ჰილარი კლინტონი

მოსაზრება: მსოფლიო მშვიდობის კლინტონის გეგმა, ანუ კარგი ამბავი რუსეთისთვის

26
(განახლებულია 18:47 16.11.2020)
აშშ-ის „რუხმა კარდინალმა“ და არშემდგარმა პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონმა ავტორიტეტულ ამერიკულ ჟურნალ Foreign Policy-ში პროგრამა გამოაქვეყნა.

ივან დანილოვი

ეს ტექსტი შეიძლება და საჭიროცაა ჩაითვალოს აშშ-ის რეალურ სტრატეგიად ამერიკის მსოფლიო ჰეგემონიის აღდგენის საქმეში.

შეგიძლიათ მომავალი ზომბი–პრეზიდენტის ბაიდენის „სატახტო სიტყვა“ აღარც მოისმინოთ და აღარც წაიკითხოთ: ქალბატონმა კლინტონმა ყველაფერი მაქსიმალურად მკაფიო და არაორაზროვანი ტერმინებით ჩამოაყალიბა. ხოლო თუ ამერიკული პოლიტიკის სარანგო ტაბელში „კლინტონების კლანის“ ადგილს გავითვალისწინებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ ამ სტრატეგიას აქვს რეალიზაციის ძალიან, ძალიან დიდი შანსი.

ყველაზე პარადოქსული არშემდგარი „მადამ პრეზიდენტის“ (როგორც ის თავად უწოდებდა საკუთარ თავს) ტექსტში ისაა, რომ ეს პროგრამა არის დიდი, სრული და მტკიცე აღიარება იმისა, რომ დონალდ ტრამპი მართალი იყო. ტრამპს, სიცოცხლე გისოსებს მიღმაც რომ დაასრულოს, შეუძლია აქტივში ჩაიწეროს წარმოუდგენელი მიღწევა: მან გარდატეხა აშშ-ის ისტორიული კურსი და ისინიც კი, ვინც მის შემდეგ მოვლენ ხელისუფლებაში სასაფლაოებიდან მიღებული ხმების წყალობით, უკვე იძულებული იქნებიან, თავიანთი საგარეო და საშინაო პოლიტიკაც კი იმ რეპერულ წერტილებზე ორიენტირებით ააგონ, რომლებიც ექსცენტრულმა ნიუიორკელმა მილიარდერმა ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსში ჩააჭედა.

მიუხედავად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის რიტუალური (და საკმაოდ ემოციურიც) კრიტიკისა, ქალბატონმა კლინტონმა ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზე, რომლებსაც მანამდე დემოკრატები უბრალოდ იგნორირებას კი არ უწევდნენ, არამედ საერთოდაც უარყოფდნენ:

„ორივე პარტიის [საპრეზიდენტო] ადმინისტრაციები უკვე დიდი ხანია ბოლომდე ვერ აფასებენ ეროვნულ უშიშროებაზე ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს, რომელიც ასუსტებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საწარმო რგოლებს უცხოეთში გზავნის. გასაგები მიზეზების გამო საგარეო პოლიტიკური საზოგადოება (ანუ სახელმწიფო დეპარტამენტი, პრეზიდენტის მრჩევლები საგარეო პოლიტიკის საკითხებში, გონებრივი ცენტრების ექსპერტები, — ავტ.) ყურადღებას იმაზე ამახვილებს, თუ როგორ განამტკიცებს ახალი სავაჭრო ხელშეკრულებები ამერიკის კავშირებს განვითარებად ქვეყნებთან და როგორ გაზრდის აშშ-ის გავლენას ამ ქვეყნებში. დემოკრატებს უნდა დაემუხრუჭებინათ ახალი სავაჭრო შეთახმებები, როცა რესპუბლიკელები მშრომელების მხარდაჭერის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ძალიან დაზარალებულ საზოგადოებებში ინვესტირების ძალისხმევებს ეწინააღმდეგებოდნენ საკუთარ სახლში“, — წერს კლინტონი.

რომ არა რესპუბლიკელების მისამართით ჩხვლეტა, რომლებიც მართლაც საკმაოდ უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდნენ ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგებს, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს პასაჟი დონალდ ტრამპის რომელიმე სპიჩრაიტერს ეკუთვნის, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ბრალდებებზე ააგო — მათზე, ვინც მთელი ამერიკული სამუშაო ადგილები და საწარმოო სიმძლავრეები ჩინეთში გაიტანეს, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ პეკინს ვაშინგტონისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია წამყვანი მსოფლიო „დერჟავის“ სტატუსისთვის ბრძოლაში.

გლობალიზაცია ამერიკულად მოკვდა, ვინაიდან ის ტრამპმა მოკლა და ახლა დემოკრატიული პარტიის წამყვანი პოლიტიკოსიც კი ტრამპისეულ კლიშეს თავის საპროგრამო ტექსტში იყენებს, ასახელებს რა ჩინეთს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარად — არა მარტო სამხედრო, არამედ (უპირველესად) ეკონომიკური კუთხით.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰილარი კლინტონის პროგრამაში ჩინეთთან ბრძოლას უფრო დიდი ყურადღება ეთმობა, ვიდრე რუსეთთან ბრძოლას. ყოველ შემთხვევაში, სამიზნედ დასახვის დონეზე, არანაირი საუბარი არ არის „ყველა ძალის რუსეთზე კონცენტრაციის“ შესახებ. ყველაფერი აგებულია ცივი ომის კლიშეების უარყოფასა და უპირველესად ჩინეთის მოხრჩობის სწორი მეთოდის მოძებნაზე, რასაც რუსეთი სართად შეიძლება დააყოლონ.

თუმცა, როცა დემოკრატიულ პოლიტიკურ დისკურსში გარკვეულ ტრამპისეულ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს რკინისებური თანმიმდევრობა მხოლოდ კონფრონტაციაზე ორიენტაციის შენარჩუნების კუთხით — კლინტონის ტექსტით თუ ვიმსჯელებთ, ჩინეთთან და რუსეთთან მშვიდობიანი თანაარსებობის იდეა, რომ აღარაფერი ვთქვათ რაღაც სუბსტანციურ თანამშრომლობაზე ან განმუხტვაზე, მას თავში არც მოსდის.

დიპლომატიაც კი სახელმწიფო დეპარტამენტის ექს-შეფს უპირველესად ძალადობრივი ზეწოლისთვის უფრო მოხერხებულ ინსტრუმენტად ეჩვენება. მაგალითად, აკრიტიკებს რა ტრამპის ადმინისტრაციას მოკავშირეებთან მუშაობის უუნარობის გამო, მას სწორი დიპლომატიის მაგალითი მოჰყავს:

„დიპლომატიის აღდგენა განამტკიცებდა შეერთებული შტატების სამხედრო მდგომარეობას. აშშ-ის კავშირები — ეს არის აქტივი, რომელსაც ვერც ჩინეთი და ვერც რუსეთი ვერ შეედრებიან და ეს ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, განავრცოს თავისი ძალა მთელ მსოფლიოზე. მაგალითად, როცა მე სახელმწიფო მდივანი ვიყავი, ჩვენ ჩრდილოეთ ავსტრალიაში — სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო საზღვაო გზებთან ახლოს — 2500 ამერიკელი საზღვაო ქვეითის განთავსებაზე შეთანხმება გავაფორმეთ“.

გამოდის, რომ მსოფლიო იმ ხარკის გადაფორმატების მოწმე გახდება, რომლის აღებასაც ცდილობს აშშ თავისი ვასალებისგან. და თუ დონალდ ტრამპი (როგორც ნამდვილი ბიზნესმენი) ფულადი სახის გადახდებს ამჯობინებდა (რის გამოც კლინტონი მას ნატოს რეკეტულ ბიზნესად გადაქცევაში სდებს ბრალს), დემოკრატიული ისტებლიშმენტის უფრო რაფინირებული მიდგომა იმაში გამოიხატება, რომ ვასალები ხარკს ფულითაც გადაიხდიან და, ასე ვთქვათ, ნატურითაც — იმ ქმედებების სახით, რომლებიც აშშ-ს დაეხმარება, მიიღოს სამხედრო უპირატესობები ჩინეთსა და რუსეთზე.

თუმცა არის კარგი ახალი ამბებიც: ყოველ შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციის „რუხი კარდინალი“, დეკლარაციულ დონეზე მაინც, ჩინეთთან თუ რუსეთთან „შემთხვევითი“ ბირთვული ომის წინააღმდეგ გამოდის, რაც შეუძლებელია სასიხარულო არ იყოს იმის გათვალისწინებით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში გარკვეული რაოდენობის სრულიად შეშლილი „ქორი“ შედის.  

შეიარაღების ახალი კონვენციური სისტემების შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას კლინტონი ხაზს უსვამს, რომ „ამ შესაძლებლობებს თან უნდა ახლდეს მექანიზმები, რომლებიც ჩინეთთან და რუსეთთან კონსულტაციების შესაძლებლობას იძლევა. ამით შემცირდება იმის ალბათობა, რომ ჩვეულებრივი შორი შეტევა შეცდომით ბირთვულ დარტყმად არ იქნას აღქმული, რასაც კატასტროფული ესკალაციის გამოწვევა შეუძლია“.

რა თქმა უნდა, კარგია, რომ ვაშინგტონი ალბათ ძალისხმევას არ დაიშურებს ასეთი მექანიზმის ასამუშავებლად, მაგრამ ამერიკული ისტებლიშმენტის ფიქსაცია თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების წინ წაწევაზე სარაკეტო დარტყმების (თუნდაც არაბირთვული) დახმარებით დადებით ემოციებს ვერ აღძრავს.

ამერიკული „სიღრმისეული სახელმწიფოს“ სრულფასოვანი დაბრუნება ამერიკული პოლიტიკის, სამხედრო და დიპლომატიური მანქანის მართვის ბერკეტებთან ვერ იქცევა ზოგად მსოფლიო აპოკალიფსად, მაგრამ მშვიდობა პლანეტაზე ნამდვილად არ იქნება: აშშ შეეცდება თავის ტერიტორიაზე დააბრუნოს რომელიღაც საწარმოო სიმძლავრეები, ხოლო გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს აქტიურად დათრგუნავენ სამხედრო და დიპლომატიური მეთოდებით. და თუ ბაიდენის ადმინისტრაციის უნარები, დააბრუნოს აშშ-ის ეკონომიკა სამრეწველო წარმოების ორიენტაციაზე, სერიოზულ ეჭვებს იწვევს, იმაში, რომ ამერიკული სამხედრო მანქანა სიამოვნებით დაუბრუნდება სისხლიან ავანტიურებს მთელ მსოფლიოში, არანაირი ეჭვი არ არსებობს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

26
თვითმფრინავი ცაში

მოსაზრება: დაუბრუნდება თუ არა ბაიდენი რუსეთთან „ღია ცის“ ხელშეკრულებას

8
(განახლებულია 20:52 24.11.2020)
შეერთებული შტატების მიერ „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან ექვსთვიანი ვადა ამოიწურა.

სოფია მელნიჩუკი

ვაშინგტონი აღარ მონაწილეობს ხელშეკრულებაში, რომელსაც რუსეთი „უხეშად არღვევდა წლების განმავლობაში“. ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ქვეყანა იმ მოძველებული შეთანხმებებიდან გაჰყავს, რომლებიც „მოწინააღმდეგეს უპირატესობას ანიჭებს ეროვნული უსაფრთხოების ფასად“. ახლა მოსკოვი აპირებს მიაღწიოს შეთანხმებაში დარჩენილი გარანტიების შესრულებას. არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ ბაიდენის გუნდმა ისევ გახსნას ამერიკული ცა?

არ არსებობს შეთანხმება ნდობის გარეშე

თეთრის სახლის მოსკოვისადმი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია — საინსპექციო ფრენების შეზღუდვაა აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ჩეჩნეთისა და კალინინგრადის თავზე. ამაზე პასუხად ამერიკელებმა ცა ალასკისა და წყნარი ოკეანის კუნძულების თავზე დახურეს.

ხელშეკრულების თანახმად, 2002 წლიდან 35 წევრ ქვეყანას სადაზვერვო ფრენების ჩატარება შეუძლია ერთმანეთის ტერიტორიებზე. მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამასთან, თვითმფრინავები არ არის შეიარაღებული, ვიდეოაპარატურა წინასწარ მოწმდება, ხოლო ბორტზე გასაინსპექტირებელი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება.

2019 წელს „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში 1500-ზე მეტი ასეთი გაფრენა განხორციელდა. მაგრამ ქვეყნებს შორის კონტროლი და ნდობის განმტკიცება ერთადერთი მიზანი არ არის. აქ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალებიც არის ხოლმე. მაგალითად, დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ აშშ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე ფრენებს კიევის მხარდაჭერის ნიშნად ახორციელებდა.

ბინძური თამაშები

„კრემლში ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნიათ ურთიერთნდობისა და შეიარაღების კონტროლის მხრივ. აშშ-ის გასვლა შეთანხმებიდან მას სიცოცხლისუუნაროს ხდის“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მაგრამ მოსკოვი მაინც განაგრძობს დოკუმენტის ნორმების დაცვას — რამდენიმე პირობის საფუძველზე, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პირველი: ევროპული ქვეყნები იძლევიან გარანტიას, რომ არ გადასცემენ თავიანთი ფრენების მონაცემებს აშშ-ს; მეორე: რუსული თვითმფრინავები შეძლებენ ინსპექტირება გაუწიონ ამერიკულ ობიექტებს ევროპაში. ჯერჯერობით არანაირი გარანტია მიღებული არ არის, რაც მოსკოვს კატეგორიულად არ აწყობს.

„საიდუმლო არ არის, რომ აშშ მოკავშირეებისგან მოითხოვს, ხელი მოაწერონ დოკუმენტებს, რომელთა თანახმადაც, ვაშინგტონის [„ღია ცის“ ხელშეკრულებიდან] გასვლის შემდეგ ისინი ამერიკულ მხარეს გადასცემენ მონაცემებს, რომლებსაც რუსეთის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შედეგად მიიღებენ, — ამბობდა კონსტანტინ გავრილოვი, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ვენაში. — ეს მარტო ხელშეკრულების დარღვევა კი არა, ბინძური თამაშებია ხელშეკრულების სფეროში, რომელიც ვაშინგტონის სტრატეგიის მსხვერპლად იქცა“.

„ეს სიგიჟეა“

აშშ-ის გასვლა „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან, პირველ რიგში, ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს ურტყამს. მათთვის მნიშვნელოვანია ამერიკული თვითმფრინავების მიერ მოგროვებულ მონაცემებზე წვდომა. რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა სინანული გამოთქვა ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო. „ჩვენ გვესმის, რომ იყო სირთულეები რუსეთის მხრიდან ნორმების დაუცველობის კუთხით, მაგრამ ეს, ჩვენი აზრით, არ არის შეთანხმებიდან გასვლის საბაბი“, — აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკო მაასმა.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში მიუთითეს, რომ შეერთებულმა შტატებმა არ წარმოადგინა მოსკოვის მიერ შეთანხმების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ერთობლივ განცხადებაში ესპანეთმა, ბელგიამ, ფინეთმა, იტალიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა და შვედეთმა ხაზი გაუსვეს, რომ „ღია ცის“ ხელშეკრულება კვლავაც რჩება „ფუნქციონირებადად და სასარგებლოდ“.

თავად შტატებში ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის. მაგალითად, სენატის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრი რობერტ მენენდესი თეთრი სახლის ნაბიჯებს ასე აფასებს:

„პრეზიდენტმა ტრამპმა თავხედურად უარყო კანონი და ცალმხრივად გადადგა პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი მას შემდეგაც კი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა“.

„ეს სიგიჟეა“, — ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის სამხედრო–საჰაერო ძალების გენერალმა და ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, CIA-ს დირექტორმა მაიკლ ჰაიდენმა. ხოლო რეიგანის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა, ჯორჯ ბუშის თავდაცვის მინისტრმა უილიამ პერიმ და ბარაკ ობამას არაოფიციალურმა მრჩეველმა სემუელ ნანმა წერილი გაგზავნეს თეთრ სახლში მოწოდებით, შენარჩუნდეს „ღია ცის“ ხელშეკრულება.

ხელშეკრულების დასასრული

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ ის შეიარაღებაზე კონტროლით დაინტერესებული არ არის. 2018 წელს ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული გარიგებიდან გადის იმ მიზეზით, რომ თეირანი შეთანხმების პირობებს არ იცავს.

ერთი წლის შემდეგ იგივე ბედი ეწია საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც რონალდ რეიგანმა და მიხაილ გორბაჩოვმა მოაწერეს ხელი.

2020 წელს ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თეთრ სახლში ბირთვული გამოცდების შესახებ მსჯელობდნენ — პირველად 1992 წლის შემდეგ. ეს იქნებოდა იმ მორატორიუმის დარღვევა, რომელიც აშშ-ზე, რუსეთზე, ჩინეთზე, ბრიტანეთსა და საფრანგეთზე ვრცელდება.

გაურკვეველია სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების (СНВ-3) ბედიც, რომელსაც 2010 წელს მოეწერა ხელი. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სექტემბერში დასრულდა, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მთელი რიგი დამატებითი პირობები შესთავაზა, რომელთა შორის არის შეუსრულებელი — შეთანხმებაში ჩინეთის ჩართვა. СНВ-3-ს ვადა თებერვალში ეწურება და РИА Новости-ს მიერ გამოკითხულ ექსპერტებს დიდი ეჭვი აქვთ, რომ მისი გახანგრძლივება მოხერხდება.

ასეა თუ ისე, „ღია ცის“ ხელშეკრულება, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო მსხვერპლი გახდება. ჯო ბაიდენისთვის ოფიციალური გამარჯვების მილოცვა ჯერ ადრეა, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ოვალურ კაბინეტს სწორედ ის დაიკავებს, დღითი დღე იზრდება.

ახლებურად შესვლა

ზოგ ექსპერტს მიაჩნია, რომ ბაიდენი უნდა დაფიქრდეს „ღია ცის“ ხელშეკრულებაში დაბრუნებაზე, მაგრამ ეს ალბათ არ მოხდება, მიაჩნია დმიტრი სუსლოვს — კომპლექსური ევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილეს.

„აშშ-ში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა მკაფიო პოზიცია: თუ ისინი შეიიარაღებაზე კონტროლის შეთანხმებიდან გადიან, უკან აღარ ბრუნდებიან. უფრო მეტიც, რუსეთისადმი პრეტენზიებს „ღია ცის“ ხელშეკრულებაზე შტატები ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროს აცხადებდა. არსებობს კონსენსუსი თეთრ სახლს, პენტაგონსა და სადაზვერვო სამსახურებს შორის იმის შესახებ, რომ მოსკოვი სრულად არ იცავს და არღვევს დოკუმენტის ნორმებს“, — განაცხადა მან.

ამასთან, ექსპერტის თქმით, ხელშეკრულებაში დაბრუნება კონგრესის ზედა პალატის რატიფიკაციას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით კი, რომ პალატა შეიძლება კვლავ რესპუბლიკელების კონტროლქვეშ აღმოჩნდეს, ეს ახალ პრობლემებს შექმნის. ხოლო თუ ბაიდენი მაინც გადაწყვეტს წინამორბედის გადაწყვეტილების გაუქმებას, ამას დრო დასჭირდება.

„ამასთან, ახლა ტრამპი კიდევ დამატებით წინაღობებს ქმნის“, — აცხადებს ექსპერტი ოლეგ შკიროვი.

თეთრი სახლის გადაწყვეტილება ქვეყნის სამხედრო–საჰაერო ძალებს აიძულებს, თავიდან მოიშოროს თვითმფრინავები, რომლებიც სადამკვირვებლო ფრენებისთვის გამოიყენება.

„კონგრესი, რესპუბლიკელების მოქმედებების გამო, დიდი ხნის განმავლობაში არ გამოყოფდა სახსრებს მათი მოდერნიზაციისთვის. და ეს ბრძოლა „ღია ცის“ ხელშეკრულების ჩამოშლისკენ იყო მიმართული. სადამკვირვებლო თვითმფრინავების გარეშე ხელშეკრულებაში დაბრუნება კი უფრო რთული იქნება“, — მიაჩნია ექსპერტს.

გარდა ამისა, შაკიროვის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვინ დაიკავებს სავარძლებს ბაიდენის ადმინისტრაციაში. მაგალითად, მაიკლ კარპენტერი — საგარეო პოლიტიკის ყოფილი მრჩეველი ასევე ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის მონაწილეობას „ღია ცის“ ხელშეკრულებაში, ვინაიდან რუსეთი თითქოს ინფორმაციას აგროვებს ამერიკული ინფრასტრუქტურის შესახებ — ავი ზრახვებით.  

თუ უფრო მასშტაბურად ვიტყვით, ბაიდენის მთავარი იდეა — ევროპასთან ნდობის აღდგენაა, ხაზს უსვამს შაკიროვი. და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპისთვის ხელშეკრულება მნიშვნელოვანია, შეიძლება აშშ მაინც დაუბრუნდეს ხელშეკრულებას მოკავშირეთა ხათრით — თუნდაც არა მაშინვე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

8
თემები:
რუსეთი დღეს
რუსი სამშვიდობოების ბლოკპოსტები ლაჩინის რაიონში

მოსაზრება: რატომაა დასავლეთი უკმაყოფილო მთიან ყარაბაღში დარეგულირებით

9
(განახლებულია 19:40 24.11.2020)
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ ჰუმანიტარული მისიის დეტალები გაამჟღავნა, რომელიც მის  ქვეყანაში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის დასახმარებლადაა ორგანიზებული.

ირინა ალქსნისი

საუბარია რეგიონში ქირურგებისა და სამედიცინო–ქირურგიული აღჭურვილობის გაგზავნაზე. აშშ, თავის მხრივ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 5 მლნ დოლარის გამოყოფით შემოიფარგლა. პარიზისა და ვაშინგტონის მხრიდან ყარაბაღის დარეგულირების საკითხზე აშკარა ენთუზიაზმის არარსებობა — რიტორიკაშიც და ქმედებებშიც — სერგეი ლავროვის სიმართლეს ადასტურებს, რომელმაც მათი „შელახული თავმოყვარეობა“ ახსენა.

იგივე თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც, რომელმაც ირონიულად შენიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოთქვეს პოზიტიური დამოკიდებულება მიღწეულ შეთანხმებაზე.  

ანკარას კი, ტრადიციულად, სიტყვების შესარჩევად ცერემონიები არ დაუწყია. თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ დასავლეთს, ნატოსა და ევროკავშირის სახით, 30 წლის განმავლობაში არ გამოუვლენია უნარი, წამოეყენებინა „კონკრეტული და რეალური წინადადებები“ ყარაბაღში დაპირისპირებასთან დაკავშირებით — და ეს მაშინ, როცა რუსეთმა და თურქეთმა „ურთიერთგაგებას მიაღწიეს“.

იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღზე მოლაპარაკებები დასავლეთისთვის მტკივნეული მარცხი გამოდგა — განსაკუთრებით აშშ-ისა და საფრანგეთისთვის, რომლებიც რუსეთთან ერთად არიან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები — მაშინვე დაიწყეს წერა.

თუ The National Interest-ის ჟურნალისტებს დავუჯერებთ, დასავლეთმა ამჯერად ყველაფერი გამოტოვა. მისთვის მოულოდნელობა იყო საომარი მოქმედებების განახლებაცა და შეთანხმებაზე ხელმოწერაც, რომლის თანახმადაც რეგიონში რუსი სამშვიდობოები შევიდნენ. გამოცემამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ამერიკულ დაზვერვას დააკისრა, რომელმაც, მის ხელთ არსებული მონაცემებით, პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებების შესახებაც კი ვერ მოიპოვა ინფორმაცია. ამის შედეგად კი აშშ-ის პოზიციები რეგიონში შესამჩნევად შესუსტდა.

მაგრამ რეალურად ვითარება კიდევ უფრო უარესია, ვინაიდან პოზიცია „დაზვერვამ ვერ იმუშავა“ შესაძლებელს ხდის დაიფაროს აშშ-ის კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათის ჩავარდნა მთელ ამ ისტორიაში.

ყარაბაღის დარეგულირება, მიუხედავად კონფლიქტის შედარებით ლოკალური ხასიათისა, ცვლილებების პრინციპულად ახალ ეტაპს მოასწავებს, რომელთაც გლობალური პოლიტიკური სისტემა განიცდის. ეს პირველადაა, როცა შეერთებული შტატები და ევროპა არასაჭირო და არასასურველი პარტნიორები გამოდგნენ ყველა მონაწილე მხარისთვის.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დასავლური ჰეგემონიის უმნიშვნელოვანესი მარკერი იყო მისი ყველგან ყოფნა და მასზე საყოველთაო მოთხოვნა. ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ კონფლიქტში — სხვადასხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ ნაწილშიც კი — ყოველთვის მოიძებნებოდა ძალები, რომლებიც დასავლეთით აპელირებდნენ, მიმართავდნენ მას დახმარებისთვის, მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ და ხშირად იღებდნენ კიდეც მას ამა თუ იმ სახით.

ამგვარი მიდგომის მეტყველ ნიმუშად შეიძლება გავიხსენოთ ყირიმში 2014 წლის გაზაფხულზე მომხდარი ეპიზოდი, როდესაც უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სამხედრო ობიექტის „იერიში“ სცადეს ლოზუნგით „ამერიკა ჩვენთანაა“. ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოდ კი გამოიყურება, მაგრამ იმავდროულად ზუსტად ასახავს პლანეტის ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილის აზროვნებას, მათ შორის, მაღალჩინოსნებისა — ბელორუსიიდან ვენესუელამდე და სირიიდან ჰონკონგამდე.

უფრო მეტიც, დასავლეთი მიზანმიმართულად უჭერს მხარს ამგვარ ვითარებას, რომელიც, ბუნებრივია, დაინტერესებულია იყოს ბოლო ინსტანციის სიმართლე და თუ საკონტროლო პაკეტის არა, მინიმუმ, ვეტოს უფლების მფლობელი მაინც მსოფლიოს ყოველ პრობლემასა თუ კონფლიქტში. სწორედ ეს არის კიდეც მისი გეოპოლიტიკური დომინირების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი.

ყარაბაღის ამჟამინდელი დარეგულირება უნიკალური გამოდგა იმით, რომ დასავლეთი მისგან იმთავითვე მოკვეთილი აღმოჩნდა ყველა მონაწილე მხარის მიერ. ეს მით უმეტეს შთამბეჭდავია, რომ მოლაპარაკებათა პროცესი აშკარად არ იყო მარტივი, რაც მონაწილე დედაქალაქების ოფიციალურ, დროდადრო საკმაოდ მკვეთრ განცხადებებში აისახებოდა.

მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ, არსებული მსოფლიო ტრადიციით, მონაწილეობაში შტატებიცა და ევროპაც ჩაერთოთ, ყველა ერთხმად იზიარებდა მოსაზრებას „ყველაფერში თავად გავერკვევით“.

და მართლაც გაერკვნენ, ჩააყენეს რა დასავლეთი და დანარჩენი მსოფლიო უკვე პოსტფაქტუმ მიღწეული და უკვე ამოქმედებული შეთანხმების ფაქტის წინაშე.

ამით მძლავრი დარტყმა მიაყენეს აშშ-ის მსოფლიო სისტემაზე გავლენის კიდევ ერთ ქვაკუთხესა და პრეტენზიას. ხოლო როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, პირველ მცდელობას, მით უმეტეს, ესოდენ წარმატებულს, აუცილებლად მოჰყვება სხვა წარმატებებიც.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ამერიკელებს ურჩევნიათ მომხდარი საკუთარი დაზვერვის შემთხვევით ჩავარდნას მიაწერონ. ეს მარტივიცაა და უფრო კომფორტულიც, ვიდრე იმის საჯაროდ აღიარება, რომ რეალურად მთიან ყარაბაღში დარეგულირება მორიგ ტექტონიკურ რყევას ნიშნავს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც აშშ-სა და დასავლეთს თანდათანობით ართმევს ექსკლუზიურ სტატუსს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

9
თემები:
რუსეთი დღეს
მანდარინი

საქართველომ მანდარინის ექსპორტისგან თითქმის ერთი მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო 

0
საქართველოში მოყვანილი მანდარინი ექსპორტზე ძირითადად სომხეთსა და რუსეთში გავიდა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, წელს მოსავალი უხვი არ არის, მაგრამ ხარისხიანია

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოში მოყვანილი მანდარინი ძირითადად სომხეთსა და რუსეთში გავიდა. გარდა ამისა, ექსპორტი ასევე განხორციელდა უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს. 

უწყების ცნობით, მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით მუშაობს შესაბამისი შტაბი.

არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება.

სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მიიღებს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი, მართალია, უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაუმჯობესებულია.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა