ოპოზიციის აქცია პარლამენტთან

მოქმედების გეგმა ოპოზიციისთვის: პარლამენტი ყოფნა–არყოფნის ზღვარზე

125
(განახლებულია 21:50 19.11.2020)
როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთმა მაინცდამაინც ვერ გაუგო ბოიკოტი და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების იდეა ოპოზიციას...

მაიკლ პომპეო მათ არც შეხვდა და ელჩისა და თანაშემწის პირით შემოუთვალა - პარლამენტში შედით და ისე გააგრძელეთ პოლიტიკური ბრძოლაო. აი, ამ დროს უკვე გაიყო ოპოზიციის პოზიციები.

საქმე ისაა, რომ მისი ერთი ნაწილი კატეგორიულად არ ეთანხმება ამომრჩევლის შეურაცხყოფისა და საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობის იდეას. ამაზე ცალსახად უარი განაცხადეს „ლელოს“ წარმომადგენლებმა, ალეკო ელისაშვილმა, გიორგი ვაშაძემ.

ძალიან საინტერესო და პასუხისმგებლიანი პოზიცია გამოაქვეყნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. ამომრჩეველს კი არა, ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს, ოთხი წლის განმავლობაში რომ ვერ დავარწმუნეთ ისინი, რომ ღირდა ამ ხელისუფლების შეცვლაო. უსუფაშვილი მართალია, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ეს ამომრჩეველიც მაინდამაინც კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული არაა, დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს და ხშირად ქვეყნის კი არა, საკუთარი მერკანტილური ინტერესების გამო აძლევს ხმას. თავის დროზეც, გარდა სამართლებრივი საკითხებით აღშფოთებისა, ივანიშვილის სიმდიდრეს და მისგან გამომდინარე სარგებელს ბევრი შეჰყურებდა იმედის თვალით, მერე ზოგი შესწვდა ძეხვს, ზოგი ვერა და პარასკევს დააბრალა...

მოკლედ, სიტუაცია ისე ლაგდება, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ შეძლოს და რამდენიმე ოპოზიციური დეპუტატი მაინც შეიტყუოს პარლამენტში. ისინი, ვინც თავიდანვე მის სატელიტებად მოიაზრებოდნენ, ამ რიცხვში საერთოდაც ვერ მოხვდნენ. ასე რომ, ახლა ხელისუფლება ჯერ მეორე ტურების ჩატარებაზე იზრუნებს, შემდეგ კი – პარლამენტის შეკრებაზე დეკემბრის დასაწყისში. სხვა რომ არა იყოს რა, ჯერ ბიუჯეტი, შემდეგ კი მთავრობაა დასამტკიცებელი. ზოგადად კი, როგორც ჩანს, მე-10 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება.

ცალსახად ნაფიქრი და დესტრუქციული პოზიცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს. ჟურნალისტმა ელისო კილაძემ პოსტის სახით შემოგვთავაზა კიდეც ეს გეგმა. მისი თქმით, ყველა ოპოზიციური პარტიის სიის ყველა ნომერმა უნდა დაწეროს განცხადება დეპუტატობაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, მართალია, „ქართული ოცნების“ 76 დეპუტატი სხდომას გახსნის, მაგრამ ცესკოს აღარ ეყოლება 100 დეპუტატი, ანუ პარლამენტის წევრთა 2/3, რომლის უფლებამოსილებას ცნობს და, შესაბამისად, ეს პარლამენტი ვეღარ იქნება უფლებამოსილი – მიიღოს გადაწყვეტილებები. აი, ასეთ გეგმას სთავაზობს, როგორც ჩანს, სააკაშვილის ერთგული დაჯგუფება ოპოზიციას, თუმცა რამდენად დაითანხმებენ ყველა ოპოზიციური პარტიის სიის ყველა წევრს, ეს კიდევ საკითხავია...

და ახლა მთავარი ბრძოლა ამ ორი კვირის განმავლობაში სწორედ იმ რამდენიმე ადამიანის გადასაბირებლად გაიმართება, ვინც პარლამენტის ყოფნა-არყოფნის საკითხს გადაწყვეტს. ზოგადად კი მე-10 მოწვევის პარლამენტში რატომღაც ყველაფერი აი, ასე – ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ითამაშებს...

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას

125
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (36)
ძველი თბილისის დაკეტილი კაფეები და რესტორნები

„წინასწარმეტყველება“ სარესტორნო ბიზნესს... რა იქნება შეზღუდვების მერე?

863
(განახლებულია 20:11 30.11.2020)
რესტორნებისა და კვების ობიექტების საქმიანობა შეიზღუდა. რატომ იყო ეს გადაწყვეტილება ამ სექტორისთვის მოულოდნელი, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და ემუქრება თუ არა ბიზნესის ამ სახეობას განადგურება?

სამსონ ხონელი

დიდი დრო არ გასულა, დაახლოებით ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში ხანგრძლივად ვიმოგზაურე... არახალია, ვირტუალურ სამყაროში მთელი სიდიადით შეიგრძნობთ ჩვენი დროების მრავალფეროვნებას. ვინ რა თქვა, ვინ რას აპირებს, ვინ ვისთან და რა ვითარებაში, ვინ ვის რითი ემუქრება, ვის რა სწყინს და ვის რა უხარია?.. ერთი სიტყვით, სხვა მრავალ ღირსშესანიშნაობათა შორის ყურადღება მეგობრის FACEBOOK-ის კედელზე გამოქვეყნებულმა წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ფოტოპორტრეტმა მიიქცია. იქვე იყო საგულისხმო მინაწერიც: „ვხედავ, დეკემბერში დაბადებული ხალხი რესტორნებში ვერ გადაიხდიან დაბადების დღეს!“ ბევრი ვიცინე, მეგობარი ხუმრობდა. წამითაც არ დამიშვია, რომ წინასწარმეტყველი საიუბილეო თარიღების აღნიშვნის დისლოკაციის ადგილის პროგნოზირებით დაკავდებოდა, ის მხოლოდ გლობალურ საკითხებს უთმობს ყურადღებას. არ შევმცდარვარ, გადავამოწმე, ქალბატონი ლელას კედელიც დავათვალიერე, თუმცა მსგავსი არაფერი მინახავს. დღევანდელი გადასახედიდან კი ნათელია, რომ ხუმრობა რეალობად იქცა. მკითხველი ბრძანებს, მეგობარი შეცდა, ერთი თვით შემოიფარგლა, არადა დეკემბრის იუბილარების ბედს იანვარში დაბადებულებიც გაიზიარებენო და მართალიც იქნება. სიტყვა გამიგრძელდა, დროა, ყურადღება მთავარი სათქმელისკენ მივაპყრო. მადლობა მეგობარს, უწყინარმა ხუმრობამ წინამდებარე სტატიაზე მუშაობის სტიმული მომცა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში უკვე მოქმედი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, გამონაკლისი არც სარესტორნო ბიზნესია. კერძოდ, მრავალპუნქტიან დოკუმენტში ვკითხულობთ: „რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. Takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას მყისიერად მოჰყვა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებები. რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძის შეფასებით, რესტორნების მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მათთვის შოკისმომგვრელი იყო. შეზღუდვის შედეგად კი მეოთხედ მილიონამდე ადამიანი, რომელიც ამ სექტორში მუშაობს, უმუშევარი დარჩება.

„შეხვედრების დროს ჩვენ მთავრობას ვთავაზობდით – ოქროს შუალედი მოგვენახა. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ უკვე არსებული რეგულაციების მკაცრი კონტროლი მომხდარიყო და ვინც არღვევდა მოთხოვნებს, მკაცრად ეგო პასუხი. მაგრამ მთავრობამ სრული „ლოკდაუნის“ გადაწყვეტილება მიიღო. შეხვედრისას ასეთი ვერსია არც კი განიხილებოდა“, − განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორატორთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ რესტორნების 90 პროცენტი ვეღარც გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 11.000 რესტორანი, მათ შორის 40 პროცენტი − თბილისში, 60 პროცენტი − დედაქალაქის ფარგლებს გარეთ. „თბილისსა და დიდ ქალაქებში რამდენიმე რესტორანი ფუნქციონირებს, დანარჩენი გაჩერებულია. დღე არ გადის ისე, რომ რესტორნების დახურვის შესახებ ინფორმაცია არ გავიგოთ. ამ შეზღუდვების შედეგად მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ“, – აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე, რომელიც დასძენს, რომ „ლოკდაუნს“ შედეგი არც წინა შემთხვევაში გამოუღია, გარდა იმისა, რომ ბიზნესს პრაქტიკულად გადაულახავი პრობლემები შეუქმნა. კოტე გაბრიჩიძის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული სუბსიდირების პაკეტი კარგია, მაგრამ ფაქტიურად განადგურების პირას მყოფი

ბიზნესისთვის სახელმწიფოსგან საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირება დიდი შეღავათი ვერ იქნება.

„მესმის, ამ „ლოკდაუნებით“ შედეგი მიგვეღო, მაგრამ არა მარტო სარესტორნო ბიზნესი, არამედ ქვეყნის ეკონომიკა გავანადგურეთ, ხოლო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ. ამჯერად საუბარია რესტორნების ე.წ. დელივერი სერვისით მუშაობაზე. პროდუქცია უნდა დამზადდეს და მომხმარებლამდე მივიდეს, მაგრამ ეს პროდუქცია ვინ უნდა დაამზადოს, თანამშრომელი როგორ უნდა მივიდეს სამსახურში და მერე უკან სახლში როგორ უნდა დაბრუნდეს, ამაზე არავინ ფიქრობს“, − აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა პოზიციას ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილიც იზიარებს. მათი შეფასებით, კვების ობიექტების მუშაობის შეჩერება ხელისუფლების მხრიდან არასამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ სფეროში მომუშავე პერსონალი COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დიდ რისკ-ზონას არ წარმოადგენს.

„დიდი საწარმოები, მშენებლობის სექტორი და სხვა სექტორები, რაც ქმნის ეკონომიკის დიდ ნაწილს, იმათ რატომ არ აჩერებენ, იქ არ არის ვირუსის გავრცელების რისკ-ზონა მაღალი? ცხადია: ის რომ გააჩერონ, მთელი ეკონომიკა ჩამოიშლება. არასამართლიანი მიდგომაა, რატომ ვაჩერებთ კვების ობიექტებს? საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება გასაგებია, ეს ვირუსის გავრცელების ტემპს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ეჭვი მეპარება, კვების ობიექტებისა და რესტორნების ოპერირების შეჩერება რამენაირად ამცირებდეს ვირუსის გავრცელების ტემპს. თუ რომელიმე საწარმო არის ვირუსის ტემპის გავრცელების მაღალი მატარებელი, ეს პირველ რიგში დიდი საწარმოებია, სადაც ბევრი ადამიანი ერთდროულად მუშაობს“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ.

მისი შეფასებით, არსებული რეგულაციები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, გამოიწვევს ეკონომიკის ვარდნას, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი უმუშევარი დარჩება. ექსპერტი მიანიშნებს, რომ, ზოგადად, დაწესებული რეგულაციები ჯანდაცვის სისტემის გაუმართავი მუშაობის შედეგია.

„როგორ ხორციელდება მართვის პროცესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში?.. სწორად მართვა ნიშნავს, საავადმყოფოებში ხვდებოდნენ ის პაციენტები, რომელთაც ჰოსპიალიზაცია სჭირდებათ. პროცესის სამართავად ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომელიც მან ვერ გამოიყენა. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ვერ ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს შერჩევა, ვის სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ვის არა, როგორ ვმართოთ ეს პროცესი. ჯანდაცვის სისტემის მართვის პროცესში არ მეგულება ადამიანები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ეფექტური მართვა შესაძებელია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ვერ ახერხებს. ამის ფასს კი დანარჩენი საზოგადოება ვიხდით ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირებით“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად შეზღუდვების გამკაცრება და გაფართოება საქართველოს ეკონომიკაზე რომ ნეგატიურად იმოქმედებს, ამას არავინ უარყოფს. საკამათო არც ის არის, რომ ქვეყანას მძიმე ზამთარი და გაზაფხული ელის. ახლა მთავარია, რომ მკაცრად დავიცვათ რეგულაციები და მედიკოსთა რეკომენდაციები. სხვაგვარად ალბათ ვერც თებერვალ-მარტში დაბადებულებს ექნებათ დაბადების დღის არა თუ რესტორანებში, არამედ ვიწრო წრეში გადახდის ხალისი. და, ბოლოს, არ დავივიწყოთ, ადამიანის მრავალ უფლებათა შორის მთავარი სიცოცხლის უფლებაა. სხვა ყველაფერი მოიცდის!..

 

863
დონალდ ტრამპი ეამბორება აშშ-ის სახელმწიფო დროშას

მოსაზრება: ტრამპი ხმაურით წასვლას აპირებს დაარტყამს თუ არა აშშ ირანს

37
(განახლებულია 19:22 30.11.2020)
დონალდ ტრამპი თანახმაა გადასცეს ხელისუფლება დემოკრატებს, თუ ამომრჩეველთა კოლეგია ჯო ბაიდენის გამარჯვებას აღიარებს.

გალია იბრაგიმოვა

მაგრამ წასვლის წინ, როგორც მედია ვარაუდობს, მზად არის ომი გამოუცხადოს ირანს. შეტევის მიზეზი ატომური პროგრამა იქნება, რომელიც ქვეყანამ „ბირთვული გარიგების“ ჩაშლის შემდეგ განაახლა. თეირანზე ზეწოლაში ამერიკელებს თელ-ავივის ჩართვაც აქვთ განზრახული. რა გავლენას მოახდენს ეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე?   

ტრამპის ჭარბი სიფიცხე

„დონალდ ტრამპს შეუძლია გასცეს ირანზე დარტყმის ბრძანება, ამიტომ ისრაელის თავდაცვის არმია (ცახალი) მზად უნდა იყოს. ისრაელის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს ბაიდენის ინაუგურაციამდე დარჩენილი პერიოდის მნიშვნელობა. ამერიკის წარმავალმა ლიდერმა მანამდე არაერთხელ წამოჭრა ნათანზის ურანის გამამდიდრებელი ქარხნის განადგურების საკითხი“, — წერს გამოცემა Axios ისრაელის წყაროებზე დაყრდნობით.

წყაროს თქმით, თეირანზე პრევენციული დარტყმა ტრამპმა მას შემდეგ ჩაიფიქრა, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ისლამურმა რესპუბლიკამ უარი თქვა შეესრულებინა მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის პირობები, ქვეყანაში მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები გაიზარდა. პრეზიდენტის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ მაიკ პენსმა და მაიკ პომპეომ დაითანხმეს ის, არ ეჩქარა, წერდა გაზეთი The New York Times ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით. ტრამპს აუხსნეს, რომ ირანზე შეტევა ძალადობის არასაჭირო ესკალაციას გამოიწვევდა.

ამერიკული გეგმების შესახებ დადასტურებული ფაქტები არ არსებობს. მაგრამ ისრაელში აღიარეს, რომ მიიღეს მითითება, მზად იყვნენ შესაძლო ბრძოლისთვის.

„პასუხი შეიძლება არა პირდაპირ, არამედ სირიაში, ღაზის სექტორსა თუ ლიბანში არსებული ირანული პროქსი-ჯარების მეშვეობით განხორციელდეს“, — განუცხადეს მათ Axios-ს.

სანამ პოლიტიკოსები შესაძლო ომის თაობაზე ინფორმაციის სანდოობას ამოწმებდნენ, ირანში ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე მოკლეს. დასავლური სპეცსამსახურები მას „ირანული ბომბის მამად“ მოიხსენიებდნენ. მიიჩნეოდა, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა ირანის ბირთულ პროგრამას. თეირანმა მკვლელობაში მაშინვე ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიების პირობა დადო. ბენიამინ ნათანიაჰუმ ირანელების განცხადება უყურადღებოდა დატოვა.

ომისწინა საზრუნავი

ირანზე შეტევის მუქარის შესახებ ინფორმაცია შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო, რომ არა წინმსწრები მოვლენები. ამ დღეებში შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში სტრატეგიული ბომბდამშენები B-52H Stratofortress გადაისროლა. ამერიკული შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავები რეგიონში „აგრესიის შესაკავებლად და მოკავშირეთა დასახმარებლად ჩაფრინდნენ“.

ვაშინგტონს არ განუმარტავს, რამდენი ბომბდამშენი გაუშვა და რომელ ქვეყანაშია ისინი დისლოცირებული. გაჩნდა ვერსიები, რომ გამანადგურებლები ახლა ინდოეთის ოკეანეში მდებარე ბრიტანეთის კუთვნილ კუნძულ დიეგო–გარსიას ბაზაზე არიან — ისევე, როგორც გასულ ზამთარს.

მაშინ იქ ექვსი ბომბდამშენი იყო განლაგებული ირანთან ომის შემთხვევისთვის. შეიარაღებული დაპირისპირების საბაბი არსებობდა — ამერიკელების მიერ გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობა. თეირანმა მაშინაც დადო შურისძიების პირობა.

ერთი წლის განმავლობაში რეგიონში ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმები ხდებოდა, მაგრამ პირისპირ შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ამერიკელებმა სამხედროების გაყვანა დაიწყეს. ამან ირანთან მოსაზღვრე ქვეყნების შფოთვა გამოიწვია, რომელთა თქმითაც, აშშ-ის კონტინგენტი ერთგვარი ბუფერი და თეირანის შემაკავებელი იყო.

საიდუმლო და ხილული მოლაპარაკებები

ახლო აღმოსავლეთში ირანის მზარდი ავტორიტეტი ყველაზე მეტად ისრაელს აშფოთებს. ზამთარში ირან–აშშ-ის ესკალაციის შემდეგ თელ-ავივმა განგაშის ზარებს შემოჰკრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ ივარაუდა, რომ თეირანი მარტო ამერიკელებზე კი არა, ებრაულ სახელმწიფოზეც აპირებდა შურისძიებას. ამიტომაც განაცხადა, რომ ისრაელი დასწრებაზე იმოქმედებდა.

ახლოაღმოსავლურ საქმეებში ირანის შეკავებას სპარსეთი ყურის მონარქიებიც ცდილობენ. ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ირანმა რეგიონული ლიდერის როლის მიტაცება სცადა. არაბები შეშფოდნენ. აიათოლების შიიტური რეჟიმი მიუღებელია მათი სუნიტური ტრადიციებისთვის.

რეგიონში ირანის როლის გაძლიერების თავიდან ასარიდებლად არაბულმა მონარქიებმა 2000-იანების შუა წლებში ისრაელთან არაფორმალური მოლაპარაკებები დაიწყეს. და მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებაში პალესტინის მოუგვარებელი საკითხი უშლიდათ ხელს, მხარეები თეირანის წინააღმდეგ ნაბიჯების კოოპერირებაზე შეთანხმდნენ.

დამკვირვებლების აზრით, ფარული ურთიერთქმედებების არსებობაზე მეტყველებდა, მაგალითად, იორდანიის, საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მზადყოფნა, გაეხსნათ საჰაერო სივრცე ისრაელის ავიაციისთვის.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ და მისმა ანტიირანულმა განწყობამ არაბულ–ისრაელური კავშირები განამტკიცა. ხელისუფლებაში მოსულმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლოაღმოსავლურ პრობლემებს „საუკუნის გარიგების“ მეშვეობით გადაჭრიდა. ეს პალესტინური საკითხის გადაჭრას მოიაზრებდა პრინციპით „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ — ისრაელის პარალელურად მსოფლიო რუკაზე პალესტინა უნდა გაჩენილიყო.

ინიციატივას არაბულ სამყაროში მხარი არ დაუჭირეს. მაგრამ, სპარსეთის ყურის მონარქიების აღიარებით, მან ხელი შეუწყო „ახლო აღმოსავლეთის გადატვირთვას“. სექტემბერში ისრაელმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა, ამერიკელების შუამავლობით, ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. ამასთან არავინ მალავდა, რომ ქვეყნების ურთიერთქმედებას ტაქტიკური ანტიირანული ხასიათი ჰქონდა.

საუდის არაბეთი, რომელსაც თავი არაბული სამყაროს ლიდერად მიაჩნია, ისრაელისგან განდგომილად იდგა. ქვეყნების არაფორმალური კონტაქტების შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ უმაღლეს დონეზე დიალოგის დაშვება არავის შეეძლო. ერ–რიადი ტრადიციულად აცხადებდა: პალესტიის პრობლემის გადაჭრამდე თელ-ავივთან არანაირ შეთნხმებაზე საუბარიც არ იქნებაო. მაგრამ ეს სტერეოტიპიც დაიმსხვრა.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ნათანიაჰუ ფარულად ეწვია საუდის არაბეთის ქალაქ ნეომს და მოლაპარაკებები გამართა ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან. ეს ამბავი სენსაციად იქცა. იყო ვერსიები, რომ მოლაპარაკებების ცენტრალური თემა ირანული გავლენა იყო.

ერ–რიადი თავიდან უარყოფდა შემდგარ დიალოგს, მაგრამ თელ-ავივის პოზიციამ, რომელიც უარს ამბობდა ყველანაირ კომენტარზე, დაარწმუნა ქვეყნების უმრავლესობა, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა. ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ახლოაღმოსავლური ტურნეს კვალდაკვალ მოხდა. პომპეომ კიდევ ერთხელ სცადა რეგიონის სახელმწიფოების შერიგება და ირანის სერიოზულ საფრთხეებზე ილაპარაკა.

„ჩემ შემდეგ ალიანსი დარჩება“

„ისრაელს არ სურს ირანთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება. მაგრამ ფარული კონფრონტაცია ყველა ფრონტზე არსებობს. ისლამური სახელმწიფო აძლიერებს თავის ყოფნას ისრაელის საზღვრების პერიმეტრზე. კიდევ ერთი მეზობელი — ლიბანი ფაქტობრივად ირანის ვასალია. თეირანი სერიოზულ გავლენას ახდენს ღაზის სექტორზეც, აფინანსებს „ჰამასს“. ირანი პრაქტიკულად ისრაელის ყველა მიჯნასთან დგას“, — აცხადებს ქსენია სვეტლოვა, ქნესეთის ყოფილი დეპუტატი და საერთაშორისო საკითხთა ექსპერტი.

ნათანიაჰუს იდუმალ ვიზიტს საუდის არაბეთში ის აშშ-ში ხელისუფლების მოსალოდნელი ცვლის კონტექსტში აფასებს.

„ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობებს ამერიკის ყოველი ახალი ადმინისტრაცია აკორექტირებს. გამორიცხული არ არის, რომ ნათანიაჰუსა და ბენ სალმანს იმაზე ემსჯელათ, თუ როგორ შეინარჩუნონ მოქმედებათა კოორდინაცია ირანის მიმართ ბაიდენის შემთხვევაში. თუმცა არ ვფიქრობ, რომ დემოკრატი პრეზიდენტი მსგავსი კონტაქტების წინააღმდეგი იქნება. ბარაკ ობამას დროიდან ამერიკელებმა რეგიონიდან გასვლაზე აიღეს კურსი. თავის შემდეგ, როგორც მინიმუმი, არაბულ–ებრაული ალიანსის დატოვება, რომელიც ირანს წინააღმდეგობას გაუწევს — ეს აშშ-ის ინტერესებშია“, — მიაჩნია სვეტლოვას.

ტრამპის შეცდომების აღიარება

ანალიტიკოსი ადლან მარგოევი დარწმუნებულია, რომ ირანმა იცის არაბულ–ებრაული ურთიერთქმედებების შესახებ. ექსპერტის თქმით, თეირანში არაბეთის ქვეყნების „სიონისტურ რეჟიმთან“ ურთიერთობების დამყარებას „პალესტინის ღალატად“ მიიჩნევენ. აკრიტიკებენ რა საუდის არაბეთის, გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის ისრაელთან კონტაქტებს, ირანის ხელისუფლება მაინც არ არის დაინტერესებული დაპირისპირების გამწვავებით.

მარგოევის აზრით, თეირანს ანტიირანული რიტორიკის შესუსტების იმედი აქვს აშშ-ის ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ.

„ირანის ხელისუფლება მოუწოდებს ბაიდენს, აღიაროს ტრამპის შეცდომები და აღადგინოს „მოქმედების ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“. ექსპერტთა დონეზე დემოკრატები ამაზე უკვე მსჯელობენ. მაგრამ პრაქტიკაში ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მოქმედებათა თანმიმდევრობის განსაზღვრაც კი რთულია. მაგალითად, ირანი სანქციების გაუქმებას მოითხოვს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა დაადასტუროს, რომ თეირანი „გეგმის“ პირობებს იცავს. ისლამური რესპუბლიკა კი განმარტავს, რომ ბირთვული გარიგება დღეს სრული მოცულობით არ სრულდება იმის გამო, რომ ამერიკელები იქიდან პირველები გავიდნენ. როგორ შეიძლება დაუბრუნდნენ „გეგმას“ ისე, რომ მექანიზმმა პარალელურად იმუშაოს — ღიად რჩება“, — მიაჩნია ექსპერტს.

ის აღიარებს, რომ ბაიდენს გაუჭირდება ხელის ერთი დაკვრით გააუქმოს ტრამპის ანტიირანული გადაწყვეტილებები, თუმცა მიაჩნია, რომ სამხედრო კონფლიქტისთვის თავის არიდება შესაძლებელი იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

37
ხელების ფორმის წყარო

უნიკალური არტეფაქტი: მილიარდზე მეტი წლის წყალი მუზეუმში გამოიფინება

0
(განახლებულია 09:37 01.12.2020)
მკვლევარებმა ანალიზი ჩაუტარეს წყალს და დაადგინეს, რომ ის ათჯერ უფრო „ასაკოვანი“ იყო, ვიდრე წყალი, რომელიც მანამდე ყველაზე უხნესად მიჩნეოდა მსოფლიოში

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. კანადის მეცნიერებისა და ინოვაციების მუზეუმმა კოლექციაში მიიღო ბოთლი მილიარდზე მეტი წლის წყლით, იუწყება მუზეუმის პრესსამსახური.

„ეს არის მილიარდზე მეტი წლის წყალი შუშის ბოთლში, რომელიც კაცობრიობის მიერ გამოვლენილ ნიმუშებს შორის ყველაზე ძველი გამდინარე წყალია“, — წერს მუზეუმი.

​გავრცელებული ინფორმაციით, წყალი 2009 წელს მოაგროვეს მიწის ქვეშ 2,4 კმ სიღრმეზე — კიდ–კრიკის მაღაროში.

მუზეუმის თანამშრომლების თქმით, წყლის ანალიზმა აჩვენა, რომ მისი საშუალო ასაკი ათჯერ აჭარბებდა იმ წყლის ასაკს, რომელიც მანამდე მიიჩნეოდა უძველესად.

აღსანიშნაია, რომ გარდა არტეფაქტული წყლისა, მუზეუმში ასევე დაცულია ის ინსტრუმენტები, რომლებიც მის მოსაპოვებლად იყო გამოყენებული.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს