უზარმაზარ თანხებს შოულობენ“.

ექსპერტი შენიშნავს, რომ ალიანსის მოღვაწეობა უკვე დღეს გამოიყურება, როგორც ფულის ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანა. ვაშინგტონი ნატოს თანხებს გამოუყოფს, მოკავშირეები ამ ფულით ამერიკულ ტექნიაკსა და შეიარაღებას ყიდულობენ და წრე იკეტება.

ბაიდენის პირობებში ევროპა აშშ-სთვის სამხედრო პროდუქციის გასაღების ერთ-ერთ ძირითად ბაზრად დარჩება. გამოდის, რომ ოკეანის გაღმიდან ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. მაგრამ სპეციალისტთა უმეტესობა დარწმუნებულია: ვაშინგტონი და ბრიუსელი არ წავლენ მსოფლიოში სიმძლავრით მეორე არმიის ნამდვილ გამოცდაზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

1323
თემები:
რუსეთი დღეს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან: 2021 სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი

220
(განახლებულია 17:39 22.01.2021)
გულშემატკივრები ტოკიოში ქართველი ოლიმპიელების გამოსვლას ელოდებიან. საინტერესო წელი იქნება ქართული რაგბისთვისაც. პარალელურად ფეხბურთელები განაწყენებული ქომაგის გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო გადაიდო ან სულაც ჩაიშალა 2020 წელს დაგეგმილი უამრავი სპორტული ღონისძიება. გულშემატკივართათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო გასულ წელს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გადადება. კორონავირუსთან ვაქცინაციით დაწყებულ ბრძოლას მსოფლიო საზოგადოება იმედის თვალით შეჰყურებს, რაც ჩვენც იმედს გვაძლევს, რომ 2021 წელი სპორტული თვალსაზრისით ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

იმედიანად არის განწყობილი ქართველი ქომაგიც, რადგან ქართულ სპორტს საინტერესო წელი ელოდება და ფედერაციები გარკვეულ სახეობებში მსოფლიო ტურნირებზე უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვებას გეგმავენ.

მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია, რომელიც შარშან უნდა გამართულიყო. ოლიმპიადის ლიცენზიები ქართველი სპორტსმენების ნაწილს უკვე მოპოვებული აქვს, დანარჩენები კი ოლიმპიადამდე დაგეგმილ ტურნირებზე იბრძოლებენ ლიცენზიების მოსაპოვებლად. რთული წელი ექნებათ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში განცდილი მარცხით გულშემატკივრებს გული დასწყვიტეს. საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მუნდიალისთვის შესარჩევ ეტაპს გაივლის, სადაც უძლიერეს მეტოქეებთან მოუწევს გაჯიბრება. რაც შეეხება კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს, ისინი ევრობასკეტის ბოლო საკვალიფიკაციო ფანჯრის (ბაბლის) მასპინძლები იქნებიან. მოუთმენლად ველით UFC-ში ჩვენი მებრძოლების გამოსვლებსაც, მიუხედავად პანდემიისა, მათ 2020-ში უამრავი სიხარული გვაჩუქეს. ასევე წინ გველის ძიუდოში თბილისის გრანდ-სლემი და უამრავი სხვა სპორტული ღონისძიება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება

იაპონიის დედაქალაქმა ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის 12,5 ათასზე მეტი სპორტსმენის გამოსვლას ელოდებიან, ერთი წლის დაგვიანებით - 2021 წლის ზაფხულში უნდა უმასპინძლოს.

ოლიმპიადის ხსენებაზე ქართველ გულშემატკივარს პირველი ალბათ ლაშა ტალახაძე გაახსენდება. ჩვენი გოლიათის მარცხს სხვა ქვეყნის სპორტის ქომაგები და წარმომადგენლებიც კი არ განიხილავენ და მით უფრო მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება ქართველ ქომაგს. ტალახაძის უსაზღვრო შესაძლებლობებიდან და არაამქვეყნიური ძალიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ერთი ოლიმპიური ოქროს იმედი ამ სახეობაში ნამდვილად უნდა ჰქონდეს. თუმცა ბოლო ხანს, ტალახაძის გარდა, არაერთმა ქართველმა ძალოსანმა მიაღწია წარმატებას საერთაშორისო ტურნირებზე და არ არის გამორიცხული, ფედერაციას კიდევ ჰქონდეს დაგეგმილი ოლიმპიური მედლები.

ტრადიციულად საქართველოს მედლების მოპოვების დიდი შანსი ექნება საჭიდაო სპორტის სახეობებში. საინტერესო იქნება ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობა, სადაც უამრავი ახალი სახე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ წელი წარმატებით დაიწყეს ტატო გრიგალაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა, რომლებმაც დოჰას მასტერსზე გამოსვლა ოქროს მედლებით დაასრულეს. არ უნდა დაგვავიწყდეს თავისუფალი სტილით ჭიდაობა, სადაც ყველაზე მეტად გენო პეტრიაშვილის იმედი გვაქვს.

რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღინიშნოს მსოფლიო სპორტში ისეთი ფენომენალური მოვლენა, როგორიც ჩვენი მსროლელი ნინო სალუქვაძეა, რომელიც თავის მე-9 (!) ოლიმპიადაზე მიდის. წარმატებები ვუსურვოთ ნინოს და იმედი ვიქონიოთ, რომ მასთან ერთად ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვა სახეობებშიც მოუტანენ ქვეყანას ჯილდოებს.

დიდი იმედგაცრუების შემდეგ საფეხბურთო ნაკრები მუნდიალის შესარჩევისთვის ემზადება

კარგი იქნება, თუ კორონავირუსთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად დავიწყებას მიეცემა 2020 წლის ქართული ფეხბურთის წარუმატებლობაც. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მარცხის შემდეგ ბევრმა ადამიანმა კიდევ ერთხელ აიცრუა გული ქართულ ფეხბურთზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება. მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს ნამდვილად რთული გზა აქვთ გასავლელი. ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა.

მუნდიალის შესარჩევზე საქართველო პირველ შეხვედრას 2021 წლის 25 მარტს სტუმრად გამართავს შვედეთის წინააღმდეგ, 11 ნოემბერს კი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში კვლავ შვედებთან მოგვიწევს დაპირისპირება.

ნაკრების სხვა პრობლემებს ახლა ისიც დაემატა, რომ სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმერ ვაისის წასვლის შემდეგ ფედერაცია ისევ ნაკრების ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული კლუბებიც. ევროსარბიელზე, მსგავსად წინა სეზონებისა, კვლავ ოთხი გუნდი იასპარეზებს. ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და „გაგრა“ (თასის გამარჯვებული) უეფას ახალ საკლუბო ტურნირზე – კონფერენს ლიგაზე გასვლას შეეცდებიან.

ქართველი მორაგბეებისთვის წელი რუსეთთან შეხვედრით იწყება

„ბორჯღალოსნები“ 2021 წლის პირველ შეხვვედრას რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან 6 თებერვალს გამართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ჩვენი ნაკრებისთვის აღნიშნული შეხვედრა არაფერს წყვეტს, მაყურებელი ქართველ მორაგბეთა მატჩებს ყოველთვის სულმოუთქმელად ელოდება. „დათვებს“ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე უნდა შევხვედროდით, თუმცა ამ შემთხვევაშიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გადაიდო.

შემდეგ კი ლევან მაისაშვილის შეგირდებს წინ რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ელით, რომელიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. საუბარია ასევე ზაფხულში გასამართ ტესტ-მატჩებზე, რომლებიც "ბორჯღალოსნებმა" შესაძლოა არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართონ.

კალათბურთელები ევრობასკეტისთვის გახურდებიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წელს ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ბოლო ოთხ შეხვედრას, ე.წ. „ბაბლს“ უმასპინძლებს. 2021 წლის თებერვალში ჩვენი ნაკრები ჯერ სერბეთის დამარცხებას შეეცდება, შემდეგ კი ფინეთის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის შეგირდებმა „ბაბლის“ პრინციპით ფინეთში გამართულ ნოემბრის ფანჯარაში წარმატებულად იასპარეზეს. ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელ ფინეთთან გამარჯვების შემდეგ შვეიცარიაც დაამარცხეს და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნეს.

საქართველო ევრობასკეტი-2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს. მიუხედავად ამისა, ქართველ კალათბურთელებს თავი არ დაუზოგავთ და შესარჩევი ეტაპის აქამდე გამართული ყველა მატჩი მოიგეს, თანაც უმეტესი მათგანი – სერიოზული საკადრო დანაკლისების პირობებში. მეორე მხრივ, ძირითადი შემადგენლობის დანაკლისმა გამოავლინა პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც ნაკრებს მომავალში უდავოდ გამოადგებიან.

2021 წლის ზაფხულში საქართველო 20 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონსაც მიიღებს.

შერეულ ორთაბრძოლებში ქართველი სპორტსმენები თანდათან სახელს იხვეჭენ

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, შერეული ორთაბრძოლები პოპულარული გახდა. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი UFC-სკენ არის მიმართული, სადაც ექვსი ქართველი სპორტსმენი გამოდის.

ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე – ეს იმ მებრძოლთა ჩამონათვალია, რომლებმაც გასულ წელს თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრეს, და არ არის გამორიცხული, რომ ქართველ მონაწილეთა რიცხვი მიმდინარე სეზონისთვის კიდევ გაიზარდოს.

აღნიშნული ექვსი მებრძოლისგან 2021 წელს ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალურ თავდადებასა და წარმატებებს ელოდება. UFC-ში ქართველთა მომავალი მეტოქეების ვინაობა წლის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ასე რომ, წელს საინტერესო სპორტული 2021 გველოდება, წარმატებების იმედით დაველოდოთ წლის ბოლოს შეჯამებას.

 

220
ვაქცინა Спутник V

ინდოეთმა რუსული ვაქცინის გამოცდის მეორე ეტაპი დაასრულა

7
რუსეთში ინდოეთის ელჩის სიტყვებით, ცდების პირველი ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე ეტაპი

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ  V“ ინდოეთში ცდების მესამე ეტაპის შემდეგ დარეგისტრირდება, იუწყება РИА Новости მოსკოვში ინდოეთის ელჩის, ვენკატეშ ვარმას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ინდოეთისა და რუსეთის თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, ვაქცინების მიმართულებით, პანდემიის პირობებში ძალიან კარგ დონეზეა, მიმდინარეობს რეგულარული კონტაქტები პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდსა და ინდურ კომპანიებს შორის“, - განაცხადა მან.

ვარმას თქმით, „სპუტნიკ  V“-ს გამოცდის ორი ფაზა წარმატებით დასრულდა და დაიწყო მესამე.

„როგორც კი ის დასრულდება, ჩატარდება რეგისტრაცია და დაიწყება მისი წარმოება ინდოეთში სარეალიზაციოდ. ვფიქრობ, ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოხდება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

„როგორც კი ცდების მესამე ფაზა დასრულდება და ის ნებართვას მიიღებს, ჩვენ ვხედავთ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობას, ინდოეთისთვის, რუსეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ინდოეთის სიმძლავრეების გამოყენების გზით... ჩვენთან ვაქცინების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი სიმძლავრეებია განთავსებული - მსოფლიო წარმოების დაახლოებით 60 პროცენტი“, - აღნიშნა ელჩმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. „სპუტნიკV"-ს ეფექტურობა 90%-ს აღემატება, დაავადების მძიმე შემთხვევებში ვაქცინა სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

7